Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოძრაობა "ვესნა" რუსეთის მოსახლეობას ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციისკენ მოუწოდებს


არქივის ფოტო: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. 6 სექტემბერი, 2022 წელი
არქივის ფოტო: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. 6 სექტემბერი, 2022 წელი

მოძრაობა "ვესნამ" გამოაცხადა სრულიად რუსეთის საპროტესტო აქციის გამართვა სახელწოდებით "ნეტ მობილიზაციი", რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

მოძრაობის აქტივისტები რუსეთის მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ ქალაქების ცენტრალურ ქუჩებში 21 სექტემბერს, საღამოს 19 საათზე შეიკრიბონ.

"ათასობით რუსი მამაკაცი - ჩვენი მამები, ძმები და ქმრები - ომის ხორცსაკეპში იქნება ჩაყრილი. რისთვის უნდა დაიღუპონ ისინი? რატომ უნდა დაღვარონ ცრემლი დედებმა და შვილებმა? პუტინის სასახლისთვის? ამიერიდან ომი მართლაც ყველას სახლში შემოვა", - ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.

აქციის გამართვის ადგილს მოსკოვსა და პეტერბურგში ორგანიზატორები მოგვიანებით გამოაცხადებენ.

21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. ვიდეომიმართვაში, რომლითაც კრემლის მიერ კონტროლირებული მედიის ცნობით, პუტინი გასულ საღამოს უნდა გამოსულიყო, თუმცა, დღეს დილით აჩვენეს, მან განაცხადა, რომ "სამობილიზაციო ღონისძიებები დაიწყება დღეს, 21 სექტემბერს".


"ჩვენი სამშობლოს დასაცავად, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ჩვენი ხალხის და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე(უკრაინის)ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჭიროდ მიმაჩნია მხარი დავუჭირო თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის წინადადებას, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ჩატარების შესახებ", - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თანახმად, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ თადარიგში მყოფ მოქალაქეებს, "პირველ ყოვლისა კი, მათ, ვისაც შეიარაღებულ ძალებში უმსახურია" და "აქვს შესაბამისი გამოცდილება". პუტინის თქმით, ეს პირები სამხედრო ნაწილებში გაგზავნამდე გაივლიან სავალდებულო სამხედრო მომზადებას.

XS
SM
MD
LG