Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის ბირჟის ინდექსი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ თითქმის 10%-ით დაეცა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

მოსკოვის ბირჟის ინდექსი 2 100 პუნქტზე ქვემოთ დაეცა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ. ამ ნიშნულზე ბირჟა პირველად ვაჭრობს 24 თებერვლის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

PTC ინდექსი (რუსეთის საფონდო ბაზრის ინდექსი, აერთიანებს რუსეთის წამყვანი კომპანიების აქციებს. ინდექსის გამოთვლა ხდება მოსკოვის ბირჟაზე) 15 აგვისტოს შემდეგ პირველად დაეცა 1 100 პუნქტზე ქვემოთ, აცხადებს სააგენტო „ტასს"-ი.

იზრდება რუბლთან მიმართებით ევროსა და დოლარის კურსი.

უმსხვილესი კომპანიების ფასიანი ქაღალდების ღირებულება უფასურდება. „გაზპრომის“ აქციები ვაჭრობის დასაწყისში 13%-ით გაიაფდა. 10%-ით გაუფასურდა „იანდექსის“ აქციები, „სურგუტნეფტეგაზის“, „ნოვატეკის“ და „გაზპრომ ნეფტის“ აქციების ფასი 9%-ზე მეტით დაეცა.

რუსეთი გეგმავს უკრაინასთან საომრად 300 ათასი მოქალაქის გაგზავნას. მას შემდეგ, რაც დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურში გაიწვევენ 300 ათას რეზერვისტს. როგორც შოიგუმ თქვა, გაწვევა არ განხორციელდება ერთჯერადი აქციის ფარგლებში.

რუსეთის პრეზიდენტის თანახმად, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ თადარიგში მყოფ მოქალაქეებს, "პირველ ყოვლისა კი, მათ, ვისაც შეიარაღებულ ძალებში უმსახურია" და "აქვს შესაბამისი გამოცდილება". პუტინის თქმით, ეს პირები სამხედრო ნაწილებში გაგზავნამდე გაივლიან სავალდებულო სამხედრო მომზადებას.

მოძრაობა "ვესნა" გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს.

მოძრაობის აქტივისტები რუსეთის მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ ქალაქების ცენტრალურ ქუჩებში 21 სექტემბერს, საღამოს 19 საათზე შეიკრიბონ.

XS
SM
MD
LG