Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი კვირა კურსკში: რა მიზანი აქვს უკრაინას რუსეთში სამი ხიდის აფეთქების შემდეგ


სატელიტური ფოტო აჩვენებს უკრაინის თავდასხმის შედეგად ჩანგრეულ ხიდს მდინარე სეიმზე. კურსკის ოლქი, რუსეთი, 2024 წლის 17 აგვისტო
სატელიტური ფოტო აჩვენებს უკრაინის თავდასხმის შედეგად ჩანგრეულ ხიდს მდინარე სეიმზე. კურსკის ოლქი, რუსეთი, 2024 წლის 17 აგვისტო

კურსკის მოულოდნელი ოპერაციის დაწყებიდან ორი კვირის თავზე უკრაინელები რუსეთის ტერიტორიაზე პოზიციებს ამაგრებენ.

ზუსტად ორი კვირის წინ, 6 აგვისტოს, უკრაინის ჯარი ქალაქ სუმის მიმდებარე საზღვართან რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა და კურსკის ოლქში შეიჭრა.

20 აგვისტოს მდგომარეობით, კურსკის რეგიონში მინიმუმ 130 ათასმა ადამიანმა დატოვა სახლები. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ, ბოლო მონაცემებით, უკრაინის არმია კურსკის რეგიონის 92 დასახლებას და ჯამში 1250 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას აკონტროლებს.

ბოლო დღეების განმავლობაში კურსკში უკრაინის ჯარის ნელი წინსვლა გაგრძელდა, რასაც დაკავებული პოზიციების გამყარება ახლავს თან - უკრაინული, რუსული და ღია წყაროების მიხედვით, უკრაინელები რამდენიმე ადგილას შეუდგნენ თავდაცვითი პოზიციების გათხრას.

ამ ფონზე, გასული კვირის ბოლოს უკრაინელების ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება კურსკში სამი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდის განადგურება იყო.

16 და 18 აგვისტოს უკრაინელებმა მდინარე სეიმზე გამავალი სამი ხიდი ააფეთქეს. რუსები ჩივიან, რომ ხიდების აფეთქება მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას გაართულებს, ანალიტიკოსების შეფასებით კი რუსებს კურსკში დამხმარე ძალების გადასხმა გაუჭირდებათ.

„თუ უკრაინელები შეძლებენ, რუსებს სეიმის სამხრეთით ჯარისკაცების მომარაგების საშუალება წაართვან, როგორც მინიმუმ, თავიანთი შეტევის დაცულ ფლანგს შექმნიან“, - ამბობს სამხედრო ექსპერტი, პროფესორი ფილიპ ო’ბრაიენი. „რუსეთის ჯარი დიდწონიანია და ოპერაციების ჩასატარებლად მძიმე ლოგისტიკური მომარაგება სჭირდება. ხიდების გარეშე ძნელი წარმოსადგენია, როგორ მოამარაგებენ რუსები საჭირო ძალას ამ არეალის შესაიარღებლად“, - დაწერა ო’ბრაიენმა 18 აგვისტოს.

იმ ფონზე, როცა უკრაინელების გაფართოებული კონტინგენტი, რომლის შემადგენლობაც ათიდან ოც ათას ჯარისკაცამდეა, სეიმის სამხრეთით პოზიციებს იმყარებს, რუსების წინააღმდეგობა მოსალოდნელზე სუსტი აღმოჩნდა. გაზრდილი მსხვერპლის მიუხედავად, უკრაინელები დაკავებული ტერიტორიის დაცვას ახერხებენ.

„რუსეთი კვლავ ფიქრობს უკრაინის შეჭრის საპასუხო რეაქციაზე“, - თქვა კრისტოფერ კავოლიმ, აშშ-ის არმიის გენერალმა და ნატოს სამხედრო მთავარსარდალმა 15 აგვისტოს.

„მათი რეაქცია აქამდე საკმაოდ ნელი და გაბნეული იყო. ნაწილობრივ იმიტომ, რომ გაუგებარია, ვინ არის უფროსი“, - დასძინა გენერალმა.

უკრაინული კვლევითი ინსტიტუტის, თავდაცვის სტრატეგიების შეფასებით, ხიდებზე თავდასხმა და უკრაინული ძალების წინსვლის მიმართულება იმაზე მიუთითებს, რომ მათი მიზანი „სეიმის სამხრეთით კურსკის ოლქის ნაწილზე კონტროლის დამყარებაა“.

იქამდე კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინელები მართვის ცენტრს ჩამოაყალიბებენ კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში, რომელიც გასული კვირის დასაწყისში დაიკავეს. ხუთიათასიანი ქალაქი სუჯა ჯერჯერობით ყველაზე მსხვილი რუსული დასახლებაა, რომელიც უკრაინელების ხელში გადავიდა.

ჩვენი მიზანი ოკუპაცია არაა

სუჯაზე კონტროლის დამყარებისა და კურსკის რეგიონის დანარჩენ ნაწილებში პოზიციების გაძლიერების მიუხედავად, უკრაინელები ამბობენ, რომ მათი მიზანი სულაც არაა რუსული ტერიტორიის დაპყრობა.

„[კურსკის ოპერაცია] ჩვენი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რუსების ტყვეობიდან უკრაინელების გათავისუფლების პროცესში. ესაა ჩვენი ერთ-ერთი მიზანი“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 აგვისტოს.

კურსკში შეჭრის კიდევ ერთ ამოცანად უკრაინის პრეზიდენტმა „ბუფერული ზონის“ შექმნა დაასახელა.

„ახლა ჩვენი მიზანია, გავანადგუროთ რუსების რაც შეიძლება დიდი პოტენციალი და მაქსიმუმაალურად ეფექტიანად წარვმართოთ კონტრშეტევა“, - თქვა ზელენსკიმ 18 აგვისტოს.

იგივე უთხრა ზელენსკის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა Current Time-ს, რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივ პროექტს, 19 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში.

მან განმარტა, რატომაა საჭირო ბუფერული ზონა. პოდოლიაკის თანახმად, რუსეთი სასაზღვრო არეალს უკრაინის შიგნით 70-80 კილომენტრის სიღრმეზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასასხმელად იყენებდა.

„საზღვრის გასწვრივ, კურსკის რეგიონის ჩათვლით, სახელმწიფო საზღვრიდან ერთ-ორ კილომეტრშია განთავსებული არტილერია. აქ მიაქვთ როგორც ბალისტიკური, ისევე ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები.

აიღეთ სუმის რეგიონი, რომელიც ზუსტად კურსკის რეგიონს ესაზღვრება. დღეში 500-600 დაბომბვა ხორციელდებოდა, მიზანში კი სუმის რეგიონის ტერიტორია იყო.

რუსული შეიარაღების 100 კილომეტრის სიღრმეში გაწევით შესაძლებელი გახდება უკრაინის სასაზღვრო ტერიტორიების დაცვა, მაგალითად, ჩერნიგოვის, სუმისა და ხარკოვის რეგიონებში“, - უთხრა მიხაილო პოდოლიაკმა Current Time-ს.

უკრაინის პრეზიდენტის უფროსი მრჩევლის თქმით, ბუფერული ზონის შექმნა არ ნიშნავს, რომ უკრაინა ამ ტერიტორიის ოკუპაციას გეგმავს.

მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი
მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი

პოდოლიაკი ირწმუნება, რომ უკრაინელები კურსკის ოლქში დაკავებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლის ნორმებს დაემორჩილებიან.

„უკრაინა არ აპირებს დასახლებული არეალის დაპყრობას ან ამ ტერიტორიის ოკუპაციას. ეს სხვა სახის ომია - ომი, რომელიც ნათლადაა გაწერილი საერთაშორისო სამართალში და კონვენციებში, რითაც რეგულირდება, როგორ უნდა მოექცე მებრძოლებს და განსაკუთრებით, არამებრძოლებს, ამ ტერიტორიის მშვიდობიან მოსახლეობას“, - თქვა მან.

რუსები პოკროვსკს უახლოვდებიან

კურსკში განვითარებული მოვლენების პარალელურად, გრძელდება რუსების წინსვლა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტზე, სადაც უკრაინელებს მოწინააღმდეგის შეჩერება კვლავ უჭირთ.

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშაა ქალაქი პოკროვსკი. 20 აგვისტოს ცნობებით, რუსული ძალები პოკროვსკს 11 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.

პოკროვსკიდან იღებს სათავეს 23-ე გზატკეცილი, რომელიც ქალაქ კონსტანტინოვკისკენ მიდის. კოსტიანტინოვკა უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია, რომლის გავლითაც უკრაინული ჯარები მარაგდებიან.

უკრაინის არმიასთან დაკავშირებული ღია წყაროებზე მომუშავე ჯგუფის, Deep State-ის რუკის თანახმად, რუსებს გზატკეცილამდე უკვე შვიდი კილომეტრი აშორებთ.

„საქმე ტექნიკასა და იარაღში არაა. ვფიქრობ, დასავლური დახმარება საკმარისად ადეკვატურია. მაგრამ უკრაინელებს არ ჰყავთ შემადგენლობა, ვინც ამ ტექნიკას გამოიყენებს, ვინც ამ იარაღებით ისვრის.

რეკრუტირების მხრივ რუსებსაც აქვთ მსგავსი პრობლემები, მაგრამ რუსებს ჯარისკაცების მოსაზიდად ფულიც აქვთ, უკრაინელებს კი - არა. ამდენად, უკრაინელი ხალხის საბრძოლო განწყობაზე არიან დამოკიდებულნი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პენტი ფორსტრომმა, ფინეთის არმიის გადამდგარმა ვიცე-პოლკოვნიკმა და ჰელსინკის უნივერსიტეტის უფროსმა მკვლევარმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG