Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ გერმანიისგან იარაღის მორიგი პარტია და დახმარების მტკიცე პირობა მიიღო


გერმანული Leopard 1A5 ტიპის ტანკი ერთ-ერთია იმ შეიარაღებიდან, რაც უკრაინამ ბერლინისგან მიიღო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად.
გერმანული Leopard 1A5 ტიპის ტანკი ერთ-ერთია იმ შეიარაღებიდან, რაც უკრაინამ ბერლინისგან მიიღო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად.

19 აგვისტოს გერმანიის მთავრობამ განაახლა მონაცემთა ბაზა, რომელიც ცხადყოფს, რომ უკრაინამ უკვე მიიღო ახალი დახმარება, რომელიც მოიცავს საშუალო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექს IRIS-T SLS-სა და დაახლოებით 10 დასახელების შეიარაღებასა და საბრძოლო მასალებს.

ამ განცხადების ფონია წინა კვირის ბოლოს გერმანულ მედიაში გამოქვეყნებული ცნობა, რომ ახალი საბიუჯეტო გეგმის მიღების შემდეგ გერმანიის მთავრობა ეკონომიკური მიზეზების გამო აღარ გამოყოფს დამატებით თანხებს უკრაინის დასახმარებლად.

მეტიც, ბიუჯეტიდან უკრაინისთვის ახალი შესყიდვების მიზნით გამოყოფილი თანხების შეჩერება უკვე შევიდა ძალაში. ეს შესაძლოა, იმას ნიშნავდეს, რომ IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების უკვე დაპირებული მიწოდება ვეღარ დაფინანსდეს.

ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის, ზაალ ანდრონიკაშვილის თქმით, გერმანიაში, მათ შორის მმართველ კოალიციაში, ამ პუბლიკაციამ ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია.


"მიხაილ როთმა, გერმანიის ბუნდესტაგში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელსაც კარგად იცნობენ საქართველოშიც, ამ ცნობას უწოდა სრულიად არასწორი სიგნალი უკრაინის მიმართულებით, რომელიც ახალისებს რუსეთის აგრესიას. მოგვიანებით პოზიცია დააფიქსირა გერმანიის ფედერალურმა კანცელარიამაც, სადაც კიდევ ერთხელ გაიმეოროს კანცლერ ოლაფ შოლცის სიტყვები, რომ ჩვენ უკრაინას დავუდგებით გვერდში, სანამ ეს საჭირო იქნება და ყველანაირ დახმარებას გავუწევთ", - უთხრა ზაალ ანდრონიკაშვილმა რადიო თავისუფლებას.

რა შეიარაღება გადასცა გერმანიამ უკრაინის არმიას?

ომის განმავლობაში ფინანსებითა და შეიარაღებით დახმარების მხრივ მოკავშირეთა შორის გერმანია აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზე დგას.

2024 წლისათვის გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ უკრაინისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება 8 მილიარდამდე ევროს შეადგენს.

მომდევნო წელს უკრაინის დახმარებას გერმანიის მთავრობა 4 მილიარდ ევროს ფარგლებში დააფინანსებს, შემდგომ წლებში ეს დახმარება დაიკლებს, მაგრამ, როგორც გერმანიის მთავრობა აცხადებს, გერმანიამ უზრუნველყო ან პირობა დადო, რომ მომავალი წლებისთვის მთლიანობაში უკრაინას დაახლოებით 28 მილიარდი ევროს ოდენობით სამხედრო დახმარებას გაუწევს.

სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების მხრივაც გერმანიის დახმარება მნიშვნელოვანია.

შარშან დამტკიცებული გეგმის ფარგლებში კიევმა გერმანიისგან მიიღო:

  • 25 ტანკი „ლეოპარდი“;
  • 40 ჯავშანმანქანა „მარდერი“;
  • 2 საზენიტო-სარაკეტო სისტემა „პატრიოტი“
  • 20 ათასი საარტილერიო ჭურვი.

„გერმანია აწვდის დიდი რაოდენობით შეიარაღებას უკრაინას, განსაკუთრებით ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა „პატრიოტსა“ და გერმანულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს IRIS-T-ს, რომელიც სულ ბოლოს უკრაინას მაშინ გადასცეს, როდესაც იყო თავდასხმა კიევში საბავშვო საავადმყოფოზე", - უთხრა რადიო თავისუფლებას ზაალ ანდრონიკაშვილმა.

მიმდინარე წლის 11 ივნისს ბერლინში, უკრაინის რეკონსტრუქციის თაობაზე საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე გერმანიის კანცლერი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა მესამე სისტემა “პატრიოტის”, დანადგარ IRIS-T-ის, საზენიტო შეიარაღების, რაკეტებისა და სხვადასხვა საბრძოლო მასალის მიწოდებას.

19 აგვისტო გერმანიის მთავრობის საიტზე გაჩნდა განახლებული მონაცემები, რომლებიც ცხადყოფს, რომ გერმანიამ ზემოხსენებულ სიას კიდევ ერთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და სხვადასხვა ნომენკლატურის საბრძოლო მასალა და ტექნიკა დაამატა.

  • მათ შორის: საშუალო სიშორის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი IRIS-T SLS ;
  • 14 ათასი 155 მილიმეტრის კალიბრის საბრძოლო მასალა;
  • 10 ერთეული წყლის ზედა დრონი;
  • 26 სადაზვერვო დრონი VECTOR-ი მარაგ-ნაწილებითურთ;
  • ფეთქებადსაშიში ნივთიერებების გაუვნებლების საშუალებები;
  • 6 ერთეული მაღალი მობილურობის საინჟინრო ექსკავატორი:
  • 700 ერთეული საიერიშო შაშხანა MK 556;
  • 10 000 დიდი სიზუსტის შაშხანა HLR 338 თავისი საბრძოლო კომპლექტით;
  • და 50 შაშხანა CR 308.

ეს შეიარაღება და ტექნიკა, როგორც ჩანს, სწორედ 11 ივლისის შემდეგ მიიღო უკრაინამ, რომლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ მოუწოდებს თავის მოკავშირეებს მეტი საბრძოლო აღჭურვილობის მიწოდებისაკენ იმ ფონზე, როდესაც უკრაინის არმია განაგრძობს კურსკის ტერიტორიაზე მიმდინარე შეტევითი ოპერაციის განვითარებას.

გაუგებრობა, რომელიც ამოიწურა?

გერმანიის მთავრობამ 19 აგვისტოს განაცხადა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის საჭირო დახმარების მიწოდებას, რათა მხარი დაუჭიროს მის ტერიტორიაზე შეჭრილი რუსეთის ძალების მოგერიებაში - მიუხედავად გეგმებისა, 2025 წელს განახევრდეს კიევის დახმარების ბიუჯეტი.

"გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გულისხმობს, რომ ჩვენ დახმარებას ვამცირებთ, უბრალოდ არაზუსტია", - უთხრა ჟურნალისტებს მთავრობის პრესმდივანმა ვოლფგანგ ბიუხნერმა და დასძინა, რომ გერმანია "სრულად უერთგულებს" პირობას, დაეხმაროს უკრაინას მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება.

ასე გამოეხმაურა ბერლინი კვირის ბოლოს გაზეთ Frankfurter Allgemeine-ს საკვირაო გამოცემაში გამოქვეყნებულ ცნობას, რომლის თანახმად ახალი საბიუჯეტო გეგმის მიღების შემდეგ, გერმანიის მთავრობა, ეკონომიკური მიზეზების გამო, აღარ გამოყოფს დამატებით თანხებს უკრაინის დასახმარებლად.

შესაბამისი თხოვნა გამოთქვა ფინანსთა მინისტრმა ქრისტიან ლინდნერმა წერილში, რომელიც 5 აგვისტოს გაეგზავნა თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსს და საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს.

წერილში საუბარია იმაზე, რომ ახალი დახმარება უნდა გამოიყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ და მომავალი წლების საბიუჯეტო გეგმებში გარანტირებული იქნება მათი დაფინანსება. ამასთან, აუცილებელი იქნება "მაქსიმალური საზღვრების დაცვა".

ამ წერილმა დიდი გაუგებრობა გამოიწვია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც გერმანულ მედიაში გამოქვეყნებულ ცნობას "მანიპულაციური" და "არაკორექტული" უწოდა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰეორჰი ტიხიმ.

ხოლო "უკრაინსკა პრავდას" ცნობით, გერმანიაში უკრაინის სრულუფლებიანმა ელჩმა, ოლექსი მაკეევმა გააფრთხილა ბერლინი, რომ მას უფრო დიდი ხარჯების გაწევა მოუწევს რუსეთთან ომში უკრაინის დამარცხების შემთხვევაში.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გერმანიის მთავრობა იპოვის გზებს, რომ დააფინანსოს ჩვენი საერთო უსაფრთხოების საჭიროებები ამ წლისთვის და რომ ბუნდესტაგი მტკიცედ და მკაფიოდ იმსჯელებს 2025 წლის ბიუჯეტზე", - განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.


ამ სკანდალის შემდეგ გერმანიის მთავრობამ დააზუსტა, რომ აქ არ არის ლაპარაკი უკრაინისთვის წლევანდელ დახმარებაზე, რომელიც უკვე სრულად არის დაფინანსებული, არც მომავალი წლის დაფინანსებაზე, რომელიც ასევე ჩადებულია ბიუჯეტში და გაწერილია.

"ლაპარაკია მომდევნო წლებზე. ამის შემდეგ ფინანსთა მინისტრს მოუწია განმარტების გაკეთება და ფინანსთა მინისტრმა ქრისტიან ლინდნერმა თქვა, რომ იგეგმება არა უკრაინის მომავალი ფინანსური დახმარების შემცირება, არამედ იგეგმება სხვა წყაროების მოძიება. და ახლა ლაპარაკობენ უკვე იმაზე, რომ დამატებითი თანხების აკუმულირებაც კი შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ფონდიდან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს არ არის გაწერილი გერმანიის ბიუჯეტში. მოკლედ, ამ პუბლიკაციის შემდეგ გერმანიის ფინანსთა სამინისტროს მოუწია, გარკვეულწილად გადაეხედა თავისი პოზიციებისთვის", - ამბობს ზაალ ანდრონიკაშვილი.

აშშ-ის მთავრობის მონაცემებით, დასავლეთის ქვეყნებში დაახლოებით 280 მილიარდი დოლარი იყო გაყინული, აქედან 210 მილიარდი - ევროკავშირში. ივნისში, G7-ის სამიტის დროს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, გაყინული რუსული აქტივების მოგებიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტების გამოყოფის შესახებ.
თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, მთლიანად როდის შესრულდება G7-ის გადაწყვეტილება.

ევროკავშირმა ივლისში უკვე გადაურიცხა უკრაინას პირველი ნაწილი მილიარდ-ნახევარი ევროს ოდენობით.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG