ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ტერიტორიების ოკუპაციას ჯერ „მორიგი მასშტაბური პროვოკაცია" უწოდა, შემდეგ კი (12 აგვისტოს), როცა უკრაინის ძალების წინსვლა გაგრძელდა, „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი" გამოაცხადა. არადა, ბევრი ფიქრობდა, რომ რუსეთზე თავდასხმა და რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრა იქნებოდა სწორედ იმ „წითელი ხაზის“ გადაკვეთა, რომელიც პუტინს ბოლომდე გაუხსნიდა ხელ-ფეხს.
უკრაინელების შეტევის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე ვლადიმირ პუტინმა შეხვედრა გამართა რუსეთის სასაზღვრო ტერიტორიების საკითხზე - ბრიანსკის, ბელგოროდის და კურსკის რეგიონების ხელმძღვანელებს შეხვდა.
როდესაც კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსეი სმირნოვი ლაპარაკობდა უკრაინის არმიის მიერ ათეულობით დასახლებული პუნქტის დაკავების შესახებ, ვლადიმირ პუტინმა მას სიტყვა გააწყვეტინა და თემა ოდნავ შეცვალა - ანგარიში მოითხოვა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და ხალხისთვის გასაწევ დახმარებაზე.
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების ვარაუდით, კრემლის გადაწყვეტილება გამოექვეყნებინა ვიდეომასალა, რომელზეც პუტინი სიტყვას აწყვეტინებს კურსკის ოლქის გუბერნატორს, ალექსეი სმირნოვს, სხვა არაფერია თუ არა რუსეთის სხვა ოფიციალური პირების გაფრთხილება, თავი შეიკავონ რუსეთში უკრაინის ჯარების შეჭრის შესახებ კომენტარებისგან.
ვლადიმირ პუტინმა ამავე თათბირზე განაცხადა, რომ უკრაინა ცდილობს შეაჩეროს რუსული არმიის წინსვლა აღმოსავლეთის ფრონტზე, დონბასში, მაგრამ „უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეს არ გამოუვათ“.
ანალიტიკოსების თქმით, შექმნილ გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირების ნაცვლად, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს შეალამაზოს კურსკის ოლქში შექმნილი ვითარება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტის, The Current Time-ის ეთერში ილაპარაკა რუსმა პოლიტოლოგმა ივან პრეობრაჟენსკიმ, რომლის თქმით, აშკარაა, რომ შექმნილი ვითარებით უკმაყოფილო კრემლს არ სურს გავრცელდეს რეალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება კურსკში:
”რუსეთის დიდ ქალაქებშიც, სადაც მეტი წვდომაა ალტერნატიულ ინფორმაციაზე კურსკის რეგიონში ვითარების შესახებ, დრამის ნაცვლად დაბნეულობაა, არავის ესმის, რომ სინამდვილეში უკრაინის შეიარაღებული ძალები ახდენენ რუსეთის ფედერაციის ძირძველი, საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ოკუპაციას, რომ მიმდინარეობს წარმატებული სამხედრო ოპერაცია. იმ ინფორმაციული ქაოსიდან, რომელსაც შეგნებულად ქმნიან რუსი პროპაგანდისტები, იქნება შთაბეჭდილება, რომ მიმდინარეობს რაღაც საბრძოლო მოქმედები. სად და ვინ ბომბავს - გაუგებარია. არადა არსებობს მკაფიო რიცხვები, დასახლებული პუნქტების მკაფიო რაოდენობა, მოსახლეობისა და ევაკუირებული ადამიანების რაოდენობა. პუტინს სჭირდება რაღაც მიკიბულ-მოკიბული ამბავი იმაზე, რომ ”ჩვენ ყველაფერს ვუმკლავდებით“. სინამდვილის ამსახველი რიცხვები კი მას ქაღალდზე უნდა დაუწერონ, რომ მოსახლეობამ არ იცოდეს რა ხდება რეალურად”.
მორიგი გახუნებული წითელი ხაზი
რუსი ბლოგერი რუსტემ ადაგამოვი თავის Telegram-არხზე იმის შესახებ წერს, რომ უკრაინის არმიის შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი სიგნალია დასავლეთისთვის, რომელსაც ეშინია პუტინთან მიმართებაში გარკვეული „წითელი ხაზების“ გადალახვის, ეშინია ესკალაციის, რომ რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს ბირთვული იარაღი.
„აშკარაა, რომ არანაირი პასუხი არ იქნება, - ამბობს ადაგამოვი, - მედვედევიც კი გააჩუმეს, რაღაცას ლუღლუღებს საცოდავად თავისთვის. თავად პუტინიც ფურცელზე დაწერილს კითხულობს ისე, თითქოს სახლში წყალგაყვანილობის მილი გაუსკდა და სანტექნიკოსების გამოძახება სჭირდება.
არადა, უკრაინელებმა პუტინი საჯაროდ დაამცირეს: 1941 წლის შემდეგ პირველად სხვა სახელმწიფოს ჯარები შეიჭრნენ რუსეთის ტერიტორიაზე, მას კი თავი ისე უჭირავს თითქოს არაფერი მომხდარა.
ეს ის პუტინია, რომელიც ორი ათეული წელია ძლიერი ლიდერის იმიჯს იკეთებს. 2,5 წელია უმიზეზოდ აწარმოებს სისხლისმღვრელ ომს მეზობელთან, მისი პროპაგანდა მსოფლიოს ემუქრება გლობალური ბირთვული ომით, მაგრამ როდესაც უკრაინის არმიის ორი ბრიგადა ტანკებითა და სხვა ჯავშანტექნიკით შეიჭრა რუსეთის ტერიტორიაზე, როდესაც დაიკავა დასახლებული პუნქტები და დაატყვევა რუსი ჯარისკაცები, აღმოჩნდა, რომ არაფერიც არ ხდება. თავი ჩარგო ქვიშაში, როგორც ამას სირაქლემა აკეთებს.
რა საოცრად დაემთხვა ეს ამბავი 2000 წლის 12 აგვისტოს [რუსეთის ატომური წყალქვეშა ნავი „კურსკი“ ჩაიძირა 2000 წლის 12 აგვისტოს]. მაშინაც ვიხილეთ შეშინებული პატარა კაცი, რომელმაც წყალქვეშა ნავის დაღუპული ოფიცრების ქვრივებს მეძავები უწოდა და ახლაც ვხედავთ იმავე უბადრუკ არარაობას, რომელმაც არ იცის როგორ დააღწიოს თავი იმ კატასტროფას, რომელშიც თვითონ ჩაითრია რუსეთი“.
ინკოგნიტო დიპლომატურ წყაროებზე დაყრდნობით კიდევ ერთი Telegram-არხი „ბრიფინგი“ წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოლქში შეჭრის პასუხად რუსეთი არ აპირებს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას
„რუსეთის პარტნიორებს, ჩინეთს და ინდოეთს, ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ საკითხის ამგვარად ფორმულირებაზეც კი. ვაშინგტონის პოზიცია ცნობილია - შეერთებული შტატები უპასუხებს არაბირთვული დარტყმით; ბრიტანეთი განიხილავს კიევისთვის ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადაცემის შესაძლებლობას“, - ამბობს არხის წყარო.
Telegram-არხი ამბობს, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება ვერ აიძულებს უკრაინას კაპიტულაციას, მაგრამ გამოიწვევს ყველაზე დიდ საერთაშორისო კრიზისს რუსეთის სერიოზული იზოლაციით. ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს რუსეთის მოკავშირეებს, ბელორუსსა და უნგრეთს. გარდა ამისა, ბირთვული იარაღი შეიძლება აღმოჩნდეს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ტერიტორიაზე.
დასავლეთის მედიის დაკვირვებითაც რუსეთის ხელისუფლებს ისე იქცევა თითქმის არაფერი არაორდინარული არ ხდება.
Wall Street Journal წერს, რომ „პუტინის თავშეკავებული პასუხი კურსკში შეჭრაზე აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ რა არის სინამდვილეში რუსეთის ლიდერის წითელი ხაზები და იყო თუ არა სტრატეგიული შეცდომა დასავლეთის ყოყმანი, ესკალაციის შიშით უკრაინისთვის იარაღის შეფერხებით მიწოდება“.
CNN ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ანგარიშზე დაყრდნობით ამბობს, რომ კრემლი ცდილობს განზრახ შეამციროს უკრაინული ჯარების თავდასხმის მასშტაბები, რათა თავიდან აიცილოს შიდა პანიკა ან რეაქცია რუსეთის საზღვრების არასათანადო დაცვის გამო:
„პუტინმა თავი შეიკავა ოფიციალურად საომარი მდგომარეობის გამოცხადებისგან, არაერთხელ აჩვენა, რომ არ სურს რუსეთის საზოგადოების სრულად გადაყვანა საომარ რელსებზე და უარი თქვა საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებაზე, რათა თავიდან აიცილოს შიდა უკმაყოფილება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას სტაბილურობას.“
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორის, პოლიტოლოგ ვლადიმირ პასტუხოვის თქმით, ვლადიმირ პუტინი სავარაუდოდ მართლაც არ გამოაცხადებს მობილიზაციას, რადგან ის ეცდება გაუმკლავდეს გამოწვევას რუსეთში ყველაზე იაფი რესურსის - ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე, ამასთან იგულისხმება როგორც კურსკის ოლქის მოსახლეობა, ასევე ახალწვეულები.
„პუტინი მზად არის მსხვერპლად გაიღოს კურსკის რეგიონის მოსახლეობა, მაგრამ არ შეწყვიტოს შეტევა დონბასში. პუტინს არ ადარდებს ამ ოლქების მოსახლეობის ბედი, ბოლომდე მიაწვება დონბასს. ამ შეჭრით უკრაინისთვის ცხადია იქმნება ხელსაყრელი პირობები მოლაპარაკებებისას, რუსეთისთვის კი იცვლება ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის შინაარსი და იზრდება რუსეთის შიგნით დესტაბილიზაციის რისკი. თუმცა ამაზე რუსეთი უპასუხებს ყველაზე იაფი რესურსით - ადამიანების სიცოცხლეებით.
...არ შეცვლის არც თავის გეგმებს და არც სტრატეგიას. მობილიზაციასაც არ გამოაცხადებს“, - თქვა ვლადიმირ პასტუხოვმა „ხოდორკოვსკი LIVE“-ის ეთერში.
თვითონ მიხაილ ხოდორკოვსკი, რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კი დარწმუნებულია, რომ პუტინი ხალიჩისებური საარტილერიო დაბომბვით შეეცდება კურსკის ოლქში შექმნილი პრობლემის გადაჭრას:
„აუცილებლად იქნება ტოტალური დაბომბვა, საარტილერიო დარტყმები მიუხედავად იმისა, რა რაოდენობის მოსახლეობა დარჩება ადგილებზე, ეს მოხდება ყოველგვარი ეჭვის გარეშე. შემდეგ შეეცდებიან დააბრალონ უკრაინას. პუტინი ასე აწარმოებს ომებს. არანაირი სიბრალული საკუთარი ხალხის მიმართ“.
რა უნდა უკრაინის ჯარს კურსში?
უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა ალექსანდრ მუსიენკომ The Current Time-ის ეთერში თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აწარმოებენ თავდაცვით ოპერაციას აღმოსავლეთში (დონბასში), სადაც რუსეთის ჯარებს, მძიმე დანაკარგების ფასად, მცირე ტაქტიკური წარმატებები აქვთ.
„ ის [თავდაცვითი ოპერაცია] მოიცავს როგორც კლასიკურ თავდაცვას, ასევე კონტრშეტევას იმ ადგილებში, სადაც მტერი ამას ყველაზე ნაკლებად ელის. ამ თვალსაზრისით, უკრაინის გენერალურმა შტაბმა და უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ ბრწყინვალედ გაართვეს თავი როგორც ოპერაციის დაგეგმვას, ასევე შესრულებას.
თუ ამ ოპერაციას განვიხილავთ როგორც დონეცკის მიმართულებით მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციის გაგრძელებას, მაშინ ცხადი გახდება ჩანაფიქრის აზრი: რუსული ჯარების გადაყვანა, გადართვა საომარი მოქმედებების სხვა ადგილებზე და ინიციატივის ხელში ჩაგდება, რაც უკრაინულ არმიას უკვე გამოუვიდა“, - განაცხადა ალექსანდრ მუსიენკომ, რომლის თქმით, კურსკის ოლქში შეჭრა არ არის ხანმოკლე ოპერაცია.
ექსპერტის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები შეეცდებიან რაც შეიძლება ღრმად შეაღწიონ რუსეთის სიღრმეში, საფრთხეები შეუქმნან ბელგოროდის რაიონებში მომარაგებისა და კომუნიკაციის მარშრუტებს, და კიდევ უფრო მეტი ტერიტორია დაიკავონ და შეინარჩუნონ.
კიევ ერთმა უკრაინელმა პოლიტოლოგმა ალექსეი მელნიკმა ამერიკის ხმის უკრაინულ რედაქციას უთხრა, რომ უკრაინის ჯარის წარმატებას კურსკის ოლქში დიდწილად განაპირობებს რუსეთის ხელისუფლების, მისი თქმით, არაადეკვატური გადაწყვეტილებები:
„სამხედრო ოპერაციის მესამე დღეს კურსკის ოლქში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. თუმცა, შეგახსენებთ, ეს საომარი ოპერაციებია და არა წყალდიდობა ან სხვა სტიქიური უბედურება.
შემდეგი ნაბიჯი იყო კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის შემოღება. პირველ რიგში, ამან გამოიწვია უშიშროების ძალების უფლებების გაფართოება და მოქალაქეების უფლებების შეზღუდვა.
ამგვარი იყო რუსეთის ხელისუფლების რეაქცია პირდაპირ სამხედრო საფრთხეზე. ეს არის არაადეკვატური ინსტრუმენტის გამოყენების ნათელი მაგალითი. სინამდვილეში [რუსეთის] საზღვარი გადაკვეთეს არა რაღაც ტერორისტებმა ან დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფებმა, არამედ მეზობელი ქვეყნის კომბინირებულმა შეიარაღებულმა ძალებმა".
უკრაინელი პოლიტოლოგი იხსენებს რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის მოხსენებას, რომელიც აშკარა ტყუილებით იყო გაჯერებული.
„პუტინს ცუდი ამბების მოსმენა არ სურს. და თუ არ გინდა იცოდე სიმართლე, როგორიც არ უნდა იყოს ის, მაშინ ვერც ადეკვატურ გადაწყვეტილებებს მიიღებ “.
ალექსეი მელნიკის თქმით, რუსეთის არმიას ახლა ან არ ჰყავს ოპერატიული რეზერვები, რომლებიც შეიძლება დაუყოვნებლივ და უმტკივნეულოდ იქნას გადასროლილი კურსკში, ან ასეთი რეზერვები ინახება შავი დღისთვის.
„შეძლეს ფრონტიდან მხოლოდ ცალკეული ქვედანაყოფების (ბატალიონების) გადასროლა სამეთაურო სტრუქტურის გარეშე, რის გამოც ისინი შესაბამისად მოქმედებენ. ამიტომ არის ამდენი ტყვედ ჩავარდნილი, დანაკარგები, „მეგობრული ცეცხლის“ შემთხვევები“, - დაასკვნა პოლიტოლოგმა.
ისრაელელი სამხედრო ექსპერტის დევიდ შარპის თქმით, რუსული მხარე სრულიად მოუმზადებელი შეხვდა უკრაინის შეტევას.
„ამასთან იგულისხმება არა მხოლოდ იმათი მოუმზადებლობას, ვინც თავდაცვის პირველ ხაზზე იდგა“, - განმარტა დევიდ შარპმა ამერიკის ხმის რუსულ სამსახურთან ინტერვიუში, - რუსულ არმიას საერთოდ არ გააჩნდა მანევრირების უნარის მქონე რეზერვები, რომლებიც სწრაფად შევიდოდნენ ბრძოლაში.
მეტიც, უკრაინელები ძალიან ფრთხილად მოემზადნენ ოპერაციისთვის, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ტაქტიკური ოპერატიული მოულოდნელობა. ყველაფერი სრულიად მოულოდნელად მოხდა რუსული არმიისთვის. მის სარდლობას ბოლო მომენტამდე წარმოდგენა არ ჰქონდა არაფერზე. შესაბამისად, უკრაინულმა გეგმამ საათის მექანიზმივით იმუშავა და, როგორც ჩანს, იგივე სულისკვეთებით აგრძელებს მუშაობას“.
დევიდ შარპის თქმით, რუსეთის ყველა ძირითადი ძალები ფრონტზეა.სწორედ ამიტომ არის, რომ ყველას იწვევენ ჯარში, მათ შორის პატიმრებს, კრიმინალებს, ბრალდებულებს, მიგრანტებს....
„ხალხის კატასტროფული დეფიციტი აქვთ და ამის დამალვა შეუძლებელია. ყველაფერი იყრება ომის ღუმელში, სახელმწიფო საზღვრის დასაცავად კი „მორჩენილ“ ხალხს იყენებენ “, - ამბობს დევიდ შარპი.
ფორუმი