Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მან ჩემი ლეგენდა ჭამა" - გაიცანით რუსი ჯაშუში, რომელიც ყველას ესპანელი ჟურნალისტი ეგონა


პაბლო გონსალესი (მარცხნიდან მეორე უკანა რიგში) და სხვა გაცვლილები ხვდებიან პუტინს. 2024 წლის 1 აგვისტო
პაბლო გონსალესი (მარცხნიდან მეორე უკანა რიგში) და სხვა გაცვლილები ხვდებიან პუტინს. 2024 წლის 1 აგვისტო

წლების მანძილზე ის მუშაობდა ცხელ წერტილებში, ემეგობრებოდა რუს ოპოზიციონერებს და წერდა სადოქტორო ნაშრომს საქართველოში ლგბტ ადამიანების ჩაგვრაზე. მაგრამ ბოლოს უმწიკვლო რეპუტაციის ესპანელი ჟურნალისტი პაბლო გონსალესი კრემლის ჯაშუში პაველ რუბცოვი აღმოჩნდა.

ცოტა ხნის წინ, რუსეთმა და დასავლეთმა 16 პატიმარი გაცვალეს. კრემლმა დაიბრუნა ქილერი, ჰაკერები და ჯაშუშები. მათ შორის იყო კაცი, რომელიც ბოლო დრომდე რუსეთშიც და ევროპაშიც ბევრს ესპანელი ჟურნალისტი ეგონა.

1 აგვისტოს 42 წლის კაცი მოსკოვში დაბრუნდა მაისურით, რომელზეც ეწერა: “შენს იმპერიას სჭირდები”. მას, ისევე როგორც სხვა დაბრუნებულებს, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეეგება და ხელი ჩამოართვა.

“ძალიან მინდოდა, პუტინისთვის ხელი ძლიერად, მამაკაცურად ჩამომერთმია”, - უთხრა გონსალესმა რუსულ სახელმწიფო ტელევიზიას.

მომდევნო დღეს რუსული დაზვერვის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა თქვა: “ჩვენს კოლეგებს შევხვდით, ისინი მშობლიურ მიწაზე არიან. ცოტა ხანს დაისვენებენ და მუშაობას გააგრძელებენ”.

"ცნობისმოყვარე, საიმედო ტიპი"

არადა წლების მანძილზე ის რუს დისიდენტებს და ოპოზიციონერებს ემეგობრებოდა. მათ შორის - მოსკოვში 2015 წელს მოკლული პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის ქალიშვილს.

ის ასევე აშუქებდა ომს აღმოსავლეთ უკრაინაში და ყარაბაღში, სადაც დაუახლოვდა არაერთ რუს ჟურნალისტს.

ცნობისმოყვარე, მარტივი საურთიერთო, საიმედო ტიპი იყო, “რომელთანაც დალევა და მუსაიფი მსიამოვნებდა”, - იხსენებს გამოცემა “ნოვაია გაზეტა ევროპის” კორესპონდენტი ილია აზარი.

“ისეთ ადგილებში ვხვდებოდით, აზრადაც არ მომივიდოდა, გრუს თანამშრომელი თუ იყო”, - ამბობს ის.

2017 წლიდან მოყოლებული, გონსალესი დადიოდა სხვადასხვა ღონისძიებაზე და ეცნობოდა სხვადასხვა რუს დისიდენტს. მაგალითად - მწერალ ალისა განიევას.

“პაბლომ იცოდა თანამოსაუბრესთან თამაში, თავის მოკატუნება. კარგად არ ვიცნობდი, მაგრამ კავშირების გაბმა კარგად გამოსდიოდა. ჩემს წიგნებს ოსტატურად, თითქმის შეუმჩნევლად აქებდა”, - იხსენებს იგი “ნოვაია გაზეტა ევროპასთან” საუბარში.

მისი რეპუტაცია იმდენად საიმედო იყო, რომ ნემცოვის ფონდმა ლექტორად მიიწვია.

მეტიც, მასთან თანამშრომლობდნენ “ამერიკის ხმა” და “დოიჩე ველე”.

იყო მხოლოდ ერთი დეტალი, რომელიც კოლეგებს ეჭვს უჩენდა - ფრილანსერი ჟურნალისტის კვალობაზე ბევრი ფული ჰქონდა და ყოველთვის ბოლო გამოშვების ტელეფონსა და ლეპტოპს ხმარობდა ხოლმე.

რევოლუციონერების შთამომავალი

პაბლო გონსალესი, იგივე პაველ რუბცოვი, დაიბადა 1982 წელს მოსკოვში, ესპანელი ემიგრანტი ქალისა და რუსი კაცის ოჯახში. მისი ბებია-ბაბუა 1930-იან წლებში ესპანელი დიქტატორის, ფრანკოს რეჟიმს გამოექცა.

ესპანური გამოცემა “ლავანგარდიას” თანახმად, მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა, დედამისი ესპანეთში დაბრუნდა და პაბლო თან წაიყვანა. ისინი კატალონიაში ცხოვრობდნენ. 2003 წელს მან მიიღო რუსული პასპორტი პაველ რუბცოვის სახელზე.

პაბლო გონსალესი არაერთ დასავლურ მედიასთან თანამშრომლობდა.
პაბლო გონსალესი არაერთ დასავლურ მედიასთან თანამშრომლობდა.

ჟურნალისტად მუშაობა 2014 წელს დაიწყო. აშუქებდა ყირიმის ანექსიასა და ომს აღმოსავლეთ უკრაინაში.

მას აქვს მიღებული სამეცნიერო ხარისხი სლავურ ფილოლოგიაში. გარდა ამისა, ესპანეთის ოლქის, ბასკონიის უნივერსიტეტში წერდა სადოქტორო დისერტაციას საქართველოში ლგბტ ადამიანების ჩაგვრაზე.

მოტივები

გონსალესი 2022 წლის 28 თებერვალს დააკავეს პოლონეთის ქალაქ ფშემისლში. პოლიციის თქმით, ის, რუსული დაზვერვის დავალებით, უკრაინაში აპირებდა შეღწევას.

მეტი დეტალი პოლონეთს არ გაუსაჯაროებია. უცნობი რჩება, როგორ და რატომ გახდა გონსალესი რუსეთის ჯაშუში.

“შეიძლება აშანტაჟებდნენ, შეიძლება ფულში იყო საქმე. მას აღწერენ, როგორც ადამიანს, რომელსაც ექშენი აინტერესებდა. ნახავდა, რომ სადღაც არეულობაა და იქ მიდიოდა. იქნებ მართლა ძალიან მოსწონდა ეს ყველაფერი”, - უთხრა ჟურნალისტმა იულია ახმედოვამ გამოცემა “ქარენთ თაიმს.”

2023 წლის მაისში გამოცემა “აგენტსტვომ” დაწერა, რომ ხელში ჩაუვარდა ანგარიშები, რომლებსაც გონსალესი დაზვერვას უგზავნიდა.

“მე მგონი, ევროატლანტისტები ეჭვებში ჩავაგდე”, - დაწერა გონსალესმა პოლონეთში ერთ-ერთი კონფერენციის მოდერაციის შემდეგ.

“აგენტსტვოს” თანახმად, კიდევ ერთ ანგარიშში ის აღწერდა პოლონელ გოგონას, რომელსაც ხვდებოდა. დოკუმენტი სრულდება სიტყვებით: “მან ჩემი ლეგენდა ჭამა”.

ფორუმი

XS
SM
MD
LG