Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი ემზადება "სამთავრობო კვარტალზე" რუსეთის სარაკეტო დარტყმისთვის


საილუსტრაციო ფოტო. "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემა
საილუსტრაციო ფოტო. "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემა

უკრაინის არმიის ოპერაცია რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში მეთერთმეტე დღეა გრძელდება. კიევში აცხადებენ, რომ აკონტროლებენ რუსეთის ოლქის 82 დასახლებას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქმნიან პირველ სამხედრო კომენდატურას, რომელსაც უხელმძღვანელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალევი.

უკრაინის მხარე ასევე აცხადებს, რომ ტყვედ აიყვანეს რამდენიმე ასეული რუსი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის ახალწვეულები, რომელთა საშუალებითაც რუსეთის სარდლობა ცდილობს უკრაინის არმიის წინსვლის შეჩერებას. თუმცა კურსკის ოლქში წარმატებული იერიშის პარალელურად, უკრაინა ემზადება კიევზე რუსეთის მასობრივი სარაკეტო დარტყმისთვის.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირმა ბრიტანულ გაზეთ The Times-ს უთხრა, რომ კიევი ემზადება პარლამენტსა და სხვა სამთავრობო შენობებზე რუსული სარაკეტო თავდასხმისთვის. უკრაინული წყარო ამბობს, რომ მოსკოვმა შესაძლოა ასობით რაკეტითა და უპილოტო თვითმფრინავით შეუტიოს კიევში სამთავრობო შენობებს.

კიდევ ერთმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა ფრანგულ Le Monde-სთან საუბარში დაადასტურა, რომ კიევი მართლა ემზადება ფართომასშტაბიანი საპასუხო სარაკეტო დარტყმისთვის, მათ შორის „გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე“, რასაც ფაქტობრივად ომის დაწყების დღიდან მოითხოვენ რუსი პროპაგანდისტები.

ამერიკული Newsweek-ი ასევე წერს, რომ კიევი ემზადება „სამთავრობო კვარტალზე“ რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის. კიევის ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი დენიელ რაისი ამბობს, რომ მოსკოვს შეუძლია გააძლიეროს თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებზე და მიიტანოს იერიში მართვადი ავიაბომბების გამოყენებით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ სოციალურ ქსელ Telegram-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის რეგიონში შეჭრის კომენტირებისას დაწერა:

„რუსეთის შეიარაღებული ძალების მკაცრ პასუხს დიდი დრო არ დასჭირდება”.

მარია ზახაროვა
მარია ზახაროვა

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ „მკაცრ პასუხში“ სწორედ კიევის სამთავრობო კვარტლის დაბომბვა იგულისხმება.

„მოსკოვის საპასუხო სარაკეტო დარტყმისთვის მზადება "ერთმნიშვნელოვნად მიმდინარეობს", - დარწმუნებულია სამხედრო ავიაციის უკრაინელი ექსპერტი რომან სვიტანიც.

„ამგვარი წარმატებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის შემდეგ, რომელიც ახლახან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს, რუსებს მოუწევთ რაიმე სახის საპასუხო დარტყმის მოწყობა, თუნდაც იმისთვის, რომ მოახდინონ უკრაინის წარმატების ნიველირება “, - განაცხადა ანალიტიკოსმა რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტის, The Current Time-ის ეთერში.

სვიტანის თქმით, კიევში მზად არიან ასეთი სცენარისთვის, თუმცა, მისივე განმარტებით, არავინ აპირებს სამთავრობო კვარტლის ევაკუირებას:

”ჩვენ გვაქვს წერტილოვანი თავდაცვის სისტემა, - ამბობს სამხედრო ექსპერტი, - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იქ, სადაც სამთავრობო კვარტალია, მოწყობილია საკმაოდ სერიოზული თავშესაფრები და ბუნკერები როგორც პერსონალისთვის, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ეს მექანიზმი დამუშავებულია ავტომატურობამდე. საზენიტო-სარაკეტო სისტემების ის რაოდენობა, რომელიც ამჟამად თავმოყრილია კიევში, საკმარისია დედაქალაქისა და სამთავრობო კვარტლის დასაცავად".

რუსეთის შესაძლო თავდასხმის მასშტაბის შეფასებისას, სამხედრო ექსპერტი აღნიშნავს, რომ რუსეთის არმიას აქვს გარკვეული შეზღუდვები, თუმცა არა რაკეტების, არამედ გამშვები მოწყობილობების (მატარებლების) რაოდენობის მიხედვით:

„თუ მართლაც იქნება მასშტაბური თავდასხმა, ერთდროულად გამოყენებული იქნება ასამდე ფრთოსანი რაკეტა. საუბარია როგორც საზღვაო ბაზირების „კალიბრის“ ტიპის ფრთოსან რაკეტებზე, ასევე საავიაციო ბაზირების X-101, X-555, X-59, X-69 რაკეტებზე. გარდა ამისა, შეიძლება დაემატოს „შაჰედები“ და „ისკანდერები“. ეს ყველაფერი შეიძლება გამოყენებულ იქნას ერთდროულად ასზე მეტ სამიზნეზე”, - ამბობს რომან სვიტანი. მისი შეფასებით, კიევის რეგიონში განთავსებული საზენიტო-სარაკეტო სისტემების რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ გაანადგუროს ფაქტობრივად ყველა რაკეტა, რომლებითაც რუსეთის არმიას შეუძლია შეუტიოს უკრაინის დედაქალაქს.

„ამჟამად კიევის საჰაერო თავდაცვას თითქმის ნებისმიერი თავდასხმის მოგერიება შეუძლია, გარდა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებისა“, - ამბობს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი.

ახალწვეულები, როგორც სახარჯი მასალა

„რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან კურსკის ოლქში გადაისროლა რამდენიმე ბრიგადის ზომის ქვედანაყოფი, რომელთაგან თითოეულში, სულ მცირე, ათასი ადამიანი მსახურობს. შესაბამისად, რუსეთის სარდლობას ჯერ არ გამოუყვანია სერიოზული ძალები უკრაინის ფრონტიდან", - ამის შესახებ იუწყება ტელეკომპანია CNN-ი დასავლურ დაზვერვასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.

„რუსეთს ასობით ათასი ჯარისკაცი ჰყავს უკრაინის ფრონტზე, ამიტომ ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რამდენიმე ათასის გადაყვანამ შესაძლოა მოკლევადიან პერსპექტივაში დიდი გავლენა არ იქონიოს“, - შენიშნავს CNN-ი.

”ჩვენ ჯერ არ გვინახავს მნიშვნელოვანი მოძრაობა და ვერ ვიტყვით რატომ: შესაძლოა იმიტომ, რომ ისინი მხოლოდ ახლა იწყებენ ჯარების გადაადგილებას ან იმიტომ, რომ მათ უბრალოდ არაფერი აქვთ გადასაადგილებელი”, - ციტირებს CNN-ი თავის ანონიმურ წყაროს, ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით კი, რუსეთი, როგორც ჩანს, კურსკის ოლქის დაცვას ძირითადად წვევამდელების ხარჯზე აძლიერებს.

რუსი სამხედროები უკრაინაში
რუსი სამხედროები უკრაინაში

გრიგორი სვერდლინმა, პროექტის, „იარე ტყით“ დამფუძნებელმა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს ომში მონაწილეობისგან თავის არიდებაში ეხმარება, რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას უთხრა, რომ რუსული კანონმდებლობით, სავალდებულო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცი შეიძლება გაიგზავნოს საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ ორი პირობით: თუ უკვე იმსახურა მინიმუმ ოთხი თვე და თუ გაიარა სამხედრო-სამწყობრო მომზადება.

„წვევამდელების უმეტესობა, რომლებიც კურსკში შეიძლება გადაისროლონ, 2024 წლის გაზაფხულზეა გაწვეული. შესაბამისად, ორი-სამი თვე თუ აქვთ ნამსახურები, ოთხ თვეზე საუბარიც კი არ შეიძლება იყოს. არ გაუვლიათ არანაირი სამწყობრო სწავლება, ამიტომ ფორმალურად მათი გაგზავნა ფრონტსა და საბრძოლო ზონაში არ შეიძლება, მაგრამ მათ მეთაურებს ახლა უფრო მეტად აწუხებთ ის, რომ მაგრად მოხვდებათ, თუ ისინი დაუყოვნებლივ არ შეასრულებენ ბრძანებას“, - ამბობს გრიგორი სვერდლინი.

გრიგორი სვერდლინი
გრიგორი სვერდლინი

სამხედრო ექსპერტები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, იზიარებენ რუს წვევამდელთა დედების აზრს, რომ გამოუცდელი ჯარისკაცებისგან ფრონტის ხაზზე არანაირი სარგებელი არ იქნება, თუმცა, ექსპერტების თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობისთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დონბასიდან, ხარკოვის ოლქიდან და სხვა მიმართულებებიდან (სადაც რუსეთის არმია უტევს) საბრძოლო შენაერთების კურსკის მიმართულებით გადასროლის მაქსიმალურად გაჭიანურება.

„როგორც წესი, წვევამდელები ითვლებიან ბრძოლისუუნარო ძალად და, საუკეთესო შემთხვევაში, მათი გამოყენება ხდება დამხმარე ამოცანების შესასრულებლად. ასეთი ქვედანაყოფები, როგორც წესი, გამოუცდელი და არასაკმარისად აღჭურვილი არიან და არ გამოირჩევიან მდგრადობით საბრძოლო სიტუაციებში, - განაცხადა სამხედრო ანალიტიკოსმა მაიკლ კოფმანმა რადიო თავისუფლების უკრაინულ რედაქციასთან საუბარში, - კურსკის ოლქში წვევამდელების ამოცანები შეიძლება მოიცავდეს საფორტიფიკაციო ნაგებობების მომზადებასა და რეგულარული ქვედანაყოფების მხარდაჭერას. მაგრამ ამ ეტაპზე რუსეთმა ვერ შეძლო ამ მონაკვეთზე ფრონტის სტაბილიზება, მას ასევე არ ჰყავს რეზერვები მოწინავე ნაწილების უკან.

რუსეთის ჯარს არ ჰყავს საკმარისი ძალები კურსკის მიმართულებაზე და რაც უფრო გაიზრდება უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაკავებული პლაცდარმის ფართობი, მით უფრო მეტი ძალების ჩართვა მოუწევს რუსეთს, რათა შეაკავოს უკრაინის ჯარების მიერ ოკუპირებული ტერიტორიის შემდგომი გაფართოება“.

რუსი ახალწვეულები კურსკის ოლქში
რუსი ახალწვეულები კურსკის ოლქში

უკრაინის არმიის გადამდგარი ოფიცერი, სამხედრო ანალიტიკოსი და Frontelligence Insight პროექტის დამფუძნებელი, რომელიც სოციალურ ქსელ X-ში Tatarigami_UA-ის მეტსახელით წერს, აღნიშნავს, რომ არც რუსეთი და არც უკრაინა არ იყვნენ მზად უკრაინის შეიარაღებული ძალების ასეთი წარმატებული წინსვლისთვის.

„იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის არმიას ასევე ჰყავს საკონტრაქტო ჯარისკაცები, რომლებიც გადიან აქტიურ წვრთნებს კურსკის, ვორონეჟის, დონის როსტოვისა და კრასნოდარის ცენტრებში, შესაძლოა, მალე ისინიც გადაისროლონ კურსკის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ თავდაპირველად რუსეთის სარდლობამ ვერ გააცნობიერა იერიშის მასშტაბი, რომელმაც ორივე მხარის მოლოდინს გადააჭარბა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვხედავთ 810-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის გარკვეულ მოძრაობას და გადასროლას, რუსეთის არმიის ძირითადი ძალები კვლავ განაგრძობენ შეტევას დონბასში - პოკროვსკზე, ტორეცკსა და ჩასოვ-იარზე“, - ამბობს ექსპერტი.

რუსული პროპაგანდა კვლავინდებურად ამტკიცებს, რომ კურსკის ოლქში ვითარება სრულ კონტროლს ექვემდებარება, რუსი წვევამდელების აღშფოთებული დედები კი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტის, ანდრეი გურულიოვის განცხადებას აკრიტიკებენ. 11 აგვისტოს ტოქშოუში „კვირა საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან", გურულიოვმა განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს პრობლემას, თუ წვევამდელებს კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში გამოიყენებენ.

ანდრეი გურულიოვი
ანდრეი გურულიოვი

„ყველა კითხულობს, თქვენ რა, წვევამდელების გამოყენებას აპირებთ? ეს ჩვენი ტერიტორიაა, ისინი ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები არიან. მათ დადეს ფიცი. ჩვენი კანონების შესაბამისად ვალდებული არიან, აღასრულონ სამხედრო ვალი. რაზე ვსაუბრობთ? უდავოდ მენანებიან ბიჭები, მაგრამ ჩვენ ადრე სწორედაც რომ სავალდებულო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცებით ვიბრძოდით“, - განაცხადა ანდრეი გურულიოვმა.

„ტყვე კადიროველი აღარ არის კადიროველი“

უკრაინის რადის ადამიანის უფლებათა რწმუნებულმა დმიტრო ლუბინეცმა უკრაინული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ რუსეთი პირველად გამოვიდა ტყვეების გაცვლის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივით.

როგორც Financial Times წერს, კიევი არ ასაჯაროებს კურსკის ოლქში დატყვევებული რუსი სამხედრო მოსამსახურეების ზუსტ რაოდენობას. თუმცა ბრიტანული გაზეთი Independent-ი უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაახლოებით 2000 რუსი ჯარისკაცი ჩაბარდა. მარტო 14 აგვისტოს ტყვედ აიყვანეს 102 რუსი სამხედრო.

„უკრაინის მოსაზღვრე კურსკის ოლქში იმყოფებოდნენ არაპროფესიონალი ადამიანები: წვევამდელები და მათი სერჟანტები - კონტრაქტით აყვანილები, რომლებიც თავიანთი კვალიფიკაციით განსხვავდებიან მოქმედი სერჟანტებისგან, რომლებიც ქმნიან პროფესიულ დანაყოფებს ფრონტზე გასაგზავნად. საზღვართან მდგომი წვევამდელები ომისთვის არავის მოუმზადებია.

როცა ხედავენ ტანკებს, მძიმე ჯავშანტექნიკას, კბილებამდე შეიარაღებულ ადამიანებს, არ იციან რა გააკეთონ. დახმარებაც არსაიდან ჩანს. მასობრივად ტყვედ ჩაბარების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის: როცა შენ უკან არავინ დგას, გირჩევნია დანებდე, ვიდრე დაიღუპო“, - განმარტა რუსლან ლევიევმა, საგამოძიებო პროექტის, Conflict Intelligence Team-ის დამფუძნებელმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოლქში დატყვევებულ რუს სამხედროთა შორის არიან ჩეჩნური ქვედანაყოფის, „ახმატის“ მებრძოლები. ტელეგრამის არხ „რუკები და ისრების“ ავტორი, რუსი სამხედრო ექსპერტი იან მატვეევი ვარაუდობს, რომ „მთელი ეს სიჩქარე ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით კადიროველების გამო ხდება“.

უკრაინის ტყვეობაში მყოფი რუსი ახალწვეულები ჩივიან, რომ ჩეჩნური ბატალიონის, „ახმატის“ მებრძოლები, რომლებსაც მესაზღვრეებთან და წვევამდელებთან ერთად უნდა ებრძოლათ, პოზიციებიდან გაიქცნენ. "ახმატის" მეთაური აპტი ალაუდინოვი ამ ყველაფერს უარყოფს. მისი თქმით, „ახმატს“ არ შეუძლია დაიცვას საზღვრის მთელ 400 კმ, „იმ ადგილზე კი, სადაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაიარეს, კადიროვიელები არ იდგნენ“.

კურსკის ოლქში დატყვევებული კადიროველები "ახმატის" პოლკიდან. სკრინშოტი პროექტ "მინდა ვიცოცხლოს" ვიდეოდან
კურსკის ოლქში დატყვევებული კადიროველები "ახმატის" პოლკიდან. სკრინშოტი პროექტ "მინდა ვიცოცხლოს" ვიდეოდან

ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც 23 წლის ახალწვეული ევგენი კოვილკინი ამტკიცებს, რომ მის გვერდით მოწყობილ გამაგრებულ პუნქტზე მყოფმა კადიროველებმა უკრაინის ჯარების გამოჩენისთანავე მიატოვეს საბრძოლო პოზიციები და თავს გაქცევით უშველეს. კიდევ ერთმა რუსმა ჯარისკაცმა თქვა, რომ კადიროველები წვევამდელების ზურგს უკან იმალებოდნენ.

ჯარისკაცი გადაურჩა დატყვევებას, მაგრამ სამაგიეროდ ხელში ჩაუვარდათ კადიროველებს. შესაბამისად, მას მოუწია ბოდიშის მოხდა "ახმატის" შესახებ ნათქვამი სიტყვებისთვის. კადიროველთა დროშის ფონზე რუსმა ჯარისკაცმა თქვა, რომ „ახმატის“ მებრძოლები ბოლომდე იმყოფებოდნენ ახალწვეულებთან და სიცრუის გავრცელებისთვის პატიება ითხოვა.

11 აგვისტოს უკრაინის დაზვერვის პროექტის ტელეგრამ-არხზე ("მინდა ვიცოცხლო"), რომელიც შექმნილია რუსი ჯარისკაცების ნებაყოფლობით ჩაბარებისთვის, გავრცელდა ორ ათეულამდე რუსი სამხედრო ტყვის ამსახველი ვიდეო. სამი მათგანი ამბობს, რომ ისინი გროზნოდან არიან და პოლკ „ახმატში“ ირიცხებიან.

„ახმატის“ მეთაურმა აპტი ალაუდინოვმა თავდაპირველად უარყო კადიროველების დატყვევების ფაქტი, მაგრამ მოგვიანებით აღიარა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელში ხუთი კადიროველი იმყოფება. მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ ტყვედ ჩავარდა სამი და არა ხუთი კადიროველი. თუმცა სულ ბოლოს აპტი ალაუდინოვმა განაცხადა: „ჩეჩენი, რომელიც ტყვედ ჩავარდა, აღარ არის კადიროველი. ჩეჩნისთვის ტყვედ ჩავარდნაზე უფრო სამარცხვინო არაფერია“.

დაბნეული, მაგრამ მაინც ტეფლონის პუტინი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, რომლებიც რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შევიდნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში დაიკავეს 80-ზე მეტი დასახლება. უკრაინის ჯარი კვლავ განაგრძობს ახალი დასახლებული პუნქტების დაკავებას, რის გამოც სახლებს ტოვებს ათობით ათასი ადგილობრივი მკვიდრი.

სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, ტყვეებისა და დევნილების დიდი რაოდენობა მიუთითებს რუსეთის ხელისუფლებისა და სამხედრო სარდლობის არაეფექტიან მოქმედებაზე, რაზეც ასევე გაამახვილა ყურადღება ევროპაში ნატოს ჯარების სარდალმა, გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ:

„რუსეთი ჯერ კიდევ ცდილობს პასუხის ფორმირებას უკრაინის ოპერაციაზე, ჯერჯერობით ეს რეაქცია ნელი და დაბნეულია."

კრისტოფერ კავოლის თქმით, რუსეთის ამგვარი რეაქცია რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული: ჯერ ერთი, არ არის განსაზღვრული, თუ ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი რუსეთის შიგნით განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებზე და მეორეც, რუსეთს არ ჰყავს თავისუფალი სამხედრო შენაერთები, რომლებსაც გადაისროდა კურსკის ოლქში უკრაინის ჯარების წინააღმდეგ.

კრისტოფერ კავოლი
კრისტოფერ კავოლი

ექსპერტების შეფასებით, რუსეთის ხელისუფლების „დაბნეულობასა“ და არაეფექტიანობაზე მიუთითებს ისიც, რომ კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 9 აგვისტოს, შეჭრიდან მეოთხე დღეს, ხოლო მეზობელ ბელგოროდის ოლქში იგივე გაკეთდა ექვსი დღის შემდეგ, 15 აგვისტოს. თუმცა როგორც პრაღის კარლის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომელი, სოციოლოგი დმიტრი დუბროვსკი მიიჩნევს, ვერც ამგვარი რეაქცია, ვერც რუსი სამხედროების მასობრივად ტყვედ ჩავარდნა და დევნილების ახალი ნაკადი დიდ გავლენას ვერ იქონიებს პუტინისა და რუსეთის ხელისუფლების რეიტინგსა და პოპულარობაზე.

”ეს ასეთი გავრცელებული იმპერიული ტრადიციაა, რომ თუ რამე ხდება რეგიონში, ეს რაღაც წვრილმანი და სისულელეა, რომელსაც მალე მოაგვარებენ, - თქვა დუბროვსკიმ რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტის, The Current Time-ის ეთერში, - ვიდრე თავად მოსკოველებს არ შეექმნებათ სერიოზული პრობლემები, მათი რეაქცია ასეთი იქნება“.

დმიტრი დუბროვსკის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსებმა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება პუტინისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ერთ კვირაზე მეტია ვერ ახერხებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შეჩერებას საკუთარ მიწაზე:

„ვლადიმირ პუტინის იმიჯი ტეფლონივითაა, რადგან ყოველთვის მოიძებნება ვიღაც კონკრეტული გენერალი, რომელსაც შეიძლება დაჰბრალდეს ყველაფერი ან მოიძებნოს კონკრეტული ამბავი, რომელიც გაამართლებს შექმნილ ვითარებას. იტყვიან, პუტინი ხომ არ მეთაურობს ჯარებს, ის ხომ არ დგას საზღვრების სადარაჯოზე?! გარდა ამისა, პუტინს დიდი ხანია აქვს ძალიან წარმატებული პრაქტიკა დამახასიათებელი პოპულისტი ტოტალიტარული ლიდერისთვის: ყველა გამარჯვება მისია, ყველა მარცხი კი - მისი ხელქვეითების. ეს ძალიან ხელსაყრელია. თუ პუტინი დაინახავს, რომ რაღაც ისე არ არის, ვიღაცას მოხსნის ან საჯაროდ გაამათრახებს.

რაც შეეხება „წითელ ხაზებს“, რომლებსაც ხშირად ახსენებენ მოსკოვში. რუსეთის მთავრობა ამ „წითელ ხაზებს“ ავლებს იქ, სადაც მოცემულ მომენტში თვითონ იმყოფება და მისთვის მომგებიანია. როგორც კი შეიცვლის ადგილს, შეიცვლება „წითელი ხაზებიც“, - ამბობს დმიტრი დუბროვსკი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG