Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაკო სულაძე: "მტერმა გუშინ თანამებრძოლი მოგვიკლა. ბრძოლები ბახმუტის მიმართულებით არ წყდება"


"შავი არწივის" მეთაური ამბობს, რომ ბახმუტის მიმართულებით ვითარება კვლავინდებურად დაძაბულია
"შავი არწივის" მეთაური ამბობს, რომ ბახმუტის მიმართულებით ვითარება კვლავინდებურად დაძაბულია

კურსკის ტერიტორიაზე უკრაინული შეიარაღებული ძალების შესვლის შემდეგ მიმდინარე მძიმე ბრძოლების მიუხედავად, რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ სარაკეტო და საარტილერიო იერიშებს დონეცკის მიმართულებით.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალები ცდილობენ, ხელთ იგდონ ქალაქი პოკროვსკი, რომელიც ბახმუტიდან დაახლოებით 80 კილომეტრზე მდებარეობს.

ბრძოლები მიმდინარეობის ქალაქ ბახმუტის გარშემოც, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში საბრძოლო ამოცანას თითქმის 20 თვეა ასრულებს სპეცდანიშნულების რაზმი „შავი არწივი“. ეს არის მრავალეროვნული დანაყოფი, რომლის მეთაური ვაკო სულაძე (იგივე აბუ მარიამ ალ გურჯი) რადიო თავისუფლებას დაუკავშირდა და აცნობა, რომ 14 აგვისტოს საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს თანამებრძოლი დაეღუპა.

ვაკო სულაძე: წუხელ, ჩვენს ქვედანაყოფს, "შავ არწივს“ დაგვეღუპა ეროვნებით ბელარუსი მებრძოლი, ბელარუსის სახელმწიფო დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი. ის მტერმა გუშინ (14 აგვისტო. - რედ.) ბრძოლაში მოგვიკლა. მოკლედ ეს შემიძლია გითხრათ!

კობა ლიკლიკაძე: თქვენ გაგვიზიარეთ დაღუპულ მებრძოლთან გამომშვიდობების ვიდეო და მისი გამოქვეყნების უფლებაც მოგვეცით. ვიდეოზე თქვენს გვერდით მყოფ თქვენს თანამებრძოლებზეც, „შავი არწივის“ შესახებაც გვითხარით ორიოდე სიტყვა. როგორია ასეთ ვითარებაში მათი მოტივაცია?

„შავი არწივის“ მეთაურის სიტყვა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:06 0:00


ვაკო სულაძე: როგორც მოგეხსენებათ, „შავ არწივში“ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები არიან გაწევრიანებული, მებრძოლები, რომლებიც ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. გვყავს როგორც კოლუმბიელები, მექსიკელები, ბრაზილიელები, პოლონელები, ბელარუსები, რა თქმა უნდა, ქართველები, უკრაინელები და ასევე კავკასიის სხვადასხვა ერების (თავს შევიკავებ მათი დასახელებისგან) წარმომადგენლები, რომლებიც ასრულებენ ამოცანას ბახმუტის მიმართულებით. მებრძოლების მოტივაცია საბრძოლოა. ადრეც გითხარით ინტერვიუში: მჯერა, ჩვენი ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება!

კობა ლიკლიკაძე: კონკრეტულად სად გიწევთ ამჟამად ბრძოლები? რამდენადაც ცნობილია რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტს აკონტროლებენ.

ვაკო სულაძე: „შავი არწივი“ იმყოფება ისევ იმ დისლოკაციაზე, სადაც ამ წლების განმავლობაში იმყოფებოდა. ეს არის ბახმუტის მიმართულება, ბახმუტის მარჯვენა მხარე, დასახლება კურდიუმოვკა. ბოლო წლები მტრის წინააღმდეგ ჩვენ გვიწევს მოქმედება ამ მიმართულებით, სადაც ბრძოლები ყოველ წუთს და ყოველ წამს მიმდინარეობს და არც ამჟამად არ შეწყვეტილა. მაგრამ ფრონტის ხაზი, საომარი მოქმედებების ხაზი, უცვლელია.

კობა ლიკლიკაძე: დაბოლოს, ალბათ თქვენ აკვირდებით იმ ვითარებას, რაც რუსეთის კურსკის ოლქში შეიქმნა უკრაინის რეგულარული არმიის ნაწილების შესვლის შემდეგ. როგორ ფიქრობთ, რას მოუტანს კურსკის ოპერაცია უკრაინას? რა არის ოპერაციის სამხედრო სტრატეგიული ჩანაფიქრი?

ვაკო სულაძე: კურსკის ოპერაცია ეს არის ერთ-ერთი უნიკალური ოპერაცია, რომელიც კი შესრულებულა რუსეთ-უკრაინის ომის მთელი ამ ისტორიის განმავლობაში. როგორც მინიმუმ ეს არის უკრაინის სამხედრო ძალისა და საბრძოლო ერთეულების მოტივირება, რომელიც უკვე მოქმედებს დადებითად საბრძოლო განწყობის ამაღლებაზე. ომში კი, მოგეხსენებათ, საბრძოლო განწყობა ერთ-ერთი მთავარია.

კურსკის ოლქში მიმდინარე რვადღიანი ბრძოლების შემდეგ უკრაინის არმიამ მთლიანად გაანადგურა კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში განლაგებული რუსეთის ქვედანაყოფები და აგრძელებს წინსვლა პლაცდარმის გაფართოებისა და უსაფრთხოების ზომის შექმნის მიზნით.

უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ 13 აგვისტოს განაცხადა, რომ კურსკის ოლქში აკონტროლებენ 74 დასახლებულ პუნქტს. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ამ დრომდე მხოლოდ ერთხელ, 12 აგვისტოს განაცხადეს, რომ კურსკის ოლქში უკრაინელების კონტროლქვეშაა 28 დასახლებული პუნქტი.

14 აგვისტოს გენერალმა სირსკიმ პრეზიდენტ ზელენსკის აცნობა, რომ კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში „დასრულებულია მოწინააღმდეგის ძებნა და განადგურება“. იმავე დღეს უკრაინულმა ტელეკომპანია ТСН-მ აჩვენა რეპორტაჟი, რომლის თანახმად, უკრაინელებს სუჯაში შეაქვთ ჰუმანიტარული დახმარება და ადმინისტრაციული შენობიდან ხსნიან რუსეთის დროშას.

  • 15 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ოლექსანდრ სირკიმ განაცხადა, რომ იქმნება კურსკის ოლქის იმ არეალების სამხედრო კომენდატურა, რომლებსაც უკრაინა აკონტროლებს.
  • კომენდატურის ამოცანაა უზრუნველყოს სამოქალაქო მოსახლეობის წესრიგი და უსაფრთხოება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG