Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დივიზიის მეთაურმა 7 ოფიცრისა და ჯარისკაცის მოკვლის ბრძანება გასცა და ცხედრები დააწვევინა


რუსული სამხედრო ფორმა კიევის ოლქის სოფელ დმიტროვკასთან, რომელიც გაათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ჯავშანტექნიკის კოლონის განადგურების შემდეგ, 2022 წლის 1 აპრილი.
რუსული სამხედრო ფორმა კიევის ოლქის სოფელ დმიტროვკასთან, რომელიც გაათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ჯავშანტექნიკის კოლონის განადგურების შემდეგ, 2022 წლის 1 აპრილი.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთის ფედერაციის დასავლეთის სამხედრო ოლქის მე-6 მოტომსროლელი დივიზიის მეთაურის წინააღმდეგ.

პოლკოვნიკ მარატ ოსპანოვს ბრალი ედება წამებასა და, სულ მცირე, შვიდი რუსი სამხედრო მოსამსახურის მკვლელობაში. გამოძიების დეტალებზე წერს რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტი The Current Time, უკრაინული გამოცემის, „სუსპილნიე ნოვოსტის“ მასალებზე დაყრდნობით.

მძიმე დანაშაულის შესახებ ჟურნალისტებმა შეიტყვეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის დადგენილებიდან, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული დივიზიის სარდლობის წინააღმდეგ. „სუსპილნიე ნოვოსტის“ ჟურნალისტებმა ცნობები ღია წყაროებით შეამოწმეს, რის შემდეგაც ისინი დაღუპულთა ნათესავებს დაუკავშირდნენ.

რუსეთის არმიის მე-6 მოტომსროლელი დივიზიის ჯარისკაცებმა არასათანადო მოპყრობის გამო პირველად 2023 წლის გაზაფხულზე იჩივლეს. მალევე, დივიზიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ოსპანოვმა მას დაქვემდებარებულ სამხედროთა დაკავების ბრძანებების გაცემა დაიწყო.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ოსპანოვმა თავის მოადგილეს, პოლკოვნიკ სტანისლავ ივანისოვს დაავალა, მოეწყო დაკავებული სამხედროების მოთავსების ადგილი, ხოლო კიდევ ერთი მოადგილე, პოლკოვნიკი ევგენი მალიშკო დანიშნა პასუხისმგებლად „სამხედრო პერსონალის მკვლელობებზე“.

პოლკოვნიკი მარატ ოსპანოვი. მას ბრალი ედება წამებასა და სულ მცირე შვიდი რუსი სამხედრო მოსამსახურის მკვლელობაში.
პოლკოვნიკი მარატ ოსპანოვი. მას ბრალი ედება წამებასა და სულ მცირე შვიდი რუსი სამხედრო მოსამსახურის მკვლელობაში.

რუსი გამომძიებლების მასალებში ჩანს 19 მსხვერპლი, ყველა მათგანი სხვადასხვა დროს დამწყვდეული იყო ლუგანსკის ოლქის სახლების სარდაფებში, სადაც „არ იყო არც ტუალეტები და არც საწოლები“. გარდა იმისა, რომ დაკავებულებს აშიმშილებდნენ და წყალსაც არ ასმევდნენ, მათ აწამებდნენ კიდეც.

თერთმეტი დაზარალებული გაათავისუფლეს 2023 წლის სექტემბრის დასაწყისში, მას შემდეგ რაც დაიწყო გამოძიება. კიდევ ერთი, ილია ბორისოვი, ცოტა ხნით ადრე გაგზავნეს ფრონტზე, სადაც დაიჭრა. გამომძიებელი ჟურნალისტების თქმით, სწორედ ამან გადაარჩინა იგი სიკვდილს, განსხვავებით მისი შვიდი თანამოსამსახურისგან, რომლებიც, როგორც პოლკოვნიკმა ოსპანოვმა მიიჩნია, „გამოსწორებას არ ექვემდებარებოდნენ“.

პოლკოვნიკი სტანისლავ ივანისოვი ოჯახთან ერთად. გამოძიების თანახმად ისიც სასტიკი დანაშაულის თანამონაწილეა
პოლკოვნიკი სტანისლავ ივანისოვი ოჯახთან ერთად. გამოძიების თანახმად ისიც სასტიკი დანაშაულის თანამონაწილეა

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რომელიც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მასალებს ეყრდნობა, ივლისის დასაწყისში ოსპანოვმა გასცა შვიდი რუსი სამხედრო მოსამსახურის მოკვლის ბრძანება. ესენი არიან:

  • 1307-ე მოტორიზებული პოლკის სამხედროები - კაპიტნები ნიკოლაი კოზლოვსკი და იური სნიტნიკოვი
  • სერჟანტები არტურ გალიმოვი და იგორ კოლომიცევი
  • ეფრეიტორი ალექსეი ავერუ
  • 1008-ე პოლკის ლეიტენანტი ვალერი გრუშეცკი
  • 1486-ე პოლკის უფროსი ლეიტენანტი არტემ ფადეევი

გამომძიებლების თქმით, დივიზიის მეთაურობას ამით მათი დატყვევებისა წამების დამალვა უნდოდა.

პოლკოვნიკმა ოსპანოვმა დავალება მისცა ევგენი მალიშკოს, რომელმაც, თავის მხრივ, საქმეში ჩართო: მაიორი ევგენი ბორისკინი, პრაპორშჩიკი ევგენი ჩუკანოვი, უფროსი პრაპორშჩიკი გენადი მუროი და უფროსი სერჟანტი რომან ტიმონინი.

პოლკოვნიკი ევგენი მალიშკო მკვლელობის საქმის ერთ-ერთ მონაწილედაა დასახელებული
პოლკოვნიკი ევგენი მალიშკო მკვლელობის საქმის ერთ-ერთ მონაწილედაა დასახელებული

4 ივლისს, დილის 04 საათზე, დაკავებულები ავტომობილ УАЗ „პატრიოტით“ სარდაფიდან გადაიყვანეს დონეცკის სოფელ ბახმუტსკოეში.

„სამხედროებმა შეარჩიეს სახლი სარდაფით, სადაც ჩაიყვანეს დაკავებულები. შემდეგ ბორისკინმა, ჩუკანოვმა და ტიმონინმა სარდაფში ააფეთქეს „მინიმუმ ხუთი F-1 ხელყუმბარა“. მას შემდეგ, რაც ხელყუმბარები აფეთქდა, მაიორი ბორისკინი ჩავიდა სარდაფში, რათა გაერკვია, რა დაემართათ სამხედროებს. გადარჩენილებს პირადად მოუღო ბოლო“, - წერს გამოცემა საგამოძიებო კომიტეტის დადგენილებაზე დაყრდნობით.

ბორისოვმა, სავარაუდოდ, „მინიმუმ 7-ჯერ გაისროლა პისტოლეტიდან“, რის შემდეგაც დაწვეს როგორც ცხედრები, ასევე ავტომობილი.

პრაპორშჩიკი ევგენი ჩუკანოვი მონაწილეობდა სამხედროების წამებასა და მკვლელობაში.
პრაპორშჩიკი ევგენი ჩუკანოვი მონაწილეობდა სამხედროების წამებასა და მკვლელობაში.

2024 წლის მარტში რუსეთში პოლკოვნიკ ოსპანოვის და სხვების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, უკანონო პატიმრობისა და მკვლელობის მუხლებით.

პოლკოვნიკ ოსპანოვის მეუღლემ, ირინამ, რომელსაც ჟურნალისტები 21 ივნისს ელაპარაკნენ, თქვა, რომ მისი მეუღლე იმყოფება ფსიქიატრიულ განყოფილებაში, სადაც მას ექსპერტიზა უტარდება. რაც შეეხება ბორისოვს, ის ფრონტზე დაიღუპა თანამებრძოლების დახოცვიდან ორი კვირის თავზე. სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს მედლით "თავდადებისათვის" და ორდენით „მამაცობისათვის“.

მოკლული არტურ გალიმოვის დედამ, ზულფიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბოლოს თავის შვილს ესაუბრა 2023 წლის ივნისში. რუსი სამართალდამცავები მას არ დაჰკავშირებიან.

„უბრალოდ მითხრეს, უგზო-უკვლოდ დაიკარგაო. ვურეკავდი მის მეთაურებს როსტოვის ოლქში. იქაც მითხრეს, რომ უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ვწერდი წერილებს, რომლებიც უკან მიბრუნდებოდნენ. კომისარიატშიც მეუბნებოდნენ, რომ ის არ ირიცხებოდა არც „ორასებში“ [დაღუპულები], არც "სამასებში" [დაჭრილები] და არც "ხუთასებში" [დეზერტირები]“.

შეტყობინება სოციალურ ქსელებში, რომლითაც დახმარებას ითხოვენ ლეიტენანტ ვალერი გრუშეცკის პოვნაში
შეტყობინება სოციალურ ქსელებში, რომლითაც დახმარებას ითხოვენ ლეიტენანტ ვალერი გრუშეცკის პოვნაში

ვალერი გრუშეცკის დედა რაისა შვილს უკანასკნელად 2023 წლის 5 მაისს ესაუბრა. მას შემდეგ ტელეფონზე დაკავშირების ყველა მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა. სამხედრო ნაწილში ქალს ეუბნებოდნენ, რომ მისი შვილი ფრონტზე იბრძოდა, ამიტომ მასთან კავშირის დამყარება არ ხერხდებოდა, შემდეგ კი შეატყობინეს, რომ მისი შვილი უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული, თუმცა, 2024 წლის 8 მაისს ქალმა მიიღო ცნობა, რომ მისი ვაჟი დაიღუპა.

ქალის თქმით, ვალერი მობილიზაციით გაიწვიეს 2022 წელს, მაგრამ ”ის თავიდანვე მოატყუეს”, რადგან სამწყობრო ნაწილში უნდა აეყვანათ, მაგრამ სინამდვილეში გაგზავნეს ფრონტის წინა ხაზზე, მიუხედავად იმისა, რომ ცალი თვალით ბრმა იყო.

„მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ შესაძლოა ცოცხალია; იმედი მაქვს, რომ სადღაც ზის. სანამ ცხედარს არ მოიტანენ, სანამ ასი პროცენტით არ დაამტკიცებენ, რომ ის დაიღუპა, დაველოდები“, - უთხრა ჟურნალისტებს ლეიტენანტ ვალერი გრუშეცკის დედამ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG