Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: ომს შვებულება არ აქვს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებს მიმართა, დააჩქარონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.

18 აგვისტოს, ღამით, ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ სირსკისგან მოისმინა მორიგი ანგარიში უკრაინის აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის და რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაციის შესახებ.

სირსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას, ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების ბრიგადების და რეზერვის პირადი შემადგენლობა შეაქო და პარტნიორ სახელმწიფოებს იარაღის მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდა.

„ძალიან გთხოვთ. ომს შვებულება არ აქვს, საჭიროა გადაწყვეტილებები, საჭიროა გამოცხადებული პაკეტების დროული ლოგისტიკა”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა, რომ განსაკუთრებით აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს მიმართავს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები თავის პოზიციებს იცავენ ქვეყნის აღმოსავლეთში, რომელსაც რუსეთის ჯარები ინტენსიურად უტევენ.

პარალელურად, უკრაინის თავდაცვის ძალები 6 აგვისტოდან სამხედრო ოპერაციას ატარებენ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე სუმის ოლქთან მოსაზღვრე რუსეთის კურსკის ოლქში, სადაც სარდლობის მონაცემებით, 80-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ.

უკრაინას კურსკის ოპერაციის მიზნებად გამოცხადებული აქვს თავისი ტერიტორიის დასაცავად რუსეთის ტერიტორიაზე უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის, შექმნა და მოსკოვის იძულება, კიევის პირობებით დასთანხმდეს სამართლიან მოლაპარაკებას. რუსეთის ხელისუფლება ამას გამორიცხავს და უკრაინას განადგურებით ემუქრება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG