Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ეძებენ დაკარგულ რუს წვევამდელებს დედები და რას უპასუხებს მათ სამხედრო უწყება?


საილუსტრაციო ფოტო. წვევამდელი ჯარისკაცები შეკრების პუნქტზე დონის როსტოვში.
საილუსტრაციო ფოტო. წვევამდელი ჯარისკაცები შეკრების პუნქტზე დონის როსტოვში.

მასალა მომზადებულია "სიბირ.რეალიისა" და "კავკაზ.რეალიის" მიხედვით

აგვისტოს დასაწყისში უკრაინის შეიარაღებული ძალების მოულოდნელი შეტევის შემდეგ რუსეთის კურსკის რეგიონში ათობით რუსი წვევამდელი ჯარისკაცი გაუჩინარდა. დაკარგული ახლობლების ძებნაში მყოფი ოჯახები აცხადებენ, რომ სამხედრო უწყებისგან არანაირ ინფორმაციას არ იღებენ.

წვევამდელთა ახლობლები არც იმას მალავენ, რომ იმ ჯარისკაცების დიდი ჯგუფი, ვინც გადარჩა და არც ტყვედ ჩავარდნილა, სრულიად მიტოვებული აღმოჩნდა უკრაინის საზღვარზე. მათ შორის რუსეთის ელიტური სპეცდანიშნულების პოლკ "ახმატის" მებრძოლთა მხრიდან, რომლის ხელმძღვანელი გენერალი აპტი ალაუდინოვი ამ დღეებში ყველაზე მეტს ლაპარაკობს სამშობლოს დაცვის ვალდებულებასა და თავდადებაზე.

"ყველა წვევამდელმა, დიდიან-პატარიანად, მონაწილეობა უნდა მიიღოს საბრძოლო მოქმედებებში", - ასე გამოეხმაურა სპეცრაზმ „ახმატის“ მეთაური აპტი ალაუდინოვი იმ მშობლებს, რომლებმაც რუსეთის სამხედრო უწყებას მოუწოდეს, რომ არ გაუშვას მათი წვევამდელი შვილები საბრძოლო ზონაში.

ალაუდინოვი, რომელიც ცოტა ხნის წინ სამხედრო უწყების ცენტრალურ აპარატში პოლიტიკურ-აღმზრდელობითი მუშაობის მიმართულებით დააწინაურეს, „სამოთხეში მოხვედრას“ დაჰპირდა ყველა ჯარისკაცს, რომელიც უკრაინასთან ომში დაიღუპება.

"არ სურდა კონტრაქტზე ხელის მოწერა"

20 წლის წვევამდელი ჯარისკაცი, ტიუმენელი ვლადისლავ კიჩკოვი კურსკის რეგიონზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მოულოდნელი იერიშის წინა დღეს, 5 აგვისტოს გაუჩინარდა. მანამდე იგი უკრაინის საზღვარზე იმყოფებოდა და ხშირად აფრთხილებდა ახლობლებს, რომ მეთაურები ტელეფონის ჩამორთმევას უპირებდნენ. მაგრამ ვლადისლავმა მეგობარს უთხრა, რომ დაიტოვებდა სათადარიგო ტელეფონს. მაგრამ 6 აგვისტოს შემდეგ მას შინ აღარ დაურეკავს.

"ორი დღის შემდეგ გამოგვიგზავნეს ვიდეო, რომელზეც ვლადი დახმარებას ითხოვს და ამბობს, რომ ყველაფრისგან დაიღალა", - ამბობს წვევამდელის დედა, სვეტლანა.

ვიდეოზე ნათესავებმა ვლადისლავი ამოიცნეს იმ სამხედრო ფორმაში მყოფ წვევამდელ ჯარისკაცში, რომელსაც თვალი სკოჩით აქვს ახვეული. იგი ჰყვება, რომ ტყვეობაში იმყოფება და ძალიან სურს შინ დაბრუნება.

"ის არ აპირებდა კონტრაქტის გაფორმებას. პირდაპირ მითხრა: გავივლი სავალდებულო სამსახურს და სახლში დავბრუნდები", – ამბობს სვეტლანა.

დაკარგული წვევამდელი ვლადისლავ კიჩკოვი
დაკარგული წვევამდელი ვლადისლავ კიჩკოვი

სამხედრო სამსახურის დაწყებამდე, ვლადისლავმა დაამთავრა კულინარიული კოლეჯი, ხოლო სამსახურის შემდეგ, ოჯახის თქმით, იგი მზარეულად მუშაობას აპირებდა. 2023 წლის ნოემბრის ბოლოს იგი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

დედის მონაყოლით, ვლადისლავი თავდაპირველად მსახურობდა სმოლენსკის ოლქში, შემდეგ კი მარტში კურსკის ოლქში მოხვდა.

გაწვევის შემდეგ, დედის თქმით, ვლადისლავს სპეციალური ტესტი ჩაუტარეს იმის დასადგენად, შეძლებდა თუ არა სამსახურის გავლას საზღვარზე. მაგრამ რადგან კიჩკოვის ნათესავებმა არ იცოდნენ, რომ უკანონოა წვევამდელის ყოფნა დაბომბვის ქვეშ საზღვარზე, ამიტომ არავისთვის არ მიუმართავთ მისი სხვა ადგილზე გადასაყვანად. მაგრამ ახლა ისინი სხვა დატყვევებულ წვევამდელთა ნათესავების მსგავსად აგროვებენ ხელმოწერებს პატიმრების სასწრაფო გაცვლის შუამდგომლობით და მოსკოვში თავდაცვის სამინისტროში წასვლასაც გეგმავენ.

სატელეფონო ზარები და წერილები უშედეგო აღმოჩნდა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათი წერილობითი მიმართვა და ზარები ყრუ კედელს აწყდება, პროექტ „ოკნოს“ რედაქციას ათობით წვევამდელის დედამ და ბებიამ დაუდასტურა. ბევრი ამბობს, რომ უკვე ეშინიათ „ზედმეტი გახმაურებისა“, რადგან ერთი მხრივ მათ პირად ინფორმაციას თაღლითები იყენებენ, მეორე მხრივ კი სამხედრო სარდლობის მხრიდან წამოვიდა მუქარები. უწყების წარმომადგენლები „სამართალდარღვევას“ უწოდებენ მათ პოსტებსა და პეტიციებს, რომლებშიც ოჯახის წევრები დაკარგული წვევამდელების მოძებნასა და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ.

„ჩვენ უკვე ყველა მხრიდან გვატყუებენ“

ლიპეცკელი ვლადიმირ ლიუბუშკინი 6 აგვისტოდან სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნებს განცხადებებს თავისი შვილიშვილის, რუსეთის არმიის წვევამდელი ჯარისკაცის, რუსლანის, გაუჩინარების შესახებ. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ მან ასევე აქტიურად დაიწყო ამ განცხადებების წაშლა.

ვერ წარმოიდგენთ, როგორ შეგვაშინეს, აღარ ვიცით, ვის დავუჯეროთ. ყველა მხრიდან გვატყუებენ. ჩვენ უკვე ყველას ეჭვის თვალით ვუყურებთ როგორც თაღლითებს. მოდიან, თავს გვაცნობენ მოხალისეებად, გვპირდებიან შვილიშვილის მოძებნას, გვთხოვენ საპასპორტო მონაცემებს, შემდეგ კი იკარგებიან“, - ჩივის უფროსი ლიუბუშკინი.

დაკარგული წვევამდელი რუსლან ლიუბუშკინი ბაბუასთან და ბებიასთან ერთად
დაკარგული წვევამდელი რუსლან ლიუბუშკინი ბაბუასთან და ბებიასთან ერთად

მისი 20 წლის შვილიშვილი რუსლანი ჯარში 27 ოქტომბერს გაიწვიეს, იგი 12731-ე სამხედრო ნაწილში გააწესეს.

„ბოლო დროს სოფელ გუევოდან დაგვირეკა. სოფელი კურსკის ოლქის სუჯის რაიონში მდებარეობს. იგი აგვისტოს დასაწყისიდან აღარ გამოდის კავშირზე. ბებიამისი გაგიჟებულია“, - ამბობს წვევამდელის ბაბუა.

პენზელმა ოლგა ფ.-მ ვერაფრით მოახერხა თავისი წვევამდელი შვილის გამოყვანა კურსკის ოლქიდან. ამბობს, რომ ღია სივრცეში პოსტების გამოქვეყნებას დაკარგული წვევამდელი ჯარისკაცების ნათესავების ნახევარიც ვერ ბედავს.

„თქვენ უბრალოდ არც კი იცით, თუ რამდენი არიან ისინი. მეკითხებიან, რა ვქნათო? აბა, მე რა ვიცი. მე მხარს ვუჭერ გახმაურებას, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მომივიდა გაფრთხილება პროკურატურიდან. თითქოს მე კანონს ვარღვევდე ჩემი მოწოდებებით, რომ უზრუნველყონ წვევამდელების უსაფრთხოება. სხვა მშობლებს კი ამ ყველაფრის სიკვდილივით ეშინიათ. ისინი არ არიან მზად, რომ წამოვიდნენ მოსკოვში და რაიმე იქ მოითხოვონ. ცდილობენ საკუთარი არხებით მიაწვდინონ ცნობები ზემოთ, რადგან შიშობენ, რომ ხელისუფლება მათ ბავშვებზე იძიებს შურს და სახლში გამოგზავნის ნაცვლად ფრონტზე გაუშვებს", - ამბობს ოლგა ფ.

კიდევ ერთი ჯარისკაცის დედა, რომელიც ასევე ღიად ითხოვს კურსკის ოლქიდან წვევამდელი ჯარისკაცების გამოყვანას, ადასტურებს ზეწოლას ჯარისკაცების ნათესავებზე. ცოტა ხნის წინ მან მიიღო კიდევ ერთი შეტყობინება დაკარგული რუსი წვევამდელების მონაცემებით, რომლის შინაარსი პროექტს გაუზიარა.

მარცხნივ ვაიკ სააკიანი
მარცხნივ ვაიკ სააკიანი

„დღემდე ვერ პოულობენ წვევამდელ ბიჭებს. 2004 წლის 22 თებერვალს დაბადებულ ანდრეი ალექსანდრეს ძე ივანოვს, ფსევდონიმით „კამაზს“. 2002 წელს დაბადებულ მაქსიმ ტროფიმოვს, „ჟდუნს“. ვაიკ სააკიანს, „კალიბრს“. მათთან ერთად იყო ვლადიმირ კალიშევი, ასევე კორობოვი! მშობლები გაგიჟებას არიან.“

ჯარისკაცების ახლობლები ამბობენ, რომ ყოველ ჯერზე მათ უნდა იფიქრონ იმაზე, თუ რა სახის საპროტესტო აქცია შეიძლება მოიფიქრონ, რათა "არ მოხდეს მათი დისკრედიტაცია."

ასე მაგალითად, სამი დღის წინ მათ ჩაწერეს ვიდეომიმართვა რუსი დეპუტატების სახელზე. დედებმა მიმართვაში მოითხოვეს, რომ კურსკის ოლქში მყოფი მათი წვევამდელი შვილები თავად რუსმა დეპუტატებმა და მათმა შვილებმა ჩაანაცვლონ.

გენერალ ალაუდინოვის შეგონებამ წვევამდელთა მშობლები აღაშფოთა

ერთ-ერთი რუსი წვევამდელის დედის თქმით, მათი „მოთმინების ფიალა“ აავსო სპეცდანიშნულების პოლკ „ახმატის“ მეთაურის, რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის, აპტი ალაუდინოვის მიერ სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულმა ვიდეომ.

ჩეჩნური წარმომავლობის რუსი გენერალი, რომელიც აპრილში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური მუშაობის დარგში მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა, მიმართვაში აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია ის „ვიშვიში“, რაც კურსკში წვევამდელების ყოფნის შესახებ ესმის.

"მეგობრებო, თუ თქვენი შვილები, 18 წლის ბავშვები, თავდაცვის სამინისტროში ირიცხებიან, უკვე სამხედრო მოსამსახურეები არიან. და თავიანთი სამშობლო უნდა დაიცვან მაშინაც კი, როდესაც მტერი თავს დაესხმება და ის ჩვენს ტერიტორიაზეა. საერთოდ თქვენთან მე მაქვს ერთი კითხვა: რაში სჭირდებით თქვენ და თქვენი შვილები ამ ქვეყანას? ჩემთვის ძალიან უცნაურია, როცა ამდენ კითხვას სვამთ ამის შესახებ. ასეთი რამ როგორ შეიძლება მოხდეს?“, - ამბობს გენერალი ალაუდინოვი თავის მიმართვაში და განაგრძობს: "18 წლის წვევამდელებს, მამაკაცებს, ნუ ვაქცევთ ბავშვებად, რომლებსაც საწოვარა უნდა მივცეთ და დასაძინებლად გავუშვათ. ის ისეთივე სამშობლოს დამცველია, როგორიც ჩვენ ვართ, მან ეს უნდა გააცნობიეროს".

გენერალ ალაუდინოვის მიმართვის ამ ბოლო წინადადებამ განსაკუთრებით შეურაცხყო იმ წვევამდელების მშობლები, რომლებიც დაკარგული შვილების მოძებნას და უკან დაბრუნებას მოითხოვენ.

ცოტა ხნის წინ წვევამდელთა დედებმა პროექტ „ოკნოს“ რედაქციას აცნობეს, რომ ეს სწორედ სპეცრაზმ „ახმატის მებრძოლები იყვნენ, ვინც კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შემდეგ მიატოვეს პოსტები და იქ მყოფი წვევამდელები და გაქცევით უშველეს თავს. რამდენიმე კადიროველი კი ტყვედ აიყვანეს უკრაინელმა სამხედროებმა.

"ძაღლის შვილი, თუ ასეა მაშინ თავისი შვილები გაგზავნოს იქ. ჩვენ მათ აუცილებლად მოვიკითხავთ", - განუცხადა "ოკნოს" ალაუდინოვის სიტყვების კომენტირებისას ერთ-ერთი წვევამდელის დედამ.

დაკარგულ წვევამდელთა რაოდენობა იზრდება


პორტალ 72.RU-ს მიხედვით, კურსკის რეგიონში გაუჩინარდა კიდევ ორი რუსი წვევამდელი ჯარისკაცი, 20 წლის ტიუმენელი კირილ ფილიპი და 20 წლის ვლადიმირ სიროტკინი. ფილიპთან კავშირი 5 აგვისტოს გაწყა. მისი ოჯახი ვარაუდობს, რომ ახალგაზრდა ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა, მაგრამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად ოჯახისათვის არ დაუდასტურებიათ.

წვევამდელი ვლადიმირ სიროტკინი ბოლოს თავის დეიდას დაუკავშირდა 12 აგვისტოს, მაგრამ მას შემდეგ მისი ადგილსამყოფლის შესახებ არაფერია ცნობილი, თუმცა მანამდე ოჯახთან მუდმივ კონტაქტში იმყოფებოდა.

დაკარგული წვევამდელების ნათესავების მოთხოვნის საპასუხოდ, ტიუმენის რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ მურმა მათ ურჩია, რომ ყველა შეკითხვა „თავდაცვის სამინისტროს გადაუმისამართონ“.

რუსეთის სამხედრო უწყება კი დატყვევებულ და დაკარგულ სამხედროებზე დუმს. თუმცა ცალკეული რუსი ოფიცრები ანონიმურობის დაცვით გარკვეულ ცნობებს აწვდიან სოციალურ მედიას.

  • კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სულ მცირე, რამდენიმე ათეული რუსი ჯარისკაცი აიყვანეს ტყვედ. მათ შორის შეიძლება იყვნენ წვევამდელი ჯარისკაცები. ამის შესახებ გამოცემა „ვიორსტკას“ განუცხადა ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ოფიცერმა, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძიებაშია ჩართული. მან პატიმრების ზუსტი რაოდენობა ვერ დაასახელა.
  • საუბარია ბრიანსკის რაიონში, კლინცში განლაგებულ სამხედრო ნაწილზე No1272, რომლის წვევამდელი ჯარისკაცები კურსკის ოლქის საზღვარზე იმყოფებოდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის მომენტისთვის.
  • ოფიცერმა აღნიშნა, რომ ჯერ არ ფლობს საკმარის ინფორმაციას იმის შესახებ, ოფიციალურად რამდენი ადამიანი შეიძლება აღიარონ პატიმრად ან დაკარგულად, მაგრამ აღნიშნა, რომ ის ასამდე სამხედრო მოსამსახურის ბედის გარკვევას ცდილობს.
  • უკრაინის არმიამ რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლების შედეგად არაერთი წვევამდელი და დაქირავებული რუსი ჯარისკაცი აიყვანა ტყვედ. უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ „გადასაცვლელი ფონდი“ უწოდა სამხედრო სარდლობასთან გამართული ოპერატიული თათბირის შემდეგ.


„მიუხედავად რთული, ინტენსიური ბრძოლებისა, კურსკის ოლქში ჩვენი ძალების წინსვლა გრძელდება, ჩვენი სახელმწიფოსთვის ივსება გადასაცვლელი ფონდი,“ - დაწერა 14 აგვისტოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში და უკრაინის სამხედროებს მადლობა გადაუხადა გმირული სამსახურისთვის.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG