Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კურსკის რეგიონში ტყვედ აიყვანეს რამზან კადიროვის შექმნილი პოლკ „ახმატის“ მებრძოლები


კურსკის ოლქში ტყვედ ჩავარდნილი "კადიროველები". უკრაინული ტელეგრამის არხ "ხოჩუ ჟიტის" ("სიცოცხლე მინდა") მიერ გავრცელებული ვიდეოს სკრინშოტი
კურსკის ოლქში ტყვედ ჩავარდნილი "კადიროველები". უკრაინული ტელეგრამის არხ "ხოჩუ ჟიტის" ("სიცოცხლე მინდა") მიერ გავრცელებული ვიდეოს სკრინშოტი

კურსკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს ტყვედ ჩავარდა რამზან კადიროვის ინიციატივით შექმნილი სპეცდანიშნულების რაზმის, „ახმატის“ რამდენიმე მებრძოლი. დატყვევებულთა ვიდეო და ინფორმაცია 11 აგვისტოს გაავრცელა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებულმა ტელეგრამის არხმა "ხოჩუ ჟიტ" ("სიცოცხლე მინდა").

„სარეიდო ჯგუფებმა ეს კადიროველები საზღვრიდან ღრმა ზურგში შეიპყრეს. მათი თქმით, ისინი ცდილობდნენ, გაქცევით აერიდებინათ თავი ტყვედ ჩავარდნისთვის, რადგან რამზან კადიროვმა ოდესღაც განაცხადა, „ახმატის“ მებრძოლები ტყვედ არ ვარდებიანო“, - ნათქვამია ვიდეოს ქვემოთ განთავსებულ ცნობაში.
„კავკაზ.რეალიის“ რედაქციამ ვიდეოზე 20-ზე მეტი ტყვე დათვალა, სამი მათგანი ამბობს, რომ გროზნოდანაა.

ამ პოსტამდე ნახევარი საათით ადრე, რამზან კადიროვმა თავის ტელეგრამის არხში დაწერა, რომ „ახმატ-ჩეჩნეთის“ პოლკის ჯარისკაცებმა, საზღვაო ქვეითთა კორპუსის 810-ე ცალკეული გვარდიის ბრიგადასთან ერთად, "გაანადგურეს უკრონატოს (უკრაინის და ნატოს. რედ.) ტექნიკა და პირადი შემადგენლობა. გადარჩენილები ბლოკირებული არიან საბრძოლო კონტაქტის ადგილის მახლობლად. ვფიქრობ ყველასთვის გასაგებია, რა ბედიც ელით მათ მომავალში", - წერდა კადიროვი.

  • ჩეჩნეთის ლიდერს კადიროველთა დატყვევების შესახებ ვიდეოზე კომენტარი არ გაუკეთებია. "კავკაზ.რეალიის" ცნობით, მანამდე პოლკ „ახმატის“ მეთაურმა, გენერალმა აპტი ალაუდინოვმა კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული ოპერაციის გამო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს" ზოგიერთი ხელმძღვანელი“ დაადანაშაულა.
  • უკრაინის თავდაცვის ძალები 6 აგვისტოს შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში. სხვადასხვა წყაროს თანახმად, სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან უკრაინელებმა კურსკის ოლქის სიღრმეში წინ წაიწიეს 30-35 კილომეტრის მანძილზე.

  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 11 აგვისტოს, ღამით განაცხადა, რომ გრძელდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმირებების „განადგურების ოპერაცია" და მათი გარღვევა „აღკვეთილია" კიდევ სამ დასახლებულ პუნქტთან. რუსეთის თანახმად, 6 აგვისტოდან უკრაინის არმიის დანაკარგი შეადგენს 1350-მდე სამხედროს, 29 ტანკს და 23 ჯავშანმანქანას. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის.
  • კრემლი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვლიდან დაწყებულ ომს. რუსეთი სპეცდანიშნულების რაზმ „ახმატს“ იყენებდა ე.წ. წმენდის ოპერაციისთვის უკრაინის სხვადასხვა რაიონში, მათ შორის დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG