ვლადიმირ პუტინმა უკვე დაავალა მთავრობას, რეპატრიაციასთან დაკავშირებული წინადადებების მოამზადება „უცხო, მათ შორის არამეგობრული სახელმწიფოებიდან თანამემამულეების უკანონო დეპორტაციის შემთხვევაში“.
პუტინმა მთავრობას ასევე დაავალა, წარმოადგინოს წინადადებები „საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრები თანამემამულეების უფლებების უზრუნველყოფის საკითხზე“.
როგორც კრემლის ოფიციალური ვებსაიტი იტყობინება, რუსეთის პრეზიდენტის დავალების შესასრულებლად პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს, საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსა და ადამიანის უფლებათა საპრეზიდენტო საბჭოს ხელმძღვანელს ვალერი ფადეევს ექვსთვიანი ვადა (2024 წლის 1 ივლისამდე) განესაზღვრათ.
ანალიტიკოსების ვარაუდით, რუსეთის ხელისუფლება ყველა საშუალებით, მათ შორის რეპატრიაციის წახალისებით, ცდილობს გამოასწოროს დემოგრაფიული ვითარება, რომელიც კიდევ უფრო მეტად დამძიმდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
რუსეთის ფედერაციაში თანამემამულეთა დაბრუნების პროგრამა 2006 წლიდან მოქმედებს, თუმცა ბევრი ექსპერტი მის არაეფექტიანობაზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც ამ პროგრამას მართავენ, ხშირად არ ითვალისწინებენ ჩამოსულთა საჭიროებებს ან აგზავნიან მათ ისეთ ადგილებში, სადაც არც სამუშაო იშოვება და არც საცხოვრებელი პირობებია.
ოფიციალური მონაცემებით, 2006 წლიდან 2018 წლამდე ამ პროგრამით რუსეთში საცხოვრებლად ჩავიდა 826 ათასი ადამიანი, თუმცა უცნობია, რამდენი მათგანი დარჩა და რამდენმა კვლავ დატოვა რუსეთის ფედერაცია.
როგორც წესი, რუსეთის მთავრობა „თანამემამულეებს“ სთავაზობს ჩასახლებას არა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, სადაც განვითარებული ინფრასტრუქტურა და სხვა უპირატესობებია, არამედ ბურიატიაში, იაკუტიაში, ჩუკოტკაში; ბაიკალის, კამჩატკის, პრიმორსკის, ხაბაროვსკის მხარეებში; ამურის, მაგადანის, სახალინისა და ებრაელთა ავტონომიურ ოლქებში... - ანუ იმ რეგიონებში, რომლებსაც მცხოვრებლები აქტიურად ტოვებენ.
როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ, რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა გაზარდოს ერთჯერადი დახმარების მოცულობა: 2024 წლიდან ამ ტერიტორიებზე დასახლების მსურველი (განმცხადებელი) 120 ათასი რუბლის ნაცვლად მიიღებს 240 ათას რუბლს (2700 $), ხოლო მისი ოჯახის ყოველი წევრი - 120 ათას რუბლს.
2024 წლის 1 იანვარს რუსეთში გაჩნდა რეპატრიაციის ინსტიტუტი, რომლის შეიქმნა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რათა ხელი შეუწყოს „საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ნებაყოფლობით დასახლებას რუსეთის ფედერაციაში“. სახელმწიფო პროგრამით შეუძლიათ ისარგებლონ „თანამემამულეებმა“, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ 2022 წლის 24 თებერვლისათვის ანუ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყებისას.
საზღვარგარეთ მცხოვრები რუსი დემოგრაფის ალექსეი რაკშას თქმით, რთული გამოსაცნობი არ არის, თუ რატომ შეიძლება უხმობდეს რუსეთი ახალ თანამემამულეებს:
„მთავრობის ინიციატივას ორი მიზანი აქვს: ძველი - დემოგრაფიის გაუმჯობესება, ახალი - ხალხის მოზიდვა და ომში მათი გაგზავნა. რეპატრიაციის პროგრამა განკუთვნილია საზღვარგარეთ მცხოვრებთათვის, რომელთა წინაპრები ცხოვრობდნენ რუსეთში, მაგრამ რუსეთში უკვე დიდი ხანია მოქმედებს თანამემამულეების განსახლების პროგრამა, რომლის ფარგლებში დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი გადავიდა რუსეთში. ეს პროგრამა არ გამქრალა, უბრალოდ დაზარალდა Covid-ის გამო. ახლა წელიწადში 100 ათასზე ნაკლები ადამიანი გადადის რუსეთში საცხოვრებლად. გასაგებია, რომ ახალგაზრდებს ომის გამო არ სურთ რუსეთში გადასვლა. საუბარია მეზობელ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებზე - რომლებიც ან რუსები არიან, ან რუსულად საუბრობენ. ზოგს არ სურს რუსეთში გადასვლა, მაგრამ უმეტესობა, ვისაც სურდა, უკვე გადავიდა. მეჩვენება, რომ მეზობელი ქვეყნებიდან რუსებისა და რუსულენოვანი ადამიანების მიგრაციის პოტენციალი უკვე ამოწურულია, დიდი ნაკადი ნამდვილად არ იქნება“.
ალექსეი რაკშას თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, რუსეთის ხელისუფლების ინტერესებშია რუსეთში დააბრუნოს ან ჩაასახლოს რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის მამაკაცი.
„გასაგებია, რომ რუსეთი ელოდება რუსებს, ძირითადად, ახალგაზრდა, განათლებულ მამაკაცებს ანთებული თვალებით. თუმცა ახლა ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ განათლება აუცილებელიც კი არაა. მეორე მხრივ, რუსეთს აქვს ობიექტური მოთხოვნილება ადამიანებზე, თუნდაც ომის მიუხედავად, თუნდაც რომ არ იყოს ომი. ამიტომაც ვხედავთ ამ შემსუბუქებებს ბინადრობის ნებართვისა და მოქალაქეობის მიღებაში. წელს მოქალაქეობის შესახებ კანონში ოთხი გამარტივება მოხდა. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ომია“, - ამბობს დემოგრაფი.
ომის სტატისტიკა
ღია წყაროებზე დაყრდნობით, ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიამ (BBC) და Mediazona-მ (რუსეთში „უცხო აგენტად“ არის აღიარებული) მოახერხეს 2022 წლის თებერვლიდან 2024 წლის 25 იანვრამდე უკრაინის ომში დაღუპული 43 014 რუსი სამხედრო მოსამსახურის ვინაობის დადგენა.
რუსული მხარის ზარალის რეალური რაოდენობა ერთიორად აღემატება BBC-ის მიერ დადგენილ მაჩვენებლებს - კომპანია ეყრდნობა მხოლოდ იმ მონაცემებს, რომელთა შემოწმება ხერხდება ღია წყაროებით. საუბარია ოფიციალური პირებისა და მედიის შეტყობინებებზე, დაღუპულთა ახლო ნათესავების პუბლიკაციებზე სოცქსელებში და სასაფლაოებიდან მიღებულ ინფორმაციაზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიამ ცოცხალი ძალის სახით დაკარგა დაახლოებით 383 ათასი ადამიანი.
ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ სიახლეების სიმცირის მიუხედავად, რუსული მხარე კვლავ განიცდის მძიმე დანაკარგებს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში დადასტურდა დამატებით 1,283 რუსი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება 2022 წლის საშუალო მაჩვენებელს (კვირაში 300 დადასტურებული სიკვდილი) და თანაზომიერია 2023 წლის ზამთრის მონაცემებთან (კვირაში 600-800 დადასტურებულად დაღუპული).
რუსი სამხედრო ანალიტიკოსების ინფორმაციით, სამოქალაქო ცხოვრებიდან აყვანილი ადამიანები ხშირად იგზავნებიან ბრძოლაში მოძველებული ტექნიკითა და აღჭურვილობით.
მთავარი დატვირთვა კვლავ მოდის მობილიზებულებზე, მოხალისეებსა (მათ შორის იმათზე, ვინც ახლა ხელს აწერს კონტრაქტებს კერძო სამხედრო კომპანია „რედუტთან“) და კოლონიებიდან აყვანილ პატიმრებზე.
ფრონტზე დანაკარგების ასანაზღაურებლად, რუსეთი აგრძელებს პატიმრების აქტიურ რეკრუტირებას. მეტიც, ყველა, ვინც სექტემბრიდან აფორმებს კონტრაქტს, ვალდებულია იმსახუროს არა ექვსი თვის განმავლობაში, როგორც ადრე იყო, არამედ ომის დასრულებამდე. შესაბამისად, რუსი პატიმრებიც იბრძვიან იმავე პირობებით, როგორითაც რიგითი საკონტრაქტო ჯარისკაცები და მობილიზებულები, რომლებსაც ასევე არ ეძლევათ შინ დაბრუნების საშუალება ომის დასრულებამდე.
რატომ უხმობს რუსეთი თავის თანამემამულეებს?
რუსული არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო დახმარების“ ხელმძღვანელის სვეტლანა განუშკინას თქმით, რუსეთში თანამემამულეების რუსეთში დაბრუნების იდეა მუდმივად ჩნდება პოლიტიკურ დღის წესრიგში, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია იმასთან, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სამყაროს ყოფენ ორ ნაწილად - თავისიანებად და მტრებად.
"რუსული სამყაროს" იდეაც, ესაა ხედვა, რომ არსებობენ „ჩვენები“ და არსებობენ „სხვები“. მოდი, ყველა ჩვენიანს ვუხმოთ სამშობლოში; მოდი, ყველა მივიღოთ; მოდი გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფო. ისინი, საწყლები, სადღაც იტანჯებიან, ჩვენ კი მათ ყველას მივიღებთ და ა.შ. პერიოდულად ჩნდება ამის გაკეთების სურვილი, პერიოდულად ჩნდება რამე ახალი პროექტი და ამავე პერიოდულობით ხდება ამ პროექტების ჩაშლა, რადგან ქვეყანას მიმზიდველს ხდის სულ სხვა ფაქტორები. ადამიანები მიდიან სხვა ქვეყნებში, თუ იქ თავს კომფორტულად გრძნობენ, თუ მათ მიმართ კეთილგანწყობილნი არიან, თუ არ ითვლებიან მეორეხარისხოვან მოქალაქეებად, თუ იქ იღებენ საკმარის სამედიცინო დახმარებას და ა.შ. ისინი რჩებიან ამ ქვეყნებში და მათი შვილები, როგორც ვხედავთ, უკვე ამ ქვეყნების მცხოვრებლები ხდებიან და ამ ქვეყნებს სამშობლოდ მიიჩნევენ“, - ამბობს სვეტლანა განუშკინა, რომელიც უკმაყოფილებას ვერ მალავს იმის გამო, რომ ხელისუფლება არ ითვალისწინებს მოსახლეობის ანუ იმ ადამიანების აზრს, ვინც რუსეთს თავის სამშობლოდ მიიჩნევს:
„ხალხი უკმაყოფილოა იმით, რასაც ხელისუფლება აკეთებს. პუტინი და რუსეთი ერთი და იგივე არ არის“, - ამბობს სვეტლანა განუშკინა.
რუსეთში 2016 წლიდან მოქმედებს პროგრამა „შორეულაღმოსავლური ჰექტარი“ - როგორც რუსებისთვის, ასევე რუსეთში დაბრუნებული ემიგრანტებისთვის. ამ პროგრამის მონაწილეს შეუძლია მიიღოს უფასო მიწის ნაკვეთი შორეული აღმოსავლეთის რეგიონებში. თავდაპირველად პროგრამაში მონაწილეობდნენ პრიმორსკის და ხაბაროვსკის მხარეები, ებრაული ავტონომიური ოლქი, ამურის ოლქი, იაკუტია, მაგადანის და სახალინის რეგიონები, ასევე კამჩატკა და ჩუკოტკა. 2020 წელს სიას დაემატა ბურიატია და ბაიკალის მხარე.
2021 წლიდან თავისუფალი ჰექტრების მიღება შესაძლებელია არქტიკაშიც. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნაკვეთების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ქალაქგარეთ. ნაკვეთი უნდა მდებარეობდეს მინიმუმ 10 კილომეტრის დაშორებით 50- ათასიანი დასახლებიდან და 20 კმ-ით 300-ათასიანი ქალაქიდან.
აზია-წყნარი ოკეანის მიგრაციული პროცესების ინსტიტუტის დირექტორი, წყნარი ოკეანის გეოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი იური ავდეევი საუბრობს „შორეულაღმოსავლური ჰექტრის“ შესახებ და იმაზე, თუ რამდენად წარმატებული იქნება რუსეთში თანამემამულეების მოზიდვის ახალი მცდელობა:
”თანამემამულეთა ნებაყოფლობითი განსახლების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ჯერ კიდევ 2006 წელს იქნა მიღებული და ის დღემდე მოქმედებს. სავსებით აშკარაა, რომ ის არაეფექტურია. ახალი კანონებისა და პროგრამების მიღებამდე, აუცილებელია იმის გარკვევა, თუ რატომ არ მუშაობდა წინა პროგრამა; საჭიროა ძალიან ღრმა ანალიზი, რათა არ გამოვიდეს ისე, როგორც ჩერნომირდინი ამბობდა, გვინდოდა, რაც შეიძლება უკეთესად, მაგრამ გამოვიდა, როგორც ყოველთვისო. შორეულ აღმოსავლეთში ჩვენ გვაქვს დემოგრაფიასთან დაკავშირებული მინიმუმ ათი პროგრამა, მათგან ერთი მთავრდება წელს, მთავრდება უარყოფითი პარამეტრებით. ვიმედოვნებდით, რომ რუსეთის მოსახლეობას მინიმუმ 300 ათასით გავზრდიდით, მაგრამ არ გამოვიდა. არის ეროვნული პროგრამა, რომელიც 2020 წელს იქნა მიღებული, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი არსებობა ყველამ დაივიწყა. ამ დროს, ქვეყანაში ადამიანებზე მოთხოვნილება უკიდურესად მაღალია: ჩემი აზრით, ჩვენს ტერიტორიაზე მინიმუმ ხუთჯერ და ათჯერ მეტი ადამიანი უნდა ცხოვრობდეს“.
რუსეთში ხალხის დაბრუნების რა პერსპექტივა არსებობს? - ამ კითხვის პასუხად რუსი დემოგრაფი ამბობს, რომ თუ მიდგომა არ შეიცვლება, ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდება:
„როცა წინა პროგრამა მიიღეს, გაანგარიშება იყო წმინდა ფორმალური... ცრემლების გარეშე შეუძლებელი იყო იმის ყურება, თუ რას სთავაზობდნენ ადამიანებს ადგილებზე. ვაკანსია ექთნის პოზიციაზე - ხელფასი 5 ათასი რუბლი (დაახლოებით 56 აშშ დოლარი), საცხოვრებლის გარეშე. ეს არის ასეთი პროგრამის სრული დაცინვა“.