Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“კარგი კონტრშეტევა კავკასიის ფრონტზე” - რუსეთში “ქართული ოცნების” მიზნებს აფასებენ


პროპაგანდისტები "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო გეგმებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსჯელობენ.
პროპაგანდისტები "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო გეგმებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსჯელობენ.

“ქართულ ოცნებას” ოქტომბრის არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობის მიღება სურს. მიზეზებს შორის ასახელებენ “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვას და ტერიტორიების დაბრუნებას. რუსი პროპაგანდისტები პირველ მიზანს კრემლის ოცნების ასრულებას, მეორეს კი ფუჭ დაპირებას უწოდებენ.

“ქართული ოცნება” ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას აპირებს.

ეს პირველი მიზანია, რისთვისაც ხელისუფლება ამომრჩეველს საკონსტიტუციო უმრავლესობას სთხოვს.

კიდევ ერთ მიზნად “ოცნება” აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “მშვიდობიანი გზით” დაბრუნებას ისახავს.

ამ შემთხვევაში, აუცილებელი გახდება კონსტიტუციის შეცვლა, “რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში“, - ნათქვამია მმართველი გუნდის 20 აგვისტოს განცხადებაში.

“ოცნების” მიზნებს, ტრადიციულად, ბევრი რუსი ბლოგერი გამოეხმაურა.

ბოლო თვეებია, ისინი საქართველოს ხელისუფლებას აქებენ “უცხოეთის აგენტების” კანონისა მიღებისა და, მათი მტკიცებით, დასავლეთისგან ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის გამო.

თუმცა ამ ჯერზე რეაქციები არაერთგვაროვანია.

“ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვას პროპაგანდისტები მიესალმებიან, აი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაპირებას კი სკეპტიკურად აფასებენ.

კრემლის ოცნება

რუსეთი “კავკასიის ფრონტზე კარგ კონტრშეტევას აწარმოებს”. “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვით საქართველოს ხელისუფლება “კრემლის ოცნებას ასრულებს”, - თქვა პროპაგანდისტმა ვლადიმირ ვორსობინმა.

მის საავტორო გადაცემას სტუმრობდა კრემლის მხარდამჭერი პოლიტოლოგი ნიკოლაი სტარიკოვი, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს პოლიტიკა ახლა “რუსეთის ინტერესებს პასუხობს”.

დაპირება “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვაზე პროვოკაციაა, რომლის მიზანიც ოპოზიციის ქუჩაში გამოყვანაა. “ოცნება” ცდილობს “უბიძგოს დასავლეთს რევოლუციის მოწყობისკენ, რაც მისცემს ოპოზიციის აკრძალვის საბაბს”, - ამტკიცებდა სტარიკოვი.

მოკლედ, საქართველო “მშვენიერი რუსული მომავლისკენ მიდის”. მრავალი პოსტსაბჭოთა ქვეყნის მსგავსად, “ეყოლებათ ერთი პარტია, ერთი პრეზიდენტი, მონოლითური უმრავლესობა და ექნებათ მშვიდი პოლიტიკური ლანდშაფტი”, - შეაჯამა დისკუსია წამყვანმა.

ბევრი ბლოგერი კვლავ ალაპარაკდა იმაზე, რომ საქართველო დასავლეთს ზურგს აქცევს.

საქართველო “საოცრად გამოიყურება”, - დაწერა პროპაგანდისტულმა ტელეგრამ-არხმა “კრემლელმა დედათმცოდნემ”.

“ალბათ მიხვდნენ, რომ აშშ-სთან მეგობრობაში აღარაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეთ… პროცესი მყარად მიდის და შეუქცევადად გამოიყურება”, - დაამატა პოსტის ავტორმა.

“აუსრულებელი იმედები”

“ვერ წარმომიდგენია, [საქართველოს] ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა როგორ უნდა მოხდეს”, - თქვა ულტრამემარჯვენე პოლიტოლოგმა სერგეი მიხეევმა.

მისი მტკიცებით, საქართველოს ჯერ საბოლოოდ უარი არ უთქვამს “დასავლურ ცივილიზაციასთან ფლირტაობაზე”. ამიტომ ქართველებმა უნდა გაიაზრონ, რომ “დასავლეთის მიმართულებით სვლა ანტიქრისტიანულია.”

“თავად აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ჰკითხეს? მათ პოლიტიკურ ვაჭრობაში ხურდად აქცევენ”, - დაწერა პრორუსმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა ტატიანა მონტიანმა.

პოლიტიკურმა ტელეგრამ-არხმა “მემკვიდრემ” კი დაწერა, რომ “ოცნება” ამომრჩეველს “აუსრულებელ იმედებს აძლევს”.

“მაგრამ სხვა ვარიანტები არ აქვს: ვერც დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე იტყვის ბოლომდე უარს, ვერც მოსკოვთან ურთიერთობების გამწვავებაზე წავა”, - დაწერა არხმა.

კულუარული შეთანხმება?

“ქართული ოცნების” სულისკვეთება ოკუპირებულ ცხინვალში არ გაიზიარეს.

პროკრემლისტურ გამოცემა “იზვესტიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა საქართველოსთან ნებისმიერი სახით გაერთიანება გამორიცხა.

“რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა ოსი ხალხის საუკუნოვანი ოცნებაა”, - თქვა მან.

აფხაზმა ჟურნალისტმა ინალ ხაშიგმა კი ივარაუდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” აფხაზეთს შესაძლოა კონფედერაციული მოწყობა შესთავაზოს. ეს, მისი თქმით, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის აღიარება მოუწევს.

“თუკი ეს ბლეფი არაა… ესე იგი არსებობს რაღაც კულუარული შეთანხმება თბილისსა და მოსკოვს და, შესაძლოა, სოხუმს შორის”, - დაწერა მან.

კრემლმა საქართველოს აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების დალაგება უკვე შესთავაზა.

რუსეთი მზადაა, დაეხმაროს „თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს დიალოგის განვითარებაში, რამაც მტკიცე მშვიდობა უნდა დაამკვიდროს მათთვის საერთო რეგიონში და სხვა დაგროვილი პრობლემების მოგვარებასაც შეუწყოს ხელი“, - თქვა 8 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG