Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მხოლოდ რუსული იქნება მშობლიური ენა - იმპერიული მიდგომა ენების მიმართ


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

რუსეთი გადადის მრავალეროვნული სახელმწიფოს კონცეფციიდან  მონოეროვნული სახელმწიფოს კონცეფციაზე. არადა, მოქმედი კონსტიტუციით, ამ ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ განსხვავებული მშობლიური ენები, თუმცა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად იმეორებენ, რომ რუსეთის მოქალაქეების მშობლიური ენა რუსულია.

ვლადიმირ პუტინისა და მისი მრჩევლის, ელენა იამპოლსკაიას ბოლო განცხადებები, რომლებიდანაც ნათლად ჩანს, რომ რუსული უნდა იყოს რუსეთის ყველა მოქალაქის მშობლიური ენა, თვალსაჩინოდ ასახავს იმას, რაზეც დიდი ხანია ლაპარაკობენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები: რუსეთი წარსულში ტოვებს მრავალეროვნული სახელმწიფოს კონცეფციას და ყალიბდება მონონაციონალურ, მონოლინგვისტურ სახელმწიფოდ.

პუტინმა თავისი ერთობ საჩვენებელი განცხადება გააკეთა ტუვაში - ეთნო-დემოგრაფიული გაგებით რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე არარუსულ რესპუბლიკაში, სკოლის მოსწავლეებთან, რომელთა უმრავლესობა გარეგნობით აშკარად „არარუსი“ იყო. პუტინმა თქვა, რომ „შეუძლებელია [რუსეთში სრულფასოვნად ცხოვრება] მშობლიური ენის ცოდნის გარეშე - მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მრავალეროვნული ქვეყნისთვის რუსული ასევე არის ეთნოსებს შორის კომუნიკაციის ენა.” პუტინის სიტყვებით: ”რუსული ენა აერთიანებს რუსეთის ყველა ხალხს ერთიან ორგანიზმად, ერთიან ხალხად. ამიტომ, რუსული ენის სწავლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა სკოლის მასწავლებლისთვის”.

პუტინი ტუვაში, ქალაქ კიზილის ქუჩებში. 2024 წლის 2 სექტემბერი.

პუტინმა ასევე ილაპარაკა უცხო ენების ცოდნის მნიშვნელობაზე (სწორედ ამ საუბრის დროს განაცხადა მან, რომ „მისი ოჯახის უმცროსი წევრები“ თავისუფლად საუბრობენ ჩინურად), მაგრამ, მისივე თქმით, არა მშობლიური ენის საზიანოდ.

ამგვარად, პუტინის ცნობიერებაში არსებობს მხოლოდ დიქოტომია "მშობლიური ენა - უცხო ენა". ამ დიქოტომიის ფარგლებში რუსული არის მშობლიური ენა რუსეთის ყველა მოქალაქისთვის მაშინაც კი, თუ ისინი არიან აზიური რესპუბლიკის ძირძველი ხალხის წარმომადგენლები, ხოლო ისეთი ენები, როგორიცაა ჩინური, ინგლისური და ა.შ. - უცხო ენებია. ამ სქემაში ტუვინურის მსგავსი ენების ადგილი გათვალისწინებული არ არის.

პუტინის „ახალ გულწრფელობას“ ენთუზიაზმით დაუჭირა მხარი მისმა მრჩეველმა ელენა იამპოლსკაიამ, რომელიც შეთავსებით ასევე ხელმძღვანელობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ახლახან შექმნილ რუსული ენისა და რუსეთის ხალხების ენების სახელმწიფო პოლიტიკის საბჭოს.

ელენა იამპოლსკაია
ელენა იამპოლსკაია

”რუსული თანაბრად მშობლიურია. რუსულისა და მშობლიური ენის დაპირისპირება დაუშვებელია. თუ რუსული არ არის მშობლიური, მაშინ რუსეთიც არ არის სამშობლო“, - განაცხადა იამპოლსკაიამ პუტინის გამოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში.

ასე რომ, რუსული ენა, რუსეთის ხელმძღვანელობის აზრით, ახლა არა მხოლოდ ერთადერთი სახელმწიფო ენაა რუსეთში, არამედ ყველასთვის მშობლიური ენაცაა. ხოლო ვინც ასე არ ფიქრობს, ის ფაქტობრივად აღარ არის რუსეთის მოქალაქე (россиянин-ი) და ალბათ არც რუსია, რადგან ამ ორ ცნებას (русский-россиянин) შორის განსხვავება, ბოლო წლების განმავლობაში, ასევე უკიდურესად გაბუნდოვანდა. ამიტომაც ლოგიკურია, რომ ახლა იდგმება შემდეგი ნაბიჯი - თუ რუსეთის ყველა მოქალაქე გამოცხადდება რუსად, მაშინ მათი მშობლიური ენაც რუსული უნდა იყოს.

მაგრამ როგორი იყო ამ გზის ათვლის წერტილი და ტრაექტორია?

მშობლიური ენები მრავალეროვნულ წარსულში

რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობა, რომელიც ჩამოყალიბდა გასული საუკუნის 90-იან წლებში ფედერალური მრავალეროვნული სახელმწიფოს კონცეფციის ფარგლებში, ამ საკითხებთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებულ მიდგომას ითვალისწინებს.

უპირველეს ყოვლისა, ღირს იმის გახსენება, რომ 1993 წელს მიღებული რუსეთის კონსტიტუციის პრეამბულა, როგორც სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი საფუძველი, აღიარებს „ხალხთა თანასწორობისა და თვითგამორკვევის“ პრინციპს, რომელსაც დემონსტრაციულად უარყოფენ თანამედროვე რუსეთის ისტებლიშმენტის წარმომადგენლები.

უფრო ადრე, 1991 წლის 25 ოქტომბერს, ამ პრინციპის სულისკვეთებით (რაც ასევე აისახა რსფსრ სახელმწიფო სუვერენიტეტის 1990 წლის 12 ივნისის დეკლარაციაში), მიიღეს კანონი „რუსეთის ფედერაციის ხალხთა ენების შესახებ“. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში ნათქვამია, რომ „რუსეთის ფედერაცია თავის ყველა ხალხს, განურჩევლად მათი რიცხოვნობისა, უზრუნველყოფს მშობლიური ენის შენარჩუნებისა და ყოვლისმომცველი განვითარების თანაბარი უფლებებით“. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, „რუსეთის ფედერაციის ხალხთა ენების თანასწორობა დაცულია კანონით“.

ამ ფორმულირებებიდან, განსაკუთრებით პირველიდან, ნათლად ჩანს, რომ რუსეთის ფედერაციის ხალხებს აქვთ განსხვავებული მშობლიური ენები და, რომ მათ გარანტირებული აქვთ თანაბარი უფლებები. როგორც ჩანს, იმავე ლოგიკით იყო ჩამოყალიბებული რუსეთის კონსტიტუციის 26-ე მუხლიც, რომლის 1-ლი პუნქტი ამბობს, რომ „ყველას აქვს უფლება განსაზღვროს და მიუთითოს თავისი ეროვნული კუთვნილება“, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, „ყველას აქვს უფლება გამოიყენოს თავისი მშობლიური ენა“.

ანუ სახეზეა კავშირი „ეროვნული კუთვნილების“ და „მშობლიური ენის“ ცნებებს შორის, რაც რუსეთის პირობებში გასაგებიცაა, რადგან რუსეთის იმპერიის მოსახლეობის აღწერებში 1917 წლამდე, გრაფა „მშობლიური ენა“ ფაქტობრივად ანაცვლებდა მოგვიანებით გაჩენილ „ეროვნებას“. ძველ რუსულ კულტურულ-ლინგვისტიკურ ტრადიციაშიც, „ენა“, „ტომთან“ ერთად, სხვა არაფერი იყო, თუ არა იმის აღნიშვნა, რასაც დღეს ბერძნულ ტერმინს „ეთნოსს“ უწოდებენ.

საყურადღებოა, რომ 2020 წლის გახმაურებული საკონსტიტუციო (უფრო სწორად, ანტიკონსტიტუციური) ცვლილება „სახელმწიფოს შემქმნელი ხალხის შესახებ“, კითხვის ქვეშ არ აყენებდა სხვა ხალხების მშობლიური ენების (რუსულისგან განსხვავებულის) არსებობას. ასე გამოიყურება რუსეთის კონსტიტუციის 68-ე მუხლის ახალი ფორმულირება:

„რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ენა მის მთელ ტერიტორიაზე არის რუსული ენა, როგორც ენა სახელმწიფოს შემქმნელი ხალხისა, რომელიც შედის რუსეთის ფედერაციის თანასწორი ხალხების მრავალეროვნულ კავშირში“. ანუ რუსულ ენას აქ ორი განზომილება აქვს - ეს არის სახელმწიფო ენა ყველასთვის და მშობლიური ენა ერთ-ერთი ერისთვის. ამ ფორმულირებიდან საკმაოდ ნათლად გამომდინარეობს, რომ რუსული რუსეთში ყველასთვის მშობლიური ენა არ არის.

ბოლო დრომდე ამას აჩვენებდა რუსეთის მოსახლეობის საყოველთაო აღწერები. ასე მაგალითად, 2021 წლის აღწერის დროს, შესავსები იყო გრაფა „მშობლიური ენა“, რომელიც ასე განიმარტებოდა: „მშობლიური ენა - ენა, რომელსაც რესპონდენტი ასახელებს თავის მშობლიურ ენად, მიუხედავად იმისა, ფლობს თუ არა ის მას“. რუსეთში, ისეთ პირობებში, რომლებშიც ხალხები კარგავენ ენებს, „მშობლიური ენის“ ამგვარი ისტორიულად ჩამოყალიბებული გაგება წარმოადგენს „ეთნიკური ენის“ ერთგვარ ევფემიზმს. თუმცა, სწორედ მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა დაუღალავი ბრძოლა, რომელიც, პუტინისა და იამპოლსკაიას განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, საბოლოოდ გამარჯვებით დაგვირგვინდა.

თათრული ენის გაკვეთილი. რუსეთის ფედერაცია, პორტალ singlit.ru-ს საარქივო ფოტო
თათრული ენის გაკვეთილი. რუსეთის ფედერაცია, პორტალ singlit.ru-ს საარქივო ფოტო

მრავალეროვნული სახელმწიფოდან მონოეროვნულ სახელმწიფომდე

მიუხედავად იმისა, რომ 1990-იანი წლების დასაწყისში რუსეთში იღებდნენ ლამაზ დეკლარაციებს მრავალეროვნულობისა და ენების თანასწორობის შესახებ, მაშინაც კი, ელცინის დროს, ეროვნებების საკითხთა მინისტრი იყო ადამიანი, რომელიც უარყოფდა როგორც პირველს, ასევე მეორეს.

საუბარია აკადემიკოს ვალერი ტიშკოვზე, რომლის ვარსკვლავიც ამობრწყინდა მინისტრად დანიშვნამდე რამდენიმე წლით ადრე, საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო პერიოდში, კიდევ ერთი ცნობილი ფიგურის, ვლადიმირ ჟირინოვსკის მსგავსად. ვიღაცას შეიძლება არ მოეწონოს აკადემიური ხარისხების მქონე მეცნიერის შედარება კარიკატურულ სკანდალისტთან, მაგრამ ჟანრების განსხვავების დათქმით (ტიშკოვი აყალიბებდა ექსპერტთა საზოგადოების დღის წესრიგს, ხოლო ჟირინოვსკი - პოპულისტური პოლიტიკისას) უნდა ითქვას, რომ ფორმების განსხვავების მიუხედავად, მათი გზავნილების შინაარსი პრინციპულად არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

ეროვნული რესპუბლიკების ლიკვიდაცია და წმინდა ტერიტორიულ დაყოფაზე გადასვლა, ასევე „ეროვნების“ გრაფის გაუქმება, ვლადიმირ ჟირინოვსკის მთავარი იდეები იყო. მაგრამ იმას, რასაც ჟირინოვსკი ქადაგებდა ქუჩის ენაზე, ტიშკოვი ავრცელებდა სამეცნიერო საზოგადოებაში. 1989 წელს ტიშკოვმა საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე შეცვალა ცნობილი საბჭოთა აკადემიკოსი იულიან ბრომლეი. ეს უკანასკნელი ცნობილი იყო თავისი „ეთნიკური თეორიით“, რომლის მიხედვითაც ეთნიკური ჯგუფები ერთმანეთისგან გამოყოფილია ეთნიკური საზღვრებით, რასაც სსრკ-ში აფიქსირებდა გრაფა „ეროვნება“.

ტიშკოვი, როგორც მაშინ, ისე მრავალი წლის შემდეგ, ებრძოდა როგორც "ბრომლეის თეორიას", ასევე სსრკ-ში გაბატონებულ ერის ეთნიკურ გაგებას. ტიშკოვი ამტკიცებდა, რომ "ერი ერთი სახელმწიფოს მოქალაქეების კრებულია" (ტიშკოვი ვ.ა. საბჭოთა კავშირში პერესტროიკის ეროვნებათაშორისი ურთიერთობების კონცეფციის შესახებ. // ეთნოგრაფია – 1989. – N1. – გვ. 73 – 89). თავის თეორიაზე დაყრდნობით, მეცნიერი სთავაზობდა საბჭოთა ხელისუფლებას, უარი ეთქვათ სსრკ-ში „ეროვნული სახელმწიფოებრიობის აბსოლუტიზაციაზე“ (ტიშკოვი ვ.ა. ახალი მიდგომების შესახებ ეთნიკური ურთიერთობების თეორიასა და პრაქტიკაში // საბჭოთა ეთნოგრაფია. – 1989. – N 5. – გვ. 3 – 14. ) .

ვალერი ტიშკოვი
ვალერი ტიშკოვი

მართალია, მრავალეროვნულობა და ხალხთა თვითგამორკვევა იქცნენ პოსტსაბჭოთა რუსეთის კონსტიტუციურ (დეკლარაციულ) პრინციპებად, მაგრამ რუსეთის ეროვნების მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა ადამიანი, რომელიც დაჟინებით უარყოფდა ამ პრინციპებს თავის ნაშრომებსა და გამოსვლებში. ვალერი ტიშკოვის მოღვაწეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ბრძოლა მშობლიური ენების სტატუსის გარანტიისა და მის დამცველთა წინააღმდეგ.

„ჩემთვის გაუგებარია მშობლიურის, როგორც ეროვნების ენის, შესწავლის აკვიატება, ისევე როგორც დამუნათებები ამ ენის არცოდნის გამო“, - ამბობდა აკადემიკოსი ტიშკოვი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ არარუსულ ენებს შეეხებოდა, რუსულის მიმართ მას სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა და აქვს.

„ჩვენს ქვეყანაში 200-ზე მეტი ენაა რეგისტრირებული. სინამდვილეში, თითქმის მთელმა მოსახლეობამ, 99,4%-მა იცის ერთი ენა - რუსული. ასევე რუსული არის ბავშვობაში ნასწავლი პირველი ენა არარუსი მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის. ჩვენს ქვეყანაში კი, ტრადიციულად, მშობლიური ენა ესმით, როგორც ეროვნების ენა. ეს არასწორია. ენები უნდა იყვნენ თანაბარუფლებიანები, მაგრამ მათი გამოყენება, შესაძლებლობები და სტატუსი ვერ იქნება თანაბარი. მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიქმნა რუსულ ენაზე, მაგალითად, ლევ ტოლსტოის, ანტონ ჩეხოვისა და ფიოდორ დოსტოევსკის ნამუშევრები. ამიტომ, ჩვენს ქვეყანაში რუსული ყოველთვის ისარგებლებს უპირატესობით“, - აცხადებდა ვალერი ტიშკოვი.

საბჭოთა/რუსი აკადემიკოსის მტკიცებით, რუსეთში „სახელმწიფო ენაზე გადასვლა ბუნებრივი პროცესია“. თუმცა, იმ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებთან მიმართებით, რომლებმაც დაამკვიდრეს თავიანთი სახელმწიფო ენები, მეცნიერი იყენებს სრულიად განსხვავებულ პრინციპს. ასე მაგალითად, ჯერ კიდევ 2007 წელს, ტიშკოვი ამბობდა, რომ "მხარი უნდა დაუჭირონ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების მოთხოვნას რუსული ენისათვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭების შესახებ". ტიშკოვი ასევე ითხოვს „ორენოვნების“ ოფიციალურად გამოცხადებას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში: ყაზახეთში, უკრაინაში, ლატვიაში, მოლდოვასა და ყირგიზეთში.

როგორ დგას ეს საკითხი უკრაინასთან მიმართებით, ყველა კარგად ხედავს. ყაზახეთს, ლატვიას, მოლდოვასა და ყირგიზეთს ჯერ ვერ გადაწვდნენ. მაგრამ რუსეთში, როგორც ჩანს, ტიშკოვ-ჟირინოვსკის იდეებმა უკვე გაიმარჯვეს - ელცინის ეპოქიდან მემკვიდრეობით მიღებული იურიდიული მრავალეროვნულობის რუდიმენტების მიუხედავად, ისინი, ვინც რეალურად მართავენ ქვეყანას, ღია ტექსტით აცხადებენ რუსეთს მონოენოვან და ფაქტობრივად მონოეროვნულ ქვეყნად. ამ უკანასკნელზე მიუთითებს პუტინის დეფინიციაც, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ხალხთა თანამეგობრობა არის არა „კავშირი“, როგორც ეს განსაზღვრულია კონსტიტუციით, არამედ როგორც ერთიანი „ორგანიზმი“, ერთიანი ხალხი, არა მხოლოდ პოლიტიკის, არამედ კულტურის გაგებით. რაც, პრინციპში, შეესაბამება მის მიერ ახლახან დამტკიცებულ სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებს.

ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ დღეს რუსეთი ასრულებს გადასვლას მრავალეროვნული სახელმწიფოს ოფიციალური კონცეფციიდან (რომლის მოქალაქეებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული მშობლიური ენები), იმგვარ სახელმწიფოს კონცეფციაზე, რომლის მოქალაქეების მშობლიური ენა მხოლოდ და მხოლოდ რუსულია.

ჰარუნ (ვადიმ) სიდოროვი - იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ეთნოლოგიის დოქტორანტი კარლის უნივერსიტეტში (პრაღა), რუსეთის ხალხთა ეროვნული მოძრაობების საკითხთა სპეციალისტი

რუბრიკაში გამოთქმული მოსაზრებები გადმოსცემს თავად ავტორის თვალსაზრისს და ყოველთვის არ ასახავს რედაქციის პოზიციას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG