ივნისის დასაწყისში, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსეთის სამეცნირო-კვლევით ინსტიტუტებს მოსთხოვა, სასწრაფოდ შეიმუშაონ ტექნოლოგიები, რომელსაც დაბერების შენელება შეუძლია.
ეს ირკვევა წერილიდან, რომელიც რადიო თავისუფლების საგამოძიებო პროექტმა “სისტემამ” და გამოცემა “მედუზამ” მოიპოვეს.
რით დაიწყო ეს ამბავი?
ზამთარში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მისივე დაფინანსებულ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
“ეს სივრცე შევქმენით იმისთვის, რათა ვიმსჯელოთ [ჯანმრთელობის] პრობლემების მოგვარების ახალ გზებზე. ეს გზები ახლა იბადება, იხვეწება… მაგრამ ისინი აუცლებლად შეცვლიან ადამიანების ცხოვრებას”, - თქვა 71 წლის პუტინმა.
იმავე შეხვედრაზე პუტინმა კრემლის ახალი ინიციატივა წარადგინა - პროექტი, სახელწოდებით “ახალი ტექნოლოგიები ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის”.
16 მაისს, პუტინის რიგით მეხუთე საპრეზიდენტო ინაუგურაციიდან ერთ კვირაში, ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ თქვა, რომ პროექტი 2025 წლიდან დაიწყება.
რუსეთში “ბოლო წლების დემოგრაფიულმა ტენდენციებმა ჯანდაცვის სფეროს ახალი გამოწვევები შექმნა”, - თქვა მაშინ გოლიკოვამ.
ძალიან რომ გავამარტივოთ, პროექტის გაცხადებული მიზანია, რუსები აცხოვროს უფრო ჯანმრთელად და უფრო დიდხანს. გამოცემა “რია ნოვოსტის” თანახმად, მიზანი 2030 წლისთვის “175 ათასი სიცოცხლის გადარჩენაა”.
ბიუჯეტი ჯერჯერობით უცნობია.
რას ითხოვს კრემლი?
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო მეცნიერებსა და მკვლევრებს სთხოვს: შეიმუშაონ სამედიცინო პროდუქცია, რომელიც შეანელებს უჯრედების დაბერებას, გაახანგრძლივებს თავის ტვინის გამართულ მუშაობას და გააძლიერებს იმუნურ სისტემას დაბერების დროს.
წერილის მიღება რადიო თავისუფლებას და „მედუზას“ დაუდასტურეს ორმა სამედიცინო მუშაკმა და ერთ-ერთი აკადემიური დაწესებულების თანამშრომელმა.
ისინი ამბობენ, რომ სამინისტრომ პასუხი დაუყონებლივ მოსთხოვათ.
“გვითხრეს, სასწრაფოდ გამოგვიგზავნეთ, ამ მიმართულებით თუ გაქვთ რამე შემუშავებულიო”, - თქვა ერთ-ერთმა ექიმმა.
კიდევ ერთი ექიმი ამბობს, რომ გაკვირვებულია.
“ჰო, რა თქმა უნდა, ახლა ამ ბებრუხანების [იგულისხმება რუსეთის ხელისუფლება] გარდა მეტი საზრუნავი სხვა არავინ გვყავს. ანუ ახლა [ომის დროს] ყველაფერი უნდა მივაგდოთ. ეს ცინიზმი ძალიან შემაწუხებელია”.
სამივე წყაროს თქმით, სამინისტროს მოთხოვნაზე ჯერ არ უპასუხიათ. ისინი განმარტავენ, რომ კრემლის იდეების განხორციელებას, მაგალითად, ახალი პრეპარატების შექმნას, დიდი დრო და მილიარდობით დოლარი დასჭირდება.
ვის მოაფიქრდა?
კრემლთან დაკავშირებული წყაროს თქმით, ეს იდეა პუტინს მისმა ახლო მეგობარმა, ფიზიკოსმა მიხაილ კოვალჩუკმა მიაწოდა.
77 წლის კოვალჩუკი რუსი მილიარდერის, იური კოვალჩუკის ძმაა, რომელსაც “პუტინის პირად ბანკირსაც” ეძახიან.
კოვალჩუკი მოსკოვში ბირთვული ენერგიის კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობს. შარშან კი პუტინმა მოსკოვის პოლიტექნიკური მუზეუმის პრეზიდენტად დანიშნა.
სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ, დიდი ალბათობით, სიბერესთან ბრძოლა კოვალჩუკის იდეაა.
ის უკვე ხელმძღვანელობს გენეტიკის კვლევის ცენტრს, რომელშიც მუშაობს ასევე პუტინის არაღიარებული უფროსი ქალიშვილი, მარია ვორონცოვაც.
გარდა ამისა, კოვალჩუკი ხშირად აჟღერებს ფსევდომეცნიერულ და შეთქმულების თეორიებს.
მაგალითად, 2015 წელს თქვა, რომ “უცხოური ელიტები” ცდილობენ “ევოლუციური პროცესი” დაიქვემდებარონ და შექმნან “მოსამსახურე ხალხის ქვესახეობა”.
გარდა ამისა, კოვალჩუკი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ამტკიცებს, რომ დასავლეთი ქმნის ბიოლოგიურ იარაღს, რომელიც მხოლოდ სლავების წინააღმდეგ მოქმედებს.
კოვალჩუკის კიდევ ერთ ფსევდომეცნიერულ პროექტს “რუსული გენი” ჰქვია.
პუტინი თანახმაა
რუსული მედიის თანახმად, პუტინს კოვალჩუკის სჯერა და მისი იდეებიც მოსწონს.
მაგალითად, 2017 წელს რუსეთის პრეზიდენტიც ამბობდა, რომ ადამიანის “დაპროგრამება დაბადებამდე” შეიძლება.
“უკვე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანს გარკვეული მონაცემებით ქმნიან. მაგალითად, გენიალურ მათემატიკოსს, გენიალურ მუსიკოსს, მეომარს, რომელიც შიშის, თანაგრძნობის, სინანულისა და ტკივილის გარეშე იომებს“, - თქვა პუტინმა.
იმავე წლის ოქტომბერში, პუტინი ამტკიცებდა, რომ უცხოელები “სისტემატურად და პროფესიონალურად” აგროვებენ რუსეთის მოქალაქეების “ბიომასალას”.
“ნეტა რისთვის აკეთებენ ამას?” - იკითხა პუტინმა.
კოვალჩუკს არაერთხელ უთქვამს ისიც, რომ იტაცებს დღეგრძელობა და უკვდავება.
“დიდმა უფროსმა დავალება მისცა. ახლა ჩინოსნები ყველა შესაძლო გზით მის აღსრულებას ცდილობენ”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას და “მედუზას” მოსკოვის ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის თანამშრომელი.
ფორუმი