ვაჟა თავბერიძემ მას უკრაინის რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის სტრატეგიული და ტაქტიკური მიზნების შეფასება სთხოვა.
პუტინი საქვეყნოდ დაამცირეს, ის სუსტი გამოჩნდა როგორც შინ, რუსეთში, ასევე თავისი ამფსონების თვალში.
რადიო თავისუფლება: რა სტრატეგიული მიზნები ამოძრავებს უკრაინას კურსკსა და ბელგოროდში შეჭრისას? Რისი მიღწევა სურთ მათ?
პოლ. პიტერ ინგრამი: უკრაინას სერიოზული პრობლემები ჰქონდა აღმოსავლეთის მიმართულებით. გასულ წელს მათ თავს მოახვიეს კონტრიერიში, სადაც არ ჰქონდათ საკმარისი შეიარაღება იმისთვის, რომ რუსების თავდაცვითი ხაზი გაერღვიათ - არ დაგავიწყდეთ, საუბარია ყველაზე მასშტაბურ და კომპლექსურ თავდაცვის ხაზზე მსოფლიო კონფლიქტების ისტორიაში, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის დროს! ასე რომ, იმის ნაცვლად, რომ უძრავ ბეტონის კედელს თავით შეხეთქებოდნენ, - თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს კედელი უძრავი არაა, ტაატით მოიწევს უკრაინის სიღრმეში, - მოკლედ, ამის ნაცვლად, კიევში გადაწყვიტეს, რომ ინიციატივის უკან დასაბრუნებლად ერთადერთი გზა იყო რუსეთისთვის დაუცველ წერტილში დარტყმა - სწორედ ეს ვნახეთ კურსკზე იერიშისას და ახლა იმავეს ვხედავთ ბელგოროდშიც. რაც შეეხება სტრატეგიულ მიზნებს - ჩამოვთვალოთ: პირველია რუსეთის ტერიტორიის დაპყრობა, და ამით უკრაინელებმა, ასე ვთქვათ, ერთი ქვის სროლით ორი ჩიტი მოინადირეს. ერთი - საქვეყნოდ დაამცირეს პუტინი, ის სუსტი გამოჩნდა როგორც შინ, რუსეთში, ასევე თავისი ამფსონების თვალში - ჩინეთის სი იქნება ეს, კორეის კიმი თუ აიათოლა ირანში. და მეორე - ომის რეალობა ახლა უკვე რუსებმაც იწვნიეს, ის, რაც მანამდე მხოლოდ უკრაინელების თავს ხდებოდა. პუტინი დიდ ძალისხმევას ხარჯავდა, რომ რიგითი რუსისთვის ეს რეალობა უცხო ყოფილიყო, მათ შორის საინფორმაციო ველზე. ახლა კი ყველა ხედავს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები რუსულ მიწაზე დააბიჯებენ და 200 000-მდე რუსმა დევნილმა არ იცის, რას მოუტანს ხვალინდელი დღე. ეს ნიშნავს ე.წ. ჩურჩულს სამზარეულოებში, ამბოხებულ ბუტბუტს და ეს კარგს არაფერს უქადის პუტინს - მის პოზიციას ასუსტებს.
კიდევ ერთი სტრატეგიული მიზანი, რომელიც უკრაინას ჰქონდა, იყო დასავლეთისთვის დაენახვებინა, რომ პუტინის წითელი ხაზები არ მუშაობს. ეს იყო გზავნილი დასავლეთისათვის: აი, რუსეთში შევიჭერით, და რა ქნა პუტინმა? ბევრი ვერც ვერაფერი, მისი ბირთვული მუქარა მუქარად დარჩა. ასე რომ, ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოებავ, გთხოვთ, მოგვეცით მწვანე შუქი, რომ გამოვიყენოთ თქვენ მიერ მოწოდებული შეიარაღება რუსეთის სიღრმეში, ეს კიდევ ერთი წაშლილი წითელი ხაზი იქნება რუსეთისათვის. რამდენად შეისმენს უკრაინის თხოვნას დასავლეთი, გამოჩნდება, ფაქტია, რომ მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს.
უკრაინისთვის კიდევ ერთი მიზანი იყო რუსეთის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება, რათა შემდეგ, უხეშად რომ ვთქვათ, რუსული მიწის ნაგლეჯები უკრაინულ მიწის ნაგლეჯებზე გადაიცვალოს, როდესაც მოლაპარაკებების დრო დადგება. და თუ შევხედავთ, რა მასშტაბის ტერიტორიას აკონტროლებენ ისინი ახლა + სავარაუდო სიღრმისეული შეჭრა ბელგოროდში გვაფიქრებინებს, რომ საბოლოო ჯამში უკრაინას კარგა მოზრდილი მიწის ნაჭერი უნდა შერჩეს ხელში, დაახლოებით იმ ზომისა, რასაც დღეს რუსები უკრაინის აღმოსავლეთში აკონტროლებენ. და, რა თქმა უნდა, მათი სტრატეგიული მნიშვნელობა განსხვავდება, მაგრამ ეს ძალიან გააძლიერებს უკრაინის პოზიციებს მოლაპარაკებებში. ცალკე როლს თამაშობს დროის ფაქტორი: რაც უფრო მეტხანს გაგრძელდება ეს უკრაინული მანევრი რუსულ მიწაზე, მით უფრო დიდი იქნება რეპუტაციული ზარალი რუსეთისა და განსაკუთრებით, პუტინისათვის. და ბოლო სტრატეგიული მიზანი - რომელიც ასევე მოვისმინეთ გენერალ სირსკისგან - მდგომარეობს იმაში, რომ აიძულო რუსები, კურსკის დასაცავად გადაისროლოს ის დანაყოფები, რომლებიც ახლა პოკროვსკსა და ტორეცკს უტევენ უკრაინის აღმოსავლეთში. ვფიქრობ, უკრაინელებს ყველაფერი გამოუვიდათ, ამ ბოლო მიზნის გარდა - რასაც ვხედავთ, გვაფიქრებინებს, რომ პუტინმა გადაწყვიტა, ომის მთავარი თეატრი - დონბასი არ დაასუსტოს და კურსკში სიტუაციის სტაბილიზებას ახალწვეულების მეშვეობით ცდილობს. რაღაც დანაყოფები კი გადაისროლეს კურსკის მიმართულებით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის რუსული იერიშის მუხტის შესასუსტებლად აღმოსავლეთით.
მხოლოდ ერთი შანსი გეძლევა, მეტოქეს სიურპრიზი მოუწყო, მეორადი სიურპრიზები არ არსებობს. და უკრაინელებმა ბრწყინვალედ გაართვეს ამას თავი.
რადიო თავისუფლება: ამომწურავი პასუხისთვის გმადლობთ - ბევრი რამის განმარტება მოგვიწევს აქ. მოდით, დაგეგმვის ფაზით დავიწყოთ. როგორც სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, როგორ შეაფასებდით ამ ორ იერიშს, დაგეგმვის კუთხით? რა რეაქცია ექნებოდათ ამაზე დასავლეთის სამხედრო დაზვერვაში, თქვენი აზრით? და როგორ ფიქრობთ - ეს ყველაფერი დასავლეთის მწვანე შუქით მოხდა თუ მის გარეშე?
პოლ. პიტერ ინგრამი: ათწლეულების განმავლობაში ვიყავი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვაში - სწორედ დაგეგმვის კუთხით, და შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინელები ამ საქმის ჭეშმარიტი ოსტატები არიან, ქედს ვიხრი მათ წინაშე. აგრძელებენ ჩემს გაოცებას საკუთარი არაორდინარულობით, კრეატიულობით, პროფესიონალიზმითა და ოპერაციული უსაფრთხოების მაღალი დონით. და ამ უსაფრთხოების გათვალისწინებით, არა მგონია, რომ ფორმალურად წინასწარ ეცნობებინათ ვინმესთვის დასავლეთში, რას აპირებდნენ. არაფორმალურად, ალბათ, რამდენიმე სანდო ინდივიდთან განიხილეს კონკრეტული დეტალები, მაგრამ მთელი გეგმა არ გაუციათ. ოპერაციულ უსაფრთხოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - მხოლოდ ერთი შანსი გეძლევა, მეტოქეს სიურპრიზი მოუწყო, მეორადი სიურპრიზები არ არსებობს. და უკრაინელებმა ბრწყინვალედ გაართვეს ამას თავი. ეს გაბედული ნაბიჯია, მაგრამ გათვლილი რისკებით. რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას, ვფიქრობ, დასავლეთის დაზვერვაში ალბათ ძალაუნებურად გაეღიმათ და თქვეს: ოჰ, უკრაინავ! ისევ გაგვაოცეთ. ბრავო.
ზელენსკი მალე პრეზიდენტ ბაიდენს გეგმას წარუდგენს, მთავარი გზავნილი კი ასეთი იქნება: გაიძრეთ ხელთათმანები და მოგვეცით ნება, გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ.
რადიო თავისუფლება: გასაგებია. მოვლენების განვითარების თქვენეულ სცენარებზეც მინდა გკითხოთ - რას უნდა ველოდოთ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ახსენა, რომ ეს ყველაფერი უკრაინის დიდი გეგმის ნაწილია. როგორ ფიქრობთ, რას მოიცავს ეს გეგმა?
პოლ. პიტერ ინგრამი: ვფიქრობ, ეს ის გეგმაა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი მალე პრეზიდენტ ბაიდენს წარუდგენს, მისი მთავარი გზავნილი კი ასეთი იქნება: გაიძრეთ ხელთათმანები და მოგვეცით ნება, გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. ბაიდენი, თავის მხრივ, სიფრთხილეს იჩენს, არა იმიტომ, რომ არ სურს უკრაინის გამარჯვება, არამედ იმიტომ, რომ ჰყავს ხალხი, ვინც ყურში ჩასჩურჩულებს, რომ ამ ყველაფერს შორსმიმავალი შედეგები შეიძლება მოჰყვეს, რომ არ არის ისეთი გამოსავალი ამ კონფლიქტიდან, რომელიც მსოფლიოს სტაბილურობისთვის შესანიშნავი იქნება, თუკი ძალიან ფრთხილად არ მივუდგებით საქმეს.
რადიო თავისუფლება: შესაძლებლობის ეს ფანჯარა - რამდენ ხანს დარჩება ის ღია? ვგულისხმობ, ერთი მხრივ, რამდენ ხანს შეუძლია უკრაინას განაგრძოს კურსკის და ბელგოროდის ოპერაციები და, მეორე მხრივ, რამდენ ხანს შეუძლია რუსეთს ამ ყველაფრის ატანა, სანამ ეს „სამზარეულოებში ბუტბუტი“ ხმამაღალ პროტესტად გადაქცეულა?
პოლ. პიტერ ინგრამი: უკრაინელებს, როგორც ჩანს, გრძელვადიანი გეგმები აქვთ, რადგან სამოქალაქო პერსონალი შემოჰყავთ კურსკში, ლოგისტიკის და სხვა მსგავსი გამოწვევების გასამართად. სწორედ ეს განსაზღვრავს, რამდენ ხანს დარჩებიან უკრაინელები რუსეთის ტერიტორიაზე - ლოგისტიკის გამართულობა მთავარი ფაქტორი იქნება. ვფიქრობ, კურსკში მათ მიწოდების გზები უკვე გამართეს, სავარაუდოდ, იმავეს გაკეთებას შეეცდებიან ბელგოროდშიც - გამართული მომარაგება მათ საშუალებას მისცემს, ამ პერიმეტრზე კარგა ხნით გამაგრდნენ.
პუტინი იმ კურდღელივითაა, მანქანის ფარების წინ გაშეშებული რომ ზის, შოკშია, არ იცის, რა მოიმოქმედოს.
რადიო თავისუფლება: მაშინაც კი, როდესაც რუსეთი აღმოსავლეთში თუნდაც ტაატით, მაგრამ მაინც წინ მიიწევს?
პოლ. პიტერ ინგრამი: რუსების წინსვლა აღმოსავლეთში განსაზღვრავს, თუ რამდენ ხანს შენარჩუნდება სიტუაცია ისე, როგორც დღეს ვხედავთ. თუ მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება - და ვფიქრობ, პუტინი სწორედ ამის მიღწევას ცდილობს, მაშინ უკრაინა შესაძლოა გამოვიდეს კურსკიდან და აღმოსავლეთის ფრონტი გაამაგროს. ან შეიძლება საერთოდ სხვა რამე მოიმოქმედონ - მანევრი, რომელიც დღეს ჩვენ არც მოგვდის თავში, რაიმე ახალი ტაქტიკური სიურპრიზი. ფსონს რომ ვდებდე, სწორედ ამ მეორე ვარიანტზე ჩამოვიდოდი.
რადიო თავისუფლება: და რაც შეეხება რუსეთს? რამდენ ხანს შეუძლიათ რუსეთს და პუტინს ამაზე თვალის დახუჭვა?
პოლ. პიტერ ინგრამი: პუტინი იმ კურდღელივითაა, მანქანის ფარების წინ გაშეშებული რომ ზის, შოკშია, არ იცის, რა მოიმოქმედოს. მისგან სვლა ჯერ ვერ ვნახეთ, რომელზეც ვიტყოდით - აი, თურმე რას აპირებს „კურსკის სიტუაციის“ მოსაგვარებლად. ცდილობს ყველა მოატყუოს, მათ შორის, საკუთარი თავიც - რომ ეს დიდი არაფერია, ეს დროებითი უსიამოვნებაა. ვფიქრობ, არ სურს რეალობას თვალი გაუსწოროს - მგონია, რომ უკრაინელების შემდეგი ნაბიჯიც სწორედ ამ გათვლით გაკეთდება.
რადიო თავისუფლება: დასავლეთის შესაძლო რეაქციაზეც მინდა გკითხოთ - როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი დასავლეთს უბიძგებს, მეტად დაეხმაროს უკრაინას თუ პირიქით, ესკალაციის შიში უფრო შებოჭავთ?
პოლ. პიტერ ინგრამი: ვფიქრობ, ესკალაციის რისკები უფრო პრეზიდენტ ბაიდენს და ბუნდესკანცლერ შოლცს ბოჭავს, დანარჩენი ევროპა - მათ შორის საფრანგეთი და ბრიტანეთი, ამ ბორკილებისგან უფრო და უფრო თავისუფლდება. კურსკის ინციდენტმაც არ მგონია უფრო შებოჭოს ვინმე, ვიდრე მანამდე იყვნენ.
ეს არის ზელენსკის ნაჩვენები შუათითი პუტინისათვის.
რადიო თავისუფლება: ამის გათვალისწინებით, უნდა ველოდოთ თუ არა, რომ უკრაინას მწვანე შუქს აუნთებენ დასავლური წარმოების გრძელი მანძილის რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაზე? Ან ვიხილავთ თუ არა მეტ F-16-ებს?
პოლ. პიტერ ინგრამი: კურსკში შეჭრაზე ძალიან საინტერესო კომენტარები ჰქონდა პრეზიდენტ ზელენსკის - ნარატივები თითქმის არ განსხვავდებოდა კრემლის ნარატივისგან და ეს აშკარად წინასწარ გამიზნული ნაბიჯი იყო. როდესაც პირველად შევიდნენ კურსკში, ზელენსკიმ უდრტვინველად განაცხადა - ეს იმიტომ, რომ უკრაინას ბუფერული ზონა სჭირდებაო. ეს ზუსტად იგივეა, რასაც პუტინი ამბობს ხარკოვსა და დონეცკზე იერიშების გასამართლებლად. კომუნიკაციების ენაზე ამას მხოლოდ ერთი თარგმანი აქვს - ეს არის ზელენსკის ნაჩვენები შუათითი პუტინისათვის. რამდენიმე დღის წინ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ წარმატებით გამოცადა საკუთარი, უკრაინული წარმოების ბალისტიკური რაკეტა. მოქმედების მანძილი - 700 კილომეტრი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსკოვსაც მიაღწევს. ახლა ვთარგმნოთ ეს განცხადებაც კომუნიკაციის ენაზე - ეს ნიშნავს, რომ უკრაინა მაინც ამოიღებს რუსეთს მიზანში, მაგრამ თუ ეს დასავლური შეიარაღებით მოხდება, მაშინ დასავლეთს ექნება ფუფუნება, გარკვეული პირობები წამოაყენოს - მაგალითად, ქარხნებს, ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოებს, ეკონომიკურ ობიექტებს ვერ დაუმიზნებ, თავისთავად ცხადია, ვერც დასახლებულ პუნქტებს, მაგრამ შეგიძლიათ მიზანში ამოიღოთ აეროდრომები, სამხედრო შტაბები და შეიარაღების საწყობები. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებას კვირები გვაშორებს, თუ დღეები არა.
ფორუმი