„რუსები იბუზღუნებენ: ეს რა ხდება? როგორ მოხდა, რომ დედა რუსეთის მიწა მტრის ხელშია და ისინი აქეთ გვიპყრობენ? მაგრამ როდის მერე ანაღვლებს კრემლს რიგითი რუსის ბუზღუნი?“ - რადიო თავისუფლების კითხვას კითხვითვე პასუხობს ემილ კასტეჰელმი, სამხედრო ანალიტიკოსი და ომების ისტორიკოსი ფინური Black Bird ჯგუფიდან. რა სტრატეგიული და ტაქტიკური მიზნები აქვს 6 აგვისტოს დაწყებულ უკრაინის იერიშს რუსეთის ტერიტორიაზე, რომელსაც კრემლი უწოდებს „სიტუაციას კურსკში“. რა საპასუხო ქმედებებს უნდა ველოდოთ რუსეთისგან და, საბოლოო ჯამში, რა გავლენას იქონიებს ეს ყოველივე ომის მსვლელობაზე - ამ თემებზე ფინელი ექსპერტი, როგორც თავად აღნიშნავს, საფირმო ფინური სკეპტიციზმით საუბრობს ვაჟა თავბერიძესთან ინტერვიუში.
ყველაზე დიდი სამხედრო შეტევა რუსეთის მიწაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - ეს ისტორიული მასშტაბის მოვლენაა, მაგრამ...
Რადიო თავისუფლება: რა შეგვიძლია უკვე დანამდვილებით ვთქვათ კურსკის იერიშზე? Რას ვხედავთ, რისი მოწმენი ვართ?
ემილ კასტეჰელმი: პირველ რიგში, ვფიქრობ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს არ არის უბრალო სამხედრო მანევრი კურსკში, ესაა უკრაინის კონტრიერიში, რომელთან დაკავშირებითაც არსებობდა ეჭვები - ერთი მხრივ, ელოდნენ, რომ უკრაინა წელს ეცდებოდა კონტრიერიშზე წასვლას, მეორე მხრივ, ბევრს აღარ სჯეროდა, რომ უკრაინას ამის - ფართომასშტაბიანი იერიშის - ძალა შესწევდა. რაც შეეხება იმას, რამდენად წარმატებული გამოდგა ეს იერიში - გააჩნია, რა კუთხით შევხედავთ. თუ იმ კილომეტრებს დავითვლით, მაშინ ცხადია, ეს დიდი წარმატებაა. ცხადია, ბევრად უფრო წარმატებულია, ვიდრე წინა წლის მცდელობა.
ესაა ყველაზე დიდი სამხედრო შეტევა რუსეთის მიწაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - ეს ისტორიული მასშტაბის მოვლენაა. მაგრამ ტაქტიკური გადმოსახედიდან სხვა სურათს ვხედავთ - იმ პერიმეტრს, რომელსაც უკრაინა დღეს კურსკის ოლქში აკონტროლებს, დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს - ესაა საზღვრისპირა სოფლები, და ქალაქი სუჯა, დაახლოებით 7000-მდე მცხოვრებით. უკრაინელების წინსვლა ამ ეტაპზე შენელებულია - ისინი ისევ მიიწევენ წინ, მაგრამ არა იმ ტემპით, როგორც ადრე. ამიტომ ვფიქრობ, რომ უკრაინის გენშტაბში კიდევ მეტის იმედი ჰქონდათ, როდესაც ამ სარისკო ოპერაციას გეგმავდნენ - ფიქრობდნენ, რომ კიდევ უფრო ღრმად შეიჭრებოდნენ, მეტი ტერიტორიის გაკონტროლებას შეძლებდნენ, მაგრამ რუსებმა თანდათან მოახერხეს მათი წინსვლის შეფერხება, მაგალითად, წარმატებით დაიცვეს კორენევო და გადაკეტეს სტრატეგიული მნიშვნელობის გზები, რაც უკრაინელ დანაყოფებს სიღრმეში შეღწევას ურთულებს.
საინფორმაციო ომის გადმოსახედიდან, უკრაინელების ამ იერიშს ატომური ბომბის ეფექტი ჰქონდა.
რადიო თავისუფლება: სტრატეგიულად, რას ისახავდა მიზნად უკრაინის ეს კონტრიერიში, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე გეოპოლიტიკური გადმოსახედიდან?
კასტეჰელმი: გეოპოლიტიკით დავიწყოთ - ისტორიულად, ომები იმართება არა მხოლოდ ფრონტზე, ბრძოლის ველზე, არამედ საინფორმაციო სივრცეშიც, დღეს კი, თანამედროვეობაში, სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს საინფორმაციო ომის ველი ლამის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რეალური ფრონტი, სადაც ადამიანები იღუპებიან. და საინფორმაციო ომის გადმოსახედიდან, უკრაინელების ამ იერიშს ატომური ბომბის ეფექტი ჰქონდა - ერთ დღეში, მსოფლიოს ყურადღება უკრაინის პრობლემებიდან უკრაინის მიღწევებზე გადაერთო.
ამას გარდა, თვალნათლივ გამოჩნდა, რომ მიუხედავად რუსეთის მიერ ბოლო ხანებში მოპოვებული უპირატესობისა უკრაინაში, მათ უამრავი პრობლემა აქვთ, და ეს პრობლემები არსად გაქრება, ახლო მომავალში მათი მოგვარება შეუძლებელია. ყველაზე ბანალური ავიღოთ - რუსეთს არ ძალუძს, საკუთარი საზღვარი გააკონტროლოს და დაიცვას, საკმარისი ხალხი არ ჰყავს ამისთვის. მეორე - სამხედრო დაზვერვისა და კონტრდაზვერვის კუთხით ყოვლად მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ მოვლენათა მსგავსი განვითარებისათვის, თუმცა, აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლოა სამხედრო დაზვერვამ ინფორმაცია კი მიაწოდა ზემდგომებს, მაგრამ იქ, ზემოთ, ეს ინფორმაცია არად ჩააგდეს - სამხედრო კონფლიქტების ისტორიას ბლომად ახსოვს მსგავსი მაგალითები, როდესაც დაზვერვა მუშაობს, მაგრამ ხელმძღვანელობა „ჭედავს“.
კიდევ ერთი სტრატეგიული მონაპოვარი ამ კონტრიერიშისა იყო უკრაინის მოკავშირეებისა და თავად უკრაინის მოსახლეობისთვის დანახვება, რომ უკრაინა დანებებას არ აპირებს, ფარ-ხმალს არ დაყრის, რომ ისევ ძალუძს შეტევითი სამხედრო ოპერაციები. თუმცა, ალბათ თავის მოტყუება იქნებოდა იმის ფიქრი, რომ კურსკის კონტრიერიშის შემხედვარე, დასავლეთში იტყვიან: აჰ, რუსეთში შეიჭერით? ყოჩაღ! უკვე გვწამს თქვენი, ვნახეთ, რა შეგძლებიათ, ამიტომ კიდევ დამატებით ათას ტანკს მოგცემთ. ასე არ მოხდება. ახლა რაც შეეხება უფრო უსიამოვნო რეალობებს - ესაა რეალობა უშუალოდ ბრძოლის ველზე. ომის მთლიანი სურათი არ შეცვლილა - უკრაინის მთავარი პრობლემები ისევ გადაუჭრელი რჩება და ეს პრობლემები აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზეა - რუსეთი ნელა, მაგრამ განუხრელად, ჯიუტად მიიწევს წინ, პოკროვსკისა და ტორეცკის მიმართულებით.
ომის მთლიანი სურათი არ შეცვლილა - უკრაინის მთავარი პრობლემები ისევ გადაუჭრელი რჩება და ეს პრობლემები აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზეა.
რადიო თავისუფლება: რაც შეეხება აღმოსავლეთის ფრონტს - ექსპერტების ერთი ნაწილი სწორედ ამიტომ აკრიტიკებს უკრაინის იერიშს კურსკში - ისინი თვლიან, რომ უკრაინამ ამ იერიშით აღმოსავლეთის ფრონტის ხაზი სახიფათოდ დაასუსტა. რამდენად მართებულია ეს კრიტიკა?
კასტეჰელმი: ჩვენ, Blackbird ჯგუფში თვალს ვადევნებთ დანაყოფების გადაადგილებებს, და ამ მომენტისათვის შეგვიძლია თქმა, რომ გარკვეული ნაწილები მართლაც გადაისროლეს აღმოსავლეთის ფრონტიდან კურსკის მიმართულებით. ზოგადად ვხედავთ, რომ უკრაინა რესურსებს - როგორც ადამიანურს, ასევე შეიარაღების მხრივ - არ იშურებს კურსკის ხაზზე წარმატების მისაღწევად, და რაღა თქმა უნდა, მთავარ პრობლემად რჩება ის, რომ ამ კონტრიერიშის დაწყებამდე უკრაინამ ვერ შეძლო ფრონტის ხაზის მეტ-ნაკლებად გაყინვა აღმოსავლეთში. კურსკმა დაგვანახვა, რომ უკრაინას რჩება სტრატეგიული რეზერვები, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ აღმოსავლეთის ფრონტი გაემაგრებინა, ეს რეზერვები - მათი ნაწილი მაინც - კურსკის კონტრიერიშისთვის გამოიყენა. ამის ფონზე სავსებით გასაგებია, რომ ფრონტზე მყოფი ჯარისკაცებიც აკრიტიკებენ ამ ნაბიჯს და ანალიტიკოსებიც. იმიტომ, რომ რუსეთის წინსვლის ტემპმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იმატა - განსაკუთრებით პოკროვსკისა და ტორეცკის მიმართულებით, ესენი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქებია, ლოგისტიკის ცენტრები. თუ რუსეთი მათ ხელში ჩაგდებას მოახერხებს, შემდეგ შეუძლია, მაგალითად, დნიპროს ობლასტში ღრმად შეღწევა სცადოს, როდესაც „კურსკის ომი“ მორჩება. რამდენიმე სცენარია და ყველა მათგანი პრობლემურია უკრაინისთვის. და ცხადია, რომ უკრაინას სურს მაქსიმალურად აირიდოს სცენარი, სადაც რუსეთი ახალ-ახალ რეგიონებში შეიჭრება, და შემდეგ მათაც რუსულ მიწად გამოაცხადებს, როგორც უკვე გააკეთეს ხერსონსა და ზაპოროჟიეში.
რადიო თავისუფლება: ისევ სტრატეგიულ მიზნებს დავუბრუნდეთ - უფრო სწორად, იმას, თუ როგორ შეუძლია უკრაინას კურსკის, ასე ვთქვათ, მონაპოვარი სათავისოდ გამოიყენოს - სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ ბუფერული ზონის შექმნაზე. რამდენად რეალურია ეს?
კასტეჰელმი: მიზანი გასაგებია - უკრაინას აწუხებს სუმის და მისი მიმდებარე სოფლების ბედი. თუ ფრონტის ხაზს რუსეთში გადაიტან, ამით დაიცავ როგორც ტერიტორიას, ასევე ინფრასტრუქტურას, მათ შორის რუსული ჭურვებისგან. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ყოველთვის სჯობს, მტრის მიწაზე იცავდე თავს, ვიდრე საკუთარზე.
[დონეცკის ხაზზე] მოპოვებული მიწის თითოეული მეტრი რუსებს უკვე იმდენად ძვირად დაუჯდათ, რომ ძნელი წარმოსადგენია, ამდენი წვალებით მოპოვებული ტერიტორია დათმონ კურსკში მასშტაბური კონტრიერიშის წამოსაწყებად.
რადიო თავისუფლება: მაგრამ ეს ნიშნავს, რომ უკრაინას მოუწევს, ეს კურსკში მოპოვებული ტერიტორია დაიცვას, არა? და ამას ალბათ მეტი სამხედრო ძალა დასჭირდება - როგორც სამხედროები, ასევე აღჭურვილობა და ა.შ. ღირს კი ეს შეჭრა ამად?
კასტეჰელმი: დიახ, კარგი კითხვაა. ამ ეტაპისთვის, ვიტყოდი, რომ არ ღირს, ეს ნიშნავს ახალ, 70-90-კილომეტრიან ფრონტის ხაზს - თუნდაც რუსეთის ტერიტორიაზე - რომელიც უკრაინამ უნდა დაიცვას - მეტი ბრიგადები, მეტი საბრძოლო მასალა, და ძალაუნებურად მოუწევს, ეს ყველაფერი ფრონტს სხვაგან მოაკლოს. ეს არ იქნება იაფი უკრაინისათვის: მსხვერპლი - როგორც ადამიანური, ასევე შეიარაღების მხრივ, უკრაინას უფრო ძვირი უჯდება, მათ ამის ფუფუნება ნაკლებად აქვთ, რუსეთისგან განსხვავებით.
რადიო თავისუფლება: ხშირად საუბრობენ ასევე, რომ უკრაინა შეეცდება კურსკის იერიში ერთგვარ სატყუარად გამოიყენოს - ორგვარი ინტერპრეტაციით. ერთი გათვლით, რუსეთი აღმოსავლეთის ფრონტის ნაწილებს გადაისვრის კურსკის გასათავისუფლებლად და ამით დონეცკში უკრაინის მძიმე მდგომარება შემსუბუქდება. უფრო ოპტიმისტები კი იმასაც ამტკიცებენ, რომ ამის შემდეგ, უკრაინას შეეძლება კიდევ ერთი, ახალი იერიში მიიტანოს სადმე სხვაგან, დარჩენილი რეზერვებით, სანამ რუსეთი კურსკის უკან დაბრუნებით იქნება გართული - მაგალითად, ყირიმში. რამდენად რეალურია ეს სცენარები?
კასტეჰელმი: ამ მომენტისთვის მართლაც ვხედავთ, რომ რუსეთს მოუწია რეზერვები კურსკისკენ გადაესროლა, მაგრამ, წესით, რუსეთს უნდა ეყოს ძალები იმისთვის, რომ აღმოსავლეთის მიმართულებით მთავარი იერიში გააგრძელოს და პარალელურად, კურსკში სიტუაცია როგორმე გაყინოს. დაბრუნება - რასაც შედარებით დიდი რაოდენობის ძალები და ძალისხმევა დასჭირდებოდა - შესაძლოა არ იჩქარონ და სწორედ სიტუაციის გაყინვას დასჯერდნენ, პარალელურად კი აღმოსავლეთის ფრონტს უფრო ჯიუტად მიაწვებიან. აქ [დონეცკის ხაზზე] მოპოვებული მიწის თითოეული მეტრი უკვე იმდენად ძვირად დაუჯდათ, რომ ძნელი წარმოსადგენია, ამდენი წვალებით მოპოვებული ტერიტორია დათმონ კურსკში მასშტაბური კონტრიერიშის წამოსაწყებად.
რადიო თავისუფლება: ანუ სუჯა წირვად არ ღირს, ასე ვთქვათ.
კასტეჰელმი: ჰო, ალბათ არა. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემა იქნება კრემლისთვის, მაგრამ ეს არ არის გადაუჭრელი თავისტკივილი. კრემლში იტყვიან - ამას შეგვიძლია გავუძლოთ, სიტუაციას დავარეგულირებთ, პარალელურად კი უკრაინას მივაწვეთ. რაც შეეხება მეორე სცენარს - მეორე, პარალელური კონტრიერიშის წამოწყებას: თეორიულად, უკრაინას საკმარისი რეზერვები უნდა ჰყავდეს ამისთვის, მაგრამ რამდენად შეიძლება ამ სარეზერვო ბრიგადების ერთ, მთლიან, სინქრონულად დამრტყმელ მუშტად გარდაქმნა, რომელიც ერთი დარტყმით გაარღვევდა რუსეთის დაცვის ხაზს, ძნელი სათქმელია. არ დაგვავიწყდეს, რომ განსხვავებით კურსკისგან, სადაც უკრაინელებს ფაქტობრივად არანაირი წინაღობა არ შეხვედრიათ, ზაპოროჟიესა და ხერსონში მათ დახვდებათ დანაღმული და კარგად გამაგრებული თავდაცვითი პერიმეტრი და ფორტიფიკაციები. ის პრობლემები, რის გამოც უკრაინის შარშანდელი კონტრიერიში წარუმატებელი გამოდგა, არსად გამქრალა. არა მგონია, ახლა რამე შეიცვალოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდი ძალა იხარჯება კურსკის მიმართულებაზე. თეორიულად, შესაძლებელია, რომ ისინი გარისკავენ ამის გაკეთებას, მაგრამ მე ნაკლებად სავარაუდოდ მეჩვენება.
თუ საერთოდ ქალაქ კურსკს არ აიღებენ, ძნელი წარმოსადგენია, რომ რუსეთი მათ ამ ტერიტორიას ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში მიტაცებულ დიდ ქალაქებში გადაუცვლის.
რადიო თავისუფლება: გასაგებია. ფრონტიდან მოდით, დიპლომატიის განზომილებაში გადავინაცვლოთ - მოიაზრება, რომ უკრაინას შეუძლია ეს ტერიტორია ერთგვარ სავაჭრო მონეტად გამოიყენოს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებისას, როდესაც ისინი გაიმართება. რამდენად ფასეულია ეს მონეტა?
კასტეჰელმი: ეს იმაზეცაა დამოკიდებული, კიდევ რამდენ ხანს გასტანს კურსკის კონტრიერიში, მაგრამ უხეშად რომ ვთქვათ, უკრაინის მიერ კურსკის ოლქში მოპოვებული ტერიტორია შეიძლება შევადაროთ ხარკოვის ოლქში რუსეთის მიერ მოპოვებულ ტერიტორიას - როგორც ფართობის, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობის კუთხით. მაგრამ უკრაინელებმა კიდეც რომ განაგრძონ კურსკში პერიმეტრის გაფართოება, ორი ამდენი ტერიტორიაც რომ მოიპოვონ, თუ საერთოდ ქალაქ კურსკს არ აიღებენ, ძნელი წარმოსადგენია, რომ რუსეთი მათ ამ ტერიტორიას ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში მიტაცებულ დიდ ქალაქებში გადაუცვლის. ასევე ძნელი წარმოსადგენია, მაგალითად, რომ კურსკის დათმობის სანაცვლოდ რუსეთი დათანხმდება, უკრაინას აზოვის ზღვაზე გამსვლელი დერეფანი მისცეს.
რუსები იბუზღუნებენ: ეს რა ხდება? როგორ მოხდა, რომ დედა რუსეთის მიწა მტრის ხელშია და ისინი აქეთ გვიპყრობენ? მაგრამ როდის მერე ანაღვლებს კრემლს რიგითი რუსის ბუზღუნი?
რადიო თავისუფლება: პოლიტიკური გადმოსახედიდანაც შევხედოთ ამ ყველაფერს - რამდენად დამამცირებელია რუსეთისთვის ეს ყველაფერი? განსაკუთრებით, თუ მოუწევს სიტუაცია გაყინოს და მოლაპარაკებებამდე ეს ტერიტორია უკრაინის კონტროლის ქვეშ დატოვოს. რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს კრემლს ამისთვის?
კასტეჰელმი: რა თქმა უნდა, რუსეთისთვის ეს დამამცირებელი იქნება, თუ უკრაინას შეატოვებენ თავიანთ ტერიტორიას მოლაპარაკებებამდე, მაგრამ ვფიქრობ, ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გვქონდეს ამ დამცირების პოლიტიკურ ფასთან დაკავშირებით. დიახ, რუსები იბუზღუნებენ: ეს რა ხდება? როგორ მოხდა, რომ დედა რუსეთის მიწა მტრის ხელშია და ისინი აქეთ გვიპყრობენ? მაგრამ როდის მერე ანაღვლებს კრემლს რიგითი რუსის ბუზღუნი? დიქტატურაა, მსგავს რამეებზე თავის მტვრევა არ უწევთ.
რუსეთი იმ ძაღლივითაა, რომელიც მხოლოდ ყეფს და არ იკბინება, მაგრამ ზოგისთვის [დასავლეთში] ეს ყეფაც საკმარისია.
რადიო თავისუფლება: მოგვიწევს ვისაუბროთ წითელ ხაზებზეც. სად გადის რუსეთის წითელი ხაზები? განა ეს - რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრა - მათი ერთ-ერთი უმთავრესი წითელი ხაზი არ იყო? აღმოჩნდა, რომ არც ისეთი წითელი ყოფილა.
კასტეჰელმი: სრული სიმართლეა - რუსეთის წითელი ხაზები უკვე იმდენჯერ გადაიკვეთა, რომ ამ მომენტისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ომში რუსეთისთვის მკვეთრი წითელი ხაზები გაფერმკრთალდა - ხაზები, რომლის გადაკვეთაზეც რუსეთის პასუხი იქნებოდა რაიმე დრამატული და ასიმეტრიული, მაგალითად, ტაქტიკური ბირთვული შეტევა უკრაინაზე. ჯერ დასავლური შეიარაღება იყო წითელი ხაზი - ტანკები, შემდეგ თვითფრინავები, ახლა აღმოჩნდა რომ რუსეთის ტერიტორიაზე მასშტაბური, მრავალბრიგადიანი სამხედრო შეჭრაც კი არ აღიქმება წითელი ხაზის გადაკვეთად. რუსეთის მუქარები ცარიელ მუქარებად რჩება, მაგრამ ისიცაა, რომ დასავლეთის ზოგიერთი ლიდერისთვის ესეც საკმარისია - ისინი ცარიელ მუქარებსაც სერიოზულად აღიქვამენ. რუსეთი იმ ძაღლივითაა, რომელიც მხოლოდ ყეფს და არ იკბინება, მაგრამ ზოგჯერ ეს ყეფაც საკმარისია ხოლმე უცხოების დასაშინებლად.
ფორუმი