Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები "დიდი ომის დროს" - ვის ირჩევს რუსეთი


წინასაარჩევნო აგიტაცია ქერჩში, ანექსირებულ ყირიმში. 2024 წლის სექტემბერი.
წინასაარჩევნო აგიტაცია ქერჩში, ანექსირებულ ყირიმში. 2024 წლის სექტემბერი.

რუსეთში დასრულდა სამდღიანი სხვადასხვა დონის არჩევნები. შერეული კენჭისყრა ჩატარდა ფედერაციის 89-დან 83 სუბიექტში. დისტანციური ელექტრონული კენჭისყრით, 26 რეგიონში ხმა მისცა დაახლოებით 3,5 მილიონმა ამომრჩეველმა. ცენტრალური საარჩევნი კომისია იუწყება ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის შესახებ კურსკის ოლქში.

ეს მაშინ, როდესაც კურსკში თვეზე მეტია ბრძოლები მიდის და საომარი მდგომარეობაა - ტერიტორიის 1000 კვადრატულ კმ-ზე მეტს უკრაინის არმია აკონტროლებს.

არჩევნები რუსეთმა ანექსირებულ ყირიმშიც ჩაატარა.

გუბერნატორის არჩევნების 21 რეგიონიდან 20-ში ვლადიმირ პუტინის პარტიის კანდიდატებმა - მის მიერ დანიშნულმა დროებით მოვალეობის შემსრულებელმა გუბერნატორებმა ან მოქმედმა ხელმძღვანელებმა გაიმარჯვეს, ბაიკალისპირეთში კი - "დამოუკიდებელმა" კანდიდატმა, რომელსაც მმართველი პარტიიდან კონკურენტი არ ჰყოლია.

“ედინაია როსიას" ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებში უკრაინის ომში მონაწილე ვეტერანთა ყველაზე დიდი წარმომადგენლობა - 308 დეპუტატი ეყოლება. მათ შორის არის ერთ-ერთი საველე ბატალიონის მეთაური, რომელიც თავის ვიდეომიმართვებში ხელქვეითებისგან „მტრის დახოცვას“ მოითხოვდა.

პუტინის საკადრო პროგრამა მოქმედებაში

„გმირების დროა“, ასე ეწოდება იმ საკადრო პროგრამას, რომელიც 2024 წლის თებერვალში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციაში“ (ასე უწოდებს რუსეთის ოფიციოზი უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ სრულმასშტაბიან ომს რ.თ.) მონაწილე ვეტერანებისთვის გამოაცხადა. უკრაინაში მეომარ ხალხს პუტინმა უწოდა „გმირები“ და დასძინა, რომ მომავალში რუსეთის მართვა სწორედ ასეთ ადამიანებს უნდა მივანდოთო.
„და ისინი [ვეტერანები და უკრაინის ომის მონაწილეები] უნდა ინიშნებოდნენ წამყვან პოზიციებზე განათლების და ახალგაზრდების აღზრდის სისტემაში, საზოგადოებრივ გაერთიანებებში, ბიზნესში, სახელმწიფო და მუნიციპალურ მმართველობებში. უნდა გაუძღვნენ რეგიონებს, საწარმოებსა და ყველაზე მსხვილ სამამულო პროექტებს“, - თქვა მაშინ ვლადიმირ პუტინმა.

რეგიონული არჩევნები რუსეთში, პუტინის ამ დირექტივის ცხოვრებაში გატარების თვალსაჩინო მაგალითია.

რუსეთის მმართველმა პარტიამ არჩევნების წინ სიაში შეიყვანა უკრაინის ომის მონაწილე 380 ვეტერანი, რომელთაგან გამარჯვებულად 308 გამოცხადდა.

შედეგების შესახებ მედიას „ედინაია როსიას“ გენერალური საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმირ იაკუშევმა აცნობა.

ასე მაგალითად, რუსეთის ხანტი-მანსის ავტონომიის დუმის დეპუტატად აირჩიეს მმართველი „ედინაია როსიას“ წარმომადგენელი, მობილიზებულთა ბატალიონ „იურგის“ ყოფილი მეთაური, დმიტრი აქსენოვი, რომელსაც ამომრჩეველთა 53.44%-მა დაუჭირა მხარი.

"საარჩევნო უბნებზე აქტიურობა 20%-ზე დაბალი იყო. ხალხი უბრალოდ არ მივიდა ხმის მისაცემად, ამის გამო ყველაფერი ადმინისტრაციულმა რესურსმა გადაწყვიტა. მეორე ადგილზე გავიდა კომუნისტი, ასევე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე", - წერს "სიბირ.რეალიი".

ფრონტზე დმიტრი აქსენოვმა კონტუზია მიიღო და დაჯილდოვდა მედლით მამაცობისთვის.
ფრონტზე დმიტრი აქსენოვმა კონტუზია მიიღო და დაჯილდოვდა მედლით მამაცობისთვის.

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობამდე, აქსენოვი ხანტი-მანსის ავტონომიის დუმაში ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსად მუშაობდა.

2022 წელს მობილიზაციაში მოხვედრილი აქსენოვი სათავეში ჩაუდგა მოხალისეთა ბატალიონ „იურგას“, რომელი სენატორ ედუარდ ისაკოვის დახმარებით შეიქმნა. დმიტრი აქსენოვი უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ვიდეორგოლის გადაღებაში, რომელშიც ჯარისკაცები ყვიროდნენ, რომ „უნდათ სისხლი“ და „მტრის დახოცვა“. ფრონტზე აქსენოვმა კონტუზია მიიღო და დაჯილდოვდა მედლით მამაცობისთვის.

რიაზანის ოლქის საოლქო დუმაში გავიდა და დეპუტატის მანდატი ერგო უკრაინის ომიდან დაბრუნებულ კიდევ ერთ ვეტერანს, რომან იგოლკინს. როგორ, ტელეგრამის არხი "7×7" წერს, ფრონტიდან დაბრუნებული იგოლკინი სკოლაში ატარებდა პატრიოტულ გაკვეთილებს და ბავშვებს საკუთარ სამხედრო ფორმასაც აცმევდა.

არხის ანგარიშით, მთლიანობაში რუსეთის რეგიონულ არჩევნებში მონაწილეობას იღებდა უკრაინის ომის 423 მონაწილე. "ედინაია როსიას" გარდა, ვეტერანები ასევე წარადგინეს რუსეთის კომუნისტურმა პარტიამ, ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ (ლდპრ) და "სამართლიანმა რუსეთმა".

შარშან, რუსეთის ახალგაზრდობის ფედერალური სააგენტოს, „როსმოლოდიოჟის“ ხელმძღვანელმა ქსენია რაზუვაევამ წარადგინა პროექტი „შენი გმირი“, რომელიც „მიზნად ისახავს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის (რუსეთ-უკრაინის ომის) მონაწილეების სოციალიზაციას“.

ფრონტიდან დაბრუნებულებს შეუძლიათ „აღზარდონ ახალგაზრდები“ პატრიოტული სახელმწიფო ორგანიზაციის „პირველების“ რეგიონულ ფილიალებში, სკოლებში, სამხედრო-პატრიოტულ კლუბებსა და ბავშვთა ბანაკებში.

მიმდინარე წლის აგვისტოში პერმში სკოლის დირექტორადაც კი დანიშნეს უკრაინის ომში მონაწილე ალექსანდრ გრიგორენკო. 2023 წელს ბრძოლის ველზე მიღებული ჭრილობის შედეგად გრიგორენკოს ხელის მტევანი მოკვეთეს, რის შემდეგაც გააკომისიეს და მოწაფეებს პროპაგანდისტული "მამაცობის გაკვეთილებს" უტარებდა.

12-დღიანი არჩევნები კურსკის ოლქში

კურსკის ოლქში, „უსაფრთხოების მოსაზრებებით“ (რეგიონში ბრძოლებია) კენჭისყრა თორმეტი დღის განმავლობაში ტარდებოდა გუბერნატორის არჩევნებში, რომელიც რუსეთის პროპაგანდის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო მოქცეული.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ „უდიდესი პატრიოტიზმის“ გამოვლინება უწოდა კურსკის რაიონში ჩატარებულ არჩევნებს.

მაგრამ შედეგების გამოცხადების შემდეგ გაირკვა, რომ უკრაინის მოსაზღვრე ოლქში, რომლის ტერიტორიის ერთ ნაწილსაც 6 აგვისტოს შემდეგ უკრაინის არმია აკონტროლებს, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა მიიღო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შედეგი - 65.3%.

„კიდევ ერთხელ, ყველა დარწმუნდა, რომ რუსეთში საარჩევნო სისტემა განვითარდა, არის გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი, ღია და ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. მან აჩვენა თავისი მდგრადობა იმ კრიტიკულ პირობებშიც კი, რომლებიც განვითარდა მთელ რიგ ტერიტორიებზე“, - განაცხადა 9 სექტემბერს ვალენტინა მატვიენკომ.

ექსპერტები ეჭვის ქვეშ აყანებენ რუსეთში ჩატარებული რეგიონული არჩევნების "ღიაობას" და "კონკურენტუნარიანობას".

მათი თქმით, რუსეთის ბევრ რეგიონში მიმდინარე არჩევნებზე ხმის მიცემა მრავალდღიანი და ელექტრონული იყო, რაც ზრდის გაყალბების რისკს.

დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები - მათ შორის „კარუსელები“, ამომრჩეველთა ტრანსპორტირება და მოსყიდვა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში. „გოლოსის“ მიერ შექმნილ „დარღვევების რუკაზე“ ექვსასზე მეტი შეტყობინებაა გამოქვეყნებული შესაძლო დარღვევების შესახებ. მათი თითქმის მესამედი მოსკოვიდან და პეტერბურგიდანაა.

  • ამომრჩეველთა ნაწილმა ანონიმურობის დაცვით „გოლოსს“ შეატყობინა, რომ ხელმძღვანელობა მათ ხმის მიცემას აიძულებდა: იყო მოთხოვნები, რომ მიეწოდებინათ საარჩევნო უბნის გეოლოკაცია ან ხმის მიცემის დამადასტურებელი პატარა კალენდრები, რომლებსაც ამომრჩეველს უბანზე ურიგებენ. ქაღალდის ბიულეტენების მიღება ძალიან შეზღუდული იყო და წინასწარი განაცხადის საფუძველზე გაიცემოდა.
  • „ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმ ამომრჩეველთა შეგნებულ დისკრიმინაციაზე, რომლებსაც ამა თუ იმ მიზეზის გამო არ სურთ ხმის მიცემა ელექტრონულად, არამედ ტრადიციულ ქაღალდის ბიულეტენით ხმის მიცემას ამჯობინებენ“, - აცხადებს „გოლოსი“.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG