Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დასრულდა რეგიონული არჩევნები, ყველა რეგიონულ პარლამენტს "ედინაია როსია" აკონტროლებს


რუსეთში დასრულდა რეგიონული არჩევნები. რეგიონების ყველა ამჟამინდელი ხელმძღვანელი თავის ადგილზე დარჩა. ყველა რეგიონული პარლამენტი მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას“ ხელთაა.

გუბერნატორის არჩევნები 21 რეგიონში გაიმართა. მათგან ოცში გაიმარჯვეს კანდიდატებმა „ედინაია როსიადან“, ერთში - იმიერბაიკალეთის მხარეში - დამოუკიდებელმა კანდიდატმა (მას არ ჰყავდა მოწინააღმდეგე „ედინაია როსიადან“). ამომრჩეველთა დაცვის მოძრაობა „გოლოსმა“ გუბერნატორობის ყოველი კამპანიის გაანალიზების შემდეგ განაცხადა, რომ არცერთ მათგანში არ ყოფილა კონკურენცია.

ხაბაროვსკის მხარეში, რომელსაც რამდენიმე წელი მართავდა რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია (ლდპრ), გაიმარჯვა ასევე „ედინაია როსიას“ წევრმა დმიტრი დემეშინმა, რომელმაც ხმების 81% მიიღო. ლდპრ-ის კანდიდატი ბიულეტენზე არ ყოფილა: პარტიამ არ დაასახელა საკუთარი კანდიდატი და დემეშინს დაუჭირა მხარი.

კურსკის ოლქში, რომელშიც კენჭისყრა თორმეტი დღის განმავლობაში ტარდებოდა „უსაფრთხოების მოსაზრებებით“ (რეგიონში ბრძოლებია), გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა მიიღო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შედეგი - 65,3%.

ყველაზე დაბალი შედეგი კი ჰქონდა სანქტ-პეტერბურგის მოქმედ გუბერნატორს, ალექსანდრ ბეგლოვს – 59%.

კიდევ ორ რეგიონში - ხანტი-მანსის ავტონომიურ ოკრუგსა და ინგუშეთში - ხელმძღვანელი პარლამენტის დეპუტატებმა აირჩიეს. რუსეთის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული სამი კანდიდატიდან ორივე რეგიონის დეპუტატებმა ასევე „ედინაია როსიას“ წარმომადგენლები აირჩიეს.

„ედინაია როსიას“ უმრავლესობა ექნება 11-ვე რეგიონის პარლამენტში, სადაც შესაბამისი არჩევნები ჩატარდა.

მოსკოვის საქალაქო დუმის 45-ვე მანდატი მოსკოვის ხელისუფლების კანდიდატებს ენიჭება, აღნიშნა ტელეგრამის არხმა „მოსვიბორი“, რომელიც დედაქალაქში საარჩევნო კამპანიას ადევნებს თვალს.

ხაბაროვსკის ტერიტორიის დუმას, სადაც ლდპრ-ს 2019 წლიდან აქვს უმრავლესობა, ახლა გააკონტროლებს „ედინაია როსია“: ხელისუფლებაში მყოფი პარტია იღებს სიების 45%-ზე მეტს და იკავებს 24 ერთმანდატიანი ოლქიდან მინიმუმ 18-ს.

სახელმწიფო დუმის შუალედურ არჩევნებში დეპუტატები აირჩიეს ხაკასიის, ბრიანსკის და როსტოვის ოლქებში სხვადასხვა მიზეზის გამო დეპუტატთა გადადგომის ნაცვლად.

ყველაზე მაღალი აქტივობა საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა ბაშკირეთში - 69,2%. ყველაზე დაბალი კი - ხაბაროვსკის მხარეში, 32,9%.

მოსკოვში ამომრჩეველთა დაახლოებით 41%-მა მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. უმრავლესობამ დისტანციურად მისცა ხმა: არჩევნებში მონაწილე მოსკოველთა 95,5%-მა გამოიყენა დისტანციური მეთოდი.

დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები - მათ შორის „კარუსელები“, ამომრჩეველთა ტრანსპორტირება და მოსყიდვა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში. „გოლოსის“ მიერ შექმნილ „დარღვევების რუკაზე“ ექვსასზე მეტი შეტყობინებაა გამოქვეყნებული შესაძლო დარღვევების შესახებ. მათი თითქმის მესამედი მოსკოვიდან და პეტერბურგიდანაა.

„გოლოსის“ გათვლებით, ყველაზე ხშირად საჩივრები იყო ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შესახებ, როგორიცაა: უკანონო კამპანია და ხმის მიცემის იძულება, ასევე ზეწოლა დამკვირვებლებზე, რომლებიც მაინც ახერხებდნენ საარჩევნო უბნებზე მისვლას. დამკვირვებლების უბნებზე მასობრივად არდაშვებისა და მათი უფლებების შეზღუდვის შემთხვევები დაფიქსირდა, მათ შორის, სანქტ-პეტერბურგში, მოსკოვის ოლქში, ბრიანსკის ოლქში და ხაბაროვსკის მხარეში.

რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებიც კი ჩიოდნენ ბრაიანკის ოლქში ხმის მიცემის პროცესზე. ადგილობრივი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ არ სურს „დროის დაკარგვა“ კომუნისტების საჩივრებზე, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობამ დეპუტატების აქტიურ მუშაობას „ნავალნისტების მეთოდები“ უწოდა.

ამის საპასუხოდ რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა განაცხადა, რომ „ბრიანსკის ოლქში ვითარებას დესტაბილიზაციას ახდენენ ოფიციალური პირები, რომლებიც არჩევნებს რაღაც გაურკვევლობად აქცევენ“.

ლდპრ-მაც აღნიშნა კენჭისყრის დროს მასობრივი დარღვევები, ძირითადად ხაბაროვსკის მხარეში. პარტიაში აცხადებენ, რომ „ყველაზე საგანგაშო შემთხვევებში“ საჩივრები გაიგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

კვირას, 8 სექტემბერს, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ელა პამფილოვამ განაცხადა, რომ „ჯერ არ გვაქვს სერიოზული მიზეზები არჩევნების დისკრედიტაციისთვის [...]“.

რუსეთის ბევრ რეგიონში მიმდინარე არჩევნებზე ხმის მიცემა მრავალდღიანი და ელექტრონული იყო, რაც ზრდის გაყალბების რისკს, ამბობენ ექსპერტები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG