გადაწყვეტილება 24 მარტს არის მიღებული, შესაბამისად, ნატა ქაჯაიას პარლამენტის შენობაში მუშაობის შესაძლებლობა აღარ ექნება 2025 წლის 24 სექტემბრამდე.
სიუჟეტი („რაზე დარდობს და როგორ დასცინის რეჟიმი ხალხს - ხარება დაზარალებულად ცნეს“), რომლისთვისაც ნატა ქაჯაია პარლამენტში ინტერვიუებს წერდა, „ნოდარ მელაძის შაბათში“ 22 მარტს გავიდა. იგი შეეხებოდა პროევროპულ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების საქმის მასალებს, რომლიდანაც ირკვეოდა, რომ პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი დემონსტრაციების მიმდინარეობისას ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე საუბრობდა. სწორედ ამ საკითხზე კითხვის დასმის გამო ჟურნალისტს შეზღუდვები დაუწესეს.
ნატა ქაჯაიას იგივე სანქცია პარლამენტმა გასული წლის ივლისშიც დაუწესა. მაშინ შეზღუდვები „ხალხის ძალის“ დეპუტატის, სოზარ სუბარის მიმართვის საფუძველზე შეეხო.
ჟურნალისტებისთვის მკაცრი რეგულაციები შალვა პაპუაშვილმა მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში შემოიღო. ამ შეზღუდვების მიხედვით, ჟურნალისტს არ აქვს უფლება, გააგრძელოს ინტერვიუს ჩაწერა, თუ რესპონდენტი მას უარს ეუბნება - პირველ შემთხვევაში მას ერთი თვით უკრძალავენ პარლამენტში მუშაობას, მეორე შემთხვევაში კი - ექვსი თვის ვადით.
ამავე რეგულაციით პარლამენტში მუშაობის შესაძლებლობა არაერთხელ შეუზღუდეს ონლაინმედიის, პრესისა და რადიოჟურნალისტებს - პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ჟურნალისტებისთვის შეზღუდვები სამუშაო ადგილების მიხედვით დააწესოს.
ფორუმი