Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვისი ნებაა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის განსაზღვრა?


სომხეთს და აზერბაიჯანს აქვთ საზღვარი, რომელიც სად გადის, ზუსტად დადგენილი არაა და სწორედ ამას მოჰყვა ბოლო პერიოდის მღელვარება.
სომხეთს და აზერბაიჯანს აქვთ საზღვარი, რომელიც სად გადის, ზუსტად დადგენილი არაა და სწორედ ამას მოჰყვა ბოლო პერიოდის მღელვარება.

სომხეთს და აზერბაიჯანს შორის ომი შეწყდა, როგორც რამდენიმე დღის წინ თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, მას მერე, რაც „2020 წლის 10 ნოემბერს სომხეთმა კაპიტულაციას მოაწერა ხელი“.

ომი შეწყდა, მაგრამ არ დასრულებულა დაპირისპირება: იმისთვის, რომ სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდეს, საჭიროა საზღვრების დადგენა. სომხეთი მზად არის კომპრომისისთვის, ოპონენტები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს პოლიტიკას უწუნებენ. სომხეთის მთავრობა შეიძლება ამ კომპრომისს გადაჰყვეს, ბოლო დღეებში ერევანში მღელვარებაა, საპროტესტო გამოსვლებია, ათეულობით პირი დააკავეს, ოპოზიციას მთავრობის იმპიჩმენტი სურს.

10 მაისს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მეუღლითურთ, ქალაქ შუშაში, მთიან ყარაბაღში, მონაწილეობა მიიღო ახალი საცხოვრებელი კომპლექსის გახსნაში და შეხვდა პირველ მცხოვრებლებს ქალაქისა, რომლის გარეშეც, ალიევის თქმით, „ჩვენი საქმე არ ჩაითვლება დასრულებულად და ვფიქრობ, ყველამ გაიგო, რომ ჩვენ არ გავჩერდებოდით, სანამ შუშა არ იქნებოდა გათავისუფლებული“. შუშა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, „ჩვენი უდრეკი სულის სიმბოლოა“, ამბობს პრეზიდენტი ქვეყნისა, რომელსაც კავკასიაში ლიდერობა სურს, ამას უკვე მიაღწია და თავს იწონებს მეზობელი ქვეყნის დამარცხებით.

მთიანი ყარაბაღი საერთაშორისო სამართლით აზერბაიჯანის კუთვნილი ტერიტორიაა, მაგრამ ის სომხებით იყო დასახლებული. იყო იმიტომ, რომ ბოლო იერიშის შემდეგ, როცა აზერბაიჯანმა მთლიანად აღადგინა კონტროლი რეგიონზე, იგი ასი ათასამდე ყარაბაღელმა დატოვა.

ყარაბაღი ყარაბაღად, მაგრამ სომხეთს და აზერბაიჯანს აქვთ საზღვარი, რომელიც სად გადის, ზუსტად დადგენილი არაა და სწორედ ამას მოჰყვა ბოლო პერიოდის მღელვარება. ზემოხსენებულ გამოსვლაში, ალიევი შეეხო საზღვრისპირა სოფლების საკითხს: დღეს, ჩვენი ერთი მოთხოვნის შესაბამისად, ისე, რომ არ მიგვიმართავს სხვა საშუალებებისთვის, გვიბრუნდება ყარაბაღის არეალის ოთხი სოფელი... ჩვენ ვართ კავკასიის წამყვანი სახელმწიფო, ჩვენ ვართ წამყვანი სახელმწიფო ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით, ყველა მხრივ და ჩვენ ანგარიში უნდა გაგვიწიონ... დელიმიტაცია, დემარკაცია ჩვენი პირობებით მიმდინარეობს, ეს ჩვენი მორიგი გამარჯვებაა“, - თქვა ალიევმა შუშაში.

ის, რაც ალიევის გამარჯვებაა, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოპოზიციისთვის მარცხია თავისი მოქალაქეების თვალში.

ერევანში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლებს - ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, სათავეში უდგას თავუშის მთავარეპისკოპოსი, ბაგრატ გალსტანიანი, რომელმაც დიდი რაოდენობის დემონსტრანტი გაიყვანა ერევნის ქუჩებში პროტესტის გამოსათქმელად.

მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ერევანში მიმართავს ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს.
მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ერევანში მიმართავს ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს.

„მე გამოვედი დღეს საბრძოლველად, რადგან ჩვენ მოპარული სიხარულის და სირცხვილის დროში ვცხოვრობთ, როცა ჩვენი სამშობლოს შესანიშნავი კუთხე, არცახი (მთიანი ყარაბაღი) დაკარგულია, როცა ჩვენი სამშობლოს ყველა საზღვარს საფრთხე ემუქრება და როცა ჩვენ გავიჭედეთ ტყუილისა და სიძულვილის გარემოში“, - მიმართა გალსტანიანმა შეკრებილებს, აქციის მონაწილეებს, რომლებსაც პოლიცია მკაცრად უსწორდება: ბოლო დღეებში ათეულობით პირი დააკავეს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საზღვრის დემარკაციის შეთანხმებას - ამ დოკუმენტით იკარგება კონტროლი ოთხ სოფელზე, რომლებიც საბჭოთა დროს აზერბაიჯანის ნაწილად ითვლებოდა, თუმცა 1990-იანი წლებიდან მათ სომხეთი აკონტროლებდა.

11 მაისს ყაზახეთში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკება გაიმართა, რათა „მოგვარდეს აზრთა სხვადასხვაობა ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმების საკვანძო საკითხების გარშემო“, განაცხადეს 11 მაისს სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ორ მხარეს შორის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

არარატ მირზოიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა ალმატიში.
არარატ მირზოიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა ალმატიში.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვი ორი დღე ხვდებოდნენ ერთმანეთს ალმატიში.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, „მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მოლაპარაკებები ღიად დარჩენილ საკითხებზე, რომლებზეც ჯერ კიდევ არის აზრთა სხვადასხვაობა“.

დეტალებზე არ არის ლაპარაკი არც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სომხეთი აღიარებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიერ ალმა-ათაში 1991 წელს მიღებულ დეკლარაციას. მაშინ ახალმა დამოუკიდებელმა ქვეყნებმა ვალდებულება იკისრეს, ეღიარებინათ საბჭოთა პერიოდის საზღვრები.

სომეხმა მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ამის თაობაზე საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. მირზოიანმა ბოლო თვეებში არაერთხელ დაიჩივლა, რომ ბაქოს კვლავინდებურად არ სურს სომხეთთან საზღვრების აღიარება ორმხრივი შეთანხმების შესაბამისად. მისი თქმით, ამ ეტაპზე ეს არის შეთანხმების მიღწევის მთავარი ხელის შემშლელი.

მირზოიანი დიპლომატიურ ენას მიმართავს. განსხვავებულია ილჰამ ალიევის რიტორიკა. აი, რა თქვა მან შუშაში ზემოხსენებულ გამოსვლაში: „ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სომხეთს ვუთხარით: მოდით, სამართლიანად დავადგინოთ საზღვარი. არა, თუ თქვენ ეს არ გსურთ, მაშინ ჩვენ ვიტყვით, საზღვარი იქ იქნება, სადაც ჩვენ გვინდა“, - მიმართავს ალიევი თავის ხალხს, ასევე ყველას, ვისაც „რეგიონის მიმართ ინტერესი აქვს, რომ ამიერიდან აქ არცერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება ჩვენთან შეუთანხმებლად. დარწმუნებული ვარ, ვინც მისმენს, იცის: როცა რამეს ვამბობ, ვაკეთებ კიდეც“, - აი, ასე თავდაჯერებულ მეტოქესთან აქვს ახლა საქმე სომხეთს, რომლის პრემიერ-მინისტრის სურვილი, ერმა მშვიდობიანად იცხოვროს, არ იქნა მიღებული, სულ მცირე, სომხების ნაწილის მიერ. ესენი არიან ყარაბაღელი სომხები, ესენი არიან იმ არეალების მცხოვრები სომხები, რომლებიც ნაწილობრივ მაინც აზერბაიჯანს უბრუნდება თუ ეთმობა, და ესენი არიან სომხები, ვინც ფიქრობს, რომ ყარაბაღი სომხური მიწაა.

სოფელი ვოსკეპარი, თავუშის რეგიონი
სოფელი ვოსკეპარი, თავუშის რეგიონი

მათ შორის გამოკვეთილი ფიგურაა არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, რომელიც პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს. გალსტანიანმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნას და მისი მიმდევრები, ათიათასობით ადამიანი, ერევნის ქუჩებში გავიდა.

აქცია ერევანში პრემიერო-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. 12 მაისი, 2024 წელი
აქცია ერევანში პრემიერო-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. 12 მაისი, 2024 წელი

არქიეპისკოპოსი ამბობს, რომ მისი საპროტესტო მოძრაობა, რომელიც წარმოიქმნა იმის გამო, რომ ფაშინიანი აზერბაიჯანს მიწებს უთმობს, „ნელ-ნელა“ უახლოვდება სომხეთის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას. მან პრემიერ-მინისტრს უწოდა მატყუარა, რომელმაც ქვეყანა დაცემამდე მიიყვანა და ვერ ახერხებს სერიოზული პრობლემების მოგვარებას.

გალსტანიანი მარტო არ არის, მისი მომხრე ძალები პარლამენტში, ოპოზიციური „სომხეთი“ (აიასტანი) და „პატივი მაქვს“ (პატივ უნემი) ერთობლივად დაჰპირდნენ სასულიერო პირს, რომ უნდობლობას უყრიან კენჭს.

ამ ორ პოლიტიკურ ჯგუფს საკანონმდებლო ორგანოში 35 ადგილი აქვს მხოლოდ და ერთი ხმა აკლია იმპიჩმენტისთვის კენჭისყრის განაცხადის შესატანად. ეს ერთი ხმა შეიძლება იყოს იშხან ზაქარიანის, დამოუკიდებელი დეპუტატისა, რომელმაც „პატივი მაქვს“ დატოვა 2022 წელს. გალსტანიანმა თქვა, რომ ესაუბრა ზაქარიანს და მას არ უთქვამს უარი „შეუერთდეს ამ პროცესს“.

ოპოზიციას იოლი ამოცანა არ აქვს, განცხადება რომც მიიღოს, მას დამატებით ესაჭიროება ფაშინიანის პარტიის - „სამოქალაქო შეთანხმების“ (კაღპაიმანაგირი) 18 დეპუტატის მიმხრობა იმპიჩმენტისთვის კენჭისყრაში მხარდასაჭერად. პარტიის მაღალი რანგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფაშინიანს არ უღალატებენ, მის წინააღმდეგ ხმას არ მისცემენ.

მათზე, და საერთოდ პარლამენტზე, ზეწოლას მთავარეპისკოპოსი ცდილობს საპროტესტო აქციებით. ამ ეტაპზე გალსტანიანი აცხადებს, რომ არ არის ცნობილი, როდის გაიმართება შემდეგი დემონსტრაცია და, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ წარიმართება იმპიჩმენტის გამოცხადების პროცესი და იმაზეც, როდის გაირკვევა, ვინ შეცვლის პრემიერს თანამდებობაზე.

სომხეთის კონსტიტუციით, პოლიტიკურმა ძალებმა, როცა ისინი უნდობლობის ვოტუმს ითხოვენ, ამავე დროს, პრემიერის კანდიდატურაც უნდა წამოაყენონ.

პარლამენტში ფაშინიანის ზოგიერთმა მოკავშირემ ოპოზიციას ბრალი დასდო გადატრიალების ორგანიზებაში. ისინი ამ პროცესებს უკავშირებენ ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს ან რუსეთის ინტერესებს. ფაშიანიანის მომხრეებმა გალსტანიანს მტკიცებულებების წარმოუდგენლად დასდეს ბრალი რუსეთის ჯაშუშობაში.

მთავარეპისკოპოსი, 53 წლის სასულიერო პირი, რომელიც კანადაში მსახურობდა და ორმაგი მოქალაქეობა აქვს, არ გამორიცხავს საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას, მაგრამ იქვე აღიარებს, რომ არის გარკვეული იურიდიული ზღუდე: პრემიერი ვერ იქნება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი.

რა არის, რაც ასე აწუხებს სომხეთის ოპოზიციას, გალსტანიანის ჩათვლით: ლაპარაკია ოთხ საზღვრისპირა ტერიტორიაზე, რომლების აზერბაიჯანისთვის გადაცემას დათანხმდა ფაშინიანი. იქ მდებარეობდა რამდენიმე მცირე აზერბაიჯანული სოფელი, რომლებიც სომხურმა ძალებმა დაიკავეს 1991-1992 წლებში. თავის მხრივ, აზერბაიჯანმა მიიტაცა თავუშის არეალის სოფლების კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო მიწები. ახლა, როცა სომხეთი და აზერბაიჯანი 19 აპრილს საზღვრების დადგენის გარშემო შეთანხმდნენ, ამ მიწების სომხეთისთვის დაბრუნებაზე ლაპარაკი არ ყოფილა და პრემიერის ოპონენტები თვლიან, რომ დათმობა ორმხრივი უნდა იყოს.

ჯერ კიდევ 12 მარტს, პრესასთან შეხვედრისას, ნიკოლ ფაშინიანი შეეხო ამ თემას და ბევრისთვის მოულოდნელად, ირიბად გამოხატა მზაობა სოფლების აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე.

„სომხეთის ტერიტორიაზე ასეთი დასახელების სოფლები არასოდეს ყოფილა. არა მხოლოდ საბჭოთა პერიოდში, არამედ საბჭოთა პერიოდის შემდეგაც“, - თქვა მან.

ჩემი კოლეგა ლუკა პერტაია თავის წერილში - „აზერბაიჯანი სომხეთს 4 სასაზღვრო სოფელს სთხოვს - ამაში ექცევა ერევანი-თბილისის გზაც“, წელს, 13 მარტს ამ თემაზე წერდა: „სადავო სოფლები ორი ძირითადი საკითხის გამოა მნიშვნელოვანი: ამ ტერიტორიის სიახლოვეს გადის თბილისისა და ერევნის დამაკავშირებელი ერთ-ერთი გზა. ეს გზა სადახლოს გამშვები პუნქტიდან მოემართება და დილიჟანს და სევანის ტბას გაივლის (მეორე გზა ქალაქ ალავერდსა და ვანაძორზე გადის). სომხეთს, რომელსაც აზერბაიჯანთანაც და თურქეთთანაც საზღვრები ჩაკეტილი აქვს, სასიცოცხლოდ სჭირდება დანარჩენ ორ მეზობელთან, საქართველოსა და ირანთან სატრანზიტო კავშირი. აქვე გადის ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის 1200მმ დიამეტრის მაგისტრალური გაზსადენი, რომელიც რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით აწვდის სომხეთს ბუნებრივ აირს (სომხეთს მეორე ასევე მნიშვნელოვანი გაზსადენით ირანიდან შემოაქვს გაზი)“.

ნიკოლ ფაშინიანმა 12 მარტს მორიგი ვრცელი პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საათის განმავლობაში ესაუბრა ჟურნალისტებს.
ნიკოლ ფაშინიანმა 12 მარტს მორიგი ვრცელი პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საათის განმავლობაში ესაუბრა ჟურნალისტებს.

ფაშინიანს თავისი ქვეყნისთვის მშვიდობა სურს. მისი აზრით, ცალმხრივი დათმობები საჭიროა, რათა შეწყდეს აზერბაიჯანის აგრესია სომხეთის მიმართ.

მისი ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ პირიქით, ბაქოს უფრო მეტად ეხსნება მადა, მეტი ტერიტორიები მოითხოვოს და ამისთვის ძალაც გამოიყენოს. მათ შორის არიან სომხეთის ორი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა მაღალი რანგის დიპლომატები, რომლებმაც ახლახან ასოციაცია შექმნეს.

ყოფილმა დიპლომატმა, ვაჰაგნ მელიქიანმა წარადგინა „საერთო-სომხური დიპლომატიური საბჭოს“ მიერ შედგენილი ანგარიში. მასში წერია, რომ ამ მიწების აზერბაიჯანისთვის გადაცემა უკანონოა. არა მხოლოდ უკანონო, ის ამავე დროს არის სახიფათო სომხეთისთვის, რადგან არ არსებობს რუკები და სხვა ორ მხარეს შორის შეთანხმებული მექანიზმები იმისთვის, რომ მოხდეს ორი სახელმწიფოს საზღვრების დელიმიტაცია. მელიქიანი უარყოფს ფაშინიანის მთავარ არგუმენტს ბაქოსა და ერევნის შეთანხმების გარშემო. ეს შეთანხმება, ფაშინიანის თანახმად, ეფუძნება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიერ 1991 წელს მიღებულ დეკლარაციას საბჭოთა პერიოდის საზღვრების შესახებ. მელიქიანი ამტკიცებს, რომ დეკლარაციაში არ არის მოყვანილი კონკრეტული წყაროები, რუკები, სადაც საზღვრები დეტალურად არის აღწერილი.

უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ორი ომი მოხდა მთიანი ყარაბაღის გამო. რეგიონი, რომელიც აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედის, დიდი ხნის განმავლობაში ძირითადად სომხური მოსახლეობით იყო დასახლებული.

2020 წელს აზერბაიჯანმა საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის ნაწილი და მის გარშემო მდებარე შვიდი რაიონი, რომლებსაც ასევე სომხები აკონტროლებდნენ 2020 წლამდე.

ამავე პერიოდში, რუსეთის მესაზღვრეები და სამხედროები სომხეთის მხარის თხოვნით განათავსეს სამხრეთ და აღმოსავლეთ სომხეთის რამდენიმე რეგიონში, კერძოდ, ტავუშის, სიუნიქის, ვაიოცძორის, გეღარქუნიქის, არარატის პროვინციებში. ახლა ასევე ერევნის თხოვნის საფუძველზე, ეს ძალები ამ არეალებს ტოვებენ და ისინი რჩებიან მხოლოდ სომხეთ-ირანის და სომხეთ-თურქეთის საზღვრებზე.

ფორუმი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG