Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევნის საპროტესტო აქციებზე დააკავეს 150-ზე მეტი ადამიანი


პოლიცია აკავებს დემონსტრანტს ერევანში. 2024 წლის 13 მაისი
პოლიცია აკავებს დემონსტრანტს ერევანში. 2024 წლის 13 მაისი

13 მაისს პოლიციამ დააკავა ერევნის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციის 151 მონაწილე. მათ სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის ბრალდება ადმინისტრაციული მუხლით წარედგინებათ. ამ ცნობას შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით სააგენტო news.am ავრცელებს.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ცდილობდნენ ქალაქის ქუჩების დაბლოკვას და სკანდირებდნენ ლოზუნგებს პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ. იუწყებიან, რომ პოლიციელები დემონსტრანტების დაკავებისას ძალას იყენებდნენ, დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც.

საპროტესტო აქციები ერევანში დაიწყო 9 მაისს, როცა ათიათასობით მოქალაქემ ქალაქის ცენტრში მოიყარა თავი, ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. მათი უმრავლესობა იყო მოძრაობის, "ტავუში სამშობლოს სახელით", მხარდამჭერი. მოძრაობის ლიდერია სომხეთის ეკლესიის ტავუშის ეპარქიის ხელმძღვანელი ბაგრატ გალსტანიანი.

აქციის მონაწილეები აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის შეთანხმებას აპროტესტებენ - ამ დოკუმენტით სომხეთი კონტროლს კარგავს ოთხ სოფელზე, რომლებიც საბჭოთა დროს აზერბაიჯანის ნაწილად ითვლებოდა, თუმცა 1990-იანი წლებიდან სომხეთი აკონტროლებდა.

სასაზღვრო შეთანხმებას მიესალმნენ აშშ და ევროკავშირი, ასევე - ფაშინიანი, რომელსაც ოპოზიცია ტერიტორიის ყოველგვარი გარანტიების გარეშე დათმობაში სდებს ბრალს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG