სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებზე კვლავაც აზრთა სხვადასხვაობაა ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმების საკვანძო საკითხების შესახებ, განაცხადეს 11 მაისს სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ორ მხარეს შორის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვი ორი დღის განმავლობაში მართავდნენ მოლაპარაკებებს ყაზახეთის ქალაქ ალმატიში.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, „მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მოლაპარაკებები ღიად დარჩენილ საკითხებზე, რომლებშიც ჯერ კიდევ არის აზრთა სხვადასხვაობა“.
განცხადებაში არ არის დაზუსტებული, რა საკითხებზეა ლაპარაკი. განცხადებიდან არც ის ჩანს, არის თუ არა რაიმე წინსვლა სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისკენ მიმავალ გზაზე.
დეტალებზე არ არის ლაპარაკი არც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მასში მხოლოდ ნათქვამია, რომ „მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ მოლაპარაკებები იმ საკითხებზე, რომლებშიც ჯერ კიდევ არის აზრთა სხვადასხვაობა“.
მოლაპარაკებების ფონია მზარდი საპროტესტო გამოსვლები ერევანში, რომლებიც მიმართულია დემარკაციის შესახებ შეთანხმების წინააღმდეგ. მისი მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.
ბაქო ცდილობს გაამყაროს შარშანდელი ელვისებური იერიშით მოპოვებული მიღწევები, რათა დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში აკონტროლებდნენ ეთნიკური სომხები.
ფორუმი