Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტი მხარს უჭერს სომხეთისთვის ევროკავშირის კანდიდატობის მინიჭებას


სომხეთის თაობაზე ევროპარლამენტის რეზოლუციის კენჭისყრის შედეგები. სტრასბურგი, 13 მარტი, 2024.
სომხეთის თაობაზე ევროპარლამენტის რეზოლუციის კენჭისყრის შედეგები. სტრასბურგი, 13 მარტი, 2024.

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც შეიცავს წინადადებას, განხილულ იქნეს სომხეთისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

დოკუმენტში, რომელიც არ არის სავალდებულო ხასიათის, ნახსენებია, რომ რუსეთი კვლავაც სერიოზულ გავლენას ახდენს სომხეთის ეკონომიკაზე, ამიტომ ერევანმა ყურადღება უნდა მიაქციოს მოსკოვის მიმართ ევროკავშირის სანქციების შესაძლო გვერდის ავლას.

ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა ევროპულ კომპანიებსა და ინვესტორებს, გაამყარონ სომხეთთან ეკონომიკური კავშირები და სავაჭრო ურთიერთობები. გარდა ამისა, რეზოლუციის ავტორები გამოდიან მოწოდებით, დაკმაყოფილდეს ერევნის თხოვნა, რომ დახმარება აღმოუჩინონ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ უკანასკნელ წლებში სომხეთში სერიოზული პოლიტიკური ცვლილებები მოხდა და მთავრობამ საკუთარ თავზე აიღო დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობის უზრუნველყოფა.

დოკუმენტში ნახსენებია სომხეთის განცხადება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) მონაწილეობის გაყინვის შესახებ. ავტორები აღიარებენ, რომ ამგვარად ქვეყანა ცდილობს შეამციროს რუსეთზე თავისი დამოკიდებულება.

რეზოლუციაში ასევე ნახსენებია სომხების მასობრივი წასვლა ყარაბაღიდან (ყოფილი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკიდან) მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა შარშან სექტემბერში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა. ევროპარლამენტმა განაცხადა, რომ აქტიურად უჭერს მხარს ბაქოსა და ერევანს შორის მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ ძალისხმევას ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვით.

დეპუტატებმა იუნესკოს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ყარაბაღში სომხური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და დაცვისთვის.

ევროპარლამენტის რეზოლუცია მიღებულია მოსკოვის მიმართ ერევნის კრიტიკული განცხადებების ფონზე. კერძოდ, სომხეთმა გაფრთხილება გამოთქვა ОДКБ-ში მონაწილეობის შესაძლო გაყინვის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ რამდენიმე კვირის წინ მოსკოვმა „სომხეთის მოსახლეობას ღიად მოუწოდა ხელისუფლების ჩამოგდებისკენ“.

გარდა ამისა, სომხეთმა რუსეთი გააფრთხილა ერევნის აეროპორტ ზვარტნოციდან რუსეთის მესაზღვრეების მოახლოებული გაყვანის თაობაზე.

თავის მხრივ მოსკოვმა ერევნის განცხადებებს კონტრპროდუქტიული რიტორიკა უწოდა და დასავლეთის ქვეყნებს სომხეთზე ზეწოლაში დასდო ბრალი.

ამასთან, დასავლეთის ქვეყნები რუსეთს ბრალს სდებენ მესამე ქვეყნების, მათ შორის სომხეთის გზით სანქციებისთვის გვერდის ავლაში. მედიის თანახმად, სომხეთი მოსკოვისთვის სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთ მსხვილ „ჰაბად“ იქცა.

XS
SM
MD
LG