ამ ფონზე ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ცნობები იმის შესახებ, რომ „ვაგნერის“ რეკრუტთა შემკრები ოფისების დახურვის მიუხედავად, კერძო სამხედრო კომპანია ისევ აგრძელებს მოქალაქეთა გადაბირებას.
თავად პრიგოჟინმა კი ჩაწერა ხმოვანი მიმართვა, რომელშიც უკრაინის ფრონტზე „ახალი გამარჯვებების“ პირობას დებს.
კიდევ ერთი საყურადღებო დეტალია ის, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინს დაუბრუნეს შეიარაღებული ამბოხების საქმეზე ჩხრეკისას ამოღებული ფული და ოქრო.
„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ჟურნალისტები დაუკავშირდნენ პრიგოჟინის მიერ რეკრუტირების კომპანიაზე პასუხისმგებლად დანიშნულ პირებს იმის გასარკვევად, ნამდვილად შეჩერებულია თუ არა „ვაგნერის“ რიგებში დაქირავებულთა მიღება.
დაქირავებულთა რეკრუტირება გრძელდება
არშემდგარი ამბოხის შემდეგ ბელარუსში გადასვლისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილეობის დროებით შეწყვეტის შემდეგ, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ ოფიციალურად შეჩერებულად გამოაცხადა დაქირავებულთა რეკრუტირების კამპანია. ამასთან, რეკრუტირების ე.წ. ქოლ-ცენტრები, როგორც გაირკვა, კვლავ აგრძელებენ საქმიანობას.
„ნასტოიაშჩეე ვრემია“ 3 ივლისს დაუკავშირდა კერძო სამხედრო კომპანია (კსკ) „ვაგნერის“ დაქირავებულთა რეკრუტირების ცენტრში მითითებულ ერთ-ერთ ნომერს.
იქ გვითხრეს, რომ მიმღები პუნქტები ერთი თვით დაიხურა, მაგრამ მსურველთა მიღება გრძელდება. თანაც, რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, მოლკინოში (კრასნოდარის მხარე), რომელიც 2014 წლიდან ითვლება კერძო სამხედრო კომპანიის ერთ-ერთ მთავარ ბაზად.
„ქოლ-ცენტრში“, პირველ რიგში, ჟურნალისტს აცნობეს, რომ „ვაგნერში“ მოხვედრა მხოლოდ პირადი გამოცხადებით შეიძლება: „თქვენ არ გზავნით არანაირ განაცხადს, მიდიხართ ჩვენს ბაზაზე, გაგესაუბრებიან, გაივლით სამედიცინო შემოწმებას. და თუ შესაფერისი ხართ, მაშინ მოეწყობით სამსახურში. აქ ჩვენ შარახვეტიების კანტორა კი არ გვაქვს, რომელსაც რეზიუმეს გაუგზავნი ინტერნეტით და მიიღებ პასუხს - ხარ შესაფერისი თუ არა“.
მოლკინო ერთადერთი ადგილია, სადაც ამ შემოწმებისა და შესარჩევი პროცედურის გავლა შეიძლება, განაგრძობს თანამოსაუბრე: „მიმღები პუნქტები ერთი თვით დახურა. თუ გსურთ ჩვენთან სამუშაოზე მოწყობა, ჩვენ ვიმყოფებით კრასნოდარის მხარეში, ხუტორ მოლკინოში. ეს არის ჩვენი ძირითადი ბაზა.
აუცილებელია დოკუმენტების ჩამონათვალის შეგროვება. უნდა წამოიღოთ პასპორტი, თუ ის საზღვარგარეთულია და სამხედრო ბილეთი. უნდა გქონდეთ სამედიცინო სადაზღვევო პოლისი, სტომატოლოგის ცნობა კბილების სანაციაზე, ნასამართლობის შესახებ ცნობა, ფსიქონარკოდისპანსერის ცნობა და არანაირი კავშირი არ უნდა გქონდეთ სოციალურ ქსელებთან. ამ დოკუმენტებით შეგიძლიათ მოგვმართოთ“.
„კსკ-ცენტრისა“ და „ტროლების ფაბრიკის“ დახურვა
ივლისში რუსეთში დაიხურა მედიაჯგუფი, რომელსაც ევგენი პრიგოჟინი აკონტროლებდა. ეს, როგორც ჩანს, პრიგოჟინის და მისი გასამხედროებული ჯგუფის, „ვაგნერის“, მეომრების მიერ 24 ივნისს მოწყობილ მოკლე შეიარაღებულ ამბოხებაზე პასუხია.
ირღვევა ასევე ევგენის პროგოჟინის მიერ შექმნილი მედიაიმპერიაც. მათ შორის მთავარი მედიააქტივი - ჰოლდინგი „პატრიოტი“, რომელშიც შედის ათეულობით მედიაორგანიზაცია.
პრიგოჟინის ვებსაიტის, RIA FAN-ის ხელმძღვანელმა ევგენი ზუბარევმა 1 ივლისს, გვიან, გამოაცხადა, რომ კომპანია იხურება, თუმცა ამის მიზეზი არ დაუკონკრეტებია.
სანქტ-პეტერბურგში გამომავალმა, პრიგოჟინის მიერ კონტროლირებულმა გაზეთმა Nevskiye novosti-მაც გამოაცხადა, რომ წყვეტს არსებობას.
გაზეთი Kommersant-ი 30 ივნისს იუწყებოდა, რომ რუსეთის მარეგულირებელმა ორგანომ, „როსკომნადზორმა“, მიზეზის გამოუცხადებლად დაბლოკა პრიგოჟინის მედიის ვებსაიტები.
RIA FAN-ის გენერალურმა დირექტორმა ევგენი ზუბარევმა თავის გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ მედიაჰოლდინგი და „ტროლების ფაბრიკა“ დაარსდა 2009 წელს და 10 წელიწადზე მეტი ხანი ებრძოდა „ნავალნის მიმდევრებს“ .
კომპანია „კონკორდის“ მიერ რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული თანხები
ევგენი პრიგოჟინის არშემდგარი სამხედრო პუტჩიდან 3 დღეში რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ მთლიანად სახელმწიფოს მიერ ფინანსდებოდა.
2022 წლის მაისიდან 2023 წლის მაისამდე, პუტინის თანახმად, „ვაგნერის“ მფლობელმა - ევგენი პრიგოჟინის კომპანია „კონკორდმა“ – „ვოენტორგის“ მეშვეობით ერთი წლის განმავლობაში 80 მილიარდი რუბლის მოგება ნახა სამხედროების საკვებით მომარაგების გზით. ამასთან, 110 მილიარდ რუბლზე მეტი დაიხარჯა სადაზღვევო გადასახადებზე, თქვა პუტინმა.
კიდევ უფრო შთამბეჭდავი რიცხვი დაასახელა კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა, დმიტრი კისელიოვმა.
ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის მიერ დაარსებულმა გასამხედროებულმა ჯგუფმა, "ვაგნერმა", სახელმწიფო კონტრაქტებით თითქმის 860 მილიარდი რუბლი მიიღო, - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო არხის, "როსია-1-ის" წამყვანმა დმიტრი კისელიოვმა.
ამასთან უცნობია, თუ რა წყაროებით სარგებლობს კისელიოვი, და რა პერიოდის განმავლობაში მიიღო პრიგოჟინმა ასეთი მოგება.
მიუხედავად სახელმწიფოსა და რუსული მედიის მიერ პრიგოჟინის წინააღმდეგ გაჩაღებული ფართო კამპანიისა, რუსული სოციოლოგიური კვლევის კომპანია Russian Field-ის თანახმად, პუტჩის შემდეგაც კი, რუსეთის ყოველი მესამე მოქალაქე მზად არის მხარი დაუჭიროს პრიგოჟინს.
„ლევადა ცენტრის“ კვლევის თანახმად, რომელიც 22-28 ივნისს ჩატარდა, 24 ივნისის "სამართლიანობის მარშის" დასრულების შემდეგ ევგენი პრიგოჟინის საქმიანობას უფრო ხშირად დადებითად აფასებენ 30-დან 44 წლამდე მამაკაცები და ტელეგრამის არხების მკითხველები - ჯამში გამოკითხულთა 29%. 39%-მა განაცხადა, რომ მათი დამოკიდებულება „ვაგნერის“ დამფუძნებლის მიმართ უარყოფითია. გამოკითხვა ჩატარდა ტელეფონით, სოციოლოგების კითხვებს 1599-მა რუსმა უპასუხა.
სოციოლოგებმა ასევე აღწერეს პრიგოჟინის მიმართ საზოგადოების განწყობის დინამიკა. ამბოხის დაწყებამდე რუსები მას (პრიგოჟინს) „სიმართლისთვის მებრძოლად"," ნამდვილ ლიდერად"," პატრიოტად" და "ძლევამოსილ გენერლად“ მიიჩნევდნენ, შემდეგ კი მისი პერსონის აღწერაში იმძლავრა უარყოფითმა შეფასებებმა: "მან მოაწყო ამბოხი“, „გაილაშქრა რუსეთის წინააღმდეგ", „მიილტვის ძალაუფლებისკენ", - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
- 23 ივნისს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების წინააღმდეგ დაიწყო „სამართლიანობის მარში“.
- რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.
- 24 ივნისს, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ კონტროლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებიან.
- რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ამბოხება, ღალატი და ზურგიდან დარტყმა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
- რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.
- 24 ივნისს ღამით, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებიან, თუმცა, იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, უკან ბრუნდებიან „საველე ბანაკებში“.
- პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ავტორიტარი მმართველის, ლუკაშენკას ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.
- 24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და ის ბელარუსში წავა.
- 27 ივნისს ფსბ-მ გამოაცხადა, რომ შეწყდა „ვაგნერის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც კერძო სამხედრო კომპანიის მიერ მოსკოვის მიმართულებით განხორციელებული რეიდის შემდეგ აღიძრა. საქმის დახურვის პირობა კრემლმა დადო ევგენი პრიგოჟინთან შეთანხმების ფარგლებში. ფსბ-ს თანახმად, უსაფრთხოების სამსახურმა „დაადგინა, რომ ამბოხების მონაწილეებმა შეწყვიტეს ქმედებები, რომლებიც უშუალოდ იყო მიმართული პირდაპირ დანაშაულის ჩადენისკენ“.