კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინს დაუბრუნეს შეიარაღებული ამბოხების საქმეზე ჩხრეკისას ამოღებული ფული და ოქრო. ამის შესახებ გამოცემა „ფონტანკა“ იუწყება უსახელო წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის თანახმად, თავდაპირველად არ აპირებდნენ პრიგოჟინისთვის ჩამორთმეული 10 მილიარდი რუბლის, ასობით ათასი დოლარისა და 5 ზოდი ოქროს დაბრუნებას. თუმცა, კვირას საღამოს მას მთელი ფული და ძვირფასეულობა დაუბრუნეს. „ფონტანკის“ თანახმად, გადაცემას თავად პრიგოჟინი არ ესწრებოდა, ბიზნესმენის ნაცვლად ადგილზე გამოცხადდა მისი მძღოლი მინდობილობით. წინასწარი მონაცემებით, შაბათ-კვირას პრიგოჟინი მოსკოვში იმყოფებოდა.
მანამდე „ფონტანკა“ წერდა, რომ სანქტ-პეტერბურგში, სასტუმრო Trezzini-ის უკანა ეზოში, სასტუმროსი, რომელიც ევგენი პრიგოჟინის ოფისად ითვლება, 4 მილიარდი რუბლი აღმოაჩინეს ავტომობილ „გაზელში“, ცოტა მოგვიანებით კი, სასტუმრო River Palace Hotel-ის მიწისქვეშა პარკინგზე მინივენში აღმოაჩინეს კიდევ 6 მილიარდი. „ვაგნერის“ დამფუძნებლის ოფისიდან ოქრო და ვალუტა ამოიღეს. თავად პრიგოჟინმა თქვა, რომ ეს იყო ფული „ვაგნერის“ მებრძოლების ხელფასებისთვის და დაღუპულთა ნათესავების გადასახადებისთვის.
27 ივნისს ფსბ-მ გამოაცხადა, რომ შეწყდა „ვაგნერის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც კერძო სამხედრო კომპანიის მიერ მოსკოვის მიმართულებით განხორციელებული რეიდის შემდეგ აღიძრა. საქმის დახურვის პირობა კრემლმა დადო ევგენი პრიგოჟინთან შეთანხმების ფარგლებში. ფსბ-ს თანახმად, უსაფრთხოების სამსახურმა „დაადგინა, რომ ამბოხების მონაწილეებმა შეწყვიტეს ქმედებები, რომლებიც უშუალოდ იყო მიმართული პირდაპირ დანაშაულის ჩადენისკენ“.
- 23 ივნისს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების წინააღმდეგ დაიწყო „სამართლიანობის მარში“.
- რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.
- 24 ივნისს, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ კონტროლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებიან.
- რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ამბოხება, ღალატი და ზურგიდან დარტყმა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
- რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.
- 24 ივნისს ღამით, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებიან, თუმცა, იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, უკან ბრუნდებიან „საველე ბანაკებში“.
- პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ავტორიტარი მმართველის, ლუკაშენკას ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.
- 24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და ის ბელარუსში წავა.
- 26 ივნისის ინფორმაციით, ამბოხის საქმეზე აღძრული საქმე არ იყო შეწყვეტილი.