Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის თქმით, „ვაგნერს“ მთლიანად სახელმწიფო აფინანსებდა


რუსეთის ხელისუფლება არაერთხელ აცხადებდა, რომ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" არანაირი კავშირი არა აქვს სახელმწიფოსთან.
რუსეთის ხელისუფლება არაერთხელ აცხადებდა, რომ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" არანაირი კავშირი არა აქვს სახელმწიფოსთან.

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ მთლიანად სახელმწიფოს მიერ ფინანსდებოდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა კრემლში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრაზე. მისი თქმით, 2022 წლის მაისიდან 2023 წლის მაისამდე „ვაგნერმა“ რუსეთის ხელისუფლებისგან 86 მილიარდ რუბლზე მეტი მიიღო. თანხა დაქირავებულთა შენახვისთვის გამოიყოფოდა.

გარდა ამისა, პუტინმა თქვა, რომ „ვაგნერის“ მფლობელმა - ევგენი პრიგოჟინის კომპანია „კონკორდმა“ – „ვოენტორგის“ მეშვეობით ერთი წლის განმავლობაში 80 მილიარდი რუბლი მოგება ნახა სამხედროების საკვებით მომარაგების გზით. ამასთან, 110 მილიარდ რუბლზე მეტი დაიხარჯა სადაზღვევო გადასახადებზე, თქვა პუტინმა.

”იმედი მაქვს, რომ არავის არაფერი მოუპარავს ან ცოტა მოიპარა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავუმკლავდებით“, - დასძინა პუტინმა.

„ვაგნერი“არაოფიციალური გასამხედროებული ფორმირებაა. რუსეთის ხელისუფლება არაერთხელ აცხადებდა, რომ მას არანაირი კავშირი არა აქვს სახელმწიფოსთან და არ არის სამხედრო უწყებათა ბალანსზე.

პრიგოჟინი დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდა „ვაგნერთან“ კავშირს. მაგრამ გასული წლის სექტემბერში ბიზნესმენმა თქვა, რომ მან შექმნა ეს კერძო სამხედრო კომპანია.

იანვარში პრიგოჟინმა თქვა, რომ ის თავად იყო ჩართული კომპანიის დაფინანსებაში. ბიზნესმენის თქმით, უკრაინასთან მთელი ომის განმავლობაში, მის დაქირავებულ მებრძოლებს სახელმწიფოსგან დაფინანსება არ მიუღიათ.

24 ივნისის ღამეს ვაგნერელებმა აღმოსავლეთ უკრაინაში თავიანთი ბაზებიდან პრაქტიკულად წინააღმდეგობის გარეშე გაიარეს როსტოვის ოლქამდე, სადაც უბრძოლველად აიღეს დონის როსტოვი, რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი და რუსული არმიის ერთ-ერთი მთავარი შტაბი. მოგვიანებით მათ მოახერხეს რუსი სამხედროების დაბლოკვა კიდევ ერთ მილიონიან ქალაქში, ვორონეჟში.

ფედერალური ჯარები რეალური თავდაცვის პირველ ხაზებს, როგორც 24 ივნისს იტყობინებოდნენ, ამზადებდნენ მდინარე ოკის ნაპირებზე, უკვე მოსკოვის ოლქში, როსტოვიდან ათასი კილომეტრის დაშორებით.

აჯანყება შეწყდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინთან მოლაპარაკების შემდეგ. მას მისცეს ბელარუსში გამგზავრების გარანტიები.

აჯანყების დროს „ვაგნერის“ მებრძოლებმა ჩამოაგდეს რამდენიმე ვერტმფრენი და რუსული არმიის თვითმფრინავი. დაიღუპა 13 პილოტი.

XS
SM
MD
LG