Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსების თითქმის მესამედი განაგრძობს პრიგოჟინის მხარდაჭერას - გამოკითხვა


ევგენი პრიგოჟინთან ბევრი მოქალაქე იღებდა სურათს როსტოვის ქუჩებში.
ევგენი პრიგოჟინთან ბევრი მოქალაქე იღებდა სურათს როსტოვის ქუჩებში.

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინისადმი დადებითი დამოკიდებულების რეიტინგი მისი ამბოხის შემდეგ განახევრდა, მაგრამ მაინც საკმაოდ მაღალ დონეზე რჩება.

„ლევადა ცენტრის“ კვლევის თანახმად, რომელიც 22-28 ივნისს ჩატარდა, გამოკითხულთა 58 პროცენტმა ამბოხის დაწყებამდე პრიგოჟინის საქმიანობისადმი დადებითი დამოკიდებულება გამოხატა. ე.წ. "სამართლიანობის მარშის" დასრულების შემდეგ კი, გამოკითხულთა 29 პროცენტმა თქვა, რომ პოზიტიურად ეკიდებიან „ვაგნერის“ ხელმძღვანელის საქმიანობას.

სოციოლოგებმა ასევე აღწერეს პრიგოჟინის მიმართ საზოგადოების განწყობის დინამიკა. ამბოხის დაწყებამდე რუსები მას (პრიგოჟინს) „სიმართლისთვის მებრძოლად"," ნამდვილ ლიდერად"," პატრიოტად" და "ძლევამოსილ გენერლად“ მიიჩნევდნენ, შემდეგ კი მისი პერსონის აღწერაში იმძლავრა უარყოფითმა შეფასებებმა: "მან მოაწყო ამბოხი“, „გაილაშქრა რუსეთის წინააღმდეგ"," მიილტვის ძალაუფლებისკენ", - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

ამბოხის შემდეგ ასევე შემცირდა თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს საქმიანობის მხარდაჭერის მაჩვენებელი (რომელიც ევგენი პრიგოჟინმა „ვაგნერის“ ბანაკების დაბომბვაში დაადანაშაულა), თუმცა მინისტრის რეიტინგის ვარდნა არც ისე მნიშვნელოვანია - პრიგოჟინის პუტჩამდე ერთი კვირით ადრე გამოკითხულთა 60% იყო დადებითად განწყობილი მისი საქმიანობისადმი, ხოლო შემდეგ ეს მაჩვენებელია 48%.

ამავე დროს, ამბოხს პრაქტიკულად არანაირი გავლენა არ მოუხდენია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეიტინგზე - 22-23 ივნისს მას მხარს უჭერდა რუსების 81%, ამბოხის დღეს – 79%, ხოლო 25-28 ივნისს - 82%.

  • 23 ივნისს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების წინააღმდეგ დაიწყო „სამართლიანობის მარში“.
  • 24 ივნისის ღამეს „ვაგნერელებმა“ აღმოსავლეთ უკრაინაში თავიანთი ბაზებიდან პრაქტიკულად წინააღმდეგობის გარეშე გაიარეს როსტოვის ოლქამდე, სადაც უბრძოლველად აიღეს დონის როსტოვი, რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი და რუსული არმიის ერთ-ერთი მთავარი შტაბი. მოგვიანებით მათ მოახერხეს რუსი სამხედროების დაბლოკვა კიდევ ერთ მილიონიან ქალაქში, ვორონეჟში.
  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ამბოხება, ღალატი და ზურგიდან დარტყმა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
  • აჯანყება შეწყდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინთან მოლაპარაკების შემდეგ. მას ბელარუსში გამგზავრების გარანტიები მისცეს.
XS
SM
MD
LG