9 თებერვალს უკრაინის ლიდერთან შეხვედრის დროს ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ მთლიანად უჭერს მხარს პრეზიდენტ ზელენსკის მიერ შემუშავებულ „მშვიდობის ფორმულას“. ხოლო ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ, ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ უკრაინას შორი მოქმედების საზენიტო სისტემები და საბრძოლო თვითმფრინავები.
სწორედ მძიმე საბრძოლო ტექნიკა და თვითმფრინავებია ის დეფიციტური შეიარაღება, რაც გადაუდებლად ესაჭიროება უკრაინის არმიას იმისათვის, რომ მოიგერიოს რუსეთის შეტევები, გადავიდეს კონტრშეტევაზე და რეალობად აქციოს პრეზიდენტ ზელენსკის მიერ 2022 წლის 15 ნოემბერს შემუშავებული უკრაინის 10-პუნქტიანი „მშვიდობის ფორმულა“, რომლის საკვანძო წინადადებას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმოადგენს.
მშვიდობამდე უკრაინაში ჯერ შორია.
ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპულ ტურნეს დაემთხვა რუსეთის ახალი შეტევა ლუგანსკის ოლქში. ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, რუსეთის არმიამ ინიციატივა დაიბრუნა უკრაინის ლუგანსკის ოლქში და გარკვეული წარმატება აქვს ლუგანსკისა და ხარკოვის ოლქების საზღვართან მდებარე სვატოვო-კრემენაიას მიმართულებით, რამდენიმე პატარა დასახლებულ პუნქტში.
ზელენსკის ტურნეს ორი მთავარი მიზანი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონსა და პარიზში ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან მოლაპარაკებების შემდეგ 9 თებერვალს ბრიუსელში ჩავიდა, სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას იღებს ევროკავშირის სამიტში. რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის შემდეგ ევროპის კონტინენტზე თავისი პირველი ტურნეს განმავლობაში უკრაინის ლიდერი ორ მთავარ მიზანს ისახავს: დაითანხმოს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები, რომ გადაწყვიტონ უკრაინისათვის შორი მოქმედების სარაკეტო სისტემებისა და ავიაგამანადგურებლების გადაცემის საკითხი და მიაღწიოს მათ თანხმობას ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების თაობაზე.
8 თებერვალს პარიზში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია ომში გასამარჯვებლად ჰქონდეს საფრანგეთის და მისი მოკავშირეების იმედი. იგივე გაიმეორა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც. მაგრამ ავიაგამანადგურებლებისა და მძიმე საბრძოლო ტექნიკის გადაცემის შესახებ პარიზში არაფერი თქმულა, თუმცა „ყინული დაძრულია“.
ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტამდე, 30 იანვარს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ, საფრანგეთი არ გამორიცხავს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნას.
მაკრონის თანახმად, ერთ-ერთი პირობა ისაა, რომ უკრაინამ საბრძოლო თვითმფრინავები ოფიციალურად უნდა მოითხოვოს, რაც მან უკვე გააკეთა.
პარიზში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადასცენ მძიმე საბრძოლო ტექნიკა და თვითმფრინავები. „რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს, მით უფრო სწრაფად დასრულდება რუსეთის აგრესია და ევროპაში მშვიდობა დაბრუნდება“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერთან შესახვედრად პარიზში ჩავიდა ლონდონიდან, სადაც 8 თებერვალს მოლაპარაკება გამართა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტს სიტყვით მიმართა და მეფე ჩარლზ მესამეს შეხვდა.
„ბრიტანეთში პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტი ადასტურებს მისი ქვეყნის გამბედაობას, მიზანსწრაფვას და ბრძოლას. და ადასტურებს ჩვენი ქვეყნების ურყევ მეგობრობას“, - განაცხადა რიში სუნაკმა ზელენსკის ვიზიტთან დაკავშირებით.
შეხვედრის წინ ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინელ სამხედროებს ნატოს სტანდარტების ავიაგამანადგურებლებზე საწვრთნელი კურსის გავლას შესთავაზებენ. აღსანიშნავია, რომ უკრაინელი არტილერისტები და ტანკისტები უკვე გადიან მოსამზადებელ კურსს დიდ ბრიტანეთში.
„დადებითი გადაწყვეტილებები“, რაც სჯობს, რომ არ იცოდეს რუსეთმა
ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო დახმარების გარდა, ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„გზა ევროკავშირისკენ, უკრაინისათვის ეს არის გზა შინისკენ. და რუსეთს სურს, რომ ეს გზა გაანადგუროს ტოტალური ომით, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ. უკრაინა ამ ომში იმარჯვებს და ის აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტისადმი მიმართვისას.
უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შარშან ივლისში მიანიჭეს.
ევროკავშირის ხელმძღვანელების თანახმად, გაზაფხულზე წარმოადგენენ უკრაინის შესახებ შუალედურ ანგარიშს და შემდგომ უკვე, შემოდგომაზე, საბოლოო ანგარიში იქნება განხილული.
მაგრამ, როგორც ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა წინ მიდის ევროკავშირთან მჭიდროდ თანამშრომლობის გზაზე, ეს პროცესი ეტაპობრივია და თითოეული ქვეყანა თვითონ ირჩევს ტემპს, როგორ გაატაროს რეფორმები.
„გზა მშვიდობის, რეკონსტრუქციისა და წევრობისკენ იქნება გრძელი“... - აღნიშნა მიშელმა და დაჰპირდა უკრაინის პრეზიდენტს: „ჩვენ თქვენთან ვიქნებით ყოველ ნაბიჯზე“.
ევროკავშირის საკანონმდებლო და აღმასრულებელი სტრუქტურების ლიდერები ეთანხმებიან უკრაინის პრეზიდენტის იმ მოსაზრებას, რომ უკრაინას, რომელიც რუსეთის აგრესიისგან ევროპასაც იცავს, სასწრაფოდ სჭირდება მეტი მძიმე შეიარაღება.
„ევროკავშირის ქვეყნებმა სწრაფად უნდა განიხილონ, როგორც შემდეგი ნაბიჯი, იმ სისტემების მიწოდება, რომელიც გჭირდებათ თავისუფლების დასაცავად. ჩვენი პასუხი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს და ეს საფრთხე რეალურია“, - განაცხადა 9 თებერვალს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ.
ამ საკითხს განიხილავენ ევროკავშირის სამიტზეც, რომელშიც მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტიც იღებს საპატიო სტუმრის სტატუსით.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა კმაყოფილი სამხედრო დახმარებით, მან თქვა, რომ არ აქვს უფლება, ევროპაში მოგზაურობიდან უშედეგოდ დაბრუნდეს. მისი თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა შეხვედრა შედეგით დასრულდეს. და ეს არ არის ცინიზმი, ეს პრაგმატიზმია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ მას კონკრეტულად დაჰპირდნენ მოთხოვნილი გამანადგურებლების მიწოდებას, მაგრამ აღნიშნა, რომ იყო შეთანხმებები, რაზეც ახლა არ ლაპარაკობენ.
„გამანადგურებლების მხრივ არის გარკვეული პოზიტიური გადაწყვეტილებები, რაც კულისებს მიღმა დარჩა. არ გვსურს, რომ სრულად მოვამზადოთ რუსეთის ფედერაცია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 თებერვალს ევროპარლამენტში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
როგორც „უკრაინსკა პრავდა“ წერს, უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინისათვის შორი მოქმედების იარაღისა და გამანადგურებლების მიწოდების საკითხი უკვე გადაწყვეტილია და საზოგადოებას დეტალების მიწოდებას დაჰპირდა.
მაგრამ მალევე ერმაკმა წინა მესიჯი შეცვალა სხვა რედაქციით: „როგორც ჩანს, უკრაინისათვის შორი მოქმედების იარაღისა და გამანადგურებლების მიწოდების საკითხი, შესაძლებელია, რომ გადაწყდეს“, - დაწერა ტელეგრამში ანდრი ერმაკმა.
უკრაინისათვის დასავლური ავიაგამანადგურებლების მიწოდება გააძლიერებს უკრაინის არმიის შეტევით პოტენციალს და რეალურად შეცვლის ომის სურათს უკრაინაში, რაც მოსვენებას უკარგავს რუსეთის ლიდერებს.
კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა 9 თებერვალს განაცხადა, რომ დასავლეთიდან გამანადგურებლების ნებისმიერი მიწოდება უკრაინისთვის ნიშნავს ნატოს ქვეყნების უფრო „პირდაპირ“ როლს ომში და ეს მხოლოდ გაზრდის დაძაბულობას და მეტ ტკივილსა და ტანჯვას მოუტანს უკრაინელებს. „ეს სხვა არაფერია, თუ არა გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის მზარდი ჩართულობა რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტში“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ევროპაში ზელენსკის წარმატებული ტურნეს ფონზე, რუსეთის სარდლობა ყოველმხრივ ცდილობს უკრაინის ფრონტზე გარდატეხის შეტანას და ინიციატივის დაბრუნებას.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ სრული კონტროლის დამყარებას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე და ამ მიზნით, ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვთ შეტევებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით, სადაც აქტიურად იყენებენ ავიაციასაც.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, რუსეთმა ინიციატივა დაიბრუნა უკრაინის ლუგანსკის ოლქში და მორიგი მასშტაბური შეტევა დაიწყო. ამერიკელი ექსპერტების შეფასება ეფუძნება ღია წყაროებით გავრცელებული ცნობების ანალიზს.
რუსული ძალების შეტევა მიმდინარეობს ლუგანსკისა და ხარკოვის ოლქების საზღვართან მდებარე სვატოვო-კრემენაიას მონაკვეთზე, სადაც მათი აქტივობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იმატებდა. ოპერაციაში ჩართულია რუსეთის არმიის სულ მცირე სამი დივიზია.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინელი ჯარისკაცები იგერიებენ იერიშებს და მოწინააღმდეგეს დიდ ზიანს აყენებენ.