ჯერ მხოლოდ ამ ორი გადაწყვეტილებით, რომელიც ოფიციალურად უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის 45-ე დაბადების დღეზე გახდა საჯარო, უკრაინის საბრძოლო არსენალს 45 ტანკი ემატება; სხვა ქვეყნებთან ერთად კი, მოელიან, რომ უკრაინა, პირველ ეტაპზე, 100-ზე მეტ ტანკს მიიღებს.
ბერლინის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო ევროპელი მოკავშირეებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ, ბოლო პერიოდში, სწორედ გერმანიის ყოყმანი აფერხებდა უკრაინისთვის ტანკების გადაცემის საკითხს - ისინი ბერლინის თანხმობას ელოდებოდნენ.
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ტანკები უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. "სატანკო გარღვევის" შემდეგ, უკრაინაში მიანიშნებენ, რომ ახლა უკვე საბრძოლო თვითმფრინავების ჯერი დგება.
31 ამერიკული ტანკი
საგანგებო ბრიფინგზე, როცა უკრაინისთვის Abrams-ის ტიპის ამერიკული ტანკების გადაცემის გადაწყვეტილება გამოაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დილით „ხანგრძლივი სუბარი“ ჰქონდა გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და იტალიის ლიდერებთან და სრულად დარწმუნებულია, რომ ევროპა და ამერიკა მტკიცე ერთიანობას ინარჩუნებენ.
პრეზიდენტი ბაიდენი განსაკუთრებულ მადლობას უხდის გერმანიის კანცლერს და ამატებს, რომ უკრაინისთვის ტანკების გადაცემა უკრაინის თავდაცვისთვის არის გამიზნული და არა რუსეთის წინააღმდეგ, რადგან „დღესვე დასრულდება ეს ომი, რუსული ჯარი რუსეთში რომ დაბრუნდეს“.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკული ტანკების უკრაინისთვის გადაცემას გარკვეული დრო დასჭირდება, ვიდრე უკრაინელი სამხედროები გაივლიან სპეციალურ წვრთნას და ასევე მოხდება ამ შეიარაღების საიმედო ინტეგრირება ბრძოლის ველზე.
გერმანიის დაგვიანებული გადაწყვეტილება
„რამშტაინის ფორმატის“ მე-8 შეხვედრის ფარგლებში, 20 იანვარს, უკრაინისთვის ტანკების გადაცემის გადაწყვეტილება გერმანიის უარის გამო შეფერხდა; 5 დღის შემდეგ კი, ბერლინის პოზიცია შეიცვალა.
25 იანვარს, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ბუნდესტაგში, კანონმდებლების წინაშე გამოსვლისას, თქვა, რომ გერმანიის მიზანია, პარტნიორებთან ერთად, უკრაინისთვის 2 სატანკო ბატალიონის სწრაფად გადაცემა; რაც პირველ ეტაპზე, ბუნდესვერის არსენალიდან 14 ტანკის გადაცემას გულისხმობს. კანცლერის სიტყვებით, პაკეტში ასევე შედის ლოგისტიკა, საბრძოლო მასალები, ტექნიკური მომსახურება და პარტნიორებისთვის მიცემული ნებართვაც, რომ გერმანული „ლეოპარდები“ თავისუფლად გადასცენ უკრაინას.
„მენდეთ მე, ენდეთ გერმანიის ფედერალურ მთავრობას. ვმოქმედებთ საერთაშორისო დონეზე მჭიდრო თანამშრომლობითა და გარანტირებით იმისა, რომ [უკრაინის დახმარების მიზეზით] ჩვენი ქვეყნისთვის რისკები მცდარი მიმართულებით არ განვითარდეს“, - თქვა ოლაფ შოლცმა და ამით ახსნა „ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედების“ სტრატეგიაც.
გერმანიის კანცლერმა გერმანელ დეპუტატებს უთხრა, რომ მათთან მისვლამდე, ის ტელეფონით ელაპარაკა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.
მწვავე დაპირისპირება, 25 იანვარს, ბუნდესტაგშიც შეინიშნებოდა, ჯერ ოლაფ შოლცთან კითხვა-პასუხის რეჟიმში და ოდნავ მოგვიანებით, Leopard-ების გადაცემის თემაზე გამართული კიდევ ერთი საგანგებო სხდომის დროს. ტანკების დაბლოკვას ბუნდესტაგში ბევრად ნაკლები მომხრე ჰყავს და ასეთ პოზიციას ძირითადად კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეებით ხსნიან; მათი მოწინაღმდეგეები კი, ამაყობენ უკრაინის დახმარებით და მწვავედ აფასებენ კანცლერის ყოყმანს.
„2022 წლის 27 აპრილს, აქ, ბუნდესტაგში ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ და გადავწყვიტეთ მძიმე იარაღის მიწოდებაც... ბუნდესკანცლერი საზოგადოებასა და პარტნიორებს კვირებისა და თვეების განმავლობაში გაურკვევლობაში ამყოფებდა“, - გერმანელი დეპუტატი (CDU/CSU) ფრიდრიხ მერცი თვლის, რომ ოლაფ შოლცმა გერმანული ტანკების გადაცემის საკითხი დიდი დაგვიანებით გადაწყვიტა. Leopard-ის გადაცემის საკითხზე საგანგებო სხდომა 25 იანვარს სწორედ მერცის ფრაქციამ მოითხოვა.
მადლობა გერმანიას
ტანკებთან დაკავშირებით გერმანიის დაგვიანებულ გადაწყვეტილებას აღფრთოვანების ტალღა მოჰყვა. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტვიტერზე დაწერა, რომ „რუსეთთან ომის კრიტიკულ ეტაპზე, ისინი [Leopard 2-ები] უკრაინას დაეხმარებიან თავი დაიცვას, გაიმარჯვოს და გადარჩეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო“.
„გმადლობ, კანცლერი ოლაფ შოლცო. Leopard-ების უკრაინაში გაგზავნის გადაწყვეტილება - ეს დიდი ნაბიჯია რუსეთის შესაჩერებლად. ერთად ჩვენ ძლიერები ვართ“, - დაწერა ტვიტერზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მათეუშ მორავეცკიმ.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა კი, ასევე ტვიტერზე, სამადლობელი კოლაჟი გამოაქვეყნა წარწერით - „TANKE Schön“. ეს არის ერთგვარი თამაში გერმანული სიტყვებით (Danke schön - დიდი მადლობა).
დასავლური ტანკები უკრაინაში - ცხადია, ხვალვე ვერ ჩავა და უკრაინელი ტანკისტების მომზადებაც გარკვეულ დროს მოითხოვს, მაგრამ როგორც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა „რამშტაინის შეხვედრის“ ფარგლებში 20 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე, „გვაქვს შესაძლებლობების ფანჯარა დღევანდელ დღესა და გაზაფხულს შორის, როცა უკრაინა დაიწყებს კონტრშეტევას, და ეს არც ისე დიდი დროა“.
სამხედრო თვითმფრინავებიც?
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა 25 იანვარს, შუაღამისას ტელეგრამზე დაწერა, რომ მომარაგების პროგნოზები ოპტიმისტურია და იქვე მიანიშნებს, რომ უკრაინას ტანკების გარდა, სამხედრო თვითმფრინავებიც გადაეცემა.
„ყველაფერი გევქნება. ყველაფერი ჩვენი ტერიტორიების დასაბრუნებლად და კონტრშეტევისთვის. ტანკისტებიც კმაყოფილები იქნებიან, არტილერისტებიც და შესაბამისად - პილოტებიც“, - ვკითხულობთ ერმაკის განცხადებაში. მანამდე კი, თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განაცხადებაზე დაყრდნობით უკრაინული მედია იტყობინებოდა, რომ „რამშტაინის ფორმატის“ მორიგი შეხვედრა, რომელიც თებერვალში გაიმართება, უკვე საავიაციო საკითხებს მიეძღვნება.
საერთაშორისო მედიის ცნობით, ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების (F-16) უკრაინისთვის გადაცემის მზადყოფნაზე სულ თავიდან ნიდერლანდმა დაიწყო ლაპარაკი; რასაც მოჰყვა პენტაგონში გაკეთებული განცხადება, რომ აშშ ყველა მოკავშირეს რთავს ნებას, უკრაინას სამხედრო ტექნიკა, საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად გადასცეს.