გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ბუნდესტაგის დეპუტატების წინაშე გამოდის და მათ შეკითხვებს უპასუხებს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების თაობაზე.
მანამდე გერმანიის მთავრობამ მოიწონა კიევისთვის 14 ერთეული Leopard 2 ტანკის გადაცემა, ასევე ამ ტანკების მესამე ქვეყნებიდან რეექსპორტი უკრაინაში.
სხვა საკითხებთან ერთად მას ჰკითხეს, რატომ აღარ ფიქრობს გერმანიის მთავრობა, რომ უკრაინისთვის ტანკების გადაცემა კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს, რასაც მოსკოვის პროვოცირება შეიძლება მოჰყვეს. აქამდე ბერლინი ამ მოტივით იკავებდა თავს უკრაინისთვის გერმანული წარმოების საბრძოლო ტანკების გადაცემისგან.
„შეცდომა იქნებოდა, საკუთარი პოზიციის გაჯიუტებით დაცვა, ჩვენი მოქმედებები პარტნიორებთან და მოკავშირეებთან უნდა შევათანხმოთ“, - თქვა შოლცმა.
„მე არასოდეს მიხმარია სიტყვა ‘პროვოკაცია’. პროვოკაცია არის რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - დასძინა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა.
ბუნდესტაგის ერთ-ერთმა დეპუტატმა შოლცი მწვავედ გააკრიტიკა უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე მიღებული გადაწყვეტილების გამო.
„კონფლიქტის ზონებში შეიარაღების მიწოდებაზე აკრძალვა ათწლეულების განმავლობაში არის გერმანიის პოლიტიკის ფუძემდებელი პრინციპი. თქვენ ისტორიაში შეხვალთ როგორც კანცლერი, რომელმაც ეს საფუძვლები ფეხქვეშ გათელა“, - თქვა დეპუტატმა, რომლის ვინაობას არ იტყობინებიან.
საპასუხოდ შოლცმა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიას უწოდა იმპერიალისტური ომი, რომლის მიზანია, სროლისა და დაბომბვების გზით გააფართოოს რუსეთის საზღვრები.
შოლცმა თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა უკრაინის მომავალი აღდგენის შესახებ. მან თქვა, რომ უკრაინის დახმარება ტანკებით არ ამოიწურება და დეპუტატებს მოუწოდა, მხედველობიდან არ გამორჩეთ დახმარების სხვა ასპექტები.
შოლცის სიტყვებით, აუცილებელია იმაზე ფიქრი, ხელახლა როგორ უნდა მოეწყოს უკრაინა. მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე წარმოებს.