Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანული Leopard 2-ები უკრაინაში გაგზავნის მოლოდინში


Leopard 2 მედიისთვის გამართულ საჩვენებელ ღონისძიებაზე. გერმანია. 2011 წლის 28 სექტემბერი
Leopard 2 მედიისთვის გამართულ საჩვენებელ ღონისძიებაზე. გერმანია. 2011 წლის 28 სექტემბერი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ზეწოლის ქვეშაა იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც უკრაინისათვის საერთაშორისო სამხედრო დახმარების გაზრდას, კერძოდ, საბრძოლო ტანკ Leopard 2-ების გადაცემას ითვალისწინებს.

გერმანია აქამდე ეწინააღმდეგება ამ ნაბიჯს და ამბობს, რომ ტანკები უკრაინას მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადაეცეს, თუ მიაღწევენ ფართო შეთანხმებას კიევის ძირითად პარტნიორებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან;

დასავლეთის ქვეყნების ოფიციალურ პირებს სურთ ბალანსის მოძებნა - უკრაინამ, ერთი მხრივ, უნდა შეძლოს საკუთარი თავის დაცვა, მაგრამ, ამავდროულად, კიევს უარი უნდა ეთქვას ისეთი იარაღის მიცემაზე, რომელიც მას რუსეთზე იერიშის მიტანისკენ უბიძგებს ან რასაც მოსკოვთან კონფლიქტში ნატოს ჩართვაც მოჰყვება.

აი, რამდენიმე ფაქტი Leopard 2-სა და იმ დებატების თაობაზე, ღირს თუ არა ამ ტექნიკის უკრაინაში განლაგება.

ბერლინის მხარდაჭერა

უკრაინა უკვე დიდი ხანია, დასავლეთის ქვეყნებისგან ითხოვს დასავლური წარმოების საბრძოლო ტანკებს, რათა უფრო წარმატებით აღუდგეს წინ რუსეთის არმიას. ყველაზე უფრო ხშირად ლაპარაკია Leopard-ზე, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანას აქვს შეიარაღებაში.

გერმანიის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ აუცილებელია უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების კოორდინაცია ნატოს მოკავშირეთა შორის და, რომ ტანკების მიწოდების თაობაზე გადაწყვეტილება არ შეიძლება ცალმხრივად იქნეს მიღებული.

გერმანიის ვიცე-კანცლერმა, რობერტ ჰაბეკმა, რომელიც თავდაცვითი წარმოების ექსპორტზე პასუხისმგებელ ეკონომიკის სამინისტროს უდგას სათავეში, ხუთშაბათს განაცხადა, გერმანიამ ხელი არ უნდა შეუშალოს იმ ქვეყნებს, რომლებსაც, კიევის თქმით, ტანკ „ლეოპარდების“ გადაცემა სურთო.

ასეთი მიდგომა მწვანე შუქს უნთებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც პოლონეთია, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ მზად არის კოალიციის შიგნით ამ ნაბიჯის გადასადგმელად.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჯერჯერობით არ იზიარებს ჰაბეკის ამ მოსაზრებას, რაც გერმანიასაც მისცემს უფლებას, მის ხელთ არსებული რამდენიმე „ლეოპარდი“ გადასცეს რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას.

რატომ სჭირდება უკრაინას LEOPARD 2-ები?

ამ სახეობის ტანკი დასავლეთში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.

გერმანულმა კომპანია Krauss-Maffei Wegmann-მა 1978 წლის შემდეგ 3,500 ერთეული ტანკი Leopard 2 გამოუშვა.

ტანკი 60 ტონაა, აღჭურვილია გლუვლულიანი 120-მმ-იანი ქვემეხით, რომელსაც მიზნის განადგურება 5 კილომეტრის მანძილზე შეუძლია.

Leopard 2-ები დღესდღეობით 20 ქვეყნის შეიარაღებაში შედის. მათ შორის არიან კანადა, ნიდერლანდი, ნორვეგია, ავსტრია, პოლონეთი, ესპანეთი, შვედეთი და თურქეთი. ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე ქვეყანას ერთად შეუძლია უკრაინისათვის რამდენიმე ათეული „ლეოპარდის“ გადაცემა, რაც მას ამ სახეობის ტანკების ტექნიკურ მომსახურებასა და ეკიპაჟების მომზადებას გაუადვილებდა.

გერმანიას შეიარაღებაში ამჟამად აქვს 350 ერთეული Leopard 2, მაგრამ, ექსპერტების თქმით, თითქმის შეუძლებელია ამ სახეობის ტანკების დიდი რაოდენობის სწრაფად შეძენა. გერმანიის სამხედრო ინდუსტრიის კანონის თანახმად, კომპანიას ეკრძალება საწყობში შესანახად მათი წარმოება. შესაბამისად, ქვეყნები, რომლებსაც ახალი ტანკების შეძენა სურთ, თავიანთ რიგს ორი-სამი წლის განმავლობაში ელოდებიან.

მაშინაც კი, თუ ტანკების წარმოება გაიზრდება, მათი მიწოდების ვადა არანაკლებ 2 წელი იქნება.

იანვრის დასაწყისში გერმანიამ პირობა დადო, რომ უკრაინას გაუგზავნის 40 ერთეულ დაჯავშნილ საბრძოლო მანქანა Marder-ს. აშშ-მა გამოაცხადა უკრაინისთვის 50 ჯავშანტრანსპორტიორი Bradley-ს მიწოდების შესახებ. პარიზის თანახმად კი, ის უკრაინას დაჯავშნილ მზვერავ მანქანებს მიაწვდის. ამის შემდეგ გაჩნდა ცნობები, რომ საფრანგეთი და პოლონეთი ცდილობენ, გერმანიისგან მიიღონ Leopard-ების მიწოდების ნებართვაც.

პოლონეთი მზადაა, საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში უკრაინაში გაგზავნოს გერმანული წარმოების Leopard 2-ის სატანკო ასეული. ამის შესახებ ლვოვში უკრაინისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ვარშავა კიევს საკუთარი ინიციატივით კი არ მიაწვდის ტანკებს, არამედ მზადაა, ეს მოკავშირეებთან შეთანხმების შედეგად გააკეთოს. პირველ რიგში საქმე ეხება გერმანიას, რომელიც აწარმოებს ამ მძიმე შეიარაღებას. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა გასულ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ჯერჯერობით ბერლინს მოკავშირეებისგან შესაბამისი მოთხოვნები არ მიუღია.

XS
SM
MD
LG