Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სამიტი მშვიდობისათვის“ უწყვეტი ომის ფონზე


უკრაინის მხარდამჭერთა აქცია გერმანიაში. 2022 წლის მარტი
უკრაინის მხარდამჭერთა აქცია გერმანიაში. 2022 წლის მარტი

დეკემბრის ბოლოს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კვლავ გაიმეორა „მშვიდობის სამიტის“ მოწვევის თაობაზე პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ნოემბერში წამოყენებული ინიციატივა. კიევი მსოფლიოს სთავაზობს სამიტზე უკრაინის ლიდერის  მშვიდობის  ათპუნქტიან ფორმულაზე იმსჯელონ.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამიტის გასამართად საუკეთესო ადგილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაა, რადგან საუბარი არ არის იმაზე, რომელიმე ქვეყანას დავდოთ პატივი. საუბარი იმაზეა, რომ ამ იდეის განხილვაში ყველას შეეძლოს მონაწილეობა“, - განაცხადა დმიტრო კულებამ "ასოშიეტიდ პრესისათვის" მიცემულ ინტერვიუში.

„ყველაში“ რუსეთიც იგულისხმება, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაიყვანს ჯარებს უკრაინის ტერიტორიიდან, პასუხს აგებს მის მიერ ჩადენილ საომარ დანაშაულებზე და საქმით დაადასტურებს, რომ სურს მშვიდობის მიღწევა.

რუსეთი უარს ამბობს უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანაზე და კიდევ უფრო მეტად ზრდის მის სამხედრო დაჯგუფებას ანექსირებულ ტერიტორიაზე - რუსეთის მიერ გასულ კვირაში გამოცხადებული მასშტაბური სამხედრო რეფორმის პროექტი დამატებით სამი ახალი მოტომსროლელი დივიზიის ფორმირებას ითვალისწინებს, მათ შორის ანექსირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.

რუსეთი კიევს მოუწოდებს შეეგუოს „ახალ რეალობას“

უკრაინის პრეზიდენტმა მშვიდობის გლობალური სამიტის მოწვევის ინიციატივა პირველად 12 დეკემბერს გამოთქვა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას.

თუმცა მანამდე, 15 ნოემბერს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის 10-პუნქტიანი "მშვიდობის ფორმულა" წარუდგინა "დიდი ოცეულის"(G20) ლიდერთა სამიტს, რომელიც ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ჩატარდა.

უკრაინის წინადადებებია:

  • რადიაციული, ბირთვული, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • ყველა ტყვის და დეპორტირებულის გათავისუფლება;
  • გაეროს წესდების შესრულება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მსოფლიო წესრიგის აღდგენა;
  • უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა;
  • სამართლიანობის დაბრუნება, ეკოციდის აღკვეთა, ესკალაციის არდაშვება და ომის დასრულების ფიქსაცია.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აცხადებს, რომ უკრაინა არასოდეს დათანხმდება რუსეთთან ისეთ შეთანხმებას, რომელიც კრემლს ძალების აღდგენის, შეთანხმების მალევე დარღვევის, ტერორის და გლობალური დესტაბილიზაციის ახალი სერიის დაწყების შესაძლებლობას მისცემს.

„არ ღირს, უკრაინას შესთავაზონ კომპრომისები თავის სინდისთან, სუვერენიტეტთან, ტერიტორიებთან და დამოუკიდებლობასთან. ჩვენ პატივს ვცემთ წესებს და სიტყვის ხალხი ვართ. უკრაინა ყოველთვის იყო სამშვიდობო ძალისხმევების ლიდერი და მსოფლიოს ეს ნანახი აქვს. თუ რუსეთი ამბობს, რომ, თითქოს ომის დასრულება სურს, ეს მოქმედებებით უნდა დაამტკიცოს“, - განაცხადა ნოემბერში უკრაინის პრეზიდენტმა.

ამას მოჰყვა კიევის მხრიდან კონკრეტული სამშვიდობო ინიციატივის შეთავაზება რუსეთისადმი, რომელიც შემდგომ აგრესიაზე უარის თქმას და შობის დღესასწაულისათვის უკრაინის ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარის გაყვანას ითვალისწინებდა.

„ვთავაზობთ რუსეთს, გადადგას კონკრეტული, შინაარსიანი ნაბიჯი დიპლომატიური მოწესრიგებისკენ, რომელზეც მოსკოვი ასე ხშირად ლაპარაკობს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულისადმი“(G7) მიმართვაში, რომელშიც უკრაინის ლიდერმა პირობა დადო, რომ თუ რუსეთი განახორციელებდა ჯარების გაყვანას, ამით საიმედოდ იქნებოდა გარანტირებული საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა.

„მოსკოვიდან მიღებული პასუხი გვაჩვენებს, თუ რა სურთ იქ სინამდვილეში“, - ამბობდა მაშინ ვოლოდმირ ზელენსკიმ.

მოსკოვიდან პასუხმა არ დააყოვნა.

„ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება იყოს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ზემოხსენებულ წინადადების საპასუხოდ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კიევს მოუწოდა, შეეგუოს „ახალ რეალობას“. ამასთან დაკავშირებით მან ახსენა თვითგამოცხადებულ რეგიონებში, დონეცკსა და ლუგანსკში და ასევე უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული "რეფერენდუმები" და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციას დაემატა ახალი სუბიექტები და "ამ ახალი რეალობის გათვალისწინების გარეშე, ნებისმიერი პროგრესი შეუძლებელია."

"ახალი რუსული რეალობა" კიევისთვის ნიშნავს როგორც ოკუპირებული ტერიტორიების, ასევე რუსეთის მიერ ანექსირებული ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილების აღიარებას.

პუტინი - უკრაინის „მთავარი წითელი ხაზი“

მიუხედავად რუსეთის ხისტი პოზიციისა, უკრაინის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ, ისევე როგორც ყველა ომი, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომიც ბრძოლის სამხედრო და დიპლომატიურ ველებზე უნდა დასრულდეს.

„ყველა ომი მთავრდება ბრძოლის ველზე და მოლაპარაკების მაგიდასთან განხორციელებული ქმედებების შედეგად. მაგრამ ჩვენ მოგვიწევს დავინახოთ, თუ როგორ დამყარდება ბალანსი, ბრძოლის ველზე და მოლაპარაკების მაგიდასთან მიღწეულ წარმატებებს შორის“, - განაცხადა დმიტრო კულებამ "ასოშიეტიდ პრესისათვის" მიცემულ ინტერვიუში.

„გლობალური სამშვიდობო სამიტის“ გამართვა კიევს რუსეთის აგრესიის დაწყების პირველ წლისთავზე, 2023 წლის თებერვალში სურს.

„მშვიდობის სამიტის ფორმულა ორგვარია. ერთი მხრივ, რუსეთს არ უნდა მიეცეს მშვიდობის თემით მანიპულაციის უფლება. მისი ხელისუფლება გამუდმებით იმეორებს, რომ მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, რაც ტყუილია; რადგან მათი ქმედება ბრძოლის ველზე საპირისპიროს ამტკიცებს“, - უთხრა დმიტრო კულებამ "ასოშიეტიდ პრესს".

იმისთვის, რომ რუსეთს არ მიეცეს „მშვიდობის თემით“ მანიპულაციის საშუალება, კიევის დასავლელი მოკავშირეები ფიქრობენ, რომ კრემლმა შემდგომი პირობები უნდა დააკმაყოფილოს:

„რუსეთმა უნდა გადაიხადოს თავისი სასტიკი ომის შედეგად დაზიანებული ან განადგურებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. ის არ შეიძლება იყოს დაუსჯელი ომის დანაშაულებისა და სხვა სისასტიკისთვის. პრეზიდენტ პუტინს და სხვა პასუხისმგებელ პირებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად პასუხს ვაგებინებთ“, - ნათქვამია 12 დეკემბერს გამართული „დიდი შვიდეულის“ სამიტის ერთობლივ განცხადებაში.

ევროკომისიის შეფასებით, რუსეთმა უნდა გადაიხადოს უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისა და ნგრევის საფასური, რაც 600 მლრდ ევროს უტოლდება.

„პირველ რიგში, რუსეთმა უნდა გადაიხადოს საფასური თავისი საშინელი დანაშაულებისთვის, მათ შორის, სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიული დანაშაულისთვის. რუსეთმა ასევე ფინანსურად უნდა აანაზღაუროს იმ ნგრევის საფასური, რომელიც მან გამოიწვია. უკრაინისადმი მიყენებული ზარალი 600 მილიარდ ევროს შეადგენს. რუსეთსა და მის ოლიგარქებს უკრაინაში ზარალის ანაზღაურება და ქვეყნის აღდგენის ხარჯების დაფარვა მოუწევთ. და ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ რუსეთმა გადაიხადოს. ჩვენ დავბლოკეთ რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი ევროს რეზერვები და გავყინეთ რუსი ოლიგარქების კუთვნილი 19 მილიარდი ევრო“, - განაცხადა ნოემბრის ბოლოს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის წინადადებაა ასევე, რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამოსაძიებლად შეიქმნას სპეციალური სასამართლო. ევროკავშირი განაგრძობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერას და ამასთან, მისი ინიციატივაა, გაეროს მხარდაჭერით შეიქმნას სპეციალური სასამართლო რუსეთის აგრესიისას ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისა და სამართლებრივი დევნისთვის.

რუსეთთან მოლაპარაკებაში უკრაინისათვის არსებობს „მთავარი წითელი ხაზი“.

4 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც შეუძლებლად აცხადებს პუტინთან ნებისმიერი მოლაპარაკების პერსპექტივას, მაგრამ ღიად ტოვებს კარს რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის.

მოსკოვში აცხადებენ, რომ კიევმა, თავისი დასავლელი კურატორების კარნახით, შეწყვიტა დიალოგი, რომელიც ზოგადად წინ მიიწევდა.

„გარკვეული დოკუმენტიც მუშავდებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. რა მოხდება შემდეგ, ჩვენზე არ არის დამოკიდებული", - განაცხადა 11 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა.

დეკემბრის შუაში რუსეთმა მასშტაბური სარაკეტო შეტევები წამოიწყო უკრიანის ტერიტორიაზე განლაგებულ ენერგეტიკულ და კრიტიკული მნიშვნელობის სხვა ობიექტებზე. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის თანახმად, მხოლოდ 16 დეკემბერს უკრაინელმა სამხედროებმა 76 რაკეტიდან 60-ის ჩამოგდება მოახერხეს.

27 დეკემბერს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა აღნიშნა, რომ რუსეთის იერიშებით მიყენებული დიდი ზიანის გამო უკრაინის უმეტეს რაიონებში კვლავ მიმდინარეობს ელექტროენერგიის გეგმური და ავარიული გამორთვა, რათა ქვეყნის ხელისუფლებამ ახალი წლის დღეებში უწყვეტად უზრუნველყოს შუქითა და გათბობით უკრაინის მთელი მოსახლეობა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG