Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი გამორიცხავს უკრაინიდან თავისი ჯარის გაყვანას 2022 წელს


კრემლი
კრემლი

კრემლმა გამორიცხა უკრაინიდან თავისი ჯარის გაყვანის შესაძლებლობა მიმდინარე წელს.

„ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება იყოს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. პესკოვმა უპასუხა ჟურნალისტების თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადებაზე, საშობაოდ უკრაინიდან ჯარების გაყვანაზე.

როგორც დიმიტრი პესკოვმა თქვა, უკრაინა „უნდა შეეგუოს იმ რეალობას, რომელიც შეიქმნა მთელი ამ ხნის განმავლობაში“. ამასთან დაკავშირებით მან ახსენა თვითგამოცხადებულ რეგიონებში, დონეცკსა და ლუგანსკში და ასევე უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული "რეფერენდუმები" და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციას დაემატა ახალი სუბიექტები და "ამ ახალი რეალობის გათვალისწინების გარეშე, ნებისმიერი პროგრესი შეუძლებელია."

მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ წამოაყენა წინადადება, უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ, როგორც „კონკრეტული მნიშვნელოვანი ნაბიჯისა დიპლომატიური მოგვარებისკენ, რაზეც ასე ხშირად საუბრობენ მოსკოვში.“

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა "დიდი შვიდეულის" ლიდერებთან ვიდეოხიდით საუბრისას განაცხადა. შეერთებულმა შტატებმა და მსოფლიოს უმეტესმა ქვეყნებმა, ისევე როგორც გაერომ, არ აღიარეს უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული "რეფერენდუმების" შედეგები.

კიევი და მისი მოკავშირეები რეფერენდუმებს ყალბს უწოდებენ, რადგან ისინი ჩატარდა ოკუპაციისა და საომარი მოქმედებების პირობებში, რაც არღვევს საერთაშორისო ნორმებსა და უკრაინის კანონმდებლობას.

XS
SM
MD
LG