უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონსა და პარიზში ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან მოლაპარაკებების შემდეგ ბრიუსელში ჩავიდა და მონაწილეობას იღებს საპატიო სტუმრის სტატუსით ევროკავშირის სამიტში.
ზელენსკის ამჟამინდელი მოგზაურობის მიზანია ევროპის პარტნიორებისგან უკრაინაში კიდევ მეტი იარაღის მიწოდება. ზელენსკიმ ხუთშაბათს, ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან საუბრისას, მადლობა გადაუხადა მათ დახმარებისთვის, რომელსაც კიევი იღებს ევროკავშირისგან რუსული სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინისთვის გამანადგურებლებისა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებას. "ევროკავშირის ქვეყნებმა სწრაფად უნდა განიხილონ, როგორც შემდეგი ნაბიჯი, იმ სისტემების მიწოდება, რომელიც გჭირდებათ თავისუფლების დასაცავად. ჩვენი პასუხი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს და ეს საფრთხე რეალურია", - ხაზგასმით აღნიშნა მეცოლამ, სანამ ვოლოდიმირ ზელენსკი თავის გამოსვლას დაიწყებდა.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ნაკლებად სავარაუდოა, რომ დატოვებს ბრიუსელს სამხედრო დახმარების დაუყოვნებლივ გაზრდის დაპირებით, ვიზიტი მას შესაძლებლობას მისცემს ისაუბროს ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერებთან და ბლოკის ხელმძღვანელობასთან, აღნიშნავს Associated Press-ი.
ზელენსკის ყოფნა ბრიუსელის სამიტზე იქნება „ევროპული სოლიდარობის სიგნალი“, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა წინა დღეს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 თებერვალს ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომაზე გამოსვლა ასე დაასრულა: “უკრაინას არასდროს უნდოდა ომი, არასდროს სურდა არც ეს და არც რომელიმე სხვა ომი. უკრაინას არასდროს წამოუწყია ის და მუდამ მშვიდობის შენარჩუნებას ცდილობდა. თქვენ ეს ძალიან კარგად იცით. ისტორიამ ეს ძალიან კარგად იცის. იცით, ჩვენი „ფორმულისა“ და ჩვენი ერთიანობის პოტენციალი. მოგიწოდებთ სრულად გამოიყენოთ ეს პოტენციალი! ევროპა თავისუფალია და თავისუფალი იქნება. ევროპა ერთიანია და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროპა ერთიანი იყოს დამოუკიდებელ უკრაინასთან, დამოუკიდებელ მოლდოვასთან, დამოუკიდებელ საქართველოსთან, დამოუკიდებელ ბალტიის ქვეყნებთან, დამოუკიდებელ პოლონეთთან და ყველა სხვა სახელმწიფოსთან ერთად, რომელიც არის ჩვენი თანამედროვე ევროპის წევრი უნდა უზრუნველვყოთ უსაფრთხოება ევროპის ყველა ქვეყნისთვის”.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში პრესკონფერენცია გამართა ევროკომისიის თავმჯდომარე, ურზულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელთან ერთად. ფონ ლაიენი თვლის, რომ ომის მიუხედავად უკრაინა მიიწევს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ევროკომისიის თავმჯდომარემ, რომელმაც თავისი შესავალი სიტყვა უკრაინულ ენაზე დაასრულა ფრაზით, „დიდება უკრაინას!“ განაცხადა ასევე, რომ უკრაინელებს სურთ, რომ მათმა შვილებმა ევროკავშირში იცხოვრონ და ეს მათ ძალას აძლევს უფრო მეტი სიმტკიცით იბრძოლონ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.
ევროკავშირის ხელმძღვანელების თანახმად, გაზაფხულზე წარმოადგენენ უკრაინის შესახებ საშუალედო ანგარიშს და შემდგომ უკვე, შემოდგომაზე საბოლოო ანგარიში იქნება განხილული. შარლ მიშელის თქმით, უკრაინა წინ მიდის, ევროკავშირთან მჭიდროდ თანამშრომლობს ამ პროცესში, რომელიც ეტაპობრივია და თითოეული ქვეყანა თვითონ ირჩევს ტემპს, როგორ გაატაროს რეფორმები. მიშელმა თქვა, რომ ”გზა მშვიდობის, რეკონსტრუქციისა და წევრობისკენ იქნება გრძელი“... თუმცა, მიშელმა უთხრა ზელენსკის, რომ „ჩვენ თქვენთან ვიქნებით ყოველ ნაბიჯზე.“
უკრაინის პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ მას კონკრეტულად დაჰპირდნენ მოთხოვნილი გამანადგურებლების მიწოდებს, მაგრამ განაცხადა, რომ იყო შეთანხმებები, რაზეც ახლა არ ლაპარაკობენ. ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ზელენსკი კმაყოფილი სამხედრო დახმარებით, მან თქვა, რომ არ აქვს უფლება დაბრუნდეს ევროპაში მოგზაურობიდან უშედეგოდ. მისი თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა შეხვედრა, შედეგით დასრულდეს. და არ არის ცინიზმი, ეს პრაგმატიზმია“. მისი თქმით, შარშან 24 თებერვლის შემდეგ, როცა რუსეთის შეიჭრა უკრაინაში, დარჩა პრაგმატიზმი და რათა გადავრჩეთ, საჭიროა იარაღი და ფული, თუ უკრაინას ეხმარები, საკუთარ თავს ეხმარები, თვლის ზელენსკი, რომელმაც დასძინა, რომ არის მნიშვნელოვანი დადებითი სიგნალები იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.
კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა 9 თებერვალს განაცხადა, რომ დასავლეთიდან გამანადგურებლების ნებისმიერი მიწოდება უკრაინისთვის ნიშნავს ნატოს ქვეყნების უფრო „პირდაპირ“ როლს ომში და ეს მხოლოდ გაზრდის დაძაბულობას და მეტ ტკივილსა და ტანჯვას მოუტანს უკრაინელებს. „ეს სხვა არაფერია, თუ არა გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის მზარდი ჩართულობა რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტში“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.