უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე გამოვიდა.
ლონდონი კიევს ომის პირველი დღეებიდან ეხმარებოდა, თქვა მან. „თქვენ დახმარების ხელი გამოგვიწოდეთ მაშინ, როცა მსოფლიოს ჯერ არ ჰქონდა გაცნობიერებული, როგორი რეაქცია ჰქონოდა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და მადლობა გადაუხადა ბორის ჯონსონს, რომელსაც 2022 წლის თებერვალში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს იმისთვის, რომ დიდი ბრიტანეთი დათანხმდა, უკრაინას გადასცეს 14 ტანკი. მან ასევე მოუწოდა მოკავშირეებს, იარაღით დაეხმარონ კიევს და გამოვიდა თხოვნით, უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები გადასცენ.
როგორც BBC იტყობინება, ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დავიცვათ „წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგი“, ხოლო ის, ვინც ტერორში ახდენს ინვესტირებას, პასუხისგებაში უნდა იქნეს მიცემული და დანაკარგები უნდა აუნაზღაუროს იმათ, ვინც მის გამო იტანჯა. ამიტომ ზელენსკი კიდევ ერთხელ გამოვიდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მოწოდებით რუსეთის ხელმძღვანელობის გასასამართლებლად.
„რუსეთი დამარცხდება“, - თქვა ზელენსკიმ. „ნებისმიერი აგრესორი დამარცხდება. ჩვენი გამარჯვება შეცვლის მსოფლიოს და მსოფლიოს დიდი ხანია სჭირდება ეს ცვლილებები“.
უკრაინის პრეზიდენტი დღეს ჩავიდა ლონდონში. ეს ბრიტანეთში ზელენსკის პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა შარშან თებერვალში. ვიზიტისას ზელენსკი შეხვდა პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს და ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ს. ზელენსკიმ მოინახულა უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ბრიტანეთში გადიან წვრთნას.
"ბრიტანეთში პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტი ადასტურებს მისი ქვეყნის გამბედაობას, მიზანსწრაფვას და ბრძოლას. და ადასტურებს ჩვენი ქვეყნების ურყევ მეგობრობას", - განაცხადა სუნაკმა ზელენსკის ვიზიტთან დაკავშირებით.
ბრიტანეთმა დღეს ასევე დამატებით სანქციები დაუწესა იმ პირებსა და კომპანიებს, რომლებიც "მოგებას ნახულობენ კრემლის ომის მანქანიდან".
ზელენსკის ბრიტანეთში ვიზიტის ფონია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ყოველწლიური გამოსვლა კონგრესში, რომელშიც მან განაცხადა, რომ აშშ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარს დაუჭერს "მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება".
გასული წლის დეკემბერში ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა და კონგრესს მიმართა.
ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთიდან პარიზსა და ბრიუსელში გაემგზავრება.