Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღირსების ლეგიონი - ზელენსკიმ მიიღო ჯილდო, რომელიც უკვე აქვთ ივანიშვილსა და პუტინს


8 თებერვალს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტს გადასცა ქვეყნის უმაღლესი ჯილდო - ღირსების ლეგიონის ორდენი. ორი წლის წინ იგივე ჯილდო მიიღო საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმაც.

“პატივისცემა უკრაინას და მის ხალხს. პატივისცემა შენ, ძვირფასო ვლადიმირ, შენი სიმამაცისა და თავდადებისთვის”, - მიუწერა მაკრონმა ტვიტერზე, ვოლოდიმირ ზელენსკის დაჯილდოების ვიდეოს.

“ეს მეტისმეტია ჩემთვის. ამიტომაც [ჯილდო] ეკუთვნის ჩვენს ხალხს, უკრაინელებს, ჩვენს საზოგადოებას”, - პასუხობს ზელენსკი.

ღირსეული მსახურები

“ღირსების ლეგიონი”, საფრანგეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოა, რომელიც 1802 წლიდან მოყოლებული გაიცემა. მისი მიმღები 20 წელიწადზე მეტხანს “ღირსეულად უნდა ემსახუროს” საფრანგეთსა და მის ინტერესებს. თუმცა ჯილდოს მფლობელები უცხოელებიც ხდებიან. ამისთვის მათ დამსახურება უნდა ჰქონდეთ ფრანგული კულტურის წინაშე, უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს, პრესის თავისუფლებას, ან იყვნენ ქველმოქმედები.

ჯამში ჯილდო 900 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო. დღეს ღირსების ლეგიონს 92 ათასზე მეტი ცოცხალი წევრი ჰყავს. ყოველ წელს, აჯილდოებენ დაახლოებით 2200 ფრანგს და 300 უცხოელს. 2020 წლის დეკემბერში, მათ შორის იყო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილიც, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

31 დეკემბრით დათარიღებულ ბრძანებაში ეწერა, რომ ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის დამაარსებელია და საფრანგეთის ღირებულებებს “40 წელია ემსახურება”. ჯილდო გადაეცათ მათ, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კორონავირუსთან ბრძოლაში. ივანიშვილმა კი კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.

2006 წელს ჯილდო მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც. იმავე წელს, რუსეთში მოკლეს ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც ხშირად აკრიტიკებდა ხელისუფლებას. ამის გამო საერთაშორისო ორგანიზაცია, “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ითხოვდა, რომ პუტინისთვის ჯილდო ჩამოერთვათ. არ ჩამოართვეს.

სამაგიეროდ, 2017 წელს ჩამოართვეს ამერიკელ პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს, მას შემდეგ, რაც ის არაერთმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურებაში. იმავე წელს, ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა, რომ საფრანგეთი “დაუბრუნებს ორდენს მის სულისკვეთებას” და გადახედავს დაჯილდოების კრიტერიუმებს.

ორდენის რეფორმას საფრანგეთში დიდი ხანია ითხოვენ. 1968 წელს ჯილდო მიიღო რუმინელმა დიქტატორმა ნიკოლაე ჩაუშესკუმ, 2001 წელს კი - მისმა სირიელმა კოლეგამ ბაშარ ასადმა. თუმცა ჯილდოს ფლობენ ნაკლებად კონტროვერსიული ფიგურებიც. მაგალითად, ამერიკელი მსახიობი კლინტ ისტვუდი, მომღერლები ელტონ ჯონი და ბობ დილანი.

სამგზის "წლის ადამიანი"

ეს უკვე მეხუთე უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოა, რომელიც ზელენსკიმ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მიიღო. 1 და 2 მარტს იგი დააჯილდოვეს ლიეტუვამ და ლატვიამ. 8 მარტს ჩეხეთმა, 27 მარტს კი - სლოვაკეთმა. მოგვიანებით მან მიიღო რონალდ რეიგანისა და უინსტონ ჩერჩილის სახელობის ჯილდოებიც.

2022 წელს ზელენსკი “წლის ადამიანად” დაასახელა სამმა გამოცემამ: Times-მა, Financial Times-მა და Profil-მა.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG