Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 7 მაისი. See content from before

ორშაბათი, 6 მაისი 2024

ზაზა ბურჭულაძე
ზაზა ბურჭულაძე

​​​​​​​რევოლუციებს ცალკე გვერდი აქვთ ვიკიპედიაში. ესაა უგრძესი სია, სადაც ჩამოთვლილია ლამის ყველა ის ჯანყი, რაც კი მომხდარა მსოფლიოში უხსოვარი დროიდან დღემდე. არ ვიცი, რა სახელით შევა ისტორიაში დღევანდელი ქართული ამბავი, მე მას „ბავშვთა რევოლუციას“ ვეძახი.

ეს ამბავი ისტორიაში რომ შევა, ამაში ეჭვი არ მეპარება. მეტისმეტად ლამაზია დავიწყებისთვის.

ქალაქში, მტვერში წაიქცაო ბავშვი, პოეტმა საუკუნის წინ თქვა, დღემდე კი ჩაგვესმის მისი ექო. ეს არ არის მხოლოდ ქრონიკა, ასეთი ბედი გვერგო. სულ ვეცემოდით ქუჩაში, მტვერში, ნიჩბებით აჩეხილნი და გაზით მოწამლულნი. მაგრამ ვდგებოდით. ესეც ჩვენი ბედია. არ ვვარგივართ ჩვენ მონებად. ჭინჭრაქებად და ნაცარქექიებად კიდევ ჰო, მაგრამ ჩვენი მონობა არ გაიშვას. როგორი თავჩახრილიც უნდა ვიდგეთ, ბოლოს მაინც ვიკადრებთ რამე ისეთს, მონას რომ არ ეკადრება.

ყველას გვინახავს ფილმები ბრიუს ლისა თუ ბრიუს უილისის მონაწილეობით. ასევე ყველამ ვიცით, რომ, როგორც კი ფილმში რომელიმე ბრიუსი გამოჩნდება, ამბის ბედი გადაწყვეტილია. ბრიუსი ბოლოს უთუოდ დაამარცხებს მტერს, როგორც წმინდა გიორგი - გველეშაპს. ჩვენ კი ვიცით, ეგაა, გველეშაპმა არ იცის ეს ამბავი. ჰოდა, მთელი ფილმიც მისი მარცხის ქრონიკაა ხოლმე. ახლაც ასეა. როგორც კი ახალგაზრდები გამოჩნდნენ ქალაქის ქუჩებში, „ქართული ოცნება“ დამარცხდა.

გინდა არ გინდა, კინო დაიწყო. ჩვენ ვიცით, რომ გველეშაპი კიდევ წააქცევს ბავშვს წყლით, გაზით, ხელკეტით, რეზინის ტყვიით. ცხვირსაც გაუტეხავს, წიხლებითაც შედგება ზედ. ეცდება მის გაშავებას, შეშინებას, ცდუნებას, დაშანტაჟებას. ასეთია მონსტრის როლი. მაგრამ ფილმის მთავარ როლში ბავშვია, რომლის დამარცხებას ჟანრის კანონი არ ითვალისწინებს.

არ ვიცით, რამ წააქცია ბავშვი, ასეთი რა დაეჯახა, მხოლოდ მშრალი ცნობა: ქუჩაში, მტვერში წაიქცაო იგი. ესაა ამ ტრაგედიის სიმძიმე და სწორედ ეს გვიხუთავს სულს. ფურცლიდან სიკვდილის სუნთქვაღა ისმის. სტალინებსა და პუტინებზე კი არ იწერება უკვდავი ლექსები, არამედ უსახელო ბავშვზე ნუკრის თვალებით, თმით - მიმოზებით.

ბავშვებზე უკეთ ვერავინ დაალაგებს ჩვენს არეულს. 9 წლის წინაც მათ არ გაწმინდეს დედაქალაქის გული ჭუჭყისგან? არავის უთხოვია, ჩუმად გამოჩდნენ, საქმე გააკეთეს და გაუჩინარდნენ. მაშინ ბევრი არაფერი იყო სათქმელი. უბედურება უკვე მომხდარიყო. მაგრამ დღეს ისინი ყივიან მთელ ხმაზე, რადგან უბედურება კარს მოგვდგომია.

ყველას გვქონია ჩვენი ბედნიერების წამები ცხოვრებაში, მაგრამ ამ ბავშვებმა ყველაფერი გადაფარეს. ვუყურებ მათ და ვერ ვხვდები, საიდან მოვიდნენ ასე ლაღები, თავდადებულნი, გულანთებულნი. იმ თავისუფლებიდან ხომ არა, რომელიც ჩვენ არასდროს გვქონია? ნამდვილად ჩვენი შვილები არიან? ჩვენ ხომ არ ვყოფილვართ ასეთები მათ ასაკში? როდის გვქონია ასე გახსნილი გული, შუბლი ან მზერა? ამათზე მშვენიერი რაღა უნდა დაგვმართნოდა?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ხოლო მეორეს უთხრა, გამომყევიო. მან კი თქვა:

უფალო, ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და დავმარხო

მამა ჩემი. მაგრამ იესომ უთხრა მას: აცადე

მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა.

(ლკ. IX. 59-60)

წინა სტატიაში შევეცადე, ძალიან მოკლედ და ზედაპირულად გადმომეცა, თუ როგორ იქცევა „ცარიელი საფლავი“ ჯერ „ქრისტეს აღდგომად“, შემდეგ კი რწმენის ფორმულად და იმედის პარადიგმად.

რაც შეეხება იმედის პარადიგმას, თუ როგორი იყო მოლოდინის ჰორიზონტი, თუ რა მოხდებოდა იესოს მეორედ მოსვლის შემდეგ - ეს კარგად აქვს აღწერილი პავლეს: რადგანაც, თუ გვწამს რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულთ მოიყვანს მასთან ერთად. ხოლო ამას გეუბნებით თქვენ უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, ცოცხლად შთენილნი უფლის მოსვლამდე, ვერ დავასწრებთ განსვენებულთ. რადგან თვით უფლის ბრძანებით, (...) ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან პირველად; შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილნი, მათთან ერთად აღვიტაცებით ღრუბლებში. (I თეს. IV, 13-18).

ის რომ პირველი ქრისტიანი თაობებისათვის იესოს აღდგომა იყო ესქატოლოგიური ჟამის დადგომის პირველი ნაბიჯი, საყოველთაო აღდგომის დასაწყისის კატალიზატორი, ამას ადასტურებს მათეს სახარებაც, რომელიც გვამცნობს, რომ იესოსთან ერთად წმინდანებიც აღდგნენ და იერუსალიმში შესვლა დაიწყეს (მთ. XXVII, 52-53).

მაგრამ წლები გადიოდა, იესოს მეორედ მოსვლა კი იგვიანებდა. და მასთან ერთად იგვიანებდა გარდაცვლილთა აღდგომა... ეს კი მორწმუნეების განხიბვლას იწვევდა. მრავლისმთმენნი იყავით თქვენც, განიმტკიცეთ თქვენი გულები, ვინაიდან მოახლოვდა მოსვლა უფლისა (იაკ V, 8.) - ასე ანუგეშებდა იაკობი მორწმუნეებს.

მორწმუნეების ეს იმედგაცრუება იზრდებოდა. ეს ყველაზე კარგად ჩანს პეტრეს წერილში, ბიბლიის ამ ყველაზე გვიანდელ თხზულებაში: სად არის აღთქმა მოსვლისა? (II პეტრე III, 4.) - კითხულობდნენ მორწმუნეები. რაზეც ავტორი უპასუხებს: 1. არ შეიძლება უბრალო მოკვდავის საზომით ღმერთის ქრონოლოგიაზე საუბარი (2 პეტრე III, 8). და 2. ღმერთი მოსვლამდე მორწმუნეებს დროს აძლევს ცოდვების მონანიებისათვის (2 პეტრე III, 9).

ასწლეულები გადიოდა და იესო კი არ ბრუნდებოდა. სამაგიეროდ, იესოს მაგივრად მოვიდა ეკლესია. და ისიც თავის თავზე აიღებს გარდაცვლილებზე ზრუნვას: ევროპის გაქრისტიანებასთან ერთად სასაფლაოები ქალაქის გალავნის შიგნით იქნა შემოტანილი; ამიერიდან ერთადერთი ადგილი სადაც დასაფლავება შეიძლებოდა - იყო ეკლესიის სასაფლაო. ამასთან ერთად, იესოს მომლოდინე ეკლესიაც ამზადებდა მიცვალებულებს აღსადგომად: გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო დასაფლავებული იერუსალიმისკენ მიმართული მზერით. მისთვის ლოცვის აღვლენა, კალენდარში მიცვალებულთა დღეების დაწესება, რეგულარულად პანაშვიდების გადახდა გახდება ეკლესიის ყოველდღიური საქმიანობა.

მიცვალებულებზე ზრუნვა ეკლესიას დიდ სარგებელს აძლევდა: პირველ რიგში ეს საშუალებას აძლევდა, ცოცხლებზე დაემყარებინა მკაცრი სოციალური კონტროლი. საერო კაცის ცუდ ქრისტიანად გამოცხადება, მისი ეკლესიიდან მოკვეთა - რაც მის დასაფლავებას შეუძლებელს ხდიდა - ეკლესიის ჩვეული საქმიანობა გახდება შუა საუკუნეების ევროპაში. თუ ეკლესიაში წმინდანად შერაცხილი განისვენებდა, ეს ეკლესიის პრესტიჟსა და მის ფინანსებზე ძლიერ მოქმედებდა: წმინდანის ახლო-მახლო დასაფლავება დიდგვაროვნების ოცნება ხდებოდა - მეორედ მოსვლის დროს წმინდანის გვერდზე დასაფლავებული ხომ უფრო ადვილად აღდგებოდა?

ამგვარად პოტენციური წმინდანის სხეულზე ნადირობა ეკლესიებისათვის უცხო ხილი არ იყო. მაგალითად, თომა აკვინელის გარდაცვალებამ დიდი დაპირისპირება გამოიწვია ეკლესიის მესვეურთ შორის: რომს, ნეაპოლს, პარიზს, ტულუზას, ვის აღარ სურდა აკვინელის რელიკვიებს დაუფლებოდა. ევროპის ეს ყველაზე ცნობილი თეოლოგი 1274 წლის 7 მარტს გარდაიცვლება იტალიის სოფელ ფოსანოვის სააბატოში. სააბატოს შეშინებული ბერები, რომ რომის პაპი მათ არ დაუტოვებდა ასეთ საგანძურს, გადაწყვეტენ, გვამს თავი მოჰკვეთონ, სხეული კი სასწრაფოდ წითელ ღვინოში მოხარშონ და ჩონჩხი გადამალონ... თუმცა მალე აღმოჩნდება, რომ ფოსანოველი ბერები ტყუილად დაშვრებიან: 1367 წელს, რომის პაპის ბრძანებით, თომა აკვინელის რელიკვიას ტულუზაში გადაასვენებენ, რაც ქალაქს და მის დომინიკელთა ორდენს უდიდეს პრესტიჟს მოუტანს.

კარლ მარქსის საფლავი ლონდონის ჰაიგეიტის სასაფლაოზე.
კარლ მარქსის საფლავი ლონდონის ჰაიგეიტის სასაფლაოზე.

სხვათა შორის, წმინდანების საფლავის გარშემო ტერიტორიის „VIP ზონად“ გამოცხადება არ იქნება მხოლოდ ეკლესიის ხვედრი. იმავე ფენომენს ვაწყდებით მარქსისტებში, ამ ძირძველ ათეისტებში. ამის კარგი მაგალითია თვით კარლ მარქსის საფლავი.

როდესაც კარლ მარქსი გარდაიცვალა ლონდონში 1883 წელს, ის დაკრძალეს ჰაიგეიტის ბორცვის ძირში, ჩვეულებრივ საფლავში. 1954 წელს ბრიტანეთის კომუნისტური პარტია გადაწყვეტს მის გადასვენებას ბევრად უფრო პომპეზურ ადგილას - გორაკის წვერზე ულამაზესი ხედით და ბიუსტით საფლავის ქვაზე.

ამის მერე ბევრ კომუნისტს მოუნდა მის მახლობლად დაკრძალვა - დაწყებული ერაყის კომუნისტური პარტიის ლიდერით და დამთავრებული სამხრეთ აფრიკის კომპარტიის თავმჯდომარით... ერიკ ჰობსბაუმიც კი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი დიდი მარქსისტი ისტორიკოსი, ნაკვეთს იყიდის მარქსის საფლავისგან 20 მეტრის დაშორებით, საკუთარი ფერფლისათვის... ამაში თეორიულად არაფერია რელიგიური... ჰობსბაუმი ხომ მტკიცე მატერიალისტი გახლდათ? რა თქმა უნდა, ჰობსბაუმს ისიც კარგად ახსოვდა, რომ კარლ მარქსმა სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ანტიკურ ფილოსოფოს ეპიკურეზე; ეს უკანასკნელი კი თვლიდა, რომ სხეული მხოლოდ ატომების კრებული იყო და ამტკიცებდა, რომ აღდგომა შეუძლებელია, რადგან ეს ატომები არასოდეს გაერთიანდებიან თავიანთი თავდაპირველი არსების შესაქმნელად...

ისე, ათასიოდე წლის მერე არქეოლოგებმა რომ გათხარონ ჰაიგეიტის ბორცვი და იქ კარლ მარქსის საფლავი აღმოაჩინონ, ნამდვილად ჩათვლიან, რომ მარქსი „შუა საუკუნეების“ დიდი წმინდანი გახლდათ...

და იქნება ეს ტყუილი?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG