Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 18 მაისი. See content from before

პარასკევი, 10 მაისი 2024

ძველი სამყაროს დასაბამთან
ჩვენ გაგვაჩნდა ოქროს ხანა (...)
ზოგი ამბობს, რომ არის ნიშნები,
რომ მეორე ასეთი დადგა,
ნამდვილი ათასწლეული
საბოლოო ოქროს ნათება.

„თითქმის დადგა ორი ათასი წელი“
რობერტ ფროსტი

რომენ გარის რომან ცხოვრება წინაა-ს ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია ქალბატონი როზა. მადამ როზა გახლავთ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკგამოვლილი, ებრაელი ხანში შესული (65 წლის!), მეძავობიდან პენსიაზე გასული ჭარბწონიანი (95 კილო!) პარიზელი ქალი, რომელიც ახალგაზრდა მეძავების მცირეწლოვან შვილებს უვლის. ამ ბავშვების ოინბაზობა მადამ როზას ზოგჯერ ისეთ საშინელ დღეში აყენებდა, რომ სუიციდურ იდეებს უჩენდა. თუმცა, მადამ როზას ჰქონდა ერთი ხერხი, რომელიც მას ყველაზე უფრო სასოწარკვეთილ სიტუაციაშიც ამშვიდებდა: მას საწოლის ქვეშ შენახული ჰქონდა ჰიტლერის დიდი პორტრეტი და ყოველ ჯერზე, როცა მცირეწლოვანი ბავშვების ქცევა აუტანელი ხდებოდა, ამოიღებდა, შეხედავდა ფიურერის პორტრეტს და თვალის დახამხამებაში წყნარდებოდა. წყნარდებოდა, ვინაიდან უარესიც ხომ არსებობდა ვიდრე ამ ბავშვების ცელქობა!

რომენ გარის ეს რომანი ხშირად მახსენდება, როცა საქართველოს ბოლო წლების პოლიტიკურ ცხოვრებას ვაკვირდები: ყოველ წუთას, როცა მმართველი პარტია კრიზისულ სიტუაციაში ვარდება, ის საწოლის ქვეშიდან ამოაძვრენს „ჰიტლერის პორტრეტს“ და ამომრჩეველს „აგულიანებს“ მოწოდებით „ჩემზე უარესიც არსებობს“.

არ მახსენდება კრიზისი, რომლის პანაცეა მთავრობას მომავალში დაენახა. არადა როგორც ერთი პოლიტოლოგი წერს, „ამოიღეთ მომავლის იდეა პოლიტიკური დღის წესრიგიდან და არჩევნები გადაიქცევა დაუსრულებელი კრიზისის ერთ დიდ ჯაჭვად“. და მართლაც, კონვენციური თეორიის მიხედვით, დემოკრატია შეუძლებელია მომავლის, როგორც პოლიტიკური იდეის გარეშე.

მომავალი, როგორც პოლიტიკური იდეა შედგება ორი - ახლო და შორეული - ჰორიზონტისგან. ახლო მომავლის ქრონოლოგია განპირობებულია საარჩევნო ციკლით და პოლიტიკური პარტიების დაპირებები გაწერილია ამ ელექტორალურ ციკლზე; შორეული, უტოპიური, მომავალი კი, ახლო, ელექტორალური მომავლის მამოძრავებელი ძალაა და წარმტაცს ხდის თვით ელექტორალურ დემოკრატიულ პროცესს. ამ ორ მომავალს აერთიანებს მუდმივი პროგრესის იდეა, რომელიც ჩვენი, ბერძნულ-ქრისტიანული კულტურული გენეტიკური კოდის ნაწილია და რომლის ტრიუმფალური სვლა ათასწლეულების მანძილზე ვერც ერთმა თეორიამ ვერ შეაჩერა.

პარადოქსია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მმართველ პარტიას მომავლისთვის - როგორც ახლო, ისე შორეულისთვის - ზურგი აქვს შექცეული, მას წლების მანძილზე „ელექტორალურად გასდიოდა“. გასდიოდა და სავარაუდოდ ოქტომბერშიც გაუვიდოდა, რომ არა რუსული კანონის თავიდან შემოტანა (მკითხველს შევახსენებ, რომ 2012 წლის არჩევნებში, მიუხედავად ციხის კადრებისა და დაგროვილი სხვა დიდი ნეგატივისა, ნაციონალური მოძრაობა პროპორციული სისტემით 40%-ს მიიღებს. 40% კი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, სავარაუდოდ უფრო მეტ მანდატს მოუტანდა მმართველ პარტიას, ვიდრე მას დღეს აქვს).

მომავლისთვის ზურგის შექცევის მიუხედავად მმართველ პარტიას თუ მაინც გასდიოდა, ამის მიზეზი იყო პირველ რიგში ბრიუსელის მიერ საქართველოსთვის შექმნილი მომავლის - როგორც ახლო, ისე შორეულის - პოლიტიკური იდეა, რომელსაც „ოცნება“ როგორც საკუთარს, ისე ასაღებდა. მეორე ფაქტორი, რის გამოც „ოცნებას“ „ელექტორალურად მაინც გასდიოდა“, იყო ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მიერ მომავლისათვის ასევე ზურგის შექცევა: 2020 წლის არჩევნების პირველი ტურის დღესვე არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმა, შარლ მიშელის შეთანხმების უარყოფა, მომავლისათვის ზურგის შექცევის მხოლოდ ერთი-ორი მაგალითია.

ეს ყველაფერი იწვევდა საშინელ გაწბილებას, განსაკუთრებით Z თაობაში, რომელსაც თან არც „ჰიტლერის პორტრეტი“ აშინებდა, რადგან მისი სიკვდილის მერე წამოიზარდა.

და უცბად, ნიჰილიზმით მოცული ეს Z თაობა ყველაზე უფრო აღაშფოთა რუსულმა კანონმა. დღეს ყველა გაკვირვებული და აღფრთოვანებულია ახალგაზრდა თაობის ამ პოლიტიკური აფეთქებით და ყველა ცდილობს, ახსნას ეს ფენომენი. თუმცა, როდესაც Z თაობას ადარებენ X, Y და სხვა თაობებს, შეიძლება ავიწყდებოდეთ ერთი ასპექტი: რა თქმა უნდა, როგორც გამსახურდია, შევარდნაძე თუ სააკაშვილი, ისე მათი პოლიტიკური ოპონენტები, ესაუბრებოდნენ ამომრჩეველს მომავალზე; ეს საუბარი ხშირ შემთხვევაში ბევრად უფრო ქარიზმატული და მომხიბვლელიც კი იყო, ვიდრე ბრიუსელის ბიუროკრატიული ენა.

მაგრამ როგორც გამსახურდიას, შევარდნაძის და სააკაშვილის, ისე მათი პოლიტიკური ოპონენტების მიერ დახატული შორეული მომავალი რჩებოდა ვირტუალურ, აბსტრაქტულ მომავლად. დღეს კი Z თაობის ნებისმიერ წარმომადგენელს შეუძლია 50 ლარად ქუთაისში „დროის მანქანა“ იქირავოს და „ვირტუალურ თუ უტოპიურ მომავალში“ იმოგზაუროს, ისწავლოს და ზოგ შემთხვევაში იმუშაოს კიდეც.

სინამდვილეში რუსული კანონით მმართველმა პარტიამ ხელი ასწია Z თაობის „დროის მანქანაზე“, რომელიც ამ ახალგაზრდებისათვის ილონ მასკის Space X-ზე ბევრად უფრო ძვირფასია.

ლექსში „თითქმის დადგა ორი ათასი წელი“ (რომელიც ამ სტატიას ეპიტაფიად წავუმძღვარე) რობერტ ფროსტი ოქროს ხანაზე თუობით ფორმაში საუბრობდა. ევროპამ კი „ეს საბოლოო ოქროს ნათება“ ქართულ Z თაობას რეალობად უქცია; ამ რეალობამ ისეთი პრომეთეს მუხტი შესძინა ახალგაზრდებს, რომელსაც „ოცნება“ კი არა (ისე, ბედის ირონია არ არის, „ოცნება“ გერქვას და მხოლოდ წარსულზე შეგეძლოს მსჯელობა?), ციდან ჩამოსული ზევსიც კი ვერ ხელყოფს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ზაზა ბურჭულაძე
ზაზა ბურჭულაძე

​​​​​​​რევოლუციებს ცალკე გვერდი აქვთ ვიკიპედიაში. ესაა უგრძესი სია, სადაც ჩამოთვლილია ლამის ყველა ის ჯანყი, რაც კი მომხდარა მსოფლიოში უხსოვარი დროიდან დღემდე. არ ვიცი, რა სახელით შევა ისტორიაში დღევანდელი ქართული ამბავი, მე მას „ბავშვთა რევოლუციას“ ვეძახი.

ეს ამბავი ისტორიაში რომ შევა, ამაში ეჭვი არ მეპარება. მეტისმეტად ლამაზია დავიწყებისთვის.

ქალაქში, მტვერში წაიქცაო ბავშვი, პოეტმა საუკუნის წინ თქვა, დღემდე კი ჩაგვესმის მისი ექო. ეს არ არის მხოლოდ ქრონიკა, ასეთი ბედი გვერგო. სულ ვეცემოდით ქუჩაში, მტვერში, ნიჩბებით აჩეხილნი და გაზით მოწამლულნი. მაგრამ ვდგებოდით. ესეც ჩვენი ბედია. არ ვვარგივართ ჩვენ მონებად. ჭინჭრაქებად და ნაცარქექიებად კიდევ ჰო, მაგრამ ჩვენი მონობა არ გაიშვას. როგორი თავჩახრილიც უნდა ვიდგეთ, ბოლოს მაინც ვიკადრებთ რამე ისეთს, მონას რომ არ ეკადრება.

ყველას გვინახავს ფილმები ბრიუს ლისა თუ ბრიუს უილისის მონაწილეობით. ასევე ყველამ ვიცით, რომ, როგორც კი ფილმში რომელიმე ბრიუსი გამოჩნდება, ამბის ბედი გადაწყვეტილია. ბრიუსი ბოლოს უთუოდ დაამარცხებს მტერს, როგორც წმინდა გიორგი - გველეშაპს. ჩვენ კი ვიცით, ეგაა, გველეშაპმა არ იცის ეს ამბავი. ჰოდა, მთელი ფილმიც მისი მარცხის ქრონიკაა ხოლმე. ახლაც ასეა. როგორც კი ახალგაზრდები გამოჩნდნენ ქალაქის ქუჩებში, „ქართული ოცნება“ დამარცხდა.

გინდა არ გინდა, კინო დაიწყო. ჩვენ ვიცით, რომ გველეშაპი კიდევ წააქცევს ბავშვს წყლით, გაზით, ხელკეტით, რეზინის ტყვიით. ცხვირსაც გაუტეხავს, წიხლებითაც შედგება ზედ. ეცდება მის გაშავებას, შეშინებას, ცდუნებას, დაშანტაჟებას. ასეთია მონსტრის როლი. მაგრამ ფილმის მთავარ როლში ბავშვია, რომლის დამარცხებას ჟანრის კანონი არ ითვალისწინებს.

არ ვიცით, რამ წააქცია ბავშვი, ასეთი რა დაეჯახა, მხოლოდ მშრალი ცნობა: ქუჩაში, მტვერში წაიქცაო იგი. ესაა ამ ტრაგედიის სიმძიმე და სწორედ ეს გვიხუთავს სულს. ფურცლიდან სიკვდილის სუნთქვაღა ისმის. სტალინებსა და პუტინებზე კი არ იწერება უკვდავი ლექსები, არამედ უსახელო ბავშვზე ნუკრის თვალებით, თმით - მიმოზებით.

ბავშვებზე უკეთ ვერავინ დაალაგებს ჩვენს არეულს. 9 წლის წინაც მათ არ გაწმინდეს დედაქალაქის გული ჭუჭყისგან? არავის უთხოვია, ჩუმად გამოჩდნენ, საქმე გააკეთეს და გაუჩინარდნენ. მაშინ ბევრი არაფერი იყო სათქმელი. უბედურება უკვე მომხდარიყო. მაგრამ დღეს ისინი ყივიან მთელ ხმაზე, რადგან უბედურება კარს მოგვდგომია.

ყველას გვქონია ჩვენი ბედნიერების წამები ცხოვრებაში, მაგრამ ამ ბავშვებმა ყველაფერი გადაფარეს. ვუყურებ მათ და ვერ ვხვდები, საიდან მოვიდნენ ასე ლაღები, თავდადებულნი, გულანთებულნი. იმ თავისუფლებიდან ხომ არა, რომელიც ჩვენ არასდროს გვქონია? ნამდვილად ჩვენი შვილები არიან? ჩვენ ხომ არ ვყოფილვართ ასეთები მათ ასაკში? როდის გვქონია ასე გახსნილი გული, შუბლი ან მზერა? ამათზე მშვენიერი რაღა უნდა დაგვმართნოდა?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG