Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 27 მაისს, ბრიუსელში დაწვრილებით განიხილავენ საქართველოში შექმნილ ვითარებას.

2023-ის უდიდესი ნაწილი ევროკავშირმა დაუთმო უკრაინის დახმარების საკითხების განხილვას და ამაოდ სცადა ღაზაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება.

თბილისში მიმდინარე მოვლენები მათ დაგვიანებით გაიაზრეს. ახლა ბრიუსელი იმედოვნებს, რომ “ქართული ოცნება” გაიწვევს “აგენტების კანონს”, რომელსაც მკაცრად აკრიტიკებენ დასავლეთის ქვეყნები და უფლებადამცველები და ამსგავსებენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ შემოღებულ კანონს, რომლითაც კრემლმა ოპონენტები და დამოუკიდებელი ინსტიტუტები ჩაახშო.

ევროკავშირისგან კონკრეტულ ქმედებებს არ უნდა ველოდეთ მანამ, სანამ კანონს საბოლოოდ არ მიიღებენ. ამის შემდეგაც, რეაქციას შეიძლება კარგა ხანი დასჭირდეს.

წელს ბრიუსელი მთლიანად საკუთარი თავითაა მოცული. მთელი ყურადღება მიმართულია ევროპარლამენტის არჩევნებისაკენ, რომელიც ივნისის მიწურულს ჩატარდება და რომელსაც ევროკავშირის მთავარი თანამდებობებისათვის ბრძოლა მოჰყვება.

ევროკომისია განახლებული შემადგენლობით შემოდგომის დასაწყისში შეიკრიბება და სავარაუდოა, რომ ევროკავშირის პოლიტიკის ეს წამყვანი ორგანო სრულფასოვნად მხოლოდ წლის ბოლოსკენ ამოქმედდება.

ამავე დროს, ევროკავშირი ეცდება დელიკატურად მიუდგეს დამსჯელი ზომების ამოქმედებას, რადგან მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები მძიმეა და მას საგრძნობი შედეგები მოჰყვება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში ოქტომბერში უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

მაშ, რა ბერკეტები აქვს ბრიუსელს საქართველოსთან მიმართებით?

ძირითადად ოთხი რამის გაკეთება შეუძლია:

  • ევროკავშირის დახმარების შეწყვეტა
  • მაღალჩინოსანი ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სანქციების შემოღება,
  • ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაყოვნება
  • უვიზო მიმოსვლის შეჩერება.

რამდენიმე წყარომ მითხრა, რომ ყველა ამ ზომის მიღება განიხილება. მათი მიღება კი დამოკიდებული იქნება ორ ფაქტორზე - პოლიტიკურად რამდენად შესაძლებელი იქნება ეს და ექნება თუ არა სასურველი ეფექტი კანონის გაწვევაზე.

ყველაზე აშკარა ვარიანტი, რომელსაც აშშ-ის კონგრესიც განიხილავს, ქართველი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსებისათვის აქტივების გაყინვა და ვიზის აკრძალვაა.

პრობლემა ის გახლავთ, რომ ამისათვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთსულოვნებაა საჭირო, რაც რთული მისაღწევი იქნება. ევროკავშირის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფონდების შემცირება ევროკომისიას წევრი სახელმწიფოების თანხმობის გარეშეც შეუძლია, თუმცა აქ ორი საკითხია გასათვალისწინებელი. ჯერ ერთი, ბევრ ფულზე არაა ლაპარაკი. საქართველო ყოველწლიურად დაახლოებით 85 მილიონი ევროს გრანტებს იღებს და ამ ფულის დიდი ნაწილი სამოქალაქო საზოგადოებისათვისაა გამოყოფილი - რომლის დაცვა კი ბრიუსელს ახლა ისე სურს, როგორც არასდროს.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხრივ რა ვითარებაა?

როდესაც საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, ევროკავშირმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ „ამ კანონის მიღება ნეგატიურ გავლენას მოახდენდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე“.

თითქოს ყველაფერი ცხადი უნდა იყოს, მაგრამ ასე არ არის. საქართველოს უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი და შემდეგი ნაბიჯი გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაა, რაც მოლდოვამ და უკრაინამ 2023 წლის დეკემბერში მიიღეს. პრობლემა ისაა, რომ ახლო მომავალში ევროკავშირი არ გეგმავს გაფართოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებას. ევროკავშირი ამ თემაზე მოხსენებას ოქტომბერში გააკეთებს და წევრი სახელმწიფოები მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებენ. პოლიტიკისათვის ეს მთელი საუკუნეა.

მართალია, ევროკავშირი, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს ოფიციალურად დაიწყებს მოლაპარაკებებს მოლდოვასა და უკრაინასთან და წინ წაწევს მონტენეგროსა და სერბეთს ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ეს ისედაც რთულ პოლიტიკურ მანევრებს საჭიროებს. ევროკავშირის რამდენიმე ოფიციალურმა პირმა მითხრა, რომ თითქმის არავის სურს საქმის კიდევ უფრო გართულება საქართველოს საკითხის დამატებით.

ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა მოითხოვა კანდიდატის სტატუსის გაუქმება, მაგრამ მსგავსი რამ ევროკავშირის ისტორიის განმავლობაში არასოდეს მომხდარა. ასევე, ამასაც ერთსულოვანი გადაწყვეტილება სჭირდება და ამის ალბათობა ნაკლებია. ყველაზე სავარაუდო სცენარია, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს შეინარჩუნებს, თუმცა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ დაიწყება. ახლა საკითხავი ისაა, რამდენად შეაწუხებს ეს საქართველოს მთავრობას. მოლაპარაკებებს ისედაც წლები სჭირდება, „ქართულ ოცნებას“ კი ყოველთვის შეეძლება აღნიშნოს, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს სწორედ მათი მმართველობის დროს მიანიჭეს.

სამივე საკითხის (გაწევრიანება, სანქციები, დაფინანსება) განხილვისას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს მთავრობას სამი მნიშვნელოვანი მეგობარი ჰყავს - უნგრეთი, სლოვაკეთი და უნგრელი ევროკომისარი, რომელიც გაფართოების საკითხზეა პასუხისმგებელი - ოლივერ ვარჰეი.

ამ სამის გავლენის საილუსტრაციოდ ერთი მაგალითიც საკმარისია. ბრიუსელს 21 საათი დასჭირდა, რომ დაეგმო „აგენტების კანონის“ მიღება. ჯერ უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს განცხადების სხვადასხვა პროექტი, რომლებისთვისაც 27-ვე წევრ სახელმწიფოს უნდა მოეწერა ხელი. დიპლომატიურმა წყაროებმა მითხრეს, რომ უნგრეთის აზრით ევროკავშირი უცხო ქვეყნების საქმეში არ უნდა ერეოდეს, სლოვაკეთი კი თავად განიხილავს მსგავსი კანონის მიღების შესაძლებლობას. არადა, განცხადების ამ პროექტებში, რომლებსაც რადიო თავისუფლებაც გაეცნო, თბილისის მიმართ პირდაპირი მუქარა არც ფიგურირებდა. ყველაზე „მწვავე“ ფრაზა კი ასეთი იყო: „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გაიწვიოს კანონი, შეინარჩუნოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ერთგულება და გაატაროს აუცილებელი რეფორმები“.

როდესაც წევრი სახელმწიფოები ვერ შეთანხმდნენ, განცხადების გაკეთება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეურს, ჟოზეპ ბორელს მოუწია. მას კი ხელს ოლივერ ვარჰეი უშლიდა, რომელმაც ტექსტს ხელი არ მოაწერა. როგორც ამბობენ, აპროტესტებდა ჩანაწერს, სადაც კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირისკენ გაწევრიანების პროცესის შეფერხებაზე იყო ლაპარაკი. საბოლოოდ განცხადება ბორელისა და ევროკომისიის სახელით გავრცელდა.

დაგვრჩა მეოთხე ბერკეტი - სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება. ამისათვის ერთსულოვნება საჭირო არ არის, საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობა, რაც ნიშნავს წევრი სახელმწიფოების 55%-ს (როგორც წესი, ეს 15 ქვეყანაა 27-დან), რომლებიც ევროკავშირის მოსახლეობის 65%-ს წარმოადგენენ.

ეს საკამათო გადაწყვეტილებაა, რადგან 2017 წელს მიღწეული უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ყველაზე პოპულარული ნაბიჯია თბილისთან მიმართებით. არაერთი ქვეყანა მიიჩნევს, რომ უსამართლო იქნებოდა მთელი მოსახლეობის დასჯა.

თუმცა, როგორც მესმის, ამას სულ უფრო მეტი წევრი სახელმწიფო ემხრობა. ჯერ კვალიფიციური უმრავლესობისათვის საკმარისი ალბათ არაა, მაგრამ არაერთ დედაქალაქში ამ ზომას ან განიხილავენ, ან კი მის მიღებას არ გამორიცხავენ. ახლა ისინი ერთმანეთთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, იურიდიულ საკითხებზე მსჯელობენ და შემდეგ ნაბიჯებს განიხილავენ. ევროკავშირის რამდენიმე ოფიციალურმა პირმა მითხრა, მთავარია „პროცესის დაწყება, რომელსაც სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერება შედეგად შეიძლება არც მოჰყვესო“.

შეჩერების მექანიზმი კი ასეთია - ევროკავშირის წევრი ქვეყანა მიმართავს ევროკომისიას და აცნობებს, რომ პრობლემა აქვს კონკრეტული მესამე ქვეყნის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. ევროკომისიამ ამ საკითხთან დაკავშირებით მოხსენება უნდა გააკეთოს. თუ ის დარღვევებს დააფიქსირებს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ნაწილობრივ შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა. პრობლემა თუ არ გადაიჭრა, უვიზო მიმოსვლა სრულად შეჩერდება. ორივე შემთხვევაში საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობა.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება აქამდე მხოლოდ ერთხელ მომხდარა, წყნარი ოკეანის სამხრეთში მდებარე ვანუატუს შემთხვევაში. 2022 წლის მარტში ქვეყანას უვიზო მიმოსვლა დროებით შეუჩერეს ე.წ. ოქროს პასპორტებით ვაჭრობის გამო. ხელისუფლება ამ პასპორტებს გარკვეული საფასურის გადახდის ან ინვესტიციის დაბანდების შემთხვევაში გასცემდა. იმავე წლის ნოემბერში ბრიუსელმა მიიჩნია, რომ ვანუატუს არაფერი გაუკეთებია პრობლემის გადასაჭრელად და უვიზო მიმოსვლა სრულად შეაჩერა.

ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი მეუბნება, რომ უვიზო მიმოსვლა მხოლოდ მაშინ უნდა გაუქმდეს, როდესაც, მაგალითად, რომელიმე ქვეყნის მოქალაქეები უვიზო რეჟიმს ევროკავშირში თავშესაფრის საძიებლად იყენებენ ან მეტისმეტად ხშირად არღვევენ 180-დღიან ვადას. თუმცა, არსებობს „დემოკრატიის კრიტერიუმიც“ და რამდენიმე დიპლომატმა განმიცხადა, „აგენტების კანონის“ მიღება ამ კრიტერიუმის აშკარა დარღვევა იქნებაო.

ამასობაში კი მოცდა მოგვიწევს. ჯერ ვნახოთ, რას იზამს საქართველოს მთავრობა.

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

ლენარტ მერის წლევანდელ კონფერენციაზე, სადაც პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები და სამხედრო მაღალჩინოსნები საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებს განიხილავდნენ, წესით, კარგი განწყობა არ უნდა ჰქონოდათ.

უკრაინაში საქმეები კარგად არ მიდის, რუსეთი ხარკოვის რეგიონს უტევს, აშშ-ის დახმარების ძირითადი ნაწილი, რომლის გამოყოფაზეც რამდენიმე კვირის წინ შეთანხმდნენ, კიევში ჯერ კიდევ არ ჩასულა.

ამასთან, 16 მაისს, როდესაც ესტონეთის დედაქალაქ ტალინში სამდღიანი ღონისძიება დაიწყო, პეკინიდან ცნობები მოვიდა, რომ ჩინეთი და რუსეთი „უსაზღვრო პარტნიორობის“ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და მისმა ჩინელმა კოლეგამ სი ძინპინმა პარტნიორობას 2022 წელს მოაწერეს ხელი და მისი შემდგომი გაღრმავება გამოიწვევს კრემლის მდგრად პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერასაც კი.

თუმცა, კონფერენციაზე განწყობა არ ყოფილა ისეთი პირქუში, როგორც თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იყო. შეკრება ოპტიმისტური ტონით გახსნა ინდრეკ კანიკმა, ტალინში ბაზირებული თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის (ICDS) დირექტორმა და ამ კონფერენციის ორგანიზატორმა. მან თქვა: „ნეხვივით ვითარება გვაქვს, მაგრამ ეს არის ჩვენი მომავლის სასუქიო“. ეს ფრაზა ეკუთვნის ლენარტ მერის, ქვეყნის პირველ პოსტსაბჭოთა პრეზიდენტს, რომელმაც ესტონეთი დასავლურ სამყაროში დააბრუნა. უცხოელმა დიპლომატებმა და პოლიტიკურმა კომენტატორებმა ამ ხუმრობაზე ბევრი იცინეს.

ეს ფრაზა ძალიან მოუხდა კონფერენციას, რომლის წლევანდელი თემა იყო „სასოწარკვეთას ნუ მივეცემით. ვიმოქმედოთ!“ ტალინიც განსაკუთრებით ბევრს აკეთებს, განსაკუთრებით, როდესაც საქმე უკრაინის მხარდაჭერას შეეხება.

ესტონეთმა უდიდესი ძალისხმევა გასწია უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ მტკიცებულებების შეგროვებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემისათვის. სწორედ მისი იდეა იყო ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის სამხედრო დახმარებისათვის და, საბოლოოდ, მისი რეკონსტრუქციისათვის.

მაისის დასაწყისში, ევროკავშირის ელჩები საბოლოოდ შეთანხმდნენ ევროკავშირში არსებული რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების წლიური მოგების ჩამორთმევაზე, რამაც შეიძლება ყოველწლიურად 3 მილიარდი ევრო შეჰმატოს უკრაინას. ესტონეთი კიდევ უფრო შორს მიდის. გასულ კვირას მისმა პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას, რუსეთის მოქალაქეებს ქონება ჩამოართვას, თუ დადასტურდება მათი კავშირი რუსულ სამხედრო მანქანასთან.

ევროკავშირის დონეზე ეს ალბათ ვერ განმეორდება, თუმცა შეიძლება ბრიუსელს უბიძგოს, რომ საბოლოოდ ჩამოართვას რუსეთს გაყინული სახელმწიფო აქტივები - და არა მხოლოდ მათი წლიური მოგება - ეს კი 300 მილიარდ ევროზე მეტადაა შეფასებული.

და ეს ყველაფერი არ გახლავთ. ტალინმა უკრაინას დაახლოებით 640 მილიონი დოლარის სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება გაუწია. მიუხედავად იმისა, აბსოლუტურ მაჩვენებლებში ეს წვლილი შესაძლოა არც ის დიდი ჩანდეს, მაგრამ ის წარმოადგენს ესტონეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1.6 პროცენტს. ეს კი აღემატება ყველა სხვა ქვეყანას, რომელმაც უკრაინას დახმარება გაუწია.

ესტონეთმა ასევე წამოაყენა იდეა, რომელზეც კონფერენციაზე ბევრს ლაპარაკობდნენ - რომ ყველა დასავლელმა მოკავშირემ თავისი მშპ-ს 0.25 პროცენტი გამოყოს უკრაინის სამხედრო დახმარებისათვის. ჯერჯერობით, იდეას დიდი აღფრთოვანება არ მოჰყოლია.

კიდევ ერთი ვარიანტია ევროკავშირის ერთობლივი ობლიგაციების (ევრობონდების) გამოშვება კონტინენტზე თავდაცვის წარმოების გასაზრდელად. ამას ფრანგებიც მტკიცედ უჭერენ მხარს და ესტონეთიც. ევროკავშირის ერთობლივი სესხის აღების პრაქტიკა პირველად 2020 წელს, პანდემიის შემდგომი რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად დაინერგა, თუმცა ახლა მისი განხორციელების შესაძლებლობა ნაკლებია. ვალის აღება არც გერმანელ ლიბერალებს სურთ და არც ნიდერლანდის ახალ მთავრობას. მიუხედავად ამისა, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი იმედს არ კარგავს. ერთ-ერთ პანელზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ევრობონდების იდეაზე „ბრიუსელს ჯერ ბოლომდე უარი არ უთქვამს, ამგვარად, ის ჯერაც ცოცხალიაო“.

ესტონეთის აქტიური დიპლომატიური საქმიანობის შედეგია, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკოსებს ევროკავშირისა და ნატოს მაღალი თანამდებობების კანდიდატებად განიხილავენ. პრემიერ-მინისტრ კალასს, წესით, რამე თანამდებობა უნდა შესთავაზონ ივნისში ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ. ლენარტ მერის კონფერენციაც მის ერთგვარ პრეზენტაციად იქცა - რამდენიმე დღის განმავლობაში იდგა სცენაზე და უცხოელი ჟურნალისტების წრეშიც ხშირად ტრიალებდა.

ის ჩვეულებრივზე უფრო დელიკატური და ნაკლებად აგრესიული ჩანდა, სავარაუდოდ, დასავლეთში ეჭვის გასაქარწყლებლად. მასზე ხომ ნახევრად ხუმრობით ამბობენ, „საუზმეზე რუსებს ჭამსო“. ესტონელმა დიპლომატმა ახსენა, რომ გაეროში ბოლო კენჭისყრისას ესტონეთმა მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, სადაც პალესტინის სრული წევრობაა მოთხოვნილი. არადა ტალინს, როგორც წესი, მკვეთრად პროისრაელური პოზიცია უჭირავს ხოლმე. ამ კენჭისყრით პრემიერმა სავარაუდოდ სცადა დასავლეთევროპელების გულის მოგება.

ჯერაც გაურკვეველია, სურს თუ არა კალასს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეურის პოსტი. ბრიუსელში ბევრი ფიქრობს, რომ ეს თანამდებობა უკვე ფაქტობრივად მისია. შეხვედრაზე მას პირდაპირ ჰკითხეს ამის შესახებ და უპასუხა, რომ „წარმოდგენა არ აქვს, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, რადგან 2019 წელს ის არ ესწრებოდა“ ევროკავშირის მთავარი პოსტების განაწილებას. დასძინა, რომ მისთვის პატივია, თუ მის სახელს ახსენებენ, თუმცა ისიც დაამატა, ნატოს გენერალური მდივნის შესაძლო კანდიდატადაც ხშირად მახსენებდნენ, არადა ამ პოსტს თითქმის დანამდვილებით ჰოლანდიის პრემიერი მარკს რუტე დაიკავებსო.

კალასს ევროკავშირის მაღალი თანამდებობის დაკავებაში ორი რამ უშლის ხელს. პირველია რთული, დახურულ კარს მიღმა მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლითაც ევროკავშირის 27 სახელმწიფო და მთავრობის მეთაური ირჩევენ ევროკომისიის, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერებს. სამი ძირითადი თანამდებობა უნდა ასახავდეს გეოგრაფიულ, გენდერულ და პოლიტიკურ ბალანსს. კალასს, როგორც ლიბერალური პარტიის წევრს, კარგი შანსი აქვს, თუმცა ამისათვის მისმა პარტიამ სოლიდური შედეგი უნდა აჩვენოს ივნისის არჩევნებში.

მეორე დაბრკოლება კი ის გახლავთ, რომ „აღმოსავლელები“ ერთიანად არ მოქმედებენ ხოლმე. როგორც ჩანს, არ გამოსდით ერთმანეთის ლობირება, რათა ბრიუსელში ის მიიღონ, რაც სურთ. გასულ კვირას, მაგალითად, ირლანდიელი გენერალი შონ კლენსი აირჩიეს ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარედ, რომელიც უკრაინის ომის დაწყების შემდეგ სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. იმ ფაქტმა, რომ ეს თანამდებობა შეზღუდული სამხედრო შესაძლებლობების მქონე ნეიტრალურმა წევრმა ქვეყანამ მიიღო და არა, ვთქვათ, რომელიმე პოლონელმა გენერალმა, არაერთი ადამიანის გაკვირვება გამოიწვია.

კონფერენციიდან ასეთი დასკვნა გამოვიტანე: მიუხედავად მკაცრი რიტორიკისა, ესტონეთში დაუცველობის გრძნობა აქვთ. თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა აღნიშნა, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ნატოს თავდაცვის ხარჯები 61 პროცენტით გაიზარდა; ამავე პერიოდში კი რუსეთმა ხარჯები 600 პროცენტით გაზარდა. პევკურმა ასევე თქვა, რომ ნატოს თავდაცვის გეგმები, რომლებიც შარშან ნატოს ვილნიუსის სამიტზე შეათანხმეს ალიანსის ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დასაცავად, ჯერ კიდევ არ არის სრულად შესრულებადი, რადგან ჯერ არ გააჩნია საკმარისი სამხედრო შესაძლებლობები. ასევე, რუსეთი ახლა უკრაინითაა დაკავებული, მაგრამ კრემლს მაინც შეუძლია ნატოს გამოცდა ჰიბრიდული საფრთხეებით - კიბერშეტევებითა და დივერსიებით. ნატოში ესტონეთის ელჩმა იური ლუიკმაც აღნიშნა, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების მიუხედავად, ბალტიის ქვეყნების დაცვის კუთხით ძალთა ბალანსი არ შეცვლილა. მისი თქმით, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ რაც უფრო კარგავს რუსეთი გლობალურ ძალას, მით იზრდება დაუცველობა ბალტიის რეგიონში.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG