Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 28 მაისი. See content from before

ორშაბათი, 27 მაისი 2024

პოლიტიკაში ტყუილს დიდი ისტორია აქვს. 1733 წელს ჯონათან სვიფტი პოლიტიკურ ტყუილს განსაზღვრავდა როგორც „ხელოვნებას, რომლის ფუნქციაა საჭირო სიცრუეში დაარწმუნო ხალხი. „გულივერის“ ავტორის ეპოქაში, მატყუარა პატივს სცემდა ლოგიკას (რომლითაც მანიპულირებდა), ისევე როგორც მტკიცებულებას (რომელსაც აყალბებდა), რათა ტყუილი ეთქვა. ამგვარად, სვიფტისეული მატყუარა, გარკვეულწილად, პატივს სცემდა სიმართლეს, როგორც ნორმას და როგორც ღირებულებას.

მეოცე საუკუნის ლიტერატურამ - ორუელმა, კარლ კრაუსმა, რასელმა, ბერნარდ შოუმ - აღმოაჩინა ახალი ტიპის პერსონაჟი, რომელიც კი არ ტყუის, არამედ ბულშითობს (to bullshit). ოცდამეერთე საუკუნეში ბულშითერის პერსონაჟმა რომანიდან უკვე მასობრივად გადმოაბიჯა საჯარო პოლიტიკაში.

სიტყვა „bullshit“ ამერიკული ქუჩიდან შევიდა ინგლისურ ენაში; „bullshit“ სიტყვასიტყვით „ხარის ნეხვს“ ნიშნავს და ქართულად ითარგმნება როგორც „როშვა“, „ბოდვა“.

მართალია ბულშითმა ინგლისურ ენაში კრიმინალური სუბკულტურიდან შეაღწია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ სიტყვას ტ. ს. ელიოტმა ლექსი (The Triumph of Bullshit), ხოლო ამერიკელმა ფილოსოფოსმა ჰარი ფრანკფურტმა წიგნი (On Bullshit) მიუძღვნა, სიტყვა „ბულშითი“ ნაკურთხი გახდა აკადემიურ წრეებში.

ეს ყოველი შემთხვევისთვის, რათა არავის ეწყინოს, თუ ბულშითინგს საკუთარ თავზე მიიღებს...

წიგნში On Bullshit ჰარი ფრანკფურტი გასაკვირი ოსტატობით ახერხებს, განასხვაოს „ბულშითინგი“ და „მოტყუება“: მაშინ როცა, მატყუარა მკვეთრად ფოკუსირებულია სიმართლეზე და ცდილობს სიმართლის გზიდან რაც შეიძლება შორს გადაუხვიოს აუდიტორიამ, ბულშითერს არ აინტერესებს, სად არის სიმართლე და სად ტყუილი, მსმენელი დაიჯერებს მის სიტყვებს თუ არა; თუ მატყუარა რუდუნებით არჩევს მტკიცებულებებს და აყალბებს მათ, ბულშითერისათვის დამახასიათებელია მტკიცებულებების დაუფიქრებელი დაბრეხვება, მიუხედავად მათი აბსურდულობისა თუ მათი ციტირების გაუმართლებლობისა; თუ მატყუარასთვის მნიშვნელოვანია, რას ლაპარაკობს, ბულშითერის ერთადერთი მიზანია აუდიტორიის წინაშე საკუთარ თავზე დადებითი წარმოდგენის შექმნა - მთავარია არა რას ლაპარაკობ, არამედ ვინ ლაპარაკობს!

მოკლედ ბულშითობა არის ერთგვარი ფაღარათი, ვერბალური კუჭის აშლილობა, უკონტროლო დინება „ხარის ნეხვისა“. ამდენად, უაზროა, შეეცადო გააანალიზო, რამდენად ლოგიკურია, რამდენად ადეკვატურია ბულშითერის ლოგორეა. (კინაღამ ნეხვდინება არ დავწერე...). ამგვარად, ბულშითინგი ხშირად იმდენად არაადეკვატურია, რომ დისკურსის რაციონალიზაციის მცდელობა შეთქმულების თეორიამდეც კი მიიყვანს ადამიანს.

საქართველოს საჯარო პოლიტიკოსები ბულშითინგის გინესის წიგნში რეკორდებს ყოველდღიურად ხსნიან. რომელი ერთი გინდათ, რომ გავიხსენოთ ბულშითის ამ ნიაღვარში? აი, მაგალითად ერთ-ერთი ასეთია ქართველი პოლიტიკოსების მტკიცება, - და ეს იმ ფოტოების ფონზე, რომლებიც საპირისპიროს აჩვენებს, - რომ ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში რუსთაველზე ძალიან ცოტა ადამიანი გამოდის გასაპროტესტებლად (ხომ გახსოვთ, ტრამპი როგორ ამტკიცებდა, - ასევე იმ ფოტოების ფონზე, რომლებიც საწინააღმდეგოს აჩვენებდა, - რომ 2017 წლის მის ინაუგურაციაზე მეტი ხალხი იყო შეკრებილი, ვიდრე ობამას გაპრეზიდენტების 2009 წლის ცერემონიაზე?). ბულშითინგის სასკოლო სახელმძღვანელოში შევა ასევე ქართველი პოლიტიკოსების ისეთი განცხადებები, როგორიც არის „ევროპის არაევროპულობა და საქართველოს მხრიდან ევროპის გაევროპელების აუცილებლობა“; „მასონების მიერ საქართველოს უკრაინიზაციის მცდელობა“; „ევროკომისრისგან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ გამოთქმული სიკვდილის მუქარა!“... დარჩა რამე „უბულშითებელი“?

ამასთან ერთად, ქართველი ბულშითერების მიერ ისეთი ტერმინებით ჟონგლიორობა, როგორიცაა ომი და მშვიდობა, მტერი და მოყვარე, სუვერენული და ვასალური, კაენი და აბელი და ა.შ. აუდიტორიის ნაწილზე მოქმედებს და მას ბულშითური ნირვანის მორევში ითრევს. ამ სიტუაციაში, ჟურნალისტიკის როლია ბულშითინგის ნიაღვარს „ანტიფაღარათული ჯებირი“ დაუპირისპიროს. მაგრამ ვაი იმ ქვეყანას, სადაც ჟურნალისტების ნაწილიც ბულშითინგის გავრცელებით არის დაკავებული!

და აი, ბულშითინგის მორევში ჩათრეული და სოციალური ქსელების ინფორმაციულ გეტოში გამომწყვდეული ამომრჩეველი ამაოდ ცდილობს სამაშველო რგოლი დაინახოს ჰორიზონტზე.

ნეხვის დეტექტორი - ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კარგი მწერლისათვის, რაც მას შიგ უნდა ჰონდეს ჩაშენებული, რათა ნებისმიერ დარტყმას გაუძლოს. ყველა დიდი კალმოსანი იყო მწერლის ამ რადარით დაჯილდოებული - დაწერს ერნესტ ჰემინგუეი 1958 წელს.

ოჰ, როგორ დასჭირდება ქართველ ამომრჩეველს ნეხვის ეს დეტექტორი 26 ოქტომბერს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ზაზა ბურჭულაძე
ზაზა ბურჭულაძე

პრეზიდენტის დღევანდელი სიტყვა იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის სიტყვა - ღირსეული და ამაღელვებელი.

სალომე ზურაბიშვილი არტისტად რომ არ დაბადებულა და მაინცდამაინც არც ქართულად მეტყველება ეხერხება, კარგად ვიცით, მაგრამ დღეს არ ყოფილა ეს მთავარი. მთავარია, რა თქვა მან. დღეს იყო სიტყვის ზეიმი. დღეს მისი კოსტიუმიც კი, ქართული დროშის ფერებში, ახდენდა ეფექტს. თითქოს თვით დროშა ჰყვებოდა თავისი ქვეყნის ისტორიას და თითოეულს შეგვახსენებდა ჩვენ ვალს - წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე.

პრეზიდენტის შემდეგ ყველა გამომსვლელი უცებ ძალიან დაპატარავდა. დღეს, როგორც არასდროს, მათი პატრონიც კი ქონდრის კაცად გამოჩნდა, თავისი ვიწრო თვალსაწიერითა და ბნელი აზრებით. რაც უნდა იყოს, ოღონდაც ეს ჭირი მოგვშორდეს და მერე თუნდაც გადაგვიჭამია ერთმანეთი, როგორც გვჩვევია.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში იმდენი რამ მოხდა, გეგონება, მთელი ცხოვრება გავიდა. 2024 წლის 29 აპრილს რუსთაველზე ერთი სიტყვა ითქვა, დღეს კი, 2024 წლის 26 მაისს, თავისუფლების მოედანზე ითქვა სხვა სიტყვა. ეს ორი სრულიად განსხვავებული სიტყვაა, როგორც ერთმანეთის ანტონიმები, და მათ შორის მთელი ეპოქა ეტევა.

პირადად მე ორივეს დიდ მადლობას ვუხდი. იმასაც, ვინც „ქართული ოცნების“ პატრონს დაუწერა სიტყვა 29 აპრილისთვის, და იმასაც, ვინც საქართველოს პრეზიდენტს დაუწერა სიტყვა 26 მაისისთვის. ასეთ ლუსტრაციას ვინ მოახერხებდა? სიტყვამ შეიძლება გაგაშიშვლოს კაცი და სიტყვამ შეიძლება შეგმოსოს. ჯერ არასდროს გამოკვეთილა ასე მკაფიოდ შავი და თეთრი. მგონი, ახლა მაინც გაიგო ყველამ ყველაფერი. იმანაც კი, ვისაც არაფერი გაეგება, და იმანაც, ვისაც არაფრის გაგება უნდა.

ორი თარიღი. 29 აპრილი და 26 მაისი. ორი სიტყვა. თუკი პირველი სისხლს გიწამლავს, როგორც შენი ქვეყნის დაცემული დროშა, მეორე ისე გიდუღებს იმავე სისხლს, რომ გინდა, დაცემული დროშა ხელში აიღო და პირადად შენ გაუძღვე შენს ქვეყანას გამარჯვებისკენ.

მადლობა სიტყვებს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG