ლენარტ მერის წლევანდელ კონფერენციაზე, სადაც პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები და სამხედრო მაღალჩინოსნები საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებს განიხილავდნენ, წესით, კარგი განწყობა არ უნდა ჰქონოდათ.
უკრაინაში საქმეები კარგად არ მიდის, რუსეთი ხარკოვის რეგიონს უტევს, აშშ-ის დახმარების ძირითადი ნაწილი, რომლის გამოყოფაზეც რამდენიმე კვირის წინ შეთანხმდნენ, კიევში ჯერ კიდევ არ ჩასულა.
ამასთან, 16 მაისს, როდესაც ესტონეთის დედაქალაქ ტალინში სამდღიანი ღონისძიება დაიწყო, პეკინიდან ცნობები მოვიდა, რომ ჩინეთი და რუსეთი „უსაზღვრო პარტნიორობის“ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და მისმა ჩინელმა კოლეგამ სი ძინპინმა პარტნიორობას 2022 წელს მოაწერეს ხელი და მისი შემდგომი გაღრმავება გამოიწვევს კრემლის მდგრად პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერასაც კი.
თუმცა, კონფერენციაზე განწყობა არ ყოფილა ისეთი პირქუში, როგორც თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იყო. შეკრება ოპტიმისტური ტონით გახსნა ინდრეკ კანიკმა, ტალინში ბაზირებული თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის (ICDS) დირექტორმა და ამ კონფერენციის ორგანიზატორმა. მან თქვა: „ნეხვივით ვითარება გვაქვს, მაგრამ ეს არის ჩვენი მომავლის სასუქიო“. ეს ფრაზა ეკუთვნის ლენარტ მერის, ქვეყნის პირველ პოსტსაბჭოთა პრეზიდენტს, რომელმაც ესტონეთი დასავლურ სამყაროში დააბრუნა. უცხოელმა დიპლომატებმა და პოლიტიკურმა კომენტატორებმა ამ ხუმრობაზე ბევრი იცინეს.
ეს ფრაზა ძალიან მოუხდა კონფერენციას, რომლის წლევანდელი თემა იყო „სასოწარკვეთას ნუ მივეცემით. ვიმოქმედოთ!“ ტალინიც განსაკუთრებით ბევრს აკეთებს, განსაკუთრებით, როდესაც საქმე უკრაინის მხარდაჭერას შეეხება.
ესტონეთმა უდიდესი ძალისხმევა გასწია უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ მტკიცებულებების შეგროვებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემისათვის. სწორედ მისი იდეა იყო ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის სამხედრო დახმარებისათვის და, საბოლოოდ, მისი რეკონსტრუქციისათვის.
მაისის დასაწყისში, ევროკავშირის ელჩები საბოლოოდ შეთანხმდნენ ევროკავშირში არსებული რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების წლიური მოგების ჩამორთმევაზე, რამაც შეიძლება ყოველწლიურად 3 მილიარდი ევრო შეჰმატოს უკრაინას. ესტონეთი კიდევ უფრო შორს მიდის. გასულ კვირას მისმა პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას, რუსეთის მოქალაქეებს ქონება ჩამოართვას, თუ დადასტურდება მათი კავშირი რუსულ სამხედრო მანქანასთან.
ევროკავშირის დონეზე ეს ალბათ ვერ განმეორდება, თუმცა შეიძლება ბრიუსელს უბიძგოს, რომ საბოლოოდ ჩამოართვას რუსეთს გაყინული სახელმწიფო აქტივები - და არა მხოლოდ მათი წლიური მოგება - ეს კი 300 მილიარდ ევროზე მეტადაა შეფასებული.
და ეს ყველაფერი არ გახლავთ. ტალინმა უკრაინას დაახლოებით 640 მილიონი დოლარის სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება გაუწია. მიუხედავად იმისა, აბსოლუტურ მაჩვენებლებში ეს წვლილი შესაძლოა არც ის დიდი ჩანდეს, მაგრამ ის წარმოადგენს ესტონეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1.6 პროცენტს. ეს კი აღემატება ყველა სხვა ქვეყანას, რომელმაც უკრაინას დახმარება გაუწია.
ესტონეთმა ასევე წამოაყენა იდეა, რომელზეც კონფერენციაზე ბევრს ლაპარაკობდნენ - რომ ყველა დასავლელმა მოკავშირემ თავისი მშპ-ს 0.25 პროცენტი გამოყოს უკრაინის სამხედრო დახმარებისათვის. ჯერჯერობით, იდეას დიდი აღფრთოვანება არ მოჰყოლია.
კიდევ ერთი ვარიანტია ევროკავშირის ერთობლივი ობლიგაციების (ევრობონდების) გამოშვება კონტინენტზე თავდაცვის წარმოების გასაზრდელად. ამას ფრანგებიც მტკიცედ უჭერენ მხარს და ესტონეთიც. ევროკავშირის ერთობლივი სესხის აღების პრაქტიკა პირველად 2020 წელს, პანდემიის შემდგომი რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად დაინერგა, თუმცა ახლა მისი განხორციელების შესაძლებლობა ნაკლებია. ვალის აღება არც გერმანელ ლიბერალებს სურთ და არც ნიდერლანდის ახალ მთავრობას. მიუხედავად ამისა, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი იმედს არ კარგავს. ერთ-ერთ პანელზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ევრობონდების იდეაზე „ბრიუსელს ჯერ ბოლომდე უარი არ უთქვამს, ამგვარად, ის ჯერაც ცოცხალიაო“.
ესტონეთის აქტიური დიპლომატიური საქმიანობის შედეგია, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკოსებს ევროკავშირისა და ნატოს მაღალი თანამდებობების კანდიდატებად განიხილავენ. პრემიერ-მინისტრ კალასს, წესით, რამე თანამდებობა უნდა შესთავაზონ ივნისში ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ. ლენარტ მერის კონფერენციაც მის ერთგვარ პრეზენტაციად იქცა - რამდენიმე დღის განმავლობაში იდგა სცენაზე და უცხოელი ჟურნალისტების წრეშიც ხშირად ტრიალებდა.
ის ჩვეულებრივზე უფრო დელიკატური და ნაკლებად აგრესიული ჩანდა, სავარაუდოდ, დასავლეთში ეჭვის გასაქარწყლებლად. მასზე ხომ ნახევრად ხუმრობით ამბობენ, „საუზმეზე რუსებს ჭამსო“. ესტონელმა დიპლომატმა ახსენა, რომ გაეროში ბოლო კენჭისყრისას ესტონეთმა მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, სადაც პალესტინის სრული წევრობაა მოთხოვნილი. არადა ტალინს, როგორც წესი, მკვეთრად პროისრაელური პოზიცია უჭირავს ხოლმე. ამ კენჭისყრით პრემიერმა სავარაუდოდ სცადა დასავლეთევროპელების გულის მოგება.
ჯერაც გაურკვეველია, სურს თუ არა კალასს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეურის პოსტი. ბრიუსელში ბევრი ფიქრობს, რომ ეს თანამდებობა უკვე ფაქტობრივად მისია. შეხვედრაზე მას პირდაპირ ჰკითხეს ამის შესახებ და უპასუხა, რომ „წარმოდგენა არ აქვს, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, რადგან 2019 წელს ის არ ესწრებოდა“ ევროკავშირის მთავარი პოსტების განაწილებას. დასძინა, რომ მისთვის პატივია, თუ მის სახელს ახსენებენ, თუმცა ისიც დაამატა, ნატოს გენერალური მდივნის შესაძლო კანდიდატადაც ხშირად მახსენებდნენ, არადა ამ პოსტს თითქმის დანამდვილებით ჰოლანდიის პრემიერი მარკს რუტე დაიკავებსო.
კალასს ევროკავშირის მაღალი თანამდებობის დაკავებაში ორი რამ უშლის ხელს. პირველია რთული, დახურულ კარს მიღმა მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლითაც ევროკავშირის 27 სახელმწიფო და მთავრობის მეთაური ირჩევენ ევროკომისიის, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერებს. სამი ძირითადი თანამდებობა უნდა ასახავდეს გეოგრაფიულ, გენდერულ და პოლიტიკურ ბალანსს. კალასს, როგორც ლიბერალური პარტიის წევრს, კარგი შანსი აქვს, თუმცა ამისათვის მისმა პარტიამ სოლიდური შედეგი უნდა აჩვენოს ივნისის არჩევნებში.
მეორე დაბრკოლება კი ის გახლავთ, რომ „აღმოსავლელები“ ერთიანად არ მოქმედებენ ხოლმე. როგორც ჩანს, არ გამოსდით ერთმანეთის ლობირება, რათა ბრიუსელში ის მიიღონ, რაც სურთ. გასულ კვირას, მაგალითად, ირლანდიელი გენერალი შონ კლენსი აირჩიეს ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარედ, რომელიც უკრაინის ომის დაწყების შემდეგ სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. იმ ფაქტმა, რომ ეს თანამდებობა შეზღუდული სამხედრო შესაძლებლობების მქონე ნეიტრალურმა წევრმა ქვეყანამ მიიღო და არა, ვთქვათ, რომელიმე პოლონელმა გენერალმა, არაერთი ადამიანის გაკვირვება გამოიწვია.
კონფერენციიდან ასეთი დასკვნა გამოვიტანე: მიუხედავად მკაცრი რიტორიკისა, ესტონეთში დაუცველობის გრძნობა აქვთ. თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა აღნიშნა, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ნატოს თავდაცვის ხარჯები 61 პროცენტით გაიზარდა; ამავე პერიოდში კი რუსეთმა ხარჯები 600 პროცენტით გაზარდა. პევკურმა ასევე თქვა, რომ ნატოს თავდაცვის გეგმები, რომლებიც შარშან ნატოს ვილნიუსის სამიტზე შეათანხმეს ალიანსის ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დასაცავად, ჯერ კიდევ არ არის სრულად შესრულებადი, რადგან ჯერ არ გააჩნია საკმარისი სამხედრო შესაძლებლობები. ასევე, რუსეთი ახლა უკრაინითაა დაკავებული, მაგრამ კრემლს მაინც შეუძლია ნატოს გამოცდა ჰიბრიდული საფრთხეებით - კიბერშეტევებითა და დივერსიებით. ნატოში ესტონეთის ელჩმა იური ლუიკმაც აღნიშნა, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების მიუხედავად, ბალტიის ქვეყნების დაცვის კუთხით ძალთა ბალანსი არ შეცვლილა. მისი თქმით, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ რაც უფრო კარგავს რუსეთი გლობალურ ძალას, მით იზრდება დაუცველობა ბალტიის რეგიონში.