საქართველოს მთავრობა მორიგჯერ ცდის ბრიუსელის მოთმინებას „უცხოეთის აგენტების კანონით“, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო გასულ კვირას.
თბილისმა შარშან უკვე სცადა იდენტური კანონის მიღება. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ტერმინი „უცხოეთის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“. შარშან პროექტის დამტკიცებას ხალხმრავალმა აქციებმა და დასავლეთის ზეწოლამ შეუშალა ხელი. შეძლებს თუ არა ვაშინგტონი და ბრიუსელი, რომ ახლაც მსგავსი პასუხი გასცეს?
როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯს დგამს ამომრჩევლის კონსოლიდაციისა და გააქტიურებისათვის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, სადაც ის უპრეცედენტო მეოთხე გამარჯვების მოპოვებას ცდილობს. ახლა საკითხავია, შეძლო თუ არა მან ცინიკურად დაესწავლა ევროკავშირთან ურთიერთობის მენეჯმენტი.
„ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობს დრო, უკვე არსებული შაბლონი და მას მეგობარიც ეხმარება.
პირდაპირ რომ ვთქვათ, სწორედ ახლაა საუკეთესო დრო უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის გასატანად. მსგავსი კანონები რუსეთმა და სხვა ავტორიტარულმა სახელმწიფოებმაც მიიღეს და, შედეგად, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, უწევთ, არა მხოლოდ ანგარიში ჩააბარონ ადგილობრივ ხელისუფლებას, არამედ ამ ხელისუფლებას ზედამხედველობის უფლებამოსილება ენიჭება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სანქციებს ჯერ კიდევ განუსაზღვრელი სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის.
ჯერ ერთი, აშშ-იც და ევროკავშირიც ახლა არჩევნებით არიან მოცულნი. ევროპარლამენტის არჩევნებს, რომელიც 6-9 ივნისს ჩატარდება, მოჰყვება ბრძოლა ბრიუსელის მთავარი თანამდებობებისათვის, რომელმაც შეიძლება თვეები გასტანოს და ევროკავშირის დედაქალაქის მთავარი დიპლომატების მთელი დრო დაიკავოს. ბრიუსელის და ვაშინგტონის თითქმის მთელი დარჩენილი ყურადღება კი მიმართული იქნება უკრაინის დასახმარებლად რუსეთთან ომში და შუა აღმოსავლეთში ომის გამწვავების აღსაკვეთად.
კი, ბრიუსელმა საკმაოდ ძლიერი განცხადებები გააკეთა, როდესაც საქართველოს ამ ნაბიჯის შესახებ შეიტყო. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეურმა ჟოზეპ ბორელმა მოუწოდა საქართველოს, „თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს - ის გზა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს“. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიდევ უფრო პირდაპირი იყო. მან X-ზე დაწერა: „ნება მიბოძეთ, ცხადად განვაცხადო: უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისადმი, მისი გაწევრების ტრაექტორიას და საქართველოს არათუ დაუახლოვებს, არამედ დააშორებს ევროკავშირს“. 25 აპრილს ევროპარლამენტი დიდი უმრავლესობით დაამტკიცებს რეზოლუციას, რომელიც თბილისის მიმართ მკაცრი იქნება.
თუმცა, თუ ვითარებას უკეთ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ბრიუსელს ამ საკითხთან გამკლავების რესურსი არ გააჩნია. გასულ კვირას ბრიუსელში ჩატარებულ ევროკავშირის სამიტზე 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა უკრაინასა და თურქეთთან დაკავშირებით მოილაპარაკეს და ბევრი ივაჭრეს ბლოკის კონკურენტუნარიანობის გაზრდის შესახებ. საქართველოზე სიტყვაც არ დაუძრავთ. კვირის დასაწყისში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ ლუქსემბურგში და საქართველო არც ამ შეხვედრის დღის წესრიგში ყოფილა. ლიეტუვამ და ხორვატიამ თბილისი შეხვედრის ბოლოს კი ახსენეს, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. შესაძლოა, უახლოეს მომავალში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ჯგუფი გაემგზავროს თბილისში ან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მივიდეს ევროკავშირის მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოში. ევროპარლამენტის რეზოლუციას კი, სიმკაცრის მიუხედავად, სავალდებულო ძალა არ გააჩნია.
ბრიუსელში ამბობენ, რომ არ იგეგმება სანქციების დაწესება ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ. არც ერთგვარ „შუალედურ შეფასებას“ უნდა ველოდეთ, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში კანდიდატის სტატუსიდან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებამდე საჭირო რეფორმების პროცესი. გაფართოების შესახებ რეალურ ანგარიშს ევროკომისია ოქტომბრის ბოლოსკენ წარადგენს. თბილისისათვის საკმაო დროა გადაწყვეტილებების შესაცვლელად. რამდენიმე ჩემი წყარო ბრიუსელში ელის, რომ ვინმე, შესაძლოა თავად ყოფილი პრემიერი და „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, გამოჩნდება და კანონპროექტს შეამსუბუქებს ან სულაც გააუქმებს.
ოპოზიცია ქვეყანაში სუსტი და დაქსაქსულია. მმართველი პარტია იკვეხნის, რომ მან მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დეკემბერში. როგორც ჩანს, საქართველოში ძალაუფლების მქონეთ მანევრებისათვის საკმარისი სივრცე აქვთ.
ამ მანევრების ნაწილია „კვერცხების სხვადასხვა კალათებში გადანაწილებაც“. ეს კალათები ყოველთვის დასავლური არ გახლავთ. სამხრეთ კავკასიის ქვეყნის ლიდერებისათვის შეუმჩნეველი არ დარჩებოდა, რომ რუსეთი უკრაინაში დამარცხებისაგან შორსაა და ამას ბრიუსელიც ხედავს.
სხვაგვარად როგორ განვმარტოთ საფრანგეთის გადაწყვეტილება მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნორმანდიის სადესანტო ოპერაციის 80 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე რუსეთის წარმომადგენლის მოწვევასთან დაკავშირებით? ისიც კი არაა გამორიცხული, რომ ამ ღონისძიებაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროკავშირის მიერ სანქცირებული სერგეი ლავროვი გამოჩნდეს. ან, ავიღოთ „მშვიდობის სამიტი“, რომელიც უკრაინის ხელმძღვანელობით შვეიცარიაში ჩატარდება ივნისის შუა რიცხვებში. კიევი იმედოვნებს, რომ ასზე მეტი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ჩინეთიც. თუმცა, ბრიუსელში ამბობენ, რომ პეკინი მოითხოვს შეხვედრაზე სხვა „სამშვიდობო გეგმებიც“ განიხილონ, არა მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებული გეგმა. ეს კი პოტენციურად შეიძლება რუსეთის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდეს.
შაბლონის საკითხიც მნიშვნელოვანია. ბრიუსელში ამბობენ, რომ საქართველოს ნაბიჯები სულ უფრო ემსგავსება ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნის - სერბეთისას. სერბეთი კი, მიუხედავად მოსკოვის ღია ქებისა და კრემლის წინააღმდეგ სანქციების მიღებაზე უარის თქმისა, ნომინალურად მაინც ლიდერია კლუბში გაწევრიანების მსურველთა შორის. მართალია. მას უკვე სამი წელია არც გაუხსნია და არც დაუხურავს ევროკავშირში გაწევრიანების რომელიმე თავი, თუმცა ეს ვითარება შეიძლება ივნისში შეიცვალოს, რადგან ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ შეიძლება მოითხოვოს ბელგრადისთვის ცოტა წინსვლა მაინც, თუკი უკრაინასა და მოლდოვასთან გაფართოების მოლაპარაკებები დე ფაქტო დაიწყება.
სერბეთი ზოგადად პრობლემებს უქმნის ხოლმე ბრიუსელს, თუმცა ამისათვის თითქმის არასოდეს ისჯება. მას სანქციები არ დაუწესეს შარშან ჩრდილოეთ კოსოვოში მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც სერბთა შეიარაღებული ჯგუფი კოსოვოელ პოლიციელებს დაესხა თავს. ევროკავშირმა ცოტა ხნის წინათ დაამტკიცა დასავლეთ ბალკანეთის „ზრდის გეგმა“ და რეგიონს მომდევნო სამი წლის განმავლობაში 6 მილიარდ ევროს გამოუყოფს. ამ თანხის ყველაზე დიდი წილი ბელგრადს შეხვდება.
ისე ჩანს, რომ საქართველო ამ ხრიკის გამეორებას მოახერხებს. ევროკავშირის დიპლომატებმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცეს ქვეყნისათვის არალეტალური სამხედრო დახმარებისათვის 30 მილიარდი ევროს გამოყოფა ევროპის მშვიდობის ხელშეწყობის მექანიზმის (EPF) მეშვეობით - ეს ევროკავშირის არასაბიუჯეტო ინსტრუმენტია, რომელიც ძირითადად უკრაინისათვის იარაღის მიწოდების დასაფინანსებლად გამოიყენება.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ფული კვლავ მოედინება და ევროკავშირის გზაც არსად გამქრალა. ახლა შეიძლება პეკინთან და მოსკოვთან გათამაშებაც.
სერბეთის მსგავსად, საქართველოსაც განსაკუთრებული მეგობრის - უნგრეთის დახმარების იმედი აქვს. უნგრეთმა უკრაინისთვის დახმარების დამტკიცების სანაცვლოდ ევროკავშირს ბოსნია-ჰერცეგოვინისა და საქართველოს წინსვლაც მოსთხოვა. ივლისში უნგრეთი დაიწყებს ევროკავშირის ექვსთვიან პრეზიდენტობას. ბუდაპეშტი მკაფიოდ აჩვენებს, თუ არა პრიორიტეტები აქვს ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით და მასში გათვალისწინებულია პოზიტიურ ნაბიჯებიც თბილისისთვის.