Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ზაზა ბურჭულაძე
ზაზა ბურჭულაძე

ხან ხუან პრესიადო მწერს, ხან - ჯონათან მარდუკასი, ხან - საშკა ჩერქეზი. სხვაც ბევრი. ამ სახელების მიღმა ერთი და იგივე კაცი დგას ხოლმე - მორჩილაძე აკაკი, იგივე ახვლედიანი გივარგი.

ჩვენ ასე ვიცით, ვისი სახელით აღარ შევძახებთ ერთმანეთს. უსტარის ბოლოში სახელებს მივაწერთ ხოლმე კინოდან, წიგნიდან, ცხოვრებიდან, საიდან აღარ. მეც ხან ალონზო მოზლი ვარ, ხან - იური ლაკობა, ხან - იგორ კიო.

ძლიერ ახლობლის გარდა, ვისთან უნდა გქონდეს კაცს მსგავსი თამაშები? თამაშობა ხომ ფუჭი ფუსფუსობაა, რომლის მუღამიც თვითონ პროცესშია და არა შედეგში.

ჩემ თავად კაი ხანია ბერლინში ვარ. და ეს ბურთივით მრგვალი კაცი ერთადერთია, ვინც მესტუმრება ხოლმე სამუსაიფოდ. ასეთები ძველად ხდებოდა. ისიც წიგნებში. თან როგორ მესტუმრება. ბერლინში ყოფნისას კი არ შემოირეკება, სულ სხვა ქალაქებიდან და ქვეყნებიდან იცის შემოძახება, ევროპებში ვარ, მოვდივარ და დამიხვდიო.

განა ბევრი იცი, ექსპრესის ან ჰაეროპლანის ბილეთზე რომ დაიხარჯება შენთან ჩაის შესასმელად? ან რა ჩაია ისეთი, მაინცდამაინც ცხრა მთას იქით რომ დაილევა? განა ერთგზის ჩამოსულა ან ორგზის. მრავალგზის. მოგორავს და მოგორავს შიგადაშიგ ხვნეშით, ტორტმანით, ჭრიალით, როგორც ძველი გემი. მეორე დილით უკანვე გაუყვება ხოლმე.

ზაზა ბურჭულაძე და აკა მორჩილაძე, ბერლინი, 2023 წლის შემოდგომა
ზაზა ბურჭულაძე და აკა მორჩილაძე, ბერლინი, 2023 წლის შემოდგომა

მგზავრობის ხარჯის გარდა, აქ მგზავრობის დროც გასათვალისწინებელია, ორივე მიმართულებით. თან როცა მწეველზეა საუბარი. როგორია სადგურიდან-სადგურამდე თმენა უპაპიროზოდ. ერთხელაც ასე რომ მოიწევდა, მგზავრობისას ვეღარ მოუთმენია და კუპეშივე მოუქაჩავს და მოუქაჩავს ჩუმ-ჩუმად ელექტრული. ისე, ამოტოლა კაცმა ჩუმ-ჩუმად როგორ უნდა გააკეთოს საერთოდ რამე? მაშინ იმავე კუპეში მჯდარ ვიღაც ჯეილს შეუცხადებია, აქ არ ეწევიანო, რაზეც ამას მიუგია, კაცო, მე მოვწევ ცოტას და შენ თუ გინდა, დაუძახე პრავადნიკსო. ჯეილს აღარ დაუძახნია, თორემ ამას გამზადებული ჰქონია საჯარიმო თანხა.

ცალკე ამბავია სასტუმროს ხარჯიც. როგორ არ შევაძლევ ხოლმე ჩემთან თავისუფალ ვოთახს, შეგორდი და იძინე, რაოდენიც გინდა-მეთქი, არაფრით იზამს. მადლობა დიდი, მაგრამ ხვნეშები ვიცი ღამითო. ჰოდა, დგება ყოველ ჯერზე ამოტოლა კაცი სასტუმროში. ბევრი იცი, ასე ეჯავრებოდეს სხვისი შეწუხება? წარმომიდგენია, როგორ იღელვებდა ამ დღეებში, როცა მტერი და მოყვარე შეაწუხა უნებურად.

ერთხელ, დიდნიღბიანობისას, შენიღბულები მივუყვებოდით შპრეკანალს. წვალობდა ძლიერ, აიწევდა ოდნავ ნიღაბს, მოქაჩავდა პაპიროზს ღრმად და უცებ ისევ მოირგებდა პირზე იმ ნიღაბს, იმის ქვემოდან რომ ეფრქვია მერე კვამლები. დრო იყო მოჟამული, უნიღბოდ არ გაისვლებოდა. ინზელბრუკეზე გადავდიოდით, კაცი წამოგვეწია, ქართული მომეყურა და მინდა მოგესალმოთო. ჩვენც მივესალმეთ. ხელიც მინდა ჩამოგრთვათო, გამოიწია. დიდი ბოდიში, მაგრამ ხელს ვეღარ ჩამოგართმევთ, წამალი მისვია-მეთქი. დუმილი ჩამოწვა. მე მიჩვეული ვარ ასეთებს, როცა მავანი რაღაცას მოითხოვს ჩემგან. ეს ბურთივით კაცი კი უცებ ისე აღელდა, უცნობს უთხრა, სამაგიეროდ მე ჩამოგართმევთ ორჯერო.

მის თავისებურ თანადგომაზე კიდევ არის მოსაყოლები, მაგრამ არცერთია ისე თვალსაჩინო, როგორც ამონაგლეჯი ერთი მისეული მონაწერიდან, რომელიც მიყვარს განსაკუთრებით:

„ეგებ გეგეცინოს და დემესიზმრე. ვიდექით და რაცხა ხალხი გვემართლებოდა (რა თქმა უნდა, უფრო შენა, მარა მეც იქა ვღელამდი). თუმცა, კარგა დამთავრდა.

ტრადიციულად, დაუდექ წუთისოფელსა!“

როგორ მინდა, მე მიმეწერა ახლა მისთვის ეს სიტყვები.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ნანა ექვთიმიშვილის ბლოგი
ნანა ექვთიმიშვილის ბლოგი

1921 ​წლის​ ​თებერვალი​.

2024 ​წლის​ ​აპრილი​.

ერთი​ ​საუკუნე​.

​ადამიანისათვის​ ​ერთი​ ​საუკუნე​ ​სიცოცხლეზე​ ​მეტია​. ​ისტორიისთვის​ - ​არაფერი​.

ერთი​ ​საუკუნის​ ​წინ​, 1921 ​წელს​ ​საქართველოში​ ​შემოიჭრა​ ​წითელი​ ​არმია​, ​რასაც​ ​ქვეყნის​ ​გასაბჭოება​ ​მოჰყვა​. ​მომავალი​ ​ათწლეულების​ ​განმავლობაში​ ​დამყარდა​ ​სხვა​ ​პოლიტიკური​, ​სოციალური​ ​და​ ​ეკონომიკური​ ​დღის​ ​წესრიგი, რომელმაც კატასტროფული შედეგები მოუტანა​ ​საქართველოს​.

2024 ​წლის​ ​აპრილში​ „​ქართულმა​ ​ოცნებამ​” ​ხელახლა​ ​დააინიცირა​ ​ქართველი​ ​ხალხისგან​ ​ერთი​ ​წლის​ ​წინ​ ​უარყოფილი​ „​რუსული​ ​კანონი​” ​და​ ​ის​, ​საზოგადოების​ ​დიდი​ ​პროტესტის​ ​მიუხედავად​, ​პარლამენტში​ ​პირველივე​ ​მოსმენით​ ​მიიღო​.

საპროტესტო აქცია „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ, 17 აპრილი, 2024.
საპროტესტო აქცია „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ, 17 აპრილი, 2024.

ამ​ ​ორი​ ​მოვლენის​ ​ერთადერთი​ ​მიზანი​, ​ახლაც​ ​და​ ​ერთი​ ​საუკუნის​ ​წინაც​, ​საბჭოთა​ ​ექსპანსიაა​, ​ახლაც​ ​ისეთივე​ ​სასტიკი​ ​და​ ​დაუნდობელი​, ​როგორც​ ​მთელი​ ​მისი​ ​არსებობის​ ​მანძილზე​. ​შეიძლება​ ​ისიც​ ​ითქვას​, ​რომ​ ​დღეს​, ​საბჭოთა​ ​იმპერიის​ ​დაზიანებული​ ​და​ ​დაავადებული​ ​ეგო​, ​კიდევ​ ​უფრო​ ​გაბოროტებულია​ ​და​ ​კიდევ​ ​უფრო​ ​მეტ მსხვერპლზეა წამსვლელი იმპერიის აღდგენისთვის.

ერთი​ ​საუკუნის​ ​წინ​ ​წითელ​ ​არმიას​ ​ქართველი​ ​ბოლშევიკები​ ​მოუძღოდნენ წინ​, ​დღეს​ ​კი​ „​რუსული​ ​კანონის“​ ​და​ ​საქართველოს​ ​პუტინიზაციის​ ხელისმომწერნი „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა​ ​ივანიშვილი​ ​და​ ​მისი​ ​ჩრდილით გაყოყოჩებული​ ​პოლიტიკოსები​ ​არიან​.

მაშინდელი​ ​გასაბჭოების​ ​და​ ​დღევანდელი​ ​რუსული​ ​კანონის​ ​მიზანი​ ​ერთი​ ​და​ ​იგივეა​. ​ეს​ ​არის​ ​რუსეთის​ ​იმპერიის​ ​ტოტალური​ ​კონტროლის დამყარების და თავისუფლების​ ​ჩახშობის​ ​გეგმა​. ​ეს​ ​არის​ ​ისევ​ ​რუსების​ ​ტაშზე​ ​ცეკვა​ ​და​ ​თამაში​, ​ისევ​ ​დამცირება​, ​ისევ​ ​იქ​ ​დაბრუნება​, ​სადაც​ ​საქართველოს​ ​გარეთ​ ​სიტყვა​ „​ქართველზე​” ​მხოლოდ​ ​სტალინი​ ​ახსენდებოდათ​, ​სადაც​ ​საქართველოზე​ ​წარმოსახვა​ ​ისევ​ ​რუსეთის​ ​უკიდეგანო​ ​საზღვრებში​ ​თუ​ ​უსაზღვრობაში​ ​უნდა​ ​ჩაიკარგოს​.

ერთი​ ​საუკუნის​ ​წინ​ ​საქართველოს​ მეტი​ ​გამოწვევა​ ​ჰქონდა​. ​ქართველები მარტონი​ ​იდგნენ​ ​მტრის​ ​წინაშე​, ​თურქეთი​ ​ბათუმს​ ​იკავებდა და არც ისეთი საყოველთაო ​საერთაშორისო​ ​აღიარება​ ​გვქონდა​ ​სამწლიანი​ ​დემოკრატიით​.

დღეს​ ​საქართველოს ​ევროპა​ ​ხელს​ ​გვიწვდის​, ​გვყავს​ ​საერთაშორისო​ ​მეგობრები​ ​და​ ​პარტნიორები​, ​გულშემატკივრები​, ​დღეს​ ​გვაქვს​ ​ევროკავშირში​ ​შესვლის​ ​კონკრეტული​ ​გეგმა​, ​მაგრამ​ ​მაშინდელი​ ​ბოლშევიზმი​, ​როგორც​ ​მოუშორებელი ჭირი,​ ​ისევ​ ​გვიტევს.

მაშინდელი​ რუსული ბოლშევიკური იმპერიალიზმის შემსრულებლებს ​და​ „​ოცნების​” ​დღევანდელ​ ​ჩინოვნიკებს​ ​ერთი​ ​საერთო​ ​აქვთ: ისინი ვერ ეგუებიან თავისუფლებას, მათ ჰაერივით​ ​სჭირდებათ​ ​ბატონი​, მისდამი ყმობა​ ​და​ ​მორჩილება​. ​ეს​ ​არის​ ​მათთვის​ გზა​ ​და​ ​სახადი​, ​რომ​ ​სათავეში​ ​მოექცნენ​ ​და​ ​სხვებზე​ ​იბატონონ​, ​ის​ ​აკეთონ​, ​რასაც​ ​ბატონის​ ​გარეშე​ ​ვერასდროს​ ​შეძლებდნენ​. ​ჰქონდეთ​ ​პრივილეგიები​, ​უპირატესობის​ ​განცდა​, ​რუსეთი​ ​ყოველთვის​ ​ასეთ​ ​ადამიანებზე​ ​დებდა​ ​ფსონს​.

„​თბილისის​ ​თავზე​ ​წითელი​ ​დროშა​ ​ფრიალებს​, ​გაუმარჯოს​ ​საბჭოთა​ ​ხელისუფლებას​!“ - ​ასე​ ​ახარა​ 1921 ​წლის​ 25 ​თებერვალს​ ​სერგო​ ​ორჯონიკიძემ​ ​ლენინს​ ​საქართველოს​ ​გასაბჭოება​. ​ეს​ ​დროშა​ ​მხოლოდ​ 1990 ​წელს​ ​დაეშვა​, ​როცა​ ​საქართველოს​ ​სსრ​ ​უზენაესმა​ ​საბჭომ​ 1921 ​წლის​ ​მოვლენები​ ​ოკუპაციად​ ​და​ ​ანექსიად​ ​შეაფასა​ ​და​ ​ბათილად​ ​გამოაცხადა​ ​გასაბჭოებასთან​ ​დაკავშირებული​ ​ხელშეკრულებები, რასაც ერთი წლის მერე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება მოჰყვა.​

საპროტესტო აქცია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისი, 1989 წელი
საპროტესტო აქცია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისი, 1989 წელი

ისტორია იმავე წრეზე მიდის, მაშინ სამწლიანი დამოუკიდებლობის მერე გავსაბჭოვდით, ახლა 33-წლიანი დამოუკიდებლობის მერე გვიპირებენ პუტინიზაციას.

ისტორია​ ​ჩვენი​ ​ცხოვრების​ ​გამოცდისათვის​ ​შექმნილი​ ​პატარა​ ​კონსპექტია​ ​და​ ​მანამ​ ​უნდა​ ​ვატაროთ​ ​თან​, ​გულის​ ​ჯიბით​, ​მანამ​ ​უნდა​ ​ჩავიხედოთ​ ​ხოლმე​ ​შიგნით​, ​სანამ​ ​მთავარ​ ​გამოცდას​ ​არ​ ​ჩავაბარებთ​.

არქივებში​ ​არსებობს​ ​კინოკადრები​, ​როგორ​ ​შემოვიდა​ ​წითელი​ ​არმია​ ​თბილისში​. ​ამ​ ​კადრებში​ ​შემზარავი​ ​დუმილი​ ​და​ ​უსამართლობის​ ​საშინელი​ ​განცდა​ ​სუფევს​. ​იმ​ ​ცხოვრების​ ​შავ​-​თეთრი​ ​სურათების​ ​ყოველი​ ​შეხედვა​ ​დღეს​ ​სიმართლისთვის​ ​თვალის​ ​გასწორებაა​: ​მაშინდელი​ ​წითელი​ ​არმია​ ​დღევანდელი​ ​პუტინია​, ​მაშინდელი​ ​ბოლშევიკები -​ ​დღევანდელი​ „​ქართული​ ​ოცნება!"

ბიძინა​ ​ივანიშვილო​, ​პრემიერო​ ​ირაკლი​ ​კობახიძე​, „​ქართული​ ​ოცნების​” ​დეპუტატებო​, ​აუწყეთ​ ​პუტინს​, ​რომ​ ​ქართველებს​ ​არ​ ​სურთ​ ​საბჭოეთში​ ​დაბრუნება​!

​ძალით​ ​ნუ​ ​შეგვეჯიბრებით​. ​ძალა​ ​კუნთში​ ​არაა​, ​ძალა​ ​სიმართლეშია​!

​ქართველი​ ​ხალხი​ ​ღირსებას​ ​და​ ​თავისუფლებას​ ​ირჩევს​!

​გაიწვიეთ​ ​რუსული​ ​კანონი​!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.​

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG