Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 6 აპრილი. See content from before

პარასკევი, 5 აპრილი 2024

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

6 აპრილს სლოვაკეთი ახალ პრეზიდენტს აირჩევს. ეს არჩევნები, შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, დაპირისპირებაა ცენტრალური ევროპის ამ ქვეყნის მომავლის ორ ხედვას შორის. 

ქვეყანა ან გააგრძელებს ანტიდასავლურ რიტორიკას და ავტორიტარულ საშინაო პოლიტიკას, ან კი აირჩევს მეთაურს, ვინც ამ მიდგომას დააბალანსებს და ეცდება გააკონტროლოს მთავრობა, რომელიც ბოლო თვეებში ბრიუსელსა და კიევს დაუპირისპირდა, მეზობელ უნგრეთს დაუმეგობრდა და კრემლთან დაახლოებაც სცადა.

პროდასავლელებს წარმოადგენს ივან კორჩოკი, სლოვაკეთის ბოლო დროის ალბათ ყველაზე წარმატებული დიპლომატი. ის ქვეყნის ელჩი გახლდათ აშშ-შიც და ევროკავშირშიც, შემდეგ კი 18 თვის განმავლობაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეჭირა წინა, მართალია ქაოტურ მთავრობაში, მაგრამ, რომელიც ევროკავშირსა და ნატოს უჭერდა მხარს.

მისი მეტოქეა პეტერ პელეგრინი. 2023 წლის სექტემბერში ის პარლამენტის სპიკერი გახდა და ხელი შეუწყო მემარცხენე პოპულისტის, რობერტ ფიცოს ხელისუფლებაში დაბრუნებას. პელეგრინი მესამე ძალას წარმოადგენდა, თუმცა მან თავისი პარტიას Hlas (ხმა) „სლოვაკეთის ნაციონალისტურ პარტიასთან“ და ფიცოს Smer-თან (კურსი, მიმართულება) შეუკრა კოალიცია და არა უფრო ლიბერალურ, პროდასავლურ პარტიებთან.

პელეგრინი 2018-2020 წლებში, ფიცოს გადადგომის შემდეგ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრიც გახდა. ფიცო იძულებული გახდა გადამდგარიყო მასობრივი პროტესტის შემდეგ, რომელიც ჟურნალისტ იან კუჩიაკის და მისი საცოლის, მარტინა კუშნიროვას მკვლელობას მოჰყვა.

პელეგრინი თავს ფიცოზე უფრო ზომიერად წარმოაჩენს და პირობას დებს, რომ სლოვაკეთი ევროკავშირისა და ნატოს ერთგულ წევრაფ დარჩება, ამავე დროს, ის წინააღმდეგია უკრაინის ნატოში გაწევრიანებისა. ის ლაპარაკობს „მშვიდობისა“ და „სუვერენული საგარეო პოლიტიკის“ აუცილებლობაზე - კეთილშობილური სიტყვებია, თუმცა ამ კონტექსტში „მშვიდობას“ ბევრი აღიქვამს როგორც უკრაინის იძულებას, დათმოს საკუთარი ტერიტორიები და გაურიგდეს მოსკოვს. „სუვერენულობა“ კი ბრიუსელისა და ვაშინგტონის წარმოსახვითი „დიქტატისათვის“ წინააღმდეგობის გაწევას ნიშნავს.

სლოვაკეთში შიშობენ, რომ პელეგრინის პრეზიდენტობა ფიცოს მთავრობას კარტ-ბლანშს მისცემს. არადა, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში დასავლელმა პარტნიორებმაც არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება მის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო და ლიბერალურად განწყობილი სლოვაკებიც ლამის ყოველდღე საპროტესტო აქციებს აწყობენ. პელეგრინმა გააუქმა კორუფციასთან მებრძოლი პროკურორის თანამდებობა, სცადა სხვადასხვა დანაშაულზე ხანდაზმულობის ვადის შემცირება და გაამკაცრა კონტროლი საზოგადოებრივ მედიაზე - ყველა ეს ნაბიჯი ავტორიტარულ მმართველობის საუკეთესო ტრადიციებთან ასოცირდება.

სლოვაკეთმა შეაჩერა უკრაინისათვის სამხედრო დახმარების მიწოდება, თუმცა კიევისთვის ქვეყნის ტერიტორიის გავლით იარაღის მიწოდებას კვლავაც უშვებს. გასულ თვეში, თურქეთში სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს ჩამოართვა ხელი. ჩეხეთმა ამის გამო ბრატისლავასთან მთავრობათაშორისი კონსულტაციები შეწყვიტა.

სლოვაკეთი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოეღოთ ეროვნებით სლოვაკი იოზეფ ჰამბალეკი, რომელიც „ღამის მგლებს“, რუსულ ნაციონალისტურ მოტოკლუბს ხელმძღვანელობს. ეს მცდელობა მარტში წარმატებით დასრულდა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ სახეზეა რიტორიკის მკაფიო ცვლილება. ახლა სლოვაკეთის პოზიცია სხვადასხვა მოლაპარაკების დროს უნგრეთისას დაემსგავსა. თუმცა, ეს მსგავსება ჯერჯერობით არ გადაზრდილა ვეტოების ბუდაპეშტის მსგავსად გამოყენებაში. აქ მნიშნელოვანია სიტყვა „ჯერჯერობით“.

მაშ, როგორ შეიძლება დააბალანსოს კორჩოკმა ფიცოს მთავრობა?

სლოვაკეთი საპარლამენტო დემოკრატიაა, სადაც პრეზიდენტს ძირითადად ცერემონიული დანიშნულება აქვს. თუმცა, მას რამდენიმე მნიშვნელოვან სასამართლო თანამდებობაზე შეუძლია კანდიდატების წარდგენა და შეწყალების უფლებაც გააჩნია. მას შეუძლია, პარლამენტის მიღებულ კანონებს ვეტოც დაადოს, თუმცა კანონმდებლებს ამ ვეტოს დაძლევა შეუძლიათ ხმების უმრავლესობით. მთავარი კი მაინც ალბათ ხილვადობაა. კორჩოკს შეუძლია, უამრავ საკითხთან დაკავშირებით გამოთქვას აზრი და მის ნათქვამს მედია ფართოდ გააშუქებს. ამჟამინდელი პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა ამ ტრიბუნას კარგად იყენებდა, თუმცა მან გადაწყვიტა ხელახლა კენჭი არ ეყარა, რადგან თავადაც და მის ოჯახის წევრებსაც ხშირად ემუქრებოდნენ სიკვდილით.

აქვს თუ არა კორჩოკს გამარჯვების შანსი? ერთი თვის წინ ამაზე პასუხი უარყოფითი იქნებოდა. არ ფიქრობდნენ, რომ პელეგრინი პირველსავე ტურში გაიმარჯვებდა, თუმცა ვარაუდობდნენ, რომ მეორე ტურში იოლად მოიგებდა. მაგრამ, კორჩოკმა საარჩევნო კამპანია კარგად ჩაატარა, პელეგრინის სახელი წარმატებით მიაბა ფიცოს ფიგურას და, საბოლოოდ, 23 მარტს პირველ ტურში ხმების 42% მიიღო. პელეგრინი 37%-ს დასჯერდა.

გამოკითხვების მიხედვით, მეორე ტურში უპირატესობა არცერთ კანდიდატს არა აქვს.

საბოლოო შედეგი სამ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული: ამომრჩევლის აქტივობაზე, სოფლად მცხოვრებ ამომრჩეველსა და ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურად უნგრელებზე.

კორჩოკის გამარჯვება პირველ ტურში განაპირობა უპრეცედენტოდ მაღალმა აქტივობამ. მეორე ტურში არჩევნებზე, როგორც წესი, ნაკლები ადამიანი მიდის ხოლმე. კორჩოკს გამარჯვებისათვის ესაჭიროება, რომ აქტივობამ ბევრად არ იკლოს. მისი ამომრჩეველი ძირითადად ქალაქებში ცხოვრობს - კორჩოკს სოფლის ხმებიც დასჭირდება.

ორი კვირის წინ მან ეს მოახერხა. განსაკუთრებით წარმატებული ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში იყო. ახლა ამ ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დაუჭიროს მას მხარი. პელეგრინის კი სჭირდება, რომ მიიზიდოს სტეფან ჰარაბინის ხმები, რომელიც 12%-ით მესამეზე გავიდა. ჰარაბინი ღიად პრორუსი მოსამართლეა, რომელიც კონსპირაციის თეორიებს ავრცელებს და მისი ამომრჩეველი ალბათ უფრო პელეგრინის დაუჭერს მხარს, თუმცა ბევრი მათგანი ზოგადად ხელისუფლებას უპირისპირდება და, სავარაუდოდ, მეორე ტურში ხმის მისაცემად არ მივა.

გადამწყვეტი როლი ამ არჩევნებში შეიძლება ითამაშოს უნგრელების ეთნიკურმა უმცირესობამ, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის 8%-ს შეადგენს. უნგრელების წარმომადგენელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა პირველ ტურში ხმების 3%-მდე მიიღო. ის ახლა პელეგრინის უჭერს მხარს. კორჩოკს, რომელიც ხშირად აკრიტიკებს ვიქტორ ორბანს, უნგრელი პოლიტიკოსები „უნგრელოფობად“ ნათლავენ ხოლმე. კორჩოკი ამ იარლიყის მოშორებას ცდილობს. ბოლო დღეებში ის რამდენჯერმე შეხვდა უნგრელების ჯგუფებს და მათ უნგრულადაც მიმართა. შაბათს გამოჩნდება, საკმარისი იქნება თუ არა მისი მცდელობა გამარჯვების მეორედ მისაღწევად.

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

4 აპრილს ნატო 75 წლის იუბილეს აღნიშნავს. ბრიუსელში, სადაც ამ ალიანსის სათავო ოფისი მდებარეობს, ამ დღეს არაერთი ცერემონია ეძღვნება. ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას, Manneken Pis-ს, ბიჭუნას, რომელიც შარდავს, ნატოს კოსტიუმში გამოაწყობენ.

სხვა ბევრი საზეიმო ასაკში შესულ სამხედრო ორგანიზაციას არა აქვს. კი, ნატოს წევრი 32 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები ორი დღით შეიკრიბებიან, პირველად ისტორიაში შვედეთი მიიღებს მონაწილეობას, როგორც სრულფასოვანი წევრი, მაგრამ ჰორიზონტზე მაინც ღრუბლები მოჩანს.

მინისტერიალს სამი თვის შემდეგ მოჰყვება ნატოს უმნიშვნელოვანესი სამიტი ვაშინგტონში და შეიძლება ითქვას, რომ საიუბილეო შეკრება სამიტისათვის მზადებასაც წარმოადგენს. განსახილველი საკითხები იგივე იქნება - ომი უკრაინაში, რის გაკეთება შეუძლია ნატოს კიევის დასახმარებლად, რა გზა უნდა განვლოს უკრაინამ ნატოში გასაწევრიანებლად და, ბოლოს, ვინ უნდა შეცვალოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელიც ალიანსის ათწლიანი მართვის შემდეგ, წლის ბოლოს დატოვებს თანამდებობას.

საგარეო საქმეთა მინისტრები ახლა გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, თუმცა არაერთი საკითხი უნდა გადაიჭრას დიდ შეკრებამდე, რომელიც 9-11 ივლისს ჩატარდება ამერიკის დედაქალაქში.

ყველაზე სასწრაფო კი უკრაინის სამხედრო დახმარებაა. აშშ-ის მიერ გამოყოფილი 60 მილიარდამდე დოლარი ჯერაც კონგრესშია გაჩხერილი და კიევის ევროპელი მეგობრები ცდილობენ მოაგროვონ, რისი მოგროვებაც შეუძლიათ, რათა ხელი შეუწყონ უკრაინას. ჩქარობენ, რადგან ვარაუდობენ, რომ უახლოეს თვეებში რუსეთი შეტევას დაიწყებს. თუმცა, წლის დასაწყისთან შედარებით განწყობა ცოტა გამოსწორდა. „პირქუში ვითარებაა, მაგრამ არა კატასტროფული. რუსეთი ცოტათი კი მიიწევს წინ, მაგრამ ნელა“, - მითხრა ნატოს დიპლომატმა.

უკრაინისათვის ჭურვების მიწოდების საკითხი ჯერ შორსაა გადაჭრისგან, თუმცა ამ მხრივ წინსვლა არის. ალიანსის წევრები ჭურვებს თავადაც აწარმოებენ და მათ მესამე ქვეყნებსაც უკვეთავენ. საკმარისი რაოდენობისაგან ჯერ ძალიან შორს არიან, თუმცა პროგნოზი დადებითია. მთავარი პრობლემა ახლა უკრაინისათვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების გადაცემაა. ჭურვებისაგან განსხვავებით, რაკეტებს ვერც სხვა ქვეყნებს დაუკვეთენ და მათ ვერც სწრაფად დაამზადებენ, რადგან ტექნიკურად ეს რთული საქმეა.

ამ საკითხის გადაჭრის ერთი ვერსია იენს სტოლტენბერგმა წამოაყენა მინისტერიალის დაწყების წინ. მისი შეთავაზებაა, რომ ნატომ, როგორც ორგანიზაციამ, გამოუყოს 5-წლიანი სამხედრო დახმარების პაკეტი 100 მილიარდ დოლარამდე. ხარჯს კი წევრი სახელმწიფოები იმავე პრინციპით გაინაწილებდნენ, რითაც ნატოს საერთო ბიუჯეტი დგება. საკითხავი ახლა ისაა, დაეთანხმება თუ არა ამ მიდგომას ყველა წევრი სამიტის დაწყებამდე.

გენერალური მდივნის წინადადება არის ნაწილი იმისა, რასაც ნატოს ოფიციალური პირები "უკრაინის დახმარების ინსტიტუციონალიზაციას" უწოდებენ. არსებითად, ეს არის ნატოს მცდელობა, თავის თავზე აიღოს უკრაინის დასახმარებლად განხორციელებული ცალკეული ინიციატივები. აი, მაგალითად, უკრაინის დახმარების საკონტაქტო ჯგუფი (ასევე ცნობილია, როგორც რამშტაინის ფორმატი), რომელსაც ახლა შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს და აერთიანებს 50 ქვეყანას, რომლებიც იკრიბებიან თითქმის ყოველთვიურად, რათა უკრაინას იარაღი მიაწოდონ. ან F-16 კოალიცია, ნატოს ათეულობით მოკავშირის ჯგუფი, რომელიც გამანადგურებლების უკრაინელ პილოტებს ამზადებს.

ნატო ასევე ცდილობს, რომ გადაიბაროს უკრაინელთა სხვადასხვა საწვრთნელი მისია, რომლებიც ინდივიდუალურმა წევრმა სახელმწიფოებმა წამოიწყეს, მაგრამ აქ წინაღობებს აწყდება. რამდენიმე წყარომ მითხრა, რომ ამის წინააღმდეგ უნგრეთი გამოდის. გეგმავდნენ, რომ მინისტერიალამდე მოემზადებინათ უკრაინის მისიის მანდატის მონახაზი, მაგრამ მიიჩნიეს, რომ ჯერ დისკუსიების ჩატარება იყო საჭირო.

რა შეიძლება ითქვას უკრაინის ნატოსთან დაახლოებაზე? შარშან ვილნიუსში ჩატარებულ ნატოს სამიტზე შეთანხმდნენ უკრაინისათვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გაუქმებაზე, რაც აუცილებელი ნაბიჯი იყო გაწევრიანებამდე სხვადასხვა პოლიტიკური და სამხედრო რეფორმის ჩასატარებლად. თუმცა, ამის შემდეგ საქმე წინ არ დაძრულა. არც გაწევრიანების კონკრეტული გზა არსებობს და არც ვადები. მხოლოდ წინადადებაა, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინას ალიანსში მიიწვევენ, „როდესაც ამაზე მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები შესრულდება“.

ვილნიუსის შემდეგ ნატოს ამ მხრივ აღარაფერი გაუკეთებია. ზოგ ქვეყანას, განსაკუთრებით ალიანსის აღმოსავლეთი ფლანგიდან, სურს, რომ გასცდნენ „ვილნიუსის წინადადებას“, თუმცა სხვები თავს იკავებენ. თავად პირობებიც არ გახლავთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული. ზოგი მათგანი გაზომვადია - ანტიკორუფციული და უსაფრთხოების სექტორების რეფორმის იმპლემენტაცია. თუმცა, მთავარი საკითხი მაინც ომთანაა დაკავშირებული. სიმართლე ისაა, რომ ალიანსის წევრების უმეტესობას არ სურს რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში ჩართვა და ამიტომ უკრაინა წევრობას ვერ მიიღებს, სანამ ომი არ დასრულდება.

შესაბამისად, საკითხავი ისაა, რას შესთავაზებს ნატო უკრაინას ვაშინგტონში? ნაწილობრივი წევრობის რამე ფორმას, რომელიც მხოლოდ იმ ტერიტორიებზე გავრცელდება, რომლებსაც კიევი აკონტროლებს? როგორ მიიღებს კიევი ასეთ შეთავაზებას, რაც დე ფაქტო ქვეყნის დაყოფას ნიშნავს? საერთოდაც, რამდენად დათანხმდება ალიანსის 32-ვე წევრი ასეთ რამეს? ახლა მხოლოდ ის გვესმის, რომ „ვაშინგტონის სამიტის წინა დღეები უფრო რთული იქნება, ვიდრე ეს ვილნიუსამდე იყო. პოზიციებიც უფრო ხისტი გახდა“. საქმე ნელა იძვრის, რადგან აშშ-სა და კიდევ რამდენიმე ნატოს წევრ სახელმწიფოში მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება და თან ისე მოჩანს, თითქოს ზოგადად შემცირდა მხარდაჭერა უკრაინის საომარი მცდელობების მიმართ.

ბოლო საკითხი სტოლტენბერგის შემცვლელის პოვნაა. წესით, ეს საქმე აპრილამდე უნდა დასრულებულიყო, როდესაც დიდმა ოთხეულმა - აშშ-მა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ოფიციალურად დაუჭირეს მხარი ნიდერლანდის პრემიერ მარკ რუტეს. ამ კანდიდატურას სხვა წევრებიც უჭერენ მხარს, მათ შორის, ესტონეთი და პოლონეთი. თუმცა, ჯერჯერობით ამის წინააღმდეგია რუმინეთი, რომლის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისიც რუტეს კონკურენტია. უნგრეთი რუტეს კატეგორიული წინააღმდეგია. თავისი პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია თურქეთს. ეს საკითხი ბრიუსელის დღის წესრიგში არ დგას, თუმცა ელიან, რომ რამდენიმე მინისტრი მაინც ამაზე ილაპარაკებს და მხარს დაუჭერს ჰოლანდიელს. კულუარებში დიდი ვაჭრობა გაიმართება.

არ გაგიკვირდეთ, თუ ეს ყველაფერი ზაფხულამდე გაიჭიმება და ვაჭრობა შეიძლება თავად სამიტზეც გაგრძელდეს. ნატო ასაკში შედის და საკითხავია, შეძლებს თუ არა ძველებურად გადალახოს მის წინ დაგებული ბარიერები.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG