1921 წლის თებერვალი.
2024 წლის აპრილი.
ერთი საუკუნე.
ადამიანისათვის ერთი საუკუნე სიცოცხლეზე მეტია. ისტორიისთვის - არაფერი.
ერთი საუკუნის წინ, 1921 წელს საქართველოში შემოიჭრა წითელი არმია, რასაც ქვეყნის გასაბჭოება მოჰყვა. მომავალი ათწლეულების განმავლობაში დამყარდა სხვა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური დღის წესრიგი, რომელმაც კატასტროფული შედეგები მოუტანა საქართველოს.
2024 წლის აპრილში „ქართულმა ოცნებამ” ხელახლა დააინიცირა ქართველი ხალხისგან ერთი წლის წინ უარყოფილი „რუსული კანონი” და ის, საზოგადოების დიდი პროტესტის მიუხედავად, პარლამენტში პირველივე მოსმენით მიიღო.
ამ ორი მოვლენის ერთადერთი მიზანი, ახლაც და ერთი საუკუნის წინაც, საბჭოთა ექსპანსიაა, ახლაც ისეთივე სასტიკი და დაუნდობელი, როგორც მთელი მისი არსებობის მანძილზე. შეიძლება ისიც ითქვას, რომ დღეს, საბჭოთა იმპერიის დაზიანებული და დაავადებული ეგო, კიდევ უფრო გაბოროტებულია და კიდევ უფრო მეტ მსხვერპლზეა წამსვლელი იმპერიის აღდგენისთვის.
ერთი საუკუნის წინ წითელ არმიას ქართველი ბოლშევიკები მოუძღოდნენ წინ, დღეს კი „რუსული კანონის“ და საქართველოს პუტინიზაციის ხელისმომწერნი „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და მისი ჩრდილით გაყოყოჩებული პოლიტიკოსები არიან.
მაშინდელი გასაბჭოების და დღევანდელი რუსული კანონის მიზანი ერთი და იგივეა. ეს არის რუსეთის იმპერიის ტოტალური კონტროლის დამყარების და თავისუფლების ჩახშობის გეგმა. ეს არის ისევ რუსების ტაშზე ცეკვა და თამაში, ისევ დამცირება, ისევ იქ დაბრუნება, სადაც საქართველოს გარეთ სიტყვა „ქართველზე” მხოლოდ სტალინი ახსენდებოდათ, სადაც საქართველოზე წარმოსახვა ისევ რუსეთის უკიდეგანო საზღვრებში თუ უსაზღვრობაში უნდა ჩაიკარგოს.
ერთი საუკუნის წინ საქართველოს მეტი გამოწვევა ჰქონდა. ქართველები მარტონი იდგნენ მტრის წინაშე, თურქეთი ბათუმს იკავებდა და არც ისეთი საყოველთაო საერთაშორისო აღიარება გვქონდა სამწლიანი დემოკრატიით.
დღეს საქართველოს ევროპა ხელს გვიწვდის, გვყავს საერთაშორისო მეგობრები და პარტნიორები, გულშემატკივრები, დღეს გვაქვს ევროკავშირში შესვლის კონკრეტული გეგმა, მაგრამ მაშინდელი ბოლშევიზმი, როგორც მოუშორებელი ჭირი, ისევ გვიტევს.
მაშინდელი რუსული ბოლშევიკური იმპერიალიზმის შემსრულებლებს და „ოცნების” დღევანდელ ჩინოვნიკებს ერთი საერთო აქვთ: ისინი ვერ ეგუებიან თავისუფლებას, მათ ჰაერივით სჭირდებათ ბატონი, მისდამი ყმობა და მორჩილება. ეს არის მათთვის გზა და სახადი, რომ სათავეში მოექცნენ და სხვებზე იბატონონ, ის აკეთონ, რასაც ბატონის გარეშე ვერასდროს შეძლებდნენ. ჰქონდეთ პრივილეგიები, უპირატესობის განცდა, რუსეთი ყოველთვის ასეთ ადამიანებზე დებდა ფსონს.
„თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას!“ - ასე ახარა 1921 წლის 25 თებერვალს სერგო ორჯონიკიძემ ლენინს საქართველოს გასაბჭოება. ეს დროშა მხოლოდ 1990 წელს დაეშვა, როცა საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ 1921 წლის მოვლენები ოკუპაციად და ანექსიად შეაფასა და ბათილად გამოაცხადა გასაბჭოებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები, რასაც ერთი წლის მერე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება მოჰყვა.
ისტორია იმავე წრეზე მიდის, მაშინ სამწლიანი დამოუკიდებლობის მერე გავსაბჭოვდით, ახლა 33-წლიანი დამოუკიდებლობის მერე გვიპირებენ პუტინიზაციას.
ისტორია ჩვენი ცხოვრების გამოცდისათვის შექმნილი პატარა კონსპექტია და მანამ უნდა ვატაროთ თან, გულის ჯიბით, მანამ უნდა ჩავიხედოთ ხოლმე შიგნით, სანამ მთავარ გამოცდას არ ჩავაბარებთ.
არქივებში არსებობს კინოკადრები, როგორ შემოვიდა წითელი არმია თბილისში. ამ კადრებში შემზარავი დუმილი და უსამართლობის საშინელი განცდა სუფევს. იმ ცხოვრების შავ-თეთრი სურათების ყოველი შეხედვა დღეს სიმართლისთვის თვალის გასწორებაა: მაშინდელი წითელი არმია დღევანდელი პუტინია, მაშინდელი ბოლშევიკები - დღევანდელი „ქართული ოცნება!"
ბიძინა ივანიშვილო, პრემიერო ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების” დეპუტატებო, აუწყეთ პუტინს, რომ ქართველებს არ სურთ საბჭოეთში დაბრუნება!
ძალით ნუ შეგვეჯიბრებით. ძალა კუნთში არაა, ძალა სიმართლეშია!
ქართველი ხალხი ღირსებას და თავისუფლებას ირჩევს!
გაიწვიეთ რუსული კანონი!
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.