6 აპრილს სლოვაკეთი ახალ პრეზიდენტს აირჩევს. ეს არჩევნები, შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, დაპირისპირებაა ცენტრალური ევროპის ამ ქვეყნის მომავლის ორ ხედვას შორის.
ქვეყანა ან გააგრძელებს ანტიდასავლურ რიტორიკას და ავტორიტარულ საშინაო პოლიტიკას, ან კი აირჩევს მეთაურს, ვინც ამ მიდგომას დააბალანსებს და ეცდება გააკონტროლოს მთავრობა, რომელიც ბოლო თვეებში ბრიუსელსა და კიევს დაუპირისპირდა, მეზობელ უნგრეთს დაუმეგობრდა და კრემლთან დაახლოებაც სცადა.
პროდასავლელებს წარმოადგენს ივან კორჩოკი, სლოვაკეთის ბოლო დროის ალბათ ყველაზე წარმატებული დიპლომატი. ის ქვეყნის ელჩი გახლდათ აშშ-შიც და ევროკავშირშიც, შემდეგ კი 18 თვის განმავლობაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეჭირა წინა, მართალია ქაოტურ მთავრობაში, მაგრამ, რომელიც ევროკავშირსა და ნატოს უჭერდა მხარს.
მისი მეტოქეა პეტერ პელეგრინი. 2023 წლის სექტემბერში ის პარლამენტის სპიკერი გახდა და ხელი შეუწყო მემარცხენე პოპულისტის, რობერტ ფიცოს ხელისუფლებაში დაბრუნებას. პელეგრინი მესამე ძალას წარმოადგენდა, თუმცა მან თავისი პარტიას Hlas (ხმა) „სლოვაკეთის ნაციონალისტურ პარტიასთან“ და ფიცოს Smer-თან (კურსი, მიმართულება) შეუკრა კოალიცია და არა უფრო ლიბერალურ, პროდასავლურ პარტიებთან.
პელეგრინი 2018-2020 წლებში, ფიცოს გადადგომის შემდეგ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრიც გახდა. ფიცო იძულებული გახდა გადამდგარიყო მასობრივი პროტესტის შემდეგ, რომელიც ჟურნალისტ იან კუჩიაკის და მისი საცოლის, მარტინა კუშნიროვას მკვლელობას მოჰყვა.
პელეგრინი თავს ფიცოზე უფრო ზომიერად წარმოაჩენს და პირობას დებს, რომ სლოვაკეთი ევროკავშირისა და ნატოს ერთგულ წევრაფ დარჩება, ამავე დროს, ის წინააღმდეგია უკრაინის ნატოში გაწევრიანებისა. ის ლაპარაკობს „მშვიდობისა“ და „სუვერენული საგარეო პოლიტიკის“ აუცილებლობაზე - კეთილშობილური სიტყვებია, თუმცა ამ კონტექსტში „მშვიდობას“ ბევრი აღიქვამს როგორც უკრაინის იძულებას, დათმოს საკუთარი ტერიტორიები და გაურიგდეს მოსკოვს. „სუვერენულობა“ კი ბრიუსელისა და ვაშინგტონის წარმოსახვითი „დიქტატისათვის“ წინააღმდეგობის გაწევას ნიშნავს.
სლოვაკეთში შიშობენ, რომ პელეგრინის პრეზიდენტობა ფიცოს მთავრობას კარტ-ბლანშს მისცემს. არადა, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში დასავლელმა პარტნიორებმაც არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება მის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო და ლიბერალურად განწყობილი სლოვაკებიც ლამის ყოველდღე საპროტესტო აქციებს აწყობენ. პელეგრინმა გააუქმა კორუფციასთან მებრძოლი პროკურორის თანამდებობა, სცადა სხვადასხვა დანაშაულზე ხანდაზმულობის ვადის შემცირება და გაამკაცრა კონტროლი საზოგადოებრივ მედიაზე - ყველა ეს ნაბიჯი ავტორიტარულ მმართველობის საუკეთესო ტრადიციებთან ასოცირდება.
სლოვაკეთმა შეაჩერა უკრაინისათვის სამხედრო დახმარების მიწოდება, თუმცა კიევისთვის ქვეყნის ტერიტორიის გავლით იარაღის მიწოდებას კვლავაც უშვებს. გასულ თვეში, თურქეთში სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს ჩამოართვა ხელი. ჩეხეთმა ამის გამო ბრატისლავასთან მთავრობათაშორისი კონსულტაციები შეწყვიტა.
სლოვაკეთი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოეღოთ ეროვნებით სლოვაკი იოზეფ ჰამბალეკი, რომელიც „ღამის მგლებს“, რუსულ ნაციონალისტურ მოტოკლუბს ხელმძღვანელობს. ეს მცდელობა მარტში წარმატებით დასრულდა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ სახეზეა რიტორიკის მკაფიო ცვლილება. ახლა სლოვაკეთის პოზიცია სხვადასხვა მოლაპარაკების დროს უნგრეთისას დაემსგავსა. თუმცა, ეს მსგავსება ჯერჯერობით არ გადაზრდილა ვეტოების ბუდაპეშტის მსგავსად გამოყენებაში. აქ მნიშნელოვანია სიტყვა „ჯერჯერობით“.
მაშ, როგორ შეიძლება დააბალანსოს კორჩოკმა ფიცოს მთავრობა?
სლოვაკეთი საპარლამენტო დემოკრატიაა, სადაც პრეზიდენტს ძირითადად ცერემონიული დანიშნულება აქვს. თუმცა, მას რამდენიმე მნიშვნელოვან სასამართლო თანამდებობაზე შეუძლია კანდიდატების წარდგენა და შეწყალების უფლებაც გააჩნია. მას შეუძლია, პარლამენტის მიღებულ კანონებს ვეტოც დაადოს, თუმცა კანონმდებლებს ამ ვეტოს დაძლევა შეუძლიათ ხმების უმრავლესობით. მთავარი კი მაინც ალბათ ხილვადობაა. კორჩოკს შეუძლია, უამრავ საკითხთან დაკავშირებით გამოთქვას აზრი და მის ნათქვამს მედია ფართოდ გააშუქებს. ამჟამინდელი პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა ამ ტრიბუნას კარგად იყენებდა, თუმცა მან გადაწყვიტა ხელახლა კენჭი არ ეყარა, რადგან თავადაც და მის ოჯახის წევრებსაც ხშირად ემუქრებოდნენ სიკვდილით.
აქვს თუ არა კორჩოკს გამარჯვების შანსი? ერთი თვის წინ ამაზე პასუხი უარყოფითი იქნებოდა. არ ფიქრობდნენ, რომ პელეგრინი პირველსავე ტურში გაიმარჯვებდა, თუმცა ვარაუდობდნენ, რომ მეორე ტურში იოლად მოიგებდა. მაგრამ, კორჩოკმა საარჩევნო კამპანია კარგად ჩაატარა, პელეგრინის სახელი წარმატებით მიაბა ფიცოს ფიგურას და, საბოლოოდ, 23 მარტს პირველ ტურში ხმების 42% მიიღო. პელეგრინი 37%-ს დასჯერდა.
გამოკითხვების მიხედვით, მეორე ტურში უპირატესობა არცერთ კანდიდატს არა აქვს.
საბოლოო შედეგი სამ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული: ამომრჩევლის აქტივობაზე, სოფლად მცხოვრებ ამომრჩეველსა და ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურად უნგრელებზე.
კორჩოკის გამარჯვება პირველ ტურში განაპირობა უპრეცედენტოდ მაღალმა აქტივობამ. მეორე ტურში არჩევნებზე, როგორც წესი, ნაკლები ადამიანი მიდის ხოლმე. კორჩოკს გამარჯვებისათვის ესაჭიროება, რომ აქტივობამ ბევრად არ იკლოს. მისი ამომრჩეველი ძირითადად ქალაქებში ცხოვრობს - კორჩოკს სოფლის ხმებიც დასჭირდება.
ორი კვირის წინ მან ეს მოახერხა. განსაკუთრებით წარმატებული ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში იყო. ახლა ამ ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დაუჭიროს მას მხარი. პელეგრინის კი სჭირდება, რომ მიიზიდოს სტეფან ჰარაბინის ხმები, რომელიც 12%-ით მესამეზე გავიდა. ჰარაბინი ღიად პრორუსი მოსამართლეა, რომელიც კონსპირაციის თეორიებს ავრცელებს და მისი ამომრჩეველი ალბათ უფრო პელეგრინის დაუჭერს მხარს, თუმცა ბევრი მათგანი ზოგადად ხელისუფლებას უპირისპირდება და, სავარაუდოდ, მეორე ტურში ხმის მისაცემად არ მივა.
გადამწყვეტი როლი ამ არჩევნებში შეიძლება ითამაშოს უნგრელების ეთნიკურმა უმცირესობამ, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის 8%-ს შეადგენს. უნგრელების წარმომადგენელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა პირველ ტურში ხმების 3%-მდე მიიღო. ის ახლა პელეგრინის უჭერს მხარს. კორჩოკს, რომელიც ხშირად აკრიტიკებს ვიქტორ ორბანს, უნგრელი პოლიტიკოსები „უნგრელოფობად“ ნათლავენ ხოლმე. კორჩოკი ამ იარლიყის მოშორებას ცდილობს. ბოლო დღეებში ის რამდენჯერმე შეხვდა უნგრელების ჯგუფებს და მათ უნგრულადაც მიმართა. შაბათს გამოჩნდება, საკმარისი იქნება თუ არა მისი მცდელობა გამარჯვების მეორედ მისაღწევად.