ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერას სერიოზული გლობალური შედეგები აქვს, რასაც ვერ უგულებელყოფს 32-წევრიანი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 3 აპრილს.
ფხენიანმა რუსეთს მიაწოდა ბალისტიკური რაკეტები და სხვა იარაღი, ირანი კი მოსკოვს „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდის. ისინი ხშირად გამოიყენება უკრაინის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იერიშებისას.
საპასუხოდ რუსეთი მათ აწვდის ტექნოლოგიას და მასალებს, რაც ხელს უწყობს ჩრდილოეთ კორეისა და ირანის სარაკეტო და ბირთვული შესაძლებლობების განვითარებას.
„აზიაში რუსეთის მეგობრებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ ამ აგრესიული ომის საწარმოებლად, - თქვა სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამოსვლისას, - ამას გავლენა აქვს რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებაზე.“
ჩრდილოეთმა კორეამ 3 აპრილს განაცხადა, რომ გამოცადა საშუალო რადიუსის ჰიპერბგერითი რაკეტა, რომელიც მყარ საწვავზე მუშაობს.
იარაღის მორიგი დემონსტრირებით ფხენიანმა კიდევ უფრო გაამწვავა დაპირისპირება თავის მეზობელ სამხრეთ კორეასთან და შეერთებულ შტატებთან.
სამხრეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა გამოაცხადა, რომ გამოცდა წარმატებული იყო და რომ მის ქვეყანას შეუძლია აწარმოოს მყარ საწვავზე მომუშავე, ბირთვული იარაღის ტარების უნარის მქონე სარაკეტო სისტემები ყველა რადიუსისთვის.
სტოლტენბერგმა 3 აპრილს ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიან შეხვედრაზე თქვა, რომ აუცილებელია, უკრაინა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოების სფეროში ხანგრძლივი პერსპექტივით და სანდო და პროგნოზირებადი დახმარებით.
ამერიკული საინტერნეტო გამოცემა Politico 2 აპრილს იტყობინებოდა, რომ ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები განიხილავენ, რომ „რამშტაინის ფორმატის“ სახელით ცნობილმა უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფმა იმოქმედოს ნატოს ეგიდით, რათა შენარჩუნებულ იქნეს უკრაინის დახმარება, თუკი აშშ-ის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპი, გაიმარჯვებს არჩევნებში, რომელიც ნოემბერში გაიმართება. ტრამპი უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების კრიტიკით გამოდის.