Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაძლოა საქართველოს საკითხი EU-ს სამიტზე დააყენონ - იოზვიაკი


რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

საქართველოს საკითხი შესაძლოა ევროკავშირის ლიდერების ნაწილმა სამიტზე დააყენოს. ამის შესახებ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი წერს.

"ევროკავშირის ზოგიერთმა ლიდერმა შესაძლოა საქართველოში არსებული ვითარება ამ საღამოს ევროკავშირის სამიტზე დააყენოს, იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად დღის წესრიგში არ არის. უფრო დიდი ალბათობაა, რომ ევროკავშირის საგარეო მინისტრები ამის შესახებ ორშაბათს იმსჯელებენ. მომდევნო კვირაში ევროპარლამენტი ასევე კენჭისყრაზე დააყენებს "უცხოური აგენტების კანონზე" რეზოლუციასაც", - წერს ის X-ზე.

გუშინ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფომაცია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მიმართა, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს 17 აპრილის სხდომაზე განიხილონ, „მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის“.

საქართველოს საკითხი არ არის არც ევროკავშირის სამიტის დასკვნით დოკუმენტში. პროექტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ ნახა, საქართველოზე ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი.

საქართველო და კანონი "უცხოეთის აგენტების" შესახებ, ე. წ. კანონი უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ, ნახსენები იქნება ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტარები მომავალ კვირას უყრიან კენჭს.

83 ხმით 0-ის წინააღმდეგ - ე.წ. აგენტების კანონი პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ეს კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.

2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების" კანონი ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.

XS
SM
MD
LG